საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს დემოკრატიას თითქოს სულ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება.
რევოლუციებს ერთი ცუდი თვისება აქვს - სიტუაციის წარსულ პოზიციებზე დაბრუნება ახასიათებს. ეგრეთ წოდებულმა "არაბულმა გაზაფხულმა", რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ დიდად იმედისმომცემი იყო, იმედგაცრუება და წუხილი დატოვა. 2004 წლის უკრაინის "ნარინჯისფერმა რევოლუციამ" უარი უთხრა ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობას, თუმცა დღეს ის ძლევამოსილი პრეზიდენტია, ხოლო მისი მთავარი ოპონენტი, 2004-05 წლების გარდაქმნების სიმბოლო იულია ტიმოშენკო - ციხეშია.
2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოც სერიოზულ იმედებს იძლეოდა. მაშინ ამ უძველეს ქვეყანაში დემოკრატიის სიომ დაქროლა და ასაკოვანი და ავტორიტარი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე შეცვალა ახალგაზრდა და გარე სამყაროსთან კავშირების განმტკიცებაზე ორიენტირებულმა ჯგუფმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი მეთაურობდა. მაგრამ ხიბლი "ვარდების რევოლუციამაც" დაკარგა. სააკაშვილის თითქმის ათწლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყანა კიდევ უფრო გახლეჩილია, მისი დემოკრატია - უფრო მოწყვლადი, ვიდრე ოდესმე ამ ქვეყნის პოსტსაბჭოთა ისტორიაში. სააკაშვილის პერსონალური ინსტინქტები კი თითქოს სულ უფრო ავტორიტარული ხდება.
ოქტომბერში საქართველო ახალ პარლამენტს ირჩევს, მალევე მას შემდეგ, რაც არჩევნები ჰოლანდიაში ჩატარდება. მაგრამ იმ თვალსაზრისით, თუ რა დევს სასწორზე, ამ ორ ქვეყანას შორის შეიძლება დიდი სხვაობა იყოს. ჰოლანდია, ჩვეულებრივ, შეთანხმებულ კოალიციებს ირჩევს, რაც ზოგჯერ მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს აერთიანებს. საქართველო კი ძალიან პოლარიზებულია და ამ არჩევნებს შეუძლია ქვეყნის ისედაც მყიფე დემოკრატიის როგორც კონსოლიდაცია, ასევე დანაწევრება.
მეორე მნიშვნელოვანი სხვაობა ამ ორ არჩევნებს შორის არის ის, თუ რამდენად მაღალია საქართველოში პერსონალიებზე აქცენტის ხარისხი. ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს არანაირი დისკუსია პოლიტიკურ პროგრამებზე, ამ პროგრამების მემარცხენე ან მემარჯვენე ხასიათზე. პოლიტიკური დისკურსი დიდწილად საქართველოს საგარეო ურთიერთობების თემით შემოიფარგლება და მას ფონად სააკაშვილის რუსეთისადმი სიძულვილი გასდევს.
პერსონალიებზე ფოკუსირება უდავოა, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სააკაშვილის დომინირება პირველად დგას ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე. ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია "ქართული ოცნება" სულ უფრო სერიოზულ საჭოჭმანოს ხდის სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენას. სააკაშვილმა იცის, რომ არცთუ დიდი მიღწევები აქვს, რომლისთვისაც შეუძლია მხარდაჭერა მოითხოვოს და ამიტომ ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებზე გადავიდა. შეგიძლიათ ამას უწოდოთ "ივანიშვილიფიკაცია" (Iვანისჰვილიფიცატიონ).
ყოველთვის, როდესაც ივანიშვილს ახასიათებენ, დასავლურ გაზეთებშიც კი, მას აღწერენ, როგორც მილიარდერს, თითქოს წარმატება სალანძღავი სიტყვა იყოს, სიმდიდრე კი პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეუსაბამო. სააკაშვილი მუდმივად გმობს ივანიშვილის მიერ დაქირავებულ კონსულტანტებს, რომლებიც ცდილობენ, ხაზი გაუსვან ქვეყნის მომავალზე "ქართული ოცნების" ალტერნატიულ ხედვას, და ცდილობს იმ ფაქტის მიჩქმალვას, რომ სააკაშვილის მთავრობას თავად აქვს ქართველ გადასახადის გადამხდელთა დიდი თანხები დახარჯული მისი და მისი მთავრობის რეკლამირებისთვის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, მათ შორის კრემლთან პიარომში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ.
პერსონალური თავდასხმები პოლიტიკას ახასიათებს, თუმცა თავდასხმები, რომელიც "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არის მიმართული, სცდება დემოკრატიაში მიღებული წესების საზღვრებს. ადგილი აქვს "ქართული ოცნების" ელექტორალური პერსპექტივების შერყევის სისტემატურ მცდელობებს სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით, პრესის მანიპულაციით და დაშინებით.
დემოკრატია თავისთავად გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პარტია ან მოძრაობა. ქართველებს სჭირდებათ სტაბილური, სამართლიანი და კონკურენტული პოლიტიკური გარემო, რომელშიც ისინი შეძლებენ თავიანთ მომავალზე თავისუფალი არჩევანის გაკეთებას.
თუმცა, ეს, როგორც ჩანს, ნაკლებსავარაუდოა. საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის სიმწვავეს სულ უფრო ხმამაღლა აკრიტიკებენ წამყვანი უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები. შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა სულ ახლახან გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ნათელს ჰფენს საქართველოში არსებულ სერიოზულ პრობლემებს. ევროკავშირმაც კი, რომელსაც პირდაპირი საუბარი არ ახასიათებს, გააფრთხილა სააკაშვილი, რომ ელოდება თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს და ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს, პირველ რიგში მისი პასუხისმგებლობაა.
ისეთი ქვეყნისგან, როგორიც საქართველოა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მოსკოვის დომინირების ქვეშ იყო, ერთ ღამეში მტკიცე დემოკრატიას ვერ მივიღებთ. მაგრამ ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა განუმარტოს თბილისს, რომ საქართველოსადმი მისი ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა დემოკრატიის გაძლიერებაზე და არა მის შესუსტებაზეა დამოკიდებული. პოლიტიკა საქართველოში და მით უფრო დებატები, რომელიც ჩვენ ევროპაში საქართველოს პოლიტიკაზე და პოლიტიკურ პერსონალიებზე გვაქვს, უნდა გასცდეს პირად მტრობას და ერთმანეთისთვის ლაფის სროლას და წარიმართოს მომავალზე ორიენტირებული უფრო მოწიფული დისკურსისკენ. საქართველო ბევრი საშინაო და საგარეო გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ ქართველებს არ აქვთ უფლება, საფრთხე შეუქმნან დემოკრატიას.
"ევროპიან ვოისი", დიდი ბრიტანეთი