"სასწრაფოდ შესაცვლელია სასამართლო პოლიტიკა საქართველოში"

როგორც მოსალოდნელი იყო, სტრასბურგის სასამართლოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის, რომ შსს-ს  მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ საქმეს ისევ შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებდა. მაგრამ, თუ ხელისუფლების რეაქციას გავითვალისწინებთ, ალბათ, ეს განაჩენიც ისევე დარჩება "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", როგორც სხვა მრავალი "შეშფოთება" თუ "აღშფოთება" დარჩენილა. პარალელურად, საქართველოში ვიზიტით ჩამოსული კიდევ ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებებმა ქართულ ოპოზიციაში აღტაცების ახალი ტალღა გამოიწვია, არიქა, ვაშინგტონს სააკაშვილი აღარ მოსწონს და მისი შეცვლა აქვს გადაწყვეტილიო. ასეა, სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ იმ აზრს, რომ ყველაფერი "სადღაც" წყდება; მერე, იმ "სადღაციდან" გამოგვიგზავნიან გმირსა და ლიდერს, უაღრესად დადებითს, რომელიც ერთი ხელის მოსმით მოაგვარებს ყველა პრობლემას და ცხადია, თვითონვე იქნება ყველაფერზე პასუხისმგებელი.

პოლიტიკოსებს კი ამასობაში შეუძლიათ ერთმანეთის სკამებზე ეჭიროთ თვალი, ერთმანეთი შეურაცხყონ და დაამცირონ, მაგრამ ამერიკელებს არაფერი უთქვამთ იმაზე მეტი, საარჩევნო სისტემა დახვეწეთ და არჩევნები სამართლიანად ჩაატარეთო. ე.ი. თქვენ აირჩიეთ სასურველი მმართველიო. თორემ, იქიდან გამომდინარე, რაც ლიბიასა და საზოგადოდ, ახლო აღმოსავლეთში ხდება, ძალიან საეჭვოა, ვინმეს დასავლეთში კიდევ ჰქონდეს სხვა სახელმწიფოს საქმეში ჩარევის სურვილი: რაკიღა მხოლოდ საჰაერო დარტყმები უშედეგო აღმოჩნდა, დასავლეთს ორი ვარიანტიდან ერთ-ერთის არჩევა მოუწევს: დემოკრატიისთვის მებრძოლი არაბი საზოგადოება ბედის ანაბარა მიატოვოს, ბედი კი ლიბიის, სირიისა და სხვა ქვეყნის რეჟიმების ქცევიდან გამომდინარე, მათ კარგს არაფერს უქადის; ან იმ ქვეყნებში, სადაც საპროტესტო მოძრაობაა, სახმელეთო ოპერაციები ჩაატაროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით. ასეთი ქვეყნების რიცხვი კი ახლო აღმოსავლეთში დღითი დღე იზრდება.

საქართველოში და მის გარეთ შექმნილ ვითარებაზე რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრებით: 

"შეძრულიააღშფოთებულიაგანსაკუთრებით აღაშფოთა" - ეს ის შეფასებებიარომლებიც სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს განაჩენში ხშირად არის გამოყენებულიხოლო Aმენსტყ Iნტერნატიონალ-მა საქართველოს ხელისუფლებას საქმის ხელახალი გამოძიებისკენ მოუწოდაამ ფაქტს ჩვენი ხელისუფლება დიდად არ გამოხმაურებიათქვენი აზრითმაინცრა ძვრები ან რა ცვლილება შეიძლება ამ განაჩენმა საქართველოს მოუტანოს?

- გირგვლიანის ტრაგედიამ უკვე გამოიწვია საქართველოს ცხოვრებაში ძვრები. როგორც გვახსოვს, პირველი მნიშვნელოვანი საპროტესტო გამოსვლები სწორედ ამ ამბავთან იყო დაკავშირებული. და თუ ძვრებს კიდევ გამოიწვევს მომავალში, ისევ ანალოგიური ხასიათისა თუ იქნება, თორემ მეორე ვარიანტი რა არის? ხელისუფლებამ უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას სამართლის სფეროში და შეცვალოს არსებული მდგომარეობა. მაგრამ ეს, ვფიქრობ, ნაკლებად არის მოსალოდნელი, რადგან ისევე, როგორც გირგვლიანის საქმეში მონაწილე დამნაშავეები ფაქტობრივად გაათავისუფლა, რითაც პრაქტიკულად აღიარა თანამონაწილეობა დანაშაულში, ანალოგიურად არსებობს ბევრი სხვა დანაშაული, რომელშიაც ამ ხელისუფლების მაღალი ეშელონების ინტერესებია ჩადებული.

შესაბამისად, თუ სამართლის პოლიტიკა კარდინალურად შეიცვლება, ხელისუფლებას ძალზე ახლობელი წრის გაწირვა მოუწევს. ეს კი დაუშვებელია, რადგან მას ის ახლობლებიც გაწირავენ. ასე რომ, ხელისუფლება, რომც არ უნდოდეს, იძულებული იქნება, გააგრძელოს ეს პოლიტიკა, რათა ძალაუფლება და თავი შეინარჩუნოს. ასე რომ, სამთავრობო ხაზით, განაჩენი, ალბათ, ცვლილებას არ გამოიწვევს. აი, ხალხი თუ მოინდომებს რისამე შეცვლას და გაპროტესტებას, ეს უკვე მისი პრეროგატივაა - თავისი დამოკიდებულება თვითონვე გაარკვიოს.

მცირე ხნის წინ გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშისადაც ჩვენი ხელისუფლება მწვავედ არის გაკრიტიკებულიამას მოჰყვა აშშ-ის ელჩის ვიდეოკომენტარი, "ზომიერად ცხარეკონსტრუქციული კრიტიკის ნაზავით". მოგვიანებითსაქართველოზე ისაუბრა ჰილარი კლინტონმაც და ბოლოსგასულ კვირასაშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თინა კეიდენაუმ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადარომ "საარჩევნო კოდექსზე მუშაობა მიმდინარე წელს უნდა დასრულდესრადგან არჩევნები 2012-2013 წლებში ჩატარდება და საარჩევნო კოდექსის სწრაფად რეფორმირება საშური საქმეაერთი მხრივაქვს თუ არა საქართველოს განწყობა იმისარომ არჩევნები აბსოლუტურად სამართლიან გარემოში ჩატარდეს და მეორე - თუ ასეთი სურვილი არ არისიძულების რა მექანიზმები შეიძლება ჰქონდეს აშშ-ის ხელისუფლებასცოტა გადაჭარბებული ხომ არ არის ოპოზიციის ერთი ნაწილის ოპტიმიზმი იმის თაობაზერომ ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლების შეცვლა უკვე გადაწყვეტილია?

- როგორც სამართლის პოლიტიკაში ცვლილებებია სახიფათო ხელისუფლებისთვის, იგივე ითქმის საარჩევნო სისტემაში ცვლილებებზეც. ყველაფერი, რაც ხელისუფლებაში მყოფ ჯგუფს ემუქრება ძალაუფლების ჩამორთმევით, მისთვის არასასურველი და სახიფათოა. თან, თუ არჩევნებით დატოვა ხელისუფლება, მერე სამართლის მექანიზმი შეიძლება სულ სხვა ადგილას ამოქმედდეს და ბევრი ის საქმე ამოტივტივდეს, რაზეც მას პასუხს მოსთხოვენ. ასე რომ, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას.

ამიტომაც ასეთ დროს ავტორიტეტული მხარეების რეკომენდაციები ნაკლებად შედეგიანია, რადგან ავტორიტეტზე მნიშვნელოვანი სიცოცხლეა. ამიტომაც, რაც უნდა ბევრი უძახოს ამერიკამ საქართველოს ხელისუფლებას, არჩევნები კარგად ჩაატარეო, თუკი ეს ხელისუფლებისთვის ციხეში წასვლას ნიშნავს, ბუნებრივია, ამას არ გააკეთებს. შესაბამისად, აღარ მოუნდება არც ამერიკის პარტნიორობა და სიახლოვეც. ამერიკა კარგია, როცა კარგად ცხოვრობ და შენი პარტნიორია. მაგრამ თუ საფრთხე დაგემუქრება როგორც ხელისუფლებას, ცხადია, არც ამერიკა გენდომება და არც არავინ. ასე რომ, ამერიკის რჩევებში გამოხატული სტრატეგია, ვშიშობ, უშედეგო იქნება. მცდარი და მარტივი მეჩვენება ის დამოკიდებულებაც, რომ რაკიღა ამერიკა ამას ამბობს, ე.ი. ხელისუფლების შეცვლა უნდა. ვაშინგტონი შეიძლება აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, მაგრამ მისი შეცვლა არ უნდოდეს. შესაძლოა, კრიტიკულობას მხოლოდ იმიტომ ამჟღავნებს, რომ საზოგადოების გული მოიგოს.

რამდენად დგამს თეთრი სახლი ნაბიჯებს იმისკენ, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია და  ხელისუფლება შეიცვალოს, ეს სხვა საკითხია. სიმართლე გითხრათ, მე ეჭვი მეპარება. მაგრამ მეორე მხრივ, რომც გადაწყვიტოს ამერიკამ ასეთი ნაბიჯის გადადგმა, აქვს კი საამისო მექანიზმი? ხომ ხედავთ, რაც ხდება კადაფის გარშემო? მთელი მსოფლიო თავზე ადგას და უძახიან, გადადექიო. მეტიც, ბომბებსაც აყოლებენ შეძახილებს და ეტყობა კადაფის რამე გადადგომის ან დათმობის? შეიცვალა ლიბიაში ხელისუფლება? ასე რომ, თუ საქართველოს ხელისუფლებამ ჯიუტად გადაწყვიტა სავარძელში დარჩეს, მისი სავარძლიდან ამოძრობა ძალიან ძნელი იქნება. მსოფლიოს კი ამის საწინააღმდეგო მექანიზმი არა აქვს მაშინაც კი, როდესაც კადაფისთანა დამნაშავესთან აქვს საქმე. მით უმეტეს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ანალოგიური პრეტენზიები არ არსებობს და ღმერთმა ნუ ქნას, იყოს. შესაბამისად, მსოფლიოს უკმაყოფილება არა მგონია, შედეგის მომტანი იყოს საქართველოში ხელისუფლების შეცვლისთვის. ვგულისხმობ პირდაპირ შედეგს, თორემ ირიბი შეიძლება იყოს - ანუ იმ შემთხვევაში, თუკი ხალხის პროტესტი ძლიერი იქნა, როგორც არაბულ ქვეყნებშია. ეს არის და ეს - სხვა ინსტრუმენტს მე ვერ ვხედავ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვიზიტის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამიარომ ევროკავშირი ლავროვის ვიზიტით შეშფოთებულია და ეს "არ შეესაბამება ტერიტორიული ერთიანობის პრინციპს." ანუ დასავლეთი გმობსრუსეთი მოქმედებსმეორე მხრივაშშ-ში საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა საინტერესო განცხადება გააკეთა: "ახლა ჩვენ დაუნდობელ დათვთან იმ გალიაში ვსხედვართრომელიც მზადაანებისმიერ დროს დაგვესხას თავსჩვენი დასავლელი პარტნიორები კი გვეუბნებიან: "დაელაპარაკეთ დათვსმოეფერეთგაუღიმეთსცადეთ მისი მოხიბვლაომაპატიეთმაგრამ ეს არ მუშაობს"". თუ ეთანხმებით ელჩს ვითარების აღწერაში და თქვენი აზრითრა იქნება ქმედითირა იმუშავებს შექმნილ ვითარებაში?

- სიმართლე ყოველთვის განაწილებულია ხოლმე მოკამათეებს შორის. სიმართლის რაღაც წილი უდავოდ არის იაკობაშვილის პოზიციაში, რადგან რჩევა, რასაც დასავლეთი ტრადიციულად გვაძლევს, რუსეთთან დაილაპარაკეთ და მერე დაგეხმარებითო, ცოტა არ იყოს, ალოგიკურია, რადგან თუ რუსეთთან პრობლემების მოგვარება ჩემით მოვახერხე, შენი დახმარება რაღაში მჭირდება? მეორეც, თვითონ დასავლეთს ავიწყდება, რომ რუსეთთან დალაპარაკება არც მისთვის არის ადვილი. საბჭოთა პერიოდში რუსეთს დასავლეთში უფრო მყარი პოზიცია ჰქონდა, ახლა ის საქართველოსთან გრძნობს თავს ძალიან ძლიერად. ისტორია კი გვეუბნება, რომ იმასთან, ვისთანაც რუსეთი თავს ძლიერად გრძნობს, დიალოგს მაინცდამაინც არ მართავს ხოლმე. ასე რომ, დასავლეთის სტერეოტიპული რჩევა  გამაღიზიანებელიც კია.

დასავლეთს თავის ატკივება ეზარება, უნდა ყველაზე მტკივნეული საკითხები თავად საქართველომ მოაგვაროს ისე, რომ დასავლეთმა პასუხისმგებლობა აიცილოს თავიდან. პოლიტიკის ასეთი მოდელი გასაგებია, მაგრამ ჩვენთვის დიდად სახეირო არ არის. თან, პრობლემა ის არის, რომ რუსეთი საქართველოს სწორედ დასავლეთთან პარტნიორობის გამო ერჩის. რუსეთს  დასავლეთის ჭკუის სასწავლებლად სჭირდება ხოლმე საქართველოს გალახვა შიგადაშიგ და ამას ახერხებს კიდეც. თორემ მხოლოდ საქართველო კრემლს იმხელა აგრესიის საბაბს ნამდვილად არ აძლევს, რა სახითაც ის რუსულ პოლიტიკაში ვლინდება ხოლმე. ასე რომ, ნაწილობრივ დასავლეთი არის პასუხისმგებელი ქართულ-რუსული ურთიერთობის ესკალაციაზე. როგორც კი დასავლეთი შეძლებს ურთიერთობის დარეგულირებას რუსეთთან, მაშინვე მოგვარდება საქართველოს პრობლემებიც - ეს გაცილებით ადრე თქვა ბზეჟინსკიმ. ასე რომ, დასავლეთის ძალისხმევა, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა, პოლიტიკურ რეალობას არ შეესაბამება და უფრო პოლიტიკური ეშმაკობის ელფერი დაჰკრავს, ოღონდ, საკმაოდ ადვილად დასანახავი ეშმაკობისა.

რაც შეეხება აფხაზეთთან ურთიერთობას: რაც უფრო აგრესიული იქნება გინდ რუსეთთან და გინდ აფხაზეთთან საქართველოს ურთიერთობა, მით უფრო შევქმნით იმის პირობას, რომ აფხაზები წავიდნენ რუსეთთან დათმობაზე; მით უფრო შევქმნით იმის პირობას, რომ რუსები უფრო მეტად მიაწვნენ აფხაზებს და ა.შ. ანუ, გავაუარესებთ ვითარებას გაუთვლელი აგრესიით, რადგან ეს ყოველთვის ამწვავებს კონფლიქტს არა შენს სასარგებლოდ. გავიხსენოთ ბრძენი პოეტის ნათქვამი, "გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი".

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია კვლავაც დაძაბულიაროგორც ჩანსდასავლეთს მაინც მოუწევს არჩევანის გაკეთება სახმელეთო ოპერაციის სასარგებლოდსხვაგვარად სიტუაცია არ შეიცვლებაასეთ შემთხვევაში კი ჯაჭვური რეაქცია იწყება და სახმელეთო ოპერაციების ჩატარება საჭირო გახდება სხვა არაბულ ქვეყნებშიცრომელთა ხელისუფლებაც არ აპირებს ოპოზიციას დაუთმოსარის კი დასავლეთი მზად ამხელა პასუხისმგებლობისთვის?

- ვითარება მართლაც ძალზე დაძაბულია. ნუ დაგვავიწყდება, რომ დასავლეთს ჯარები უკვე ჰყავს ავღანეთსა და ერაყში. თუ ამას ახალი რეგიონებიც დაემატება, რა გამოვა - დემოკრატიის დაცვის მოტივით მთელი აღმოსავლეთი დასავლეთს თოფდამიზნებული ეყოლება? ამას ვერანაირი ცივილიზაცია, ვერანაირი ფინანსები და პოლიტიკური წყობა ვერ გაუძლებს. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ აღმოსავლეთში, ავღანეთის მოდელს თუ გავითვალისწინებთ, მხოლოდ დედაქალაქის გაკონტროლება საკმარისი არ არის. ასე რომ, აღმოსავლეთში ამ გზით წარმატების მიღწევას ძალზე ბუნდოვანი პერსპექტივა აქვს. მე მაინც მგონია, რომ დასავლეთი მოუმზადებელი შეხვდა ამ პროცესებს, იმპულსური ნაბიჯები გადადგა. დღეს კი, თუ გამოსავალზე არ დაფიქრდა და რაღაც უფრო რთული თამაში არ შესთავაზა მეორე მხარეს, ნამდვილად უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდება. შეიძლება დაპირისპირება მთელ დასავლეთსა და აღმოსავლეთს მოედოს.

თუმცა ეს მაინც თეორიული პროგნოზია და მისი ასრულება სისულელის ხარისხზეა დამოკიდებული - ამჯერად დასავლეთის შეცდომებს ვგულისხმობ. დასავლეთის რადიკალური ქმედება ისლამისტების წისქვილზე დაასხამს წყალს. დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირება, "ალ ქაიდას" ყველაზე მეტად აძლევს ხელს, რადგან ამ დაპირისპირებაში მის მხარეზე მთელი მუსლიმანური სამყარო დადგება. ასე რომ, სამხედრო დაპირისპირება დასავლეთის ინტერესებში ნამდვილად არ შედის. დიდი ეჭვი მაქვს, ასეთი მასშტაბური კრიზისი, რაც დასავლეთს იძულებულს გახდის ყველგან თავისი ჯარისკაცი შეიყვანოს, მთლად შემთხვევითი არ უნდა იყოს და შესაძლოა, სწორედ რადიკალ-ისლამისტების შორს მიმავალ ჩანაფიქრთან გვქონდეს საქმე. თუ დასავლეთი ამ პროცესს შეუყვება და დემოკრატიის დამყარებას სამხედრო გზით შეუდგება, ის შესაძლოა, ანკესზე წამოგებული აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, დემოკრატიისთვის ბრძოლა საჭიროა, მაგრამ უფრო გააზრებული მეთოდებით, ვიდრე რაკეტებითა და ბლიცკრიგებით.