„მამა გიორგი ციანიდის შესყიდვაზე რომ დაეკავებინათ, შემდეგ დაიჯერებდით, რომ ბერლინში მიდიოდა?“

„მამა გიორგი ციანიდის შესყიდვაზე რომ დაეკავებინათ, შემდეგ დაიჯერებდით, რომ ბერლინში მიდიოდა?“

განჩინებაში, რომელიც წმინდა სინოდმა მიიღო, აღნიშნულია, რომ სინოდი ენდობა გამოძიებას და იმედოვნებს, რომ პროცესი მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართება და დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე, დროულად დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება, რადგანაც სინოდი თვლის, რომ ეს პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხია.

რაც შეეხება ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოქვეყნებულ მტკიცებულებებს, სინოდის წევრები ფიქრობენ, რომ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რამდენად ავთენტურია ეს ჩანაწერი.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს გამოაქვს დასკვა, რაც არასწორია.

„როგორ გითხრათ, აბა, ქვეყანაში ვისი უნდა დაიჯერო, პროკურატურის თუ არა? ვერსიები მაქვს. ნებისმიერი ადამიანი, რასაც უყურებს, გამოაქვს თავისი დასკვნები. იმისთვის, რომ ჩემი დასკვნები არ გამოვიტანო, ამისთვის არის სინოდი, და ასევე მიმდინარეობს გამოძიება. ყველაფერს გავიგებთ“, - აცხადებს მეუფე ანტონი.

დაკავებული დეკანოზის დაკითხვა 13 მარტს 10:00 საათიდან განახლდება. ბრალდებულმა დაკითხვის განახლებაზე თანხმობა მას შემდეგ განაცხადა, რაც პროკურატურამ მისი ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველყო. მთავარმა პროკურატურამ შუალედური დასკვა უკვე გამოაქვეყანა, მართალია ამ დრომდე გამოძიებისთვის უცნობია ვისგან და სად შეიძინა დაკავებულმა ე.წ. ციანიდი, მაგრამ შუალედური დასკვნით ირკვევა, რომ ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე არ იყო ერთაერთი ადამიანი, ვისაც დაკავებული მომწამვლელი ნივთიერების შესაძენად დახმარებას თხოვდა.

საქმის მთავარი მოწმე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის მეორე პირის არსებობის შესახებ პროკურატურის განცხადებიდან გახდა ცნობილი. ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ არ იცის მანამდე ვისთან ჰქონდა ურთიერთობა ბრალდებულს. კითხვაზე, უთხრა თუ არა დაკავებულმა, რომ ციანიდის შეძენასთან დაკავშირებით კონსულტაციები სხვა პირთანაც ჰქონდა, მამალაძე პასუხობს:

„იცით რა, ასე არ უთქვია, მაგრამ ფაქტია, რომ ეძებდა ამ ნივთიერებას. იმის ილუზია, რომ მარტო ჩემთან ეძებდა, არ მქონია, რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ ეს არ არის მარტივად მოსაძებნი ნივთიერება. მე დამიკავშირდა იმიტომ, რომ იცოდა კაზრეთში ვცხოვრობდი და მან ეტყობა ინფორმაციულად მოიძია, რომ ეს მომწამვლელი შხამი იშოვებოდა სწორედ კაზრეთის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე ვიყავი ერთ-ერთი. სხვას ვის დაუკავშირდა, შეიძლება ქიმიის სპეციალიტი იყოს, მე არ ვიცი ვისზეა საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ ჩემთან არ მოქმედებდა და არ ეძებდა ამ ნივთიერებას“, - აცხადებს ირაკლი მამალაძე.

რაც შეეხება მთავარ კითხვას, თვალთვალის პირობებში რატომ ვერ შეძლო პროკურატურამ დეკანოზის მიერ ციანიდის შეძენის, ან გადაცემის გადაღება, რაც წესით გამოძიებას უნდა დაეფიქსირებინა, ჟურნალისტი ამბობს, რომ მიმდინარეობდა ძალიან ფრთხილი თვალთვალი და მიყურადება. შესაბამისად, თუ მამა გიორგისთვის ცნობილი გახდებოდა, რომ მასზე მიმდინარეობდა თვალთვალი და ასევე ის, რომ გაკეთებული იყო ჩანაწერები, ეს იქნებოდა ოპერაციის ჩავარდნა.

„მაგალითად, მამა გიორგი რომ დაეკავებინათ შესყიდვაზე, შემდეგ დაიჯერებდით, რომ მიდიოდა ბერლინში? შედეგ იტყოდნენ, რომ აქ უნდოდა ვიღაცისთვის და ახლა მოიგონეს ეს ბერლინის თემაო. გამოძიებას თავისი მოქმედების გეგმა აქვს. ჯერ ერთი, მამა გიორგი რომ მოქმედებდა და დადიოდა, შესაძლოა, დღეში ხვდებოდა 10 კაცს, კონკრეტულად ვინ გადასცა მას ციანიდი, ეს მან უნდა თქვას და მან უნდა მისცეს ჩვენება.

ვფიქრობ, ნამდვილად შეისიყდა ციანიდი და პროკურატურა ამას დაამატკიცებს სასამართლოში. თუ ვინმეს საპირისპირო აქვს დასამტკიცებელი, ამტკიცოს სასამართლოში. ის ფაქტი, რომ ვერ მიემგზავებოდა ბერლინში იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა ციანიდი, ეს ნამდვილად შემიძლია დაგიდანსტუროთ. მელოდებოდა მე და მეუბნებოდა, რომ ვერ მივდივარ იმიტომ, რომ შენ გელოდებიო. ასე რომ, მამა გიორგი ციანიდის გარეშე ბერლინში ვერ გაფრინდებოდა.

ის 4 და 5 თებერვალს უნდა ყოფილიყო ბერლინში, მაგრამ ვერ მიდიოდა სწორედ იმიტომ, რომ ეს ნივთირება მე დროულად ვერ მივაწოდე. თორემ, საკონტროლო შესყიდვაც გაკეთდებოდა და ძალიან ბევრი რამ. პროკურატურას ჰქონდა თავისი სამოქმედო გეგმა და იმ გეგმის მიხედვით მოქმედებდა. ვნახოთ, დაველოდოთ გამოძიებას, იქნებ დაადგინონ ის პირიც, ვისგანაც შეიძინა ციანიდი. მისი სამდღიანი გაუჩინარება ნამდვიად აჩენს ეჭვს, რომ ის სხვათან იყო კონტაქტზე გასული და ფაქტია ისიც, რომ ციანიდი ამოღებულია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მამალაძე.

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამტკიცებს, რომ ჩხრეკისას პროკურატურამ 4500 ევრო და 500 დოლარი ამოიღო, შესაბამისად, გამორიცხავს ვერსიას, რომ დეკანოზს ფული არ ჰქონდა და ციანიდი ამიტომ ვერ შეიძინა. მისივე თქმით, კითხვის ნიშნები ჩნდება საქმის იმ ნაწილში, როდესაც პროკურატურამ ინტენსიური თვალთვლის მიუხედავად, ვერ მოახდინა იმ პირის იდენტიფიცირება, ვისგან შეიძინა დაკავებულმა ციანიდი, ან სად შეიძინა.

„უამრავი კითხვებია, როდესაც თვალთავლი მიმიდინარეობს და ამ დროს პროკურატურა ვერ ადგენს ვისგან შეისყიდა, როგორ შეისყიდა, ვერ გამოავლენ ფაქტს, რომელიც არ არსებობს, რადგან არც არაფერი არ შეუძენია მამა გიორგის. ვიღაცას რაღაცა უთხრა რამდენი თვის, თუ წლის უკან და ისიც გასრკვევია ვინ არის ის ადამიანი და რა უთხრა სინამდვილეში. ასე შეიძლება მოიძიონ ვინმე და თქვან, რომ ამისგან შეისყიდა. იმას თუ ადგეგნენ, რომ შორენას მოკვლა უნდოდა, რატომ ის ვერ დაადგინეს, ვისგან შეიძინა?

სრულად მაქვს ნანახი ის ჩანაწერები და ამიტომ ვამბობ, რომ პროკურატურამ დაამონტაჟა ჩანაწერი, რომელიც არაფერს არ ამბობს. სრული ჩანაწერი, რომელიც ნანახი მაქვს, იქ მამა გიორგი ლაპარაკობს ფრაზას - „მამა გაბრიელმა უწინასწარმეტყველა, შენ ფსიქიკურად შეიშლები“, - ეს იგულისხმა ქალბატონი შორენას „მარილზე გაშვებაში“. იმ ჩანაწერში ასევე ლაპარაკობენ საპატრიარქოს საქმეებზე და არა ის, რომ უნდა მოვკლა და ამიტომ უნდა წავიღო გერმანიაშიო.

ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკა და მათ შორის საქმის მომზადებასაც, რაც დანაშაულთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, რომ მამა გიორგი ირაკლი მამალაძემ თვითონ შეიყვანა შეცდომაში, რომელიც დღესაც ამტკიცებს, რომ პატრიარქი უნდა მოეწამლაო და ამ დროს, არც ერთ ჩანაწერში არ არის ამაზე საუბარი. ციანიდი რომ სთხოვა, ეს არ ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენისთვის სჭირდებოდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მიხეილ რამიშვილი.

საქმის კიდევ ერთი მოწმე, ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ სრულყოფილი ჩანაწერი, რომელიც ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ მათ აჩვენა, საკმაოდ მძიმეა, რომელიც პატრიარქის წინააღმდეგ არის მიმართული. ჭკადუა დარწმუნებულია, რომ პროკურატურა გამოაქვეყნებს სრულყოფილ ჩანაწერს.

„ჩანაწერი, რომელიც ვნახე ჩემთვის ძალიან მძიმეა, ვიღაცისთვის შეიძლება ზღაპარია. პროკურატურამ გამოაქვეყნა ამ ჩანაწერის მხოლოდ ნაწილი, ანუ საუბრის დასაწყისი. ძირითადი ჩანაწერი, რაც მე მაქვს მოსმენილი, არ გამოქვეყნებულა. რაც შეეხება ჩანაწერის შინაარსს, ჩემი სუბიექტური აზრია და ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ ეს იყო პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. გარდა ამისა, მთლიანობაში, რაც ირაკლიმ მოგვიყვა, ვისთან რა ურთიერთობა ჰქონდა, მთლიანობაში მეც და ლილისაც გაგვიჩნდა განცდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა პატრიარქს.

ამიტომ, ვაცალოთ პროკურატურას, ალბათ, გამოაქვეყნებს ამ ჩანაწერსაც. გამოძიება ასე, ტელეეთერებით არ ხდება, უნდა მოიპოვონ დამატებითი მასალები. შეიძლება ამ გამოქვეყნებულმა მასალებმაც ზიანი მიაყენა გამოძიებას. აქ საუბარია ჯგუფზე, სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. თუ ყველაფერი გამოაქვეყნეს და თუ გააფრთხილეს სავარაუდო პოტენციური დამნაშავეები, მაშინ რა აზრი აქვს ამ გამოძიებას?!“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუა.

რაც შეეხება საქმის მთავარ გარემოებას, ინტენსიური თვალთვლის მიუხედავად, რატომ ვერ მოახდინა იმ პირის იდენტიფიცირება პროკურატურამ, ვისგან შეიძინა დაკავებულმა ციანიდი, ჭკადუა ამბობს, რომ მან არ იცის პროკურატურის მუშაობის სტილი, თუმცა აქვე ამბობს, რომ როგორც რიგით მოქალაქეს, ეს კითხვა აუცილებად გაუჩნდებოდა.

„ასეთი კითხვები უნდა გაგვიჩნდეს, უნდა დავსვათ და მივიღოთ პასუხები. იმიტომ არის პროკურატურა, რომ ვალდებულია ყველა კითხვაზე გაგვცეს პასუხი. ამ წუთში შეიძლება კითხვები არის, მაგრამ ჯერ არ დამთავრებულა გამოძიება, წარმოგვიდგინეს შუალედური დასკვნა. დაველოდოთ, თუ გახდა კითხვები დასასმელი, დავსვათ, ვინ გვიშლის“, - ამბობს ირმა ჭკადუა.