გაზის ტარიფების მიმართულებით რამდენიმე ცვლილება იქნება

გაზის ტარიფების მიმართულებით რამდენიმე ცვლილება იქნება

ბუნებრივი აირის ტარიფის ცვლილებაზე მუშაობა უკვე დაიწყო. პარალელურად ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც იხილავს. ამჯერად სემეკი საყოფაცხოვრებო სექტორში გაზის ტარიფების სრულ რეგულირებაში დაბრუნებას განიხილავს. ეს ნიშნავს, რომ 9 წლის წინანდელი გადაწყვეტილება გაუქმდება, როდესაც გაზის ქსელზე ახლადმიერთებული აბონენტებისთვის ტარიფს უშუალოდ კომპანია ადგენს. ამიტომაც მათთვის ბუნებრივი აირის გადასახადი უფრო მაღალია, ვიდრე დღეს მოქმედი 45 თეთრი 1 კბ/მეტრზე.

სემეკის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, ეს იქნება ერთგვარი წინგადადგმული ნაბიჯი და ბუნებრივი გაზის ტარიფების გადაანგარიშებისას, შესაძლოა, სრულიად გაუმართლებელი იყოს ის, რომ 2008 წლის შემდეგ მიერთებული მომხმარებლები აღმოჩნდნენ დერეგულირებულ სეგმენტში.

იმ პირებისთვის, რომლებიც ბუნებრივი გაზის ქსელში 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ ჩაერთნენ, მიწოდების ტარიფებს სემეკი არ ადგენს და მოხმარებული ბუნებრივი გაზის ფასი მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ტიპიური ხელშეკრულების საფუძველზე განისაზღვრება.

ეს ყველაფერი იმ დიდი ცვლილების ერთი ნაწილია, რომელიც წელს ბუნებრივი აირის სეგმენტში იგეგმება. საქმე ეხება ტარიფების ცვლილებას, რომელიც დიდი ალბათობით ზაფხულში გაძვირდება.

სემეკს სატარიფო განაცხადით „სოკარ ჯორჯიამ“ და „საქორგაზმა“ უკვე მიმართეს. ტარიფების დადგენის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კომისიაში წინანდადების წარდგენის ბოლო ვადად 31 მარტი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ბოლო თარიღად 20 ივლისი განისაზღვრა.

ამასობაში მარეგულირებელი „ყაზტრანსგაზ თბილისისა“ და „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ ტარიფების დადგენის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებაზე მსჯელობს. შედეგად გადაწყვეტილების მიღებისა და კომისიაში მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადა განისაზღვრება.

კომპანიებში ბუნებრივი აირის ღირებულების მოსალოდნელ ზრდაზე არ საუბრობენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები ტარიფებში აისახება.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია მათ შემოსულ განაცხადებს განიხილავს.

სემეკის წევრი გოჩა შონია ამბობს, რომ ლარის გაუფასურებამ კომპანიების ხარჯებზე გავლენა მოახდინა, რადგან გაზის შესყიდვა დოლარში ხდება.

„წელს მოხდება გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის სატარიფო რეგულირება. შესაბამისად, ამ კომპანიებისთვის ტარიფი გადაიხედება. ბუნებრივი აირის სექტორში სამომხმარებლო ტარიფების გადათვლა 2006 წლის შემდეგ აღარ განხორციელებულა. 10 წელია, გაზგამანაწილებელი კომპანიები ერთი და იმავე ტარიფით მუშაობენ“, - ამბობს შონია.

ეკონომისტები ადასტურებენ, რომ გაზის ტარიფი უახლოეს მომავალში გადაიხედება და სავარაუდოდ გაიზრდება კიდეც.

„გაზის ტარიფი, შესაძლოა, გაიზარდოს. კომპანიებს გაეზარდათ ბუნებრივი აირის შესყიდვის ღირებულება, რაც დოლარის კურსის მერყეობით არის გამოწვეული“, — აღნიშნა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა.

საბოლოო გადაწყვეტილებას სემეკი ზაფხულში გამოაქვეყნებს, როდესაც მომხმარებლისთვის ბუნებრივი აირის გაძვირების თემა ნაკლებად მტკივნეული იქნება.