პენტაგონს რუსულ „როსობორონექსპორტთან“ თანამშრომლობა აეკრძალა

პენტაგონს რუსულ „როსობორონექსპორტთან“ თანამშრომლობა აეკრძალა

ამერიკა-რუსეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პენტაგონის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც რუსულ „როსობორონექსპორტთან“ თანამშრომლობას კრძალავს. დოკუმენტი, რომელიც 2017 წლის სექტემბრის ბოლომდეა გათვლილი, სამხედრო ხარჯებზე 578 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროექტს 371 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 48 წინააღმდეგ გამოვიდა.

პროექტში ნათქვამია, რომ არ შეიძლება თავდაცვის მდივანმა ეს თანხები გამოიყენოს „როსობორონექსპორტთან“ კონტრაქტების დასადებად. ასევე, პროექტში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა უნდა მოქმედებდეს, ვიდრე რუსული კორპორაცია არ შეწყვეტს ლეტალური სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას სირიის მთავრობისთვის და ვიდრე რუსეთის შეიარაღებული ძალები ყირიმს არ დატოვებენ.

ამერიკელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პენტაგონის შეფი შეიძლება შეეცადოს დოკუმენტში ცვლილებების შეტანას, თუ სახელმწიფო მდივანთან და ეროვნული დაზვერვის დირექტორთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს, რომ ამ სახის თანამშრომლობა აშშ–ის ინტერესებშია. თუმცა, ამის მისაღწევად თავდაცვის მინისტრს კონგრესის პროფილური კომიტეტების დარწმუნებაც მოუწევს. კონგრესის გადაწყვეტილების საპასუხოდ „როსობორონექსპორტში“ აცხადებენ, პენტაგონს ეს აკრძალვა უკვე დიდი ხანია დაუწესეს და დღემდე არ მოუხსნიათ.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დაუდასტურა, რომ რუსეთთან დაპირისპირებაში ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას გააგრძელებს. ეს მაშინ, როცა უკრაინასა და დასავლეთში უკრაინის მხარდამჭერებს შორის არსებობს შეშფოთება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ტრამპმა რუსეთისადმი მიდგომა შეარბილოს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ამ ეტაპამდე საკმაოდ რთულია იმის თქმა, რა ფაზაში შეიძლება გადავიდეს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა, ვინაიდან პროცესები საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, რაც ქმნის გაურკველობას.

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე ამბობს, რომ ამერიკის პოლიტიკური სისტემა რთული სისტემაა, იქ მოქმედებს დაბალანსებისა და გაკონტროლების მექანიზმი, სადაც განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, გადაწყვეტილების მიღების პროცედურა საკამოდ რთულია. რაც შეეხება დღევანდელი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს ახალი პრეზიდენტის პირობებში, კიკნაძე ამბობს, რომ ურთიერთოებები ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია.

„ჯერ მოთელვითი პერიოდია და შემთხვევითი არ არის, რომ ორი პრეზიდენტი ჯერჯერობით შეხვედრას არ აპრებს. ჯერ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ. ვაჭრობა მიდის, მოგეხსენებათ ტრამპი ბიზნესმენია, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მაქსიმუმი მიიღოს ამ ვაჭრობის შედეგად. ნუ გვავიწყდება, რომ ტრამპი არის თავისი ქვეყნის ინტერესების გამომხატველი და დამცველი“, - ამბობს პოლიტოლოგი.

მისივე განცხადებით, ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია ვარაუდები იმის შესახებ, რომ ტრამპი რუსეთის ინტერესებს გაატარებს. როგორც თამარ კიკნაძე აცხადებს, ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ რუსეთის თემას იყენებენ დემოკრატები, სოროსი, კლინტონი და მათთან ასოცირებული ძალები, რომლებიც ებრძვიან ტრამპის პოლიტიკას.

„ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ ტრამპი თავის ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობილ პოლიტიკას გაატარებს. ახლა არის ვაჭრობის პერიოდი, რომელიც ალბათ, დამთავრდება ტრამპისა და პუტინის შეხვედრით. რა პოლიტიკა გატარდება ამერიკა-რუსეთს შორის, ამის უფრო ნათელი სურათი სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გვექნება.

მაგრამ კონფრონტაცია დღეს იმის შესახებ, რომ ტრამპი პრორუსია და პრორუსულ პოლიტიკას გაატარებს, ამის იმედი, მართალი გითხრათ, არ მქონდა. ის ადამიანები, ვინც ასეთ პოზიციას იზიარებდნენ გადამეტებული ოპტიმისტები იყვნენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებთ, ინაუგურაციის შემდეგ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ძალიან ენერგიულად შეუდგა საქმიანობას და ამ პერიოდში ბევრი რამ მოხდა რუსუ-ამერიკულ ურთიერთობებშიც. მიუხედავად ამისა, მენაღარიშვილის განცხადებით, საუბარი იმის თაობაზე, რომ ამერიკის ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობის მკაფიოდ გამოკვეთილი სტრატეგია გააჩნია, ჯერ ძნელია.

„ამგვვარი სტრატეგია ჯერ მხოლოდ ფორმირების სტადიაშია. ამ ფორმირების პროცესში, ზოგადად ურთიერთდაპირისპირებულია არა მარტო მოსაზრებები, არამედ კონკრეტული ჯგუფები ადმინისტრაციაში და საერთოდ, ამერიკის სახელისუფლებო კლასები მკაცრ ოპონირებას უწევენ ერთმანეთს. გახსოვთ, ჩვენ ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ საკადრო საკითხების გადაწყვეტის თემა საკმაოდ რთული იქნება პრეზიდენტ ტრამპისათვის. თუნდაც იმ საკითხითთან მიმართებაში, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, ადამინისტრაციაში უკვე რამოდენიმე მეტად უმნიშვნელოვანესი აქცენტი დაისვა“, - აცხადებს ყოფილი დიპლომატი.

მისივე განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციაში გამოიკვეთა სერიოზული გადაწყვეტილების მიმღები ფიგურების ჯგუფი, რომელთაც რუსეთის დღევანდელი პოლიტიკისადმი მკვეთრად კრიტიკული და მიუღებელი პოზიცია უჭირავთ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბატონი მაკმასტერი, თავდაცვის მდივანი და რაც არ უნდა გასაკვირად მოეჩვენოს ზოგიერთებს, თვით სახელმწიფო მდივანი ტილერსონი.

„თუ ამას დავუმატებთ ტრამპის კრიტიკულ განცხადებას ნატოსადმი, ჯერ კიდევ მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატის ასეთი განცხადება შეშფოთებას იწვევდა ევროპელებში და პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებში. მაგრამ მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების ღონისძიებაზე ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა პრეზიდენტის დავალებით სრულიად ერთმნიშვნელოვანი გზავნილი ჩაიტანა, როგორიც არის ნატოსადმი ურყევი მხარდაჭერა.

აშშ-ის მზადყოფნაა, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რათა ტრანსატლანტიკურ სოლიდარობას ჩრდილი არ მიადგეს და, პირიქით, მის გაძლიერებაზეა საუბარი. თუ ყველაფერ ამასთან ერთად მოვიაზრებთ პრეზიდენტის განცხადებას აშშ-ის სამხედრო მანქანის გაძლიერების თობაზე, ნათელი გახდება, რომ აქ საკმაოდ მკაფიო და მძლავრი ნაკრებია პოლიტიკური მოთამაშეების და როგორც ეტყობა, ჩანაფიქრისაც, რაც ნამდვილად არ შეიძლება რუსეთმა პრორუსულ პერსპექტივად აღიქვას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

როგორც ყოფილი დიპლომატი ამბობს, პრეზიდენტმა, რომელიც თავიდან ტრაბახით ამბობდა, რომ მარტივად მოძებნიდა საერთო ენას პრეზიდენტ პუტინთან და, რომ შეძლებდა მასთან შეთანხმებას და მიაჩნდა, რომ ეფექტური პარტნიორები შეიძლება ყოფილიყვნენ და ა.შ. უკანასკნელ პერიოდში ტრამპმა ბევრი ადრე გაცხადებული პოზიციიდან უკან დაიხია.

„პრეზიდენტ პოროშენკოსა და ვიცე-პრეზიდენტის საუბარი, (მანამდე ესაუბრა პრეზიდენტ ტრამპს), ასევე საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების საუბარი მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინის პრობლემისადმი აშშ-ს სულაც არ აქვს განზრახული იმგვარი დამოკიდებულების განცხადება და შემდგომ რეალიზაცია, რისი იმედი, როგორც ეტყობა, კრემლში ჰქონდათ.

აი, ასეთი, არაერთგვაროვანი სიტუაცია გვაქვს დღეს. თუმცა, ტენდენცია არის რუსეთის აგრესიული პოლიტიკისადმი კრიტიკული დამოკიდებულების დამტკიცება და გაძლიერება, როგორც ამ პოზიციაზე მყოფი პოლიტიკური ფიგურების მხრიდან ადმინისტრაციაში, ისე სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებების სახით. ალბათ, უახლოესი პერსპექტივა სწორდ ამ სახის დინამიკას დაგვანახებს.

ყველაფერი ეს რომ შევაჯამაოთ, აუცილებელია ხაზგასმით ითქვას, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები და თავსატეხი გაუჩინა რუსეთის საგარეო პოლიტიკას ვაშინგტონში ყველაზე აქტიურად კომენტირებადმა მოვლენამ, ეს გახლავთ ინფორმაციები რუსეთის სპეცსამსახურების საინფორმაციო ომი აშშ-ის წინააღმდეგ და არჩევნების პერიოდში კიბერთავდასხმები. ამ წუთში პარტიული მიდგომები არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ უცხო სახელმწიფომ სცადა ჩარევა აშშ-ის მოსახლეობისთვის უწმინდეს და უმნიშვნელოვანეს პროცესში, რასაც ჰქვია - არჩევნები“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.