საწვავის გაიაფების დროა, იმპორტიორები დროს აჭიანურებენ

საწვავის გაიაფების დროა, იმპორტიორები დროს აჭიანურებენ

ლარის მკვეთრ გამყარებას საწვავის გაიაფება არ მოჰყოლია, არადა ბოლო 2 თვის განმავლობაში ეროვნულმა ვალუტამ 10%-ით გაიუმჯობესა პოზიცია. იმპორტიორები ყველაფერს საერთაშორისო ფასს და აქციზის განაკვეთიას გაზრდას აბრალებენ, მაგრამ ფინანსისტები ამ არგუმენტს სარწმუნოდ არ მიიჩნევენ. მათი აზრით, მენავთობეები ფეხს განგებ ითრევენ.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ბაზრის მორიგი კვლევა წარმოადგინა. როგორც აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი განმარტავს, კვლევა უკანასკნელ ოთხ თვიან პერიოდში, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს აღწერს.

„ქართულ საწვავის ბაზარს გაძვირების ტალღამ პირველად 2016 წლის დეკემბერში გადაუარა და 27 დეკემბრიდან დღემდე საწვავის ფასი 8-ჯერ გაიზარდა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყეს ნავთობპროდუქტების გაძვირება ფუნდამენტური ფაქტორების უცვლელობის პირობებში, ანუ წინასწარ ჩადეს საწვავის ფასში მოსალოდნელი აქციზის გაძვირება (წინასწარ გააძვირეს საწვავი).

ამის შემდეგ 2016 წლის დეკემბრის ბოლოდან 2017 წლის იანვრის ბოლომდე, კომპანიებმა სულ 5-ჯერ გაზარდეს საწვავის ფასი, ამ მომენტისთვის კომპანიებს აქციზის გადასახადის ზრდამ ერთი ლიტრი საწვავი გაუძვირა 15%-ით, მაგრამ ამავე მომენტში კომპანიებს საწვავი უკვე გაძვირებული ჰქონდათ 18.35%-ით. ამას დაემატა, იმ პერიოდისთვის (2017 წლის იანვრის მიწურულისთვის) 10%-ით გაიაფებული ნავთობის ფასი და მნიშვნელოვნად გამყარებული ეროვნული ვალუტა.

მიუხედავად ამისა, დღემდე კომპანიებმა კიდევ ორჯერ გააძვირეს ყველა ტიპის საწვავი და ერთი ლიტრი პრემიუმის ტიპის ბენზინის ფასი ასცდა 2.30 ლარს. სწორედ ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო მეტად გამყარდა და მსოფლიო ბზარზეც ბარელის ფასმა დაღმავალი ტრენდი განიცადა.

თებერვალსა და მარტში კომპანიებმა საწვავის ფასი კიდევ ორჯერ დააკორექტირეს. ამიტომ კომპანიების ქმედება კიდევ უფრო ბევრ ეჭვს აჩენს, რამდენადაც, იანვრის ბოლოდან დღემდე ეროვნული ვალუტა თითქმის 11%-ით გამყარდა და თუ იანვრის მიწურულს ერთი დოლარის შეძენა 2.71 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს ერთი დოლარის ღირებულება 2.46 ლარს არ აღემატება. მეტად საგულისხმოა, რომ ამ ორთვიან მონაკვეთში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი, პრაქტიკულად, არ შეცვლილა“, - აცხადებს ბაირახტარი.

მისი თქმით, კომპანიების მთავარი არგუმენტიც არის სწორედ ის, რომ დამოკიდებულნი არიან „პლატცის“ და არა ნედლი ნავთობის ფასზე. ეს მართლაც ასეა და შესაძლებელია ბარელის ღირებულება განსხვავებული იყოს „პლატცის“ ფასისგან, მაგრამ მხოლოდ დროის მოკლე მონაკვეთში.

„ვინაიდან „პლატცის“ ფასი, სწორედ ნედლი ნავთობის ღირებულებისგან წარმოდგება და შეუძლებელია დროის 2-თვიან მონაკვეთში ბარელის ღირებულება არ აისახოს „პლატცის“ ფასზე. შესაბამისად ნავთობ კომპანიების მესვეურთა და ლობისტთა ეს არგუმენტიც სუსტია“, - აცხადებს ბაირახტარი.

მიუხედავად ასეთი ლოგიკისა, იმპორტიორები საწვავის გაიაფების შესაძლებლობას ჯერჯერობით არ უშვებენ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საწვავის გაიაფება ვერ ხერხდება სწორედ საერთაშორისო ფასია. თუმცა, ბოლო დროს ლარი ძალიან გამყარდა და ამიტომ უახლოეს დღეებში შეიძლება გაიაფების შესაძლებლობაც გაჩნდეს.

ამ ეტაპზე, „პლატცის“ მიხედვით, 1 ტონა ბენზინი 550 დოლარის ფარგლებშია, ხოლო 1 ტონა დიზელი დაახლოებით 495 დოლარი ღირს. იმ შემთხვევაში თუ ლარის კურსი ამჟამინდელ ნიშნულზე დასტაბილურდა ან კიდევ უფრო გამყარდა, რამდენიმე დღეში საწვავის ღირებულება 5-10 თეთრით დაიკლებს.

კომპანია „სენტას“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე აცხადებს, რომ ლარის გამყარება აუცილებლად აისახება ფასზე იმ შემთხვევაში, თუკი არსებული კურსი შენარჩუნდება.

„ლარის კურსის გამყარება, აუცილებლად აისახება საწვავის ღირებულებაზე. საბითუმო ბაზარზე კლება უკვე შეინიშნება, საწვავი რამდენიმე თეთრით გაიაფდა. ცვლილებაზე, როგორც წესი, პირველად საბითუმო ბაზარი რეაგირებს და შემდეგ აისახება საცალო ქსელში.

ჩვენთვის მთავარია, ლარის გამყარების ტენდენცია ხანგძლივ პერიოდში შენარჩუნდეს, მაგრამ, ამავე დროს, საერთაშორისო ფასმაც უნდა შეგვიწყოს ხელი. ერთიც და მეორეც გახლავთ ფასის ძირითადი მდგენელი საქართველოში. ამიტომ ვამბობ, რომ საწვავის გაიაფება შესაძლებელია არსებული კურსის პირობებშიც, თუკი მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი არ მოიმატებს“, - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.