მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე 18-წუთიანი ფარული ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, ირაკლი მამალაძე და დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ციანიდის შესახებაც საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტის ჩვენების საფუძვლეზე დეკანოზის მიმართ ფარული მიყურადება ხორციელდებოდა, გამოძიებამ ვერ დაადგინა ვისგან შეიძინა ბრალდებულმა ციანიდი, ასევე ჩანაწერებში არ ჩანს, როგორ ყიდულობს ბრალდებული ციანიდს. 18-წუთიან ჩანაწერში ასევე არ ჩანს, რომ დაკავებულს ციანიდი გერმანიაში წასაღებად სჭირდებოდა.
თუმცა, 30-ზე მეტი მოწმის დაკითხვისა და 90-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად, მთავარმა პროკურატურამ დაასკვნა, რომ ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე მის მიერ შეძენილი შხამიანი ნივთიერების გამოყენებას პატრიარქის მდივან–რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ გეგმავდა.
მთავარი პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულის კუთვნილ „SAMSUNG“-ის ფირმის მობილურ ტელეფონზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით, დადგინდა, რომ გიორგი მამალაძე, მკვლელობის მიზნით კალიუმის ციანიდის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა ინტერნეტ საძიებო სისტემა GooGle-ის მეშვეობით. იგი ასევე ინტერესდებოდა აღნიშნული ნივთიერების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე და მოწამვლის სიმპტომებით.
გამოძიების მტკიცებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა შხამიანი ნივთიერების, კალიუმის ციანიდის მოძიებაში დახმარება. ამასთან ირაკლი მამალაძემ პროკურატურაში წარმოადგინა მის მიერვე ფარულად ჩაწერილი გიორგი მამალაძესთან შეხვედრის ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალა და ამ უკანასკნელის მიერ გადაცემული ფურცელი, რომელზეც იყო ბრალდებულის ხელნაწერი სიტყვები - „კალიუმ ციანიდი“.
ირაკლი მამალაძის განცხადებით, როგორც მან შეხვედრისას გაარკვია, გიორგი მამალაძე გეგმავდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფას. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ასევე ჰპირდებოდა მომავალში არამართლზომიერ სარგებელს. ბრალდებული გეგმავდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა თანმხლებ პირებთან, მათ შორის შორენა თეთრუაშვილთან ერთად, რის გამოც იგი ცდილობდა, სასწრაფო წესით შხამიანი ნივთიერება გერმანიაში გამგზავრებამდე შეეძინა.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დადასტურდა გიორგი მამალაძის მიერ შხამიანი ნივთიერების - ციანიდის შეძენის განზრახვა, ასევე ის ფაქტი, რომ იგი შხამიანი ნივთიერების გამოყენებას გეგმავდა ადამიანის წინააღმდეგ. პირველი შეხვედრისას, ირაკლი მამალაძემ დეკანოზს აცნობა, რომ კალიუმის ციანიდის მოძიება განსაკუთრებულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და შესთავაზა მის ნაცვლად ნატრიუმის ციანიდის შეძენა, რომელიც აქტიურად გამოიყენება და იწარმოება საქართველოში.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული დაინტერესდა ნატრიუმის ციანიდს ექნებოდა თუ არა რეაქცია და მიიღებდა თუ არა სასურველ შედეგს. სწორედ ამ შეხვედრისას, 4 თებერვალს - 16 საათსა და 28 წუთზე, ბრალდებულმა მისივე ტელეფონის გამოყენებით ინტერნეტში მოიძია ინფორმაცია ნატრიუმის ციანიდის შესახებ, რომლის მიხედვითაც გაარკვია, რომ დასახელებული ნივთიერება იყო ძლიერმოქმედი შხამი და მისი ზემოქმედების მომწამვლელი ეფექტი ადამიანზე კალიუმის ციანიდის ანალოგიურია.
მას შემდეგ, რაც ბრალდებული დარწმუნდა, რომ ნატრიუმის ციანიდის გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო სასიკვდილო შედეგის დადგომა, ირაკლი მამალაძეს სთხოვა მისი შეძენა. ჩანაწერის მიხედვით, ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე საქმის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს დახმარების სანაცვლოდ „ბრილიანტებს ჰპირდება“.
ამავე ჩანაწერის მიხედვით, ბრალდებული მამალაძე გარკვეულ საკითხზე მრავლობით რიცხვში საუბრობს და ხშირად იყენებს სიტყვებს „ჩვენ“ და „ესენი“. კონკრეტულად კი, დეკანოზი აცხადებს, რომ საპატრიარქოში მის მოსახვედრად „ესენი იბრძვიან“ და მხოლოდ ქონების მართვის დეპარტამენტში ყოფნა „არ აწყობთ“.
მამა გიორგი მამალაძე: „ახლა გეტყვი პირდაპირ: ესენი იბრძვიან, რომ მე მოვხვდე იქ, შიგნით (საპატრიარქოში), რაღაც თანამდებობაზე. ქონებაში ხომ ვარ? - ჩვენ ქონება არ გვაწყობს. ქონება ისეთი თემა არაა. ეს იყო იმისთვის, რომ იქ შევსულიყავით“.
გარდა ამისა, დაკავებული დეკანოზი მრავლობით რიცხვში საუბრობს ციანიდის ყიდვასთან დაკავშირებულ საკითხზეც. კერძოდ, ირაკლი მამალაძისგან ინტერესდება, რამდენად შესაძლებელია, ნივთიერება „აიღონ“ და „ერთ თვეში მისცენ ფული“.
მამა გიორგი მამალაძე: „რა კითხე იცი? რამდენად შესაძლებელია ეხლა რომ ავიღოთ და ერთ თვეში რომ მივცეთ (ფული)... თუ არის შესაძლებელი, სასწრაფოდ გვჭირდება რა ეგ.... პროსტა მე ახლა იმაში მივდივარ, რა ქვია... უნდა წავიდე, მაგრამ მანამდე მჭირდება რა... უწმინდესი ხო ჩაიყვანეს და ჩავიდე უნდა რა...“, – ესაუბრება ჩანაწერის მიხედვით დეკანოზი მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს.
ბრალდების მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ასევე საუბარია ფულზეც, რომელიც ირაკლი მამალაძეს ციანიდის მოძიების სანაცვლოდ უნდა მიეღო. ამ კონტექსტში ბრალდებული დეკანოზი აცხადებს, რომ დარეკავს და ფულს გამოაგზავნინებს.
მამა გიორგი მამალაძე: „დავურეკავ და ვეტყვი გამომიგზავნეთ-მეთქი. ახლა რა ვქნა? შენს ძმობას ვფიცავარ, დღეს ერთმა გადამაგდო რა, მე მივფრინავდი დღეს, მითხრეს მოგცემთო ფულს და ფული არაა, ვერ მივდივარ, არადა გერმანიაში მელოდებიან.... ჩემი ხელი სჭირდებათ მაგათ იქა. დედა უნდა ვუტირო! პროსტა, ასაკი არ მიწყობს ხელს თორემ...“, – ამბობს დეკანოზი და ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის კითხვაზე, „მთლად პატრიარქობაზე ექნებოდა პრეტენზია?“ დაკავებული დეკანოზი პასუხობს: „მე ბევრ რამეზე მაქვს პრეტენზაია, ჯერ თავს ვიკავებ. ესენი იბრძვიან, რომ მე მოვხვდე იქ, შიგნით (საპატრიარქოში), რაღაც თანამდებობაზე. ქონებაში ხომ ვარ? - ჩვენ ქონება არ გვაწყობს. ქონება ისეთი თემა არაა. ეს იყო იმისთვის, რომ იქ შევსულიყავით...
მე წავალ ბოტკოველის ადგილზე, ან შორენას ადგილზე, ან მამა დავითის (გულისხმობს არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულს) ადგილზე. უფრო, პირველ რიგში, მამა დავითის ადგილზე. არ ჩანს ეგ, პატრიარქს რომ უდგას სულ უკან ეგაა... მისი ძმა ჯვრის მონასტრის წინამძღვარია, ლოთია“, – ამბობს პირისპირ საუბარში მამა გიორგი მამალაძე.
18-წუთიან ჩანაწერში ირაკლი მამალაძე და დაკავებული დეკანოზი ციანიდის შესახებაც საუბრობენ. „პროსტა გარანტია მინდა, რომ მოქმედი იქნება... ვიცი, რომ შაქრით ნეიტრალდება (ნატრის ფხვნილი)... მაგრამ ეგ ვინც არის, ის საერთოდ არ ჭამს ტკბილს, ერიდება რა მაქსიმალურად“, – ამბობს ფარულად გადაღებულ ვიდეოში დეკანოზი გიორგი მამალაძე. ირაკლი მამალაძის კითხვაზე, „ეგ ჭიქაში არ რჩება?“, – მამა გიორგი მამალაძე პასუხობს: რა ვიცი მე, არ მკიდია?! დარჩეს მერე, ვინ დაადგენს რო, ექსპერტიზა ვითომ?“
რაც შეეხება ირაკლი მამალაძის შეკითხვას, რა სარგებელს მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ „საქმე მოგვარდებოდა“, დაკავებული დეკანოზი მას შემდეგნაირად მიმართავს – „შენ კარგ ადგილს დაიკავებ“. ჩანაწერის თანახმად, აღნიშნული საუბრისას ირაკლი მამალაძე დაკავებული დეკანოზისგან ასევე ინტერესდება, „სად უშვებს შორენას“? ამ კითხვაზე მამა გიორგი მამალაძის პასუხი ასეთია – „შორენას მარილზე“.
პროკურატურას მტკიცებულების ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს დაკავებულის ადვოკატი. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დიალოგები იმდენადაა დამონტაჟებული, რომ არ ჩანს კონკრეტულ ფრაზებს რა წინაპირობა აქვს და მისი თქმის წინ რა სახის დიალოგი შედგა ირაკლი მამალაძესა და დეკანოზს შორის.
„საუბრის შინაარსობრივი მხარე შეცვლილია. დეკანოზი რომ შორენა თეთრუაშვილის მოკვლას გეგმავდა, ჩანაწერში არსად ჩანს. „დასაბრედია“ შორენა არ ნიშნავს, რომ უნდა დაბრიდო. ჩემი პოზიციაა, რომ გაასაჯაროვონ მაშინ ჩანაწერის სრული ვერსია. ნაწილ-ნაწილ რომ ამოიღონ ჩვენებიდან საუბრის მონაკვეთები, შეიძლება ატომური ბომბის მომზადება დააბრალონ ადამიანს.
როდესაც რაღაცას ასაჯაროვებენ, უნდა იყოს დასაწყისი, შუა მონაკვეთი და დასასრული, რათა შინაარსზე შეგექმნას წარმოდგენა. ამ შემთხვევაში ეს ასე არ მომხდარა. ბევრი მონაკვეთი ამოჭრილია, რამაც საუბრის შინაარსობრივი მხარე შეცვალა.
ჩვენი პოზიციაა, რომ მსგავსი რამ რომ მართლა ყოფილიყო ირაკლი მამალაძეს მისცემდნენ ციანიდს და დააფიქსირებდნენ, თუ როგორ აიღო დეკანოზმა ციანიდი. გამოძიებამ ის ვერ დაადგინა თუ ვისგან შეიძინა ციანიდი და იმას ადგენენ რომ შორენას მოკვლა უნდათო?“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, საუბარი დამონტაჟებულია ასევე თანამდებობრივი წინსვლის დიალოგშიც. რეალურად ჩანაწერში საუბარია არა განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ დაწინაურებაზე, არამედ იმაზე, რომ დეკანოზის თანამდებობრივი წინსვლა მოხდებოდა, მამამ გიორგის მიერ, მასზე დაკისრებული საქმეების კარგად შესრულებისთვის. როგორც რამიშვილი აცხადებს, იმას, თუ რატომ ეძებდა და რისთვის ეძებდა დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის არჩევის წესს, ეს დროთა განმავლობაში გახდება ცნობილი.
საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ამ ეტაპზე მტკიცებულების მხოლოდ ნაწილს გაეცნო, შესაბამისად, მისთვის უცნობია, მამა გიორგი მამალაძეს ჰყავს თუ არა თანამზრახველები. როგორც ქარჩავა აცხადებს, არანაირი ეჭვი არ არსებობს პროკურატურის მტკიცებულებეში ეჭვის შეტანის.
„ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეჭვი შევიტანოთ პროკურატურის მტკიცებულებეში არ გაგვაჩნია, იმიტომ რომ მტკიცებულებებს აქვს თავისი სტადიები. ერთია მტკიცებულებების მოპოვება, დამაგრება და შეფასება. საქართველოს საპატრიარქო ობიექტურად ადევნებს ამ მოვლენებს თვალს და დაელოდება ამ მტკიცებულების შეფასების სტადიას - თუ ის რამდენად ავთენტურია. ამ ეტაპზე არ გვაქვს უფლება შევიტანოთ რაიმე ეჭვი“, – განაცახადა ედიშერ ქარჩავამ.
გარდა ამისა, ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა ციანიდი მამა გიორგის, არის აბსურდი.
„მინდა ადვოკატ გიორგი ფანცულაიას მოვუწოდო, რომ მან კორექტულად შეაფასოს სიტუაცია, რადგან ქალბატონ შორენას არ მიუმართავს მთავარი პროკურატურისთვის და არ ყოფილა დაინტერესებული სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო მამა გიორგი მამალაძის მიმართ. შორენა თეთრუაშვილს დაზარალებულის სტატუსი პროკურატურის ანალიზის შედეგად აქვს მინიჭებული“, – აცხადებს ედიშერ ქარჩავა.