შარშან სახელმწიფო რწმუნებულების და მათი ადმინისტრაციის ხარჯი მკვეთრად გაიზარდა. საერთოდაც, ბოლო წლებში მარტოოდენ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა ხელფასები მატულობს და ამ პრივილეგიით მაღალი თანამდებობის პირები სარგებლობენ.
შარშანწინდელთან შედარებით, შრომის ანაზღაურების სახით მათ 250 ათასი ლარით მეტი მიიღეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია 2016 წელს გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული შრომის ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ, სადაც ეს ტენდენცია დოკუმენტურად დასტურდება.
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის რაოდენობა გაზრდილია: 2015 წელს 1 114 928.69 ლარი გაიცა (პრემია - 463 817.5 ლარ, სახელფასო დანამატი - 680 111.19 ლარი), 2016 წელს კი 1 363 948.61 ლარი (პრემია - 395 437 ლარი, სახელფასო დანამატი კი - 968 511.61 ლარი);
2015 წლის მსგავსად, სახელფასო დანამატი ყველა სამხარეო ადმინისტრაციაში ყოველთვე გაიცემოდა და მისი მოცულობა საგრძნობლად გაზრდილია, პრემიის გაცემის სიხშირე და რაოდენობა კი, წინა წლებთან შედარებით, მცირედით შემცირებულია;
2016 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 65 415 ლარის ოდენობით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიცა; სამაგიეროდ, სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ აითვისა - 204 183.11 ლარი. 2015 წელს გაცემული სახელფასო დანამატის მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაა (167 712.26 ლარი);
2016 წელს ყველა გუბერნატორი ყოველთვე იღებდა შრომის ანაზღაურების ოდენობის სახელფასო დანამატს, პრემია კი იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის გარდა, არც ერთ გუბერნატორს არ აუღია. ჭიჭინაძის მიერ აღებულმა სახელფასო დანამატისა (35 400 ლარი) და პრემიის (2 950 ლარი) ჯამურმა ოდენობამ 38 500 ლარი შეადგინა;
აღსანიშნავია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის სახელფასო ანაზღაურება სხვა გუბერნატორებისაგან განსხვავებით 2 350 ლარს შეადგენს, გუბერნატორი პარმენ მარგველანი ყოველთვიურად ამ ოდენობის სახელფასო დანამატსაც იღებდა;
გურიის, იმერეთისა და ქვემო ქართულის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებმა არ გასცეს ინფორმაცია.
„სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციების ცალკეული თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატები გაიცემა მთელი წლის განმავლობაში, დასაბუთების გარეშე, რაც არღვევს დანამატების გაცემის პრინციპს და შეიძლება ითქვას, რომ უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს, ვიდრე დანამატის. ჩვენი შეფასებით, ეს პრაქტიკა არ არის გამართლებული და აუცილებელია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში სათანადოდ დასაბუთდეს დანამატის გაცემის აუცილებლობა და მიეთითოს ის კრიტერიუმი, რომლის თანახმად, ხდება საჯარო მოხელეზე დანამატის გაცემა“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.
სპეციალისტები ამბობენ, რომ არ შეიძლება, სახელმწიფო მოხელის ანაზღაურებასა უბრალო მოქალაქის ხელფასს შორის უზარმაზარი განსხვავება იყოს. როდესაც საშუალო სტატისტიკურ დასაქმებულს 500-600 ლარის შემოსავალი აქვს, ხოლო რომელიმე დიდმოხელეს 10-ჯერ მეტი, ეს არანორმალურია.
„აქ მთავარია სიტუაცია, რომელიც მთელ ქვეყანაშია და ესაა რეალურად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ მივაღწიეთ დეპრესიის წერტილს ეკონომიკაში. შემოსავლები არ იზრდება, თუ ვინმე თითო-ოროლა მაგალითს მაინც დამისახელებს, ეს უსათუოდ საჯარო სექტორის ჩინოვნიკი იქნება. ამიტომაა, რომ ხალხი საკუთარ ბიზნესსაც კი ტოვებს და საჯარო სექტორისკენ მიისწრაფვის. ხელფასის ზრდა არ ნიშნავს ოჯახის გაზრდილ შემოსავალს, რადგან ეს უკანასკნელი ინფლაციამ შთანთქა“, - აცხადებს ეკონომისტი პაატა აროშიძე და დასძენს, რომ საკმაოდ რთული სიტუაციაა და მოსახლეობას შემოსავლების მხრივ სერიოზული პრობლემა აქვს.