თბილისში ყვითელი მიკროავტობუსებით მგზავრობა მოკლე მანძილებზე 10 თეთრით გაძვირდა და ამიერიდან 50 თეთრი ეღირება. იგივე ბიჯით გაიზარდა ქუთაისშიც სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება, ოღონდ მთელი ქალაქის მასშტაბით, თუმცა იმერელი მძღოლების თვითნებურ ნაბიჯს მერია არ ეთანხმება. საწვავის მკვეთრი გაძვირების შემდეგ, ქვეყანაში სატრანსპორტო სფეროში უკმაყოფილების ტალღა აგორდა.
„თბილისის მიკროავტობუსმა“ მიიღო გადაწყვეტილება მოკლე მანძილებზე მგზავრობის საფასური გაუთანაბრდეს მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების ტარიფს და 2017 წლის 8 მარტიდან გახდეს 0.50 ლარი.
კომპანიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მიკროავტობუსით მგზავრობის ძირითადი ტარიფი 0.80 ლარი შენარჩუნდება.
„კომპანიაში ინტენსიური პერიოდულობით მუდმივად მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება: დაზიანებული მიკროავტობუსების შეკეთება ან ახლით ჩანაცვლება. გარდა ამისა „თბილისის მიკროავტობუსი“ ითვალისწინებს მძღოლების ინტერესებსაც და მიუხედავად იმისა, რომ მძღოლსა და კომპანიას შორის არსებული კონტრაქტით სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა მძღოლების მოვალეობაა, მიკროავტობუსის ტექნიკურ სერვისს, რომელიც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, კომპანია საკუთარ თავზე იღებს. ყოველწლიურად, „თბილისის მიკროავტობუსი“, ისეთი ტექნიკური სამუშაოებისთვის როგორიცაა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში დაზიანებული იატაკის ან სავარძლების შეცვლა, კონდენცირების სისტემაში გაუმართაობის აღმოფხვრა და ა.შ. რამდენიმე ასეულ ათას ლარს ხარჯავს.
„თბილისის მიკროავტობუსი“ მუდმივად ითვალისწინებს საკუთარი მომხმარებლების ინტერესებს, შესაბამისად იმისთვის, რომ კომპანიის მენეჯმენტმა უზრუნველყოს ბიზნესის გამართულად მუშაობა, გაუმჯობესდეს მგზავრთა გადაყვანის პირობები, მუდმივად გაგრძელდეს ავტოპარკის განახლება და დაცული იყოს კომპანიის ოთხიათასამდე თანამშრომლის შრომითი უფლებები, გადაწყდა მიკროავტობუსით მგზავრობის ძირითადი ტარიფი - 0.80 ლარი - შენარჩუნდეს, ხოლო მოკლე მანძილებზე მგზავრობის საფასური გაუთანაბრდეს მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების ტარიფს: 0.40 ლარი გაიზარდოს 0.10 ლარით და 2017 წლის 8 მარტიდან გახდეს 0.50 ლარი“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
გამოდის, რომ მოკლე მანძილებზე დედაქალაქში ყვითელი „მარშრუტკებით“ მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდება. სატრანსპორტო პრობლემებია ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. მაგალითად, ასევე 10-თეთრიან გაძვირებას ითხოვენ ქუთაისშიც, ოღონდ ყველა ტიპის მარშრუტზე.
იმერთქალაქში დღეა შიდა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის საფასურის 10 თეთრით ზრდას ითხოვდნენ, რაც მერიის მხრიდან არ დაკმაყოფილდა. ქუთაისში სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური - 40 თეთრი, ხოლო ავტობუსით მგზავრობის 30 თეთრია.
ორდღიანი შეხლა-შემოხლის და უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ ქუთაისში გაფიცულმა მძღოლებმა, აქცია შეწყვიტეს, სატრანსპორტო მოძრაობა აღადგინეს და მგზავრობის ღირებულების 10 თეთრით გაზრდა თვითნებურად გადაწყვიტეს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპარლამენტო ქალაქის მერიაში მსწრაფლ გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ მძღოლების მხრიდან ეს კანონდარღვევაა და იმ შემთხვევაში თუ, რომელიმე მგზავრი გაზრდილი ტარიფით გადაიხდის მგზავრობის საფასურს, მერიის ცხელ ხაზს უნდა აცნობოს.
„მგზავრობის საფასურის გაზრდის მოთხოვნით ორი დღის განმავლობაში ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების არასანქცირებული აქცია მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ შეწყდა პროტესტი და სამარშუტო ტაქსების ნაწილი გაზრდილი ტარიფით ემსახურება მგზავრებს. ტარიფის გაზრდა თვითნებურად მოხდა, რაც კანონდარღვევაა. მერიას აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. თუ მძღოლი გაზრდილი ტარიფით მოითხოვს მგზავრობის საფასურის გადახდას, გვაცნობეთ ცხელ ხაზზე“, - ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.