„ქართვლის დედას“… უტევენ

„ქართვლის დედას“… უტევენ

ცოტა ხნის წინ გაზეთ „24 საათში“ ერთი კალამმომარჯვებული ბანოვანის წერილი გამოქვეყნდა, რომელმაც „ქართვლის დედაზე“, ქართულ სუფრასა და ეროვნულ ტრადიციებზე ჭიაბერაშვილ-ჯგერენაიასეული „ფალოსოფიური“ მოსაზრებების განმტკიცება მეტალურგის პოზიციებიდან სცადა.

მოწყალე ქალბატონმა ქალაქის მერი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, რომლებმაც ზიგმუნდ ფროიდი საფლავში ამოატრიალეს, „ქართვლის დედას“ სისხლის ცრემლები ადინეს და ქართული სუფრა მამათმავლების საკოტრიალო საწოლად შერაცხეს, კბილებით დაიცვა.

ამ ქალბატონმა ცეცხლზე ნავთი დაასხა და „დაასკვნა“, რომ „ქართვლის დედად“ წოდებული თუნუქის ფიგურისაგან განსხვავებით, ვაშინგტონის მონუმენტი მართლაც სიმბოლოა ამერიკელებისათვის. თუმცა, ის, რომ ეს უზარმაზარი სტელა ძალიან ბევრში ფალოსის ასოციაციას  აღძრავს, თავად ამ სიმბოლოს არანაირად არ შეურაცხყოფს.

ხელისბიჭები რომ „ქართვლის დედას“ ვერაფერს დააკლებენ, უეჭველია, ვნებით აცახცახებულ და ცოტა ჭკუაშებრუნებულ ქალსაც რომ მოგრძო საგანი ფალოსი ეგონოს, არც ეს არის გასაკვირი, მაგრამ მაოცებს აზროვნების სიმრუდე - ქვეყნის მაოხრებელი და წარმწყმედი!

ამ ხუთიოდე წლის წინათ ამ ჟურნალისტ ბანოვანს (ამჯერად ჭიაბერაშვილ-ჯგერენაიას ადვოკატს), რომელიც თავის დროზე ლევან ბერძენიშვილს ალანძღვინებდა ერთ-ერთ ენაკვიმატ რედაქტორს, ვურჩიე: არ გინდა, ახალგაზრდა გოგონა ხარ, სახემწყაზარი, გაანებე მაგ კაცს თავი, თორემ ვინც იცნობს, ყველა გეტყვის, რომ ერთი დღეც იქნება და თავის გაზეთში ისეთ რამეს დაგიწერს, დანა რომ დაგარტყას კაცმა, სისხლი არ წამოგივა-მეთქი!

არ მისმინა!

სანამ „ბატარეიკები“ არ „დაუჯდებოდა“ დიქტოფონს, მანამ ალაპარაკებდა ბერძენიშვილს თამაზ წივწივაძის წინააღმდეგ!

გამოხდა ხანი და - ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი, როგორც ჩემი სიტყვები ახდა!

ერთხელ, სისხამ დილით, დახლზე გამოფენილ ცინცხალ გაზეთებს ვათვალიერებდი და უშველებელმა სათაურმა მომტაცა მზერა - „ეკა ჩამოდი ...შვილის მუხლებიდან“! (ამ კაცის ვინაობას ჯერჯერობით შეგნებულად არ ვასახელებთ!)

ასე რომ, „24-იანო“! მომავალში მაინც აღარ გაბედო პრესიდან თვალების კვესება და ეროვნული სიწმინდეების შეურაცხყოფა, რათა ჩემთან ერთად თამაზ წივწივაძესაც არ გაუჩნდეს სურვილი, კვლავაც საკადრისი პასუხი გაგცეთ!