საქონლის ხორცზე შექმნილი დეფიციტი შესაძლოა, იმპორტირებული გაყინული ხორცის შემოტანით აღმოიფხვრას. თუმცა საკითხავია, რამდენად უვნებელია იმპორტირებული ხორცი, როცა იმპორტიორებს უვარგისი ხორცის შემოტანაში ადანაშაულებენ და, რიგ შემთხვევაში, უბრალო წებოთი შეწებებული მომწამვლელი ხორცის გამოც ამხელენ.
ხორცკომბინატის წარმომადგენლები ხორცზე ფასის ზრდას პროგნოზირებენ. რიგ შემთხვევაში, საქონლის ნაწარმზე უკვე იმატა ფასებმა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც სამომავლოდ მოხდება. კერძოდ, იმის გამო, რომ მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი საქართველოდან აზერბაიჯანში, საუდის არაბეთში, ეგვიპტესა და ერაყში გამალებით მიმდინარეობს, სავარაუდოდ, აღარ გვეყოლება ნამატი. უცხოელები თანაბრად მიერეკებიან ხბოებსაც და მოზრდილ საქონელსაც.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ეტიკის“ ხელმძღვანელი ამირან შენგელია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ახალციხესა და ახალქალაქში განსაკუთრებით ხშირად ჩამოდიან თურქი, არაბი მოვაჭრეები და ხორცს გაცილებით მაღალ ფასად ყიდულობენ. ადამიანს გაყიდვა რომც არ უნდოდეს, ისეთ ფასს ეუბნებიან, იძულებულია, შეელიოს. აქ უნდა განვასხვავოთ ცოცხალი და დაკლული საქონელი, რომელთა წონაც განსხვავდება ერთმანეთისგან. უცხოელი მოვაჭრეები ადგილობრივებს საქონლის ცოცხალ წონაზე 7-8-9 ლარს სთავაზობენ, ეს მაშინ, როცა დაკლული საქონლის ხორცი 9-10 ლარად ფასობს და გლეხისთვის წამგებიანია. ცხადია, უცხოელების შეთავაზება გაცილებით მომგებიანია ჩვენი გლეხობისთვის. შესაბამისად, თურქმა და არაბმა მოვაჭრეებმა ძალიან ბევრი საქონელი გაიყვანეს საქართველოდან.
„დაუზუსტებელი ინფორმაციით, მხოლოდ ახალციხიდან და ახალქალაქიდან სადღაც 17 ათასი სული საქონელია გაყვანილი. ამიტომაც უკვე 13-14-15 ლარზე ავიდა საქონლის ხორცის ფასი. ეკოლოგიურად სუფთა საქონლის ხორცი კი 20-30 ლარამდეც ადის. მაგალითად, წერეთელზე არის გერმანული მაღაზია, სადაც სწორედ ამ ფასად ყიდიან ადგილობრივი წარმოების ხორცს. შექმნილი დანაკლისის გამო, სავარაუდოდ, უცხოეთიდან გაცილებით მეტ გაყინულ ხორცს შემოიტანენ. გაყინული ხორცი მომაკვდინებელი არ არის, მაგრამ სად საქართველოში წარმოებული ახალი ხორცი და სად გაყინული და შემოტანილი? მსხვილფეხა საქონელი რომ გაჰყავთ უცხოელებს, ისინი სულელები არ არიან. უცხოეთში ხორცი ძვირი ღირს, 30-50 ევრომდეც ადის საქონლის ხორცის ფასი. არაბებს ისრაელშიც მიაქვთ ეს ხორცი. აბა, შეხედეთ რა ფასებია იქ? იმ ხალხს ბიზნესი იმიტომ აქვს, რომ საქართველოში იაფად იყიდონ და უცხოეთში ძვირად გაყიდონ ხორცი“, - აღნიშნა ამირან შენგელიამ.
მანვე განმარტა, თუკი ჩვენი სოფლის მეურნეობის წარმოების აღორძინება გვინდა, მაშინ ასე მასობრივად საქონელი არ უნდა გადიოდეს საქართველოდან. მთავრობამ ზომები უნდა მიიღოს, რომ ნამატი საქართველოში დარჩეს. თორემ საქონლისგან არაფერი რჩება, ყველაფერი გადამუშავებადია, თავი ცალკე მიდის, ნაწლავი ცალკე, ჩლიქები, რქები და ტყავი კი ცალკე. მხოლოდ 17-20 ათასი საქონელი რომ გავა საქართველოდან, როდისღა უნდა წარმოიშვას მათი შთამომავლობა, როდის უნდა გაიზარდოს, სასაქონლე სახე რომ მიიღოს? სამი წელი მაინც დასჭირდება ამას. გამოდის, სამი წლის განმავლობაში გლეხმა შეინახა საქონელი და იმხელა ფასს აძლევენ უცხოელები, რომ საქართველოში გაყიდვა აღარ უღირთ.
სურსათის ექსპერტი ეთერ სარჯველაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქონლის ხორცი საქართველოში მხოლოდ სანდო სერთიფიკატით უნდა შემოიტანონ, რომელიც საბაჟო კონტროლს გაივლის და ელემენტარულ ჰიგიენის პირობებს დააკმაყოფილებს.
„არ უნდა დაუშვან, რომ ხორცი შენახული იყოს არაჰიგიენურ პირობებში. ტრანსპორტირების წესები არ უნდა დაირღვას. ყველა ჯაჭვი უნდა შემოწმდეს, რადგან მოწამლული ხორცით გამოწვეული დაავადება ძალიან ადვილად ვრცელდება. საქართველოში ძირითადად გაყინული ხორცი შემოდის, რადგან ხორცის შენახვის ვადა ხანმოკლეა. იგი მალფუჭებადია, ამიტომ შესაბამისი ტემპერატურით უნდა იყოს უზუნველყოფილი. საუბრობენ იმაზეც, რომ ბაზრის კონტროლის დროს უცხო წარმოშობის ხორცი აღმოუჩენიათ. ზოგჯერ არაკეთილხარისხოვანი ხორციც შემოაქვთ. აქ მარტო დაწებებულ ხორცს არ ვგულისხმობ, არამედ თვითონ ხორცის სახეობაც შეცვლილია. გახსოვთ, ალბათ, ძროხის ხორცის ნაცვლად იყიდებოდა კამეჩის და სხვა ცხოველების ხორცი“ - აღნიშნა ეთერ სარჯველაძემ.
მანვე განმარტა, თუკი იმპორტიორები ძვირიან ხორცს შემოიტანენ, მაშინ ვერ გაყიდიან, რადგან ჩვეულებრივი შემოსავლების მქონე ადამიანს ძვირადღირებული ხორცის ყიდვის საშუალება არ ექნება. ეთერ სარჯველაძემ საკუთარი პრაქტიკიდან ერთი შემთხვევაც გაიხსენა, როცა უცხოეთში დაწუნებული, გაფუჭებული, ბაზრიდან ამოღებული ხორცი შემოიტანეს საქართველოში. ეს 7-8 წლის წინ მოხდა, როცა ჩვენს ბაზრებსა და საბაჟოზე არ იყო კონტროლი.
დღეს კი, როცა ხორცის კონტროლი და ეტიკეტირება ძალაშია, სურსათის უვნებლობის სამსახური, ალბათ, კონტროლს გაამკაცრებს არა მარტო საცალო ქსელში, არამედ საბაჟოზე შემოტანილ პროდუქტებთან მიმართებითაც. ეს არა მარტო ჩვენს ჯანმრთელობაზე იმოქმედებს დადებითად, არამედ ჩვენი ეკონომიკის განვითარების სტიმულიც იქნება. დაბალხარისხოვანი და დაბალფასიანი პროდუქტის შემოსვლა კი სტიმულს არ მისცემს ადგილობრივ წარმოებას.