დეპოზიტებს დაზღვევა და 5000-იანი გარანტია

დეპოზიტებს დაზღვევა და 5000-იანი გარანტია

როგორც იქნა, საქართველოში დეპოზიტების დაზღვევა იწყება. მართალია, ჯერ მხოლოდ მიზერულ ოდენობაზეა საუბარი, მაგრამ ეს მაინც გარკვეული გარანტიაა მეანაბრეებისთვის.

მთავრობამ „საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტი დაამტკიცა. სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდება. ამ მიმართულებით გათვალისწინებულია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და კანონპროექტი სწორედ ამის საფუძველზე შემუშავდა.

დეპოზიტების დაზღვევა დეპოზიტორების დაცვის მსოფლიოში აპრობირებული სისტემაა და როგორც ფინანსური უსაფრთხოების კომპონენტი დანერგილია და მოქმედებს მსოფლიოს 113 ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, ცენტრალური აზიის და საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.

მთავრობის განაცხადით, სისტემა უზრუნველყოფს დეპოზიტორების დაცვას დაზღვეული დეპოზიტების დაკარგვისგან გარანტირებულად ანაზღაურებადი თანხის კონკრეტული ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ კომერციულ ბანკს ექმნება დეპოზიტების ანაზღაურების პრობლემა.

დეპოზიტების დაზღვევის პროექტი საქართველოში ჯერ კიდევ 2006 წელს მომზადდა. პირველი შენატანი, 4 მლნ ევრო, გერმანიის განვითარების საკრედიტო ბანკს (KFW) ეკუთვნის, თუმცა ნოღაიდელის მაშინდელმა მთავრობამ არაპრიორიტეტულად მიიჩნია და თანხა ბათუმის წყალკანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციითვის მიმართა.

„დეპოზიტების სისტემის დაზღვევის შექმნა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ხელს უწყობს ფინანსური სისტემის სტაბილურობის უფრო განმტკიცებას. ეს საკითხები იყო განხილული კომერციულ ბანკებთან და იყო სხვადასხვა კომენტარი ბანკების მხრიდან. ვფიქრობ, ზოგადად ბანკებიც დაინახავენ იმას, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ უფრო განმტკიცდეს ქვეყნის ფინანსური სისტემა“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

კომერციულ ბანკების ნაწილი დეპოზიტების დაზღვევის სავალდებულო სისტემის ამოქმედებით ხარჯების გაზრდას ელოდება.

როგორც „ტერა ბანკის“ პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელმა განაცხადა, ქართული საბანკო სფერო საკმაოდ დაცულია და დეპოზიტარებიც აქამდე საკმაოდ დაცულად გრძნობდნენ თავს, თუმცა აღნიშნული სიახლე კიდევ უფრო მეტ სანდოობას შესძენს საბანკო სექტორს. აკა სანიკიძის თქმით, პროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას სადაზღვევო ფონდი, სადაც მოხდება ბანკების მიერ გაღებული თანხების აკუმულირება. გაღებული ხარჯების კომპენსირება კი სავარაუდოდ გავლენას მოახდენს საპროცენტო განაკვეთებზე.

„ეს სიახლე გამოიწვევს, რა თქმა უნდა, ბანკის მხრიდან ხარჯების ზრდას. ამან შესაძლოა, იმოქმედოს სატარიფო პოლიტიკაზე, თუმცა სანახავია, რა შესაძლებლობა იქნება ხარჯების მინიმალიზაციის მხრივ. ამან შესაძლოა გამოიწვიოს კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის მატება, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, - განუცხადა „ბიზნესკონტრაქტს“ აკა სანიკიძემ.

კანონპროექტის მიხედვით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ყველა ბანკისთვის სავალდებულო იქნება. თავდაპირველად დაზღვევა მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხება და ის იურიდიულ პირებზე არ გავრცელდება. ასევე, როგორც ცნობილი ხდება, დაზღვეული იქნება დეპოზიტები 5000 ლარის ფარგლებში, როგორც ლარში ასევე დოლარში.

აღსანიშნავია, რომ კომპენსაცია სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. მაგალითად, შვეიცარიაში 100 000 შვეიცარული ფრანკია, დიდ ბრიტანეთში - 50 000 ფუნტი, ლიტვაში, ნიდერლანდებში, ირლანდიაში საბერძნეთსა და ესპანეთში - 100 000 ევრო, ლატვიაში გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში - 50 000 ევრო, რუსეთში - 700 000 რუბლი, უკრაინაში - 150 000 გრივნა, ყაზახეთში - 5 მლნ ტენგე, ხორვატიაში - 400 000 კუნასი.

მოცულობა ერთ მოსახლეზე მშპ-ის წილის მიხედვით, გარკვეული კოეფიციენტით გამოითვლება.