რატომ იგვიანებს საპენსიო რეფორმა?

რატომ იგვიანებს საპენსიო რეფორმა?

საპენსიო რეფორმას მინიმუმ 1 წელი დააგვიანდება, შესაბამისად დაგროვების პრინციპი არ ამოქმედდება. ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, რეფორმის საბოლოო პრინციპები მარტში გახდება ცნობილი.

„ვაპირებთ, რომ უახლოეს პერიოდში დასრულდეს კანონის „დრაფტინგი“, რომელშიც ჩართულია მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. მარტიდან ჩვენ ვიწყებთ ღია განხილვებს, პირველ რიგში, ბიზნესწრეებთან და ასოციაციებთან, შემოდგომაზე კი კანონს შევიტანთ პარლამენტში. მისი აღსრულების პერიოდზე მსჯელობა მიმდინარეობს როგორც მთავრობაში, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა გახარიამ.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფიქრობს, რომ საპენსიო რეფორმა დათქმულ ვადაში დაიწყება და ეს ვადა 2017 წლის შემოდგომაა.

„შარშან დასრულდა ძირითადი მონახაზი საპენსიო რეფორმისა და განისაზღვრა პირველი ეტაპის დაწყები ვადა - 2017 წლის სექტემბერი. რამდენადაც საქმის კურსში ვარ, ეს თარიღი ძალაშია. რა თქმა უნდა, საჭირო იქნება კანონში ცვლილება და ვფიქრობ, რომ სექტემბრამდე საკმარისი დრო იქნება, რომ ყველა დეტალი გაანვიხილოთ და რეფორმა დათქმულ ვადაში დაიწყოს“, - განაცხადა სერგეენკომ.

აუცილებელია დაგროვების შემდგომ ღიად, ნათლად იყოს გარკვეული ბენეფიციარისთვის რა უნდა მიიღოს, რის საფუძველზე და როგორ უნდა მიიღოს. ეკონომისტი ოთარ უფენია ამბობს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების ასეთი მზადყოფნა შეეჭიდოს ამ საქმეს, პირველად ფისქირდება.

„ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ ეს პროცესი დაიძრას. უნდა გვქონდეს კერძოც და სახელმწიფო დაზღვევაც, როგორც ურთიერთგამაწონასწორებლები. აუცილებელია პირობაა კონსენსუსის მიღწევა ხელისუფლებას, გადასახადის გადამხდელსა და დაზღვეულს შორის. ამ კონსენსუსის გარეშე, ცალ კარში თამაში გამოდის.

საზოგადოება არ უნდა გამოეკიდოს, რომ რეფორმის დასაწყებად დეკლარირებული იყო 2017 წლის სექტემბერი და რატომ იწევს ვადა. ვემხრობი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ზოიძის განცხადებებს. ადამიანებმა ჩაიხედეს პროექტში და ბევრი კითხვის ნიშანი აღმოაჩინეს“, - აღნიშნა ოთარ ყუფენიამ.

გაერთიანებული პროფკავშირების ანალიტიკური სამსახურის უფროსი გიორგი ჭანტურიძე ამბობს, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მთავრობას განსხვავებული მიდგომას სთავაზობენ, რაც მოსახლეობისთვის საპენსიო ფონდში მონაწილეობას ბევრად საინტერესოს გახდის.

„ჩვენი გეგმა სამი სვეტისგან შედგება. პირველია ბაზისური პენსია, რომელიც დღესაც მოქმედებს, მეორეა სავალდებულო სქემა და მესამე - ნებაყოფლობითი კერძო სქემა, დაახლოებით ისეთი, რომელსაც დღეს სახელმწფო სთავაზობს საზოგადოებას.

მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გაიცეს პენსია სიცოცხლის ბოლომდე და არ შეჩერდეს ეს პროცესი საპენსიო ფონდის ამოწურვის გამო. მთავრობის გეგმა ამაზეა დამყარებული, რომ სანამ ამოიწურება, დაგროვილი თანხა მანამდე გასცეს. ვადაზე პენსიაზე გასვლის უფლება უნდა მიეცეთ იმ პირებს, რომელთა საქმიანობა სიცოცხლისთვის საშიშია.

გარდა ამისა, უნდა შეიქმნას სოლიდარობის ფონდი, რომელიც დააფინანსებს ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა დროებითი უმუშევრობა, დროებითი შრომისუუნარობა და დეკრეტული შვებულებები, დაახლოებით, 6 თვის ვადით. რა თქმა უნდა, ამ კატეგორიის ადამიანებს არ უნდა შეუწყდეთ საპენსიო თანხის დაგროვება“, - განაცხადა გიორგი ჭანტურიძემ.