თბილისის საკრებულოს დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი თინათინ ხიდაშელი ხელისუფლებას მცირე მეწარმეების საქმიანობისათვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ხელისუფლება ბიზნესის სივრცის მცირე და საშუალო მეწარმეებისაგან გათავისუფლებასა და ხელისუფლების წარმომადგენლებით მათ შეცვლას აპირებს. თბილისის რამდენიმე რაიონში ჯიხურების აღება უკვე დაიწყო. საკუთარი ბიზნესის გაგრძელებისათვის საჭირო ნებართვის მიღებაზე უარი ათეულობით მოქალაქემ მიიღო.
"ხელისუფლება ნებართვის გაცემაზე უარს სამი ძირითადი მიზეზით ამბობს: გამზირებზე, ქუჩებზე, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე დროებითი ჯიხურების განთავსება აკრძალულია. ასევე აკრძალულია ჯიხურების ერთ რიგზე, გვერდიგვერდ, მოკლე მანძილის დაშორებით განთავსება და, მესამეც, მათი მხატვრული სახე კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებულ არქიტექტურულ გარემოს უნდა შეესაბამებოდეს, -აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა და დასძინა, - ხელისუფლებაში მყოფი მონოპოლისტების კუთვნილი ობიექტების განთავსება კი ნებისმიერ ტერიტორიასა და არქიტექტურულ გარემოში არის ნებადართული".