ქობულეთში აშენებული ნაგავსაყრელი თურქეთის ქალაქებსაც მოემსახურება

ქობულეთში აშენებული ნაგავსაყრელი თურქეთის ქალაქებსაც მოემსახურება

ქობულეთელები უკვე მერამდენედ არიან გაურკვევლობაში. ისინი შიშობენ, რომ ქობულეთში ნაგავსაყრელის აშენება იგეგმება, რომელიც თურქულ ქალაქებსაც-ხოფასა და ქემალფაშას მოემსახურება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთხელ უკვე შეაჩერა ეს პროექტი, მაგრამ, როგორც ჩანს, განზრახვაზე ხელი მთლიანად არ აიღო. ქობულეთელები საპროტესტოდ ემზადებიან. რა განწყობაა ადგილობრივ მოსახლეობაში, ამის შესახებ For.ge-ს უფლებადამცველი თამაზ ბაკურაძე ესაუბრა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამუნა დიასამიძე უარყოფს, რომ ქობულეთის ნაგავსაყრელი თურქულ ქალაქებს მოემსახურება. მისი თქმით, ნაგავსაყრელი აუცილებლად აშენდება და მხოლოდ აჭარას მოემსახურება. ქობულეთელები მაინც აპირებენ საპროტესტო აქციის მოწყობას?

- ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოსა და 2016 წლის დასაწყისში მოსახლეობის თხოვნით ვაპროტესტებდით ქობულეთის ნაგავსაყრელის მშენებლობას. არა იმიტომ, რომ ეს მოსახლეობას არ სურდა, არამედ იმიტომ, რომ ეს ხდებოდა მასობრივად დასახლებულ ადგილას. ვერ გეტყვით, თამუნა დიასამიძე მართალია თუ არა, მაგრამ მისი ნათქვამის არ სჯერა მოსახლეობას. სწორედ მოსახლეობამ შემატყობინა, რომ ეს პროექტი ქობულეთში ზუსტად იმიტომ ხორციელდება, რომ თურქეთი ძალიან დაინტერესებულია ნაგავსაყრელით ჩვენს ტერიტორიაზე. მით უმეტეს, რომ ხოფასა და ქემალფაშას ტერიტორიაზე არ ყოფილა ნაგავსაყრელი, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ქობულეთის ნაგავსაყრელი მოემსახუროს თურქეთს. 2015-16 წლების პროტესტით მოსახლეობამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე, კომპანია „ჰიგიენა 2009“-ის წარმომადგენლებს ნაგავსაყრელის მშენებლობის უფლება არ მისცა, დროებით შეჩერდა ეს საკითხი.

დღესაც, თუ ეს აუცილებელი და საჭიროა, ნაგავსაყრელის წინააღმდეგი არავინაა, უბრალოდ, ნაგავსაყრელი არ უნდა გაკეთდეს მოსახლეობით დასახლებულ ადგილას. დასავლეთ საქართველოში-იმერეთში, გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში ძალიან ბევრი თავისუფალი ტერიტორიაა, სადაც შეიძლება ამ განზრახვის შესრულება. ახლა აჭარის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა შეიძლება უარყოს, რომ თურქული ქალაქებისთვის არ გაკეთდება ნაგავსაყრელი, შესაძლოა, ოფიციალურადაც არ იყოს ეს ასახული, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია არსებობს და მოსახლეობა შეშფოთებულია.

რატომ შეარჩიეს მაინცდამაინც ქობულეთის ხალხით დასახლებული ზონა, რომლის სიახლოვესაც საბავშვო ბაღია?

- ზუსტად ეს არის გაურკვეველი. ლაპარაკია პროექტზე, რომლის სიახლოვესაც არის საბავშვო ბაღი, სკოლა და დასახლებული პუნქტი. გარდა ამისა, გარემოზე ზემოქმედების შეფასებაც არ აქვთ გაკეთებული, არავინ იცის, რა სახის ზიანის მომტანი იქნება შემდგომში ეს ყველაფერი. ხომ შეიძლება, საკითხი ჯერ შევისწავლოთ, დასახლებულ ადგილს მოვაშოროთ და მოსახლეობასთან კონფლიქტი თავიდან ავიცილოთ?!

რა ნიშნით შეირჩა მაინცდამაინც ორი თურქული ქალაქი- ხოფა და ქემალფაშა?

- ტრაპიზონს თავისთავად ექნება ნაგავსაყრელი. თანაც, ტრაპიზონიდან ქობულეთში ნაგვის ჩამოტანა ძვირი დაუჯდებათ, ხოფა და ქემალფაშა კი უფრო ახლოსაა, ვიდრე ფოთი და ზუგდიდი. თურქებს რატომ არ აწყობთ ეს, რა უშლით ხელს? 2016 წლის დასაწყისში ბოლო საპროტესტო აქციის დროს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მოგვცეს პირობა, რომ, თუ მოსახლეობა წინააღმდეგი იქნებოდა, ხელისუფლება დაემორჩილებოდა მათ მოთხოვნას. როგორც ჩანს, არ აპირებენ ნათქვამის შესრულებას. ამიტომ ამ შაბათ-კვირას მოსახლეობა საპროტესტო აქციას კვლავაც გეგმავს.

თქვენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დავით ბალაძის პასუხისმგებლობას ითხოვთ. რის საფუძველზე?

- კომპანია „ჰიგიენა 2009“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს იყო. გავრცელებული ინფორმაციით, 5 მილიონი გაფლანგულია. ცხადია, ჩვეულებრივი შპს 5 მილიონს დამოუკიდებლად ვერ გაფლანგავდა. ამიტომ აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოში დაიბარონ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი; ასევე, უნდა მოვთხოვოთ პასუხი აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს არჩილ ხაბაძესაც, რასთან გვაქვს საქმე, როგორ შეიძლება, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ შექმნილმა შპს-მ 5 მილიონი გაფლანგოს და მიითვისოს?! ყველა შპს თუ მილიონებს გაფლანგავს, რაღა დაგვრჩება ბიუჯეტში?! ამიტომ ყველამ უნდა აგოს პასუხი, რადგან სხვა შპს-ებიც და სხვა ხელმძღვანელი პირებიც კარგად აიღებენ მილიონებს, მილიონები არც სხვებს აწყენთ.

სწორედ ამ გაფლანგვის გამო დასთანხმდნენ თურქულ ქალაქებს ნაგავსაყრელის ქობულეთში მშენებლობას?

- საერთოდ, თურქულ ბიზნესს უფრო მეტი გასაქანი და ხელშეწყობა აქვს, ვიდრე ადგილობრივ ბიზნესს და ადგილობრივ ბიზნესმენებს. რატომღაც სააკაშვილის დროიდან დამკვიდრდა ეს ტრადიცია.

ქობულეთელებმა ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფადაც აღიქვეს, რომ თურქეთის ქალაქების ნაგავიც მათ ქალაქს მიემატება?

- რა თქმა უნდა. შეიძლება, ახლა უარყონ, რომ ქემალფაშადან და ხოფადან აღარ შემოიტანენ ნაგავს, მაგრამ ვინ გააკონტროლებს. ბოდიში და, რომელიმე ნაგავს აწერია საიდან მოდის? ხოფასია, ბათუმის თუ ზუგდიდის? ამიტომ, რადგან არსებობს საფრთხე, მოაშორონ ნაგავსაყრელი დასახლებულ პუნქტს და გააკეთონ სხვაგან.

არ შეიძლება, თვითონ ხოფასა და ქემალფაშას ტერიტორიაზე მოეწყოს ნაგავსაყრელი?

- მეც ამას ვფიქრობ. ჩვენი ნაგავი არ გვყოფნის? თურქეთის მხარეს გააკეთონ ნაგავსაყრელი და ჩვენი ნაგავიც თურქეთში ვზიდოთ, ასე არ სჯობს? ის არ გვყოფნის, მთელი საქართველო თურქულ უვარგის პროდუქციას რომ მიირთმევს? მაინტერესებს, ვის მოუვიდა თავში ნაგავსაყრელის აშენება იქ, სადაც სკოლა, საბავშვო ბაღი და დასახლებული პუნქტია. კი ბატონო, შეიძლება ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რაც უფრო მყარად გადამუშავდება ნაგავი, მით უკეთესი, მაგრამ დასახლებულ პუნქტს მოაშორონ და სადაც უნდათ, იქ გააკეთონ. სხვათა შორის, თავის დროზე, როცა მოსახლეობის მხრიდან პროტესტი შეხვდათ, ფინანსთა მინისტრი დავით ბალაძე ძალზე აქტიურობდა. მათ რამდენიმე ოჯახის გადაბირებაც შეძლეს და დიდი კომპენსაცია შესთავაზეს, მაგრამ ასეთი ოჯახები ცოტა იყო.

 იმ პერიოდში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოსახლეობისთვის დასარიგებლად სპეციალური ბუკლეტები დაბეჭდა, სადაც ხალხს განუმარტეს, რამდენად მნიშვნელოვანი და სარგებლიანი იყო ეს პროექტი. ბუკლეტების დარიგების შემდეგ ერთ-ერთ დარბაზში მიიწვიეს ხალხი, ფინანსთა მინისტრს ელოდნენ ქობულეთელები, მაგრამ ქობულეთში შესვლამდე მინისტრი უკან გაბრუნდა, რადგან უთხრეს, დარბაზში ნაგავსაყრელის აშენების უფრო მეტი მოწინააღმდეგეა, ვიდრე მომხრეო და ეს შეხვედრაც არ შედგა.