პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომ ხან ომობანას თამაშობს, ხან - მფრინავობანას, ხანაც - ხიდობან-შადრევნობანას და "სოფელიც შენდება", ალბათ, ვერავინ შემომედავება, - რადგან ეს თვითონ აღიარა, როდესაც განაცხადა - პრეზიდენტები ბავშვებს ვგავართ, თან ვთამაშობთ, თან ვაშენებთო...
აშენებით აშენებს, მაგრამ რას? - საკითხავი აი, ეს არის. ამჯერად მიხეილ სააკაშვილის ახალი გატაცება საციგურაო მოედნებია, რომელთა შესყიდვა-დამონტაჟებითაც საქართველოში ციგურაობის აღორძინება აქვს გადაწყვეტილი.
"ჩვენ ვერასდროს, მილიონი წლის განმავლობაშიც კი ვერ ვიფიქრებდით, რომ ამ ტიპის შეკვეთას მივიღებდით", - განაცხადა საქართველოდან მიღებული განაცხადის შემდეგ ხელოვნური ყინულის მოედნების მწარმოებელი კანადური კომპანიის “Synthetic”-ს პრეზიდენტმა ფრანსუა ბილოდომ. მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველომ 14 ასეთი ხელოვნური ყინულის მოედანი უნდა შეისყიდოს და სხვადასხვა ქალაქში დამონტაჟდეს.
როგორც გაზეთი „The Gazette” წერს, ყველაფერი თურმე იქიდან დაიწყო, რომ 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის მიმდინარეობისას, კანადაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ვანკუვერში დამონტაჟებულ ყინულის მოედანზე მოიწადინა სრიალი.
მოედანს სააკაშვილი საკუთარი ციგურებით ესტუმრა და გულიც იჯერა. აი, როგორ იხსენებს მოედნის ერთ-ერთი თანამშრომელი საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობას:
"სააკაშვილის ესკორტი დროულად მოვიდა, 42 წლის პრეზიდენტი გადმოვიდა, ჩაიცვა ციგურები და დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში სრიალებდა. მას მწვანე სვიტერი და ჯინსი ეცვა. გარკვეული ხნის განმავლობაში პრეზიდენტთან ერთად ორი თინეიჯერი გოგონა (საქართველოს დელეგაციის წევრთა შვილები) სრიალებდა, ის კი ბევრ კითხვას სვამდა ამ მოედნის ფასსა და მომსახურებაზე. ის შესანიშნავი კაცია, რომელსაც უყვარს ხალხთან ურთიერთობა, რაც პერიოდულად მისი დაცვის წევრების ცხოვრებას აუტანელს ხდიდა."
როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს ხელოვნური ყინულის მოედანი ისე მოეწონა, რომ გადაწყვიტა ზუგდიდელებს, თელაველებს, მესტიელებს, ბათუმელებს და ა.შ. სრიალის საშუალება მისცეს, თუმცა ეკონომიკურ კრიზისს ჯერაც თავდაუღწეველ ქვეყანაში ვის როგორ ესრიალება, ამაზე როგორც ჩანს, არ უფიქრია...
თუმცა, ალბათ, ფიქრისთვის არც სცალია. ინტერნეტში მოვიძიეთ ინფორმაცია, რომ ასეთი მოედნის შესყიდვა დამონტაჟებით 125.000 დოლარი ჯდება. თუ ამას 14-ზე გავამრავლებთ, გამოდის, რომ საქართველოს 1.750.000 დოლარი დაუჯდება ყინულის მოედნები, რომელიც შესაძლოა, ცოტა ხანში ისევე გაქრეს, როგორც სპორტის სასახლის ტერიტორიიდან გააქრეს და სადღაც გადამალეს. არადა, თავის დროზე ის მოედანიც გვარიანი თანხა დაჯდა.