საქართველოს ეროვნული ბანკი პირამიდულ ბიზნესს ამხელს და მოსახლეობას მოუწოდებს განსაკუთრებული სიფხიზლე გამოიჩინონ. სებ-მა გაავრცელა განცხადება, რას მოიცავს ფინანსური პირამიდა და როგორ შეიძლება დაიცვან მისგან თავი მოქალაქეებმა.
როგორც წესი, ფინანსური პირამიდა, უმეტესწილად, არ ახორციელებს მომგებიან ინვესტიციას და მომხმარებლისთვის დაპირებული სარგებლის გადახდის ერთადერთი წყარო ახალი ან არსებული წევრებისგან დამატებითი სახსრების მოზიდვაა. ამასთან, ყოველ შემდგომ ეტაპზე არსებული ვალდებულებების გასასტუმრებლად სულ უფრო და უფრო მეტი თანხის მოზიდვა ხდება საჭირო. საყურადღებოა ერთი ფაქტორიც: მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ჩანს ასეთი კომპანია დროის რომელიმე მომენტში, სქემა აუცილებლად იშლება, როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის ან დამატებითი თანხის მოზიდვა. შედეგად კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს.
პირამიდული ბიზნესი ქვეყანას მეტასტაზივით მოედო. შესაბამისად, გაიზარდა გაკოტრებული კომპანიებისა და დაზარალებული მეანაბრეების რიცხვი. რამდენიმე დღის წინ მორიგი ფინანსური პირამიდა ჩამოიშალა - კომპანია „ემეფიქს ბროკერ ჯორჯიას“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და საქმე თაღლითობის მუხლით აღიძრა. 300-ზე მეტი მეანაბრე კუთვნილი თანხის (5-დან 100 000 დოლარზე მეტი) დაბრუნებას ითხოვს.
რამდენიმე თვის წინ კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ფაქტზე საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ფაქტობრივი მმართველი მერაბ ფერაძე დააკავეს. მათ ბრალად მეანაბრეების კუთვნილი 76 მილიონი ლარის მითვისება ედებათ.
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ფინანსური პირამიდის პრინციპით მოქმედი კომპანიების კრიმინალიზაცია უნდა მოხდეს. როგორც წესი, დაზარალებულ მეანაბრეებს კუთვნილი თანხის დაბრუნების მცირე შანსები აქვთ, უმეტესობას იურიდიული დოკუმენტიც კი არ გააჩნია.
„გამორიცხული არ არის დომინოს პრინციპი ამოქმედდეს და მსგავსი კომპანიები კიდევ ჩამოიშალოს. მოვუწოდებ მოსახლეობას, არ დაუჯერონ რეკლამას მაღალი საპროცენტო განაკვეთის შესახებ. უმჯებესია, დანაზოგი ანდოთ მას, ვის საქმიანობაც კანონი არეგულირებს“, - აღნიშნა კეპულაძემ.
მსოფლიოს მასშტაბით პირამიდული სქემები განსაკუთრებით უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში გავრცელდა. ბიზნესის წარმოების მსგავსი სისტემა ხშირად ხორციელდება გარკვეული საქონლის ან მომსახურების, როგორიცაა აქსესუარები, კოსმეტიკური საშუალებები, ტურისტული საგზურები და სხვათა გაყიდვების გზითაც. ასეთი საქონლის და მომსახურების ფასი საბაზროზე გაცილებით მაღალია. ამგვარი სქემის მიზანია წევრმა დამატებით გაყიდოს აღნიშნული საქონელი და მომსახურება და ამ გზით სხვებიც „გააწევრიანოს“ სქემაში. საყურადღებოა, რომ ამ ტიპის საქმიანობის მთავარი მიზანიც ახალი წევრების ჩართვა და სახსრების მოზიდვა და არა პროდუქციის რეალიზაციით ბიზნესის განვითარებაა.
როგორ ამოვიცნოთ ე.წ. „ფინანსური პირამიდა“? ეროვნული ბანკის გარცელებული ინფორმაციით, ამგვარი კომპანიების ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები ასეთია:
- კომპანია პოტენციურ წევრს ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით გაცილებით მაღალ საპროცენტო სარგებელს ან შემოსავალს ჰპირდება.
- სარგებლის მისაღებად კომპანია გთხოვთ სქემაში ახალი წევრების მიყვანას ან გარკვეული პროდუქციის რეალურზე გაცილებით მაღალ ფასად შეძენას.
- ფინანსური პირამიდები, ძირითადად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) ფორმით რეგისტრირდებიან. შესაძლოა, ისინი ე. წ. შუამავლობასაც უწევდნენ უცხოეთში რეგისტრირებულ პირამიდულ სქემებს.
- კომპანიის მიერ მოზიდული თანხების დაბანდების მექანიზმი გაუმჭვირვალეა ან არ არსებობს კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობის წარმოების ნიშნები და საქმიანობის სფეროს ზუსტი განმარტება.
- კომპანია არ გამოირჩევა გამჭვირვალობით და საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობით. მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ სათანადო ინფორმაციის მოძიება თითქმის შეუძლებელია.
- კომპანია აწარმოებს მასშტაბურ სარეკლამო კამპანიებს, მათ შორის, სოციალური ქსელით და ინტერნეტ საშუალებებით. ხშირად, კლიენტურის გაფართოების მიზნით, კომპანია ატარებს ე.წ. „საქველმოქმედო“ აქციებს.