საფრთხე, რომელსაც აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენა შექმნის

საფრთხე, რომელსაც აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენა შექმნის

სოსო ცისკარიშვილი: „არ შეიძლება ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც სომხეთთან ან აზერბაიჯანთან დაგვაშორებს! მაქსიმუმ, რაზეც შეიძლება დავთანხმდეთ, მოსკოვი-ფოთის სარკინიგზო მარშრუტის აღდგენაა

სომხური მედია ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის ალტერნატივაზე ღიად საუბრობს. ქართულ მედიაში კი აფხაზეთის გავლით, რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო მაგისტრალის სავარაუდო აღდგენის საკითხი გააქტიურდა. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ, მთავრობის კანცელარიამ მწირი ინფორმაცია გაავრცელა. ერთადერთი, რაც შევიტყვეთ ისაა, რომ კარენ კარაპეტიანი მზადაა, საქართველოსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს ტურიზმის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის დარგებში. ოფიციალური თბილისი აფხაზეთის გავლით, რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას კატეგორიულად გამორიცხავს, თუმცა თბილისიდან ერევანში დაბრუნებული კარაპეტიანი რუსულ ,,სპუტნიკთან'' ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართველ კოლეგასთან ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის ალტერნატიულ პროექტზე შეთანხმებას მიაღწია. ექსპერტების შეფასებით, სარკინიგზო მაგისტრალის ამ კონკრეტული მარშრუტის ეკონომიკური ეფექტი ნულია, სამაგიეროდ, ეს საკმაოდ სახიფათო პოლიტიკური თამაშია, რასაც სამხრეთ კავკასიაში ნელი მოქმედების ნაღმის ეფექტი ექნება და რაც მთავარია, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს გააფუჭებს. ,,ვერსიას'' დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი, სოსო ცისკარიშვილი ესაუბრება.
 
- ბატონო სოსო, რამდენად რეალურია და რატომ დადგა დღის წესრიგში აფხაზეთის გავლით, რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა? 
- პასუხს იმ თემიდან დავიწყებ, რომელიც ჩვენმა ახლადშექმნილმა მთავრობამ უპასუხისმგებლოდ გაავრცელა პარლამენტის პირველსავე სხდომებზე. ეს შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო, რომელიც საქართველოს რკინიგზისა და მაგისტრალური გაზსადენის აქციათა 25-25%-ის გაყიდვას ეხებოდა. უფრო თავხედური იყო ახლადდანიშნული ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება სოლიდურ ბრიტანულ გამოცემაში, როდესაც ბრძანა, რომ დიახ, გაზსადენის აქციათა 25% - ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ხოლო რკინიგზის აქციათა 25% - შანხაის საფონდო ბირჟაზე განთავსდებოდა. ასეთი პარალელი ძალაუნებურად ამოტივტივდება, როდესაც ვსაუბრობთ რუსული გაზის სომხეთში ექსპორტზე, რასაც ახლა რუსეთიდან სომხეთისკენ მიმავალი რკინიგზაც ემატება. ჩვენი ქვეყნის სიმშვიდისთვის მიუღებელი იქნება, თუ ასეთ ცალსახა ნაბიჯს გადავდგამთ, რადგან ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს ის აქვს, რასაც სხვანი ვერ სწვდებიან. ალბათ გახსოვთ, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება დაიწყო, საქართველომ აქტიური ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გატარება შეძლო, რაც ნიშნავდა, რომ თბილისმა სამხრეთ კავკასიაში, გამაერთიანებელი ქვეყნის ფუნქცია არ დაკარგა. ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილმა ორივე ქვეყანამ სრულიად ბუნებრივად ჩათვალა ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ტიპის კონფერენციებზე სწორედ თბილისში ჩამობრძანებულიყვნენ, რადგან ჩვენი დედაქალაქი ამგვარ ღონისძიებებს მასპინძლობდა. მეტიც, ამ ღონისძიებებზე, ერთი და იგივე პროფესიის სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს შორის დაპირისპირებაც კი არ ყოფილა, დასკვნითი ვახშამი კი კავკასიური ერთობის პერსპექტივის საკმაოდ ოპტიმისტური წინაპირობა იყო. ახლა ათასწლეულიც შეიცვალა და საუკუნეც, სამწუხაროდ, 2004 წლიდან მოყოლებული, მაშინდელმა ხელისუფლებამ აქტიური დაბალანსების პოლიტიკა აირჩია. გარკვეული ნაბიჯით, რომ სომხეთს ვასიამოვნებდით, ეს აზერბაიჯანში ნეგატიურ განწყობას იწვევდა და პირიქით. სწორედ დაბალანსების პოლიტიკის შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველომ სამხრეთ კავკასიაში თავისი მნიშვნელობა დაკარგა, რაც მე-20 საუკუნეში ჰქონდა. 
- ნაციონალური მოძრაობის ბრალია, რომ ქვეყანამ ისტორიული ფუნქცია დაკარგა, მაგრამ ახლა რა ხდება? 
- დღევანდელი სიტუაცია უფრო გაუგებარია. რამდენიმე სხდომა გამახსენდა, რომელიც დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში, ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და მონაწილეობით გაიმართა. ამ სხდომებზე სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა სწორედ ამ საკითხს მოჰყვა - რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო მაგისტრალი აფხაზეთის გავლით და ტვირთების ნაკადის კონტროლი. არ შეიძლება ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც სომხეთთან ან აზერბაიჯანთან დაგვაშორებს! 
რასაკვირველია, ჩვენი მეზობლობა სომხეთთან ბევრად ხანგრძლივი ისტორიული სიმდიდრეა. საქართველოს, როგორც აქტიურ ლიბერალურ აზროვნების ქვეყანას, არც ერთი მეზობელი მტრად არ მიიჩნევს. თუმცა ისე არ უნდა მოხდეს, აქაოდა, რუსეთს ვასიამოვნოთ, ის გავაკეთოთ, რითაც საკუთარ თავს ვავნებთ. ეს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემას არ ეხება, ეს საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობის მიჯირყვნაა! მთავრობას კატეგორიულად ვურჩევ, თავი დაანებოს ჩვენი გეოსტრატეგიული სიმდიდრის გარე-გარე გატანას! თუ წელს ისეთი დრო დაგვიდგა, რომ ამაზე უარესი საქართველოს არასდროს ჰქონია და იძულებულნი ვართ, გავყიდოთ ის, რასაც ვეღარ დავიბრუნებთ, დალოცვილებო, იმაზე მაინც ვიფიქროთ, რომ რკინიგზის ან გაზსადენის 25%-იანი წილი ისევ საქართველოს მოქალაქეებს მივყიდოთ! საკუთარი პატრიოტიზმის დასაფიქსირებლად, იქნებ, თითოეული მოქალაქე მზადაა, რკინიგზისა და გაზსადენის აქციების მცირე რაოდენობა კანონიერად მიიღოს. ეს ჩვენი ეროვნული ერთიანობის მიმზიდველი პროექტიც იქნება. 
- აფხაზეთის გავლით, რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო მაგისტრალი ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის ალტერნატივაა, რომლის საშუალებითაც, ტვირთები რუსეთიდან სომხეთში და პირიქით მოძრაობს? რატომ არ ამახვილებენ ყურადღებას, რომ ამ სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენით, მეზობელ აზერბაიჯანს გადავიმტერებთ, აფხაზეთში ტვირთებს ვინ გააკონტროლებს, იქნებ, რუსეთიდან სომხეთში იარაღის უკანონო ტრანზიტიც იგეგმება? 
- ზუსტად ეს თემა იყო ყველაზე მძაფრი იმ შეხვედრებზე, რომლებზეც მოგახსენეთ. სხვათა შორის, ივანიშვილის გარდა, ოციოდე ექსპერტისთვის სრულიად მიუღებელი იყო აზერბაიჯანის მიმართ ასეთი მტრული ნაბიჯის გადადგმა... ვფიქრობდი, ეს თემა ამოიწურა, რადგან რუსეთის იმდროინდელი ინიციატივა, გახსნილიყო რკინიგზა, არგუმენტირებულად დავასაბუთეთ და ამის შემდეგ, ამაზე საუბარი აღარ ყოფილა. რაც შეეხება თქვენი კითხვის პირველ ნაწილს, რუკას დახედეთ და დარწმუნდებით, რომ ლარსის საბაჟოს ალტერნატივა, ისევ ლარსთან ახლოს უნდა იყოს, სოხუმი ან გაგრა, ლარსის ალტერნატივა ვერ იქნება! 
მოვკარი ყური, თითქოს როკის გვირაბის გახსნაც სურთ, რომელიც ცხინვალიდან ჩრდილოეთისკენ მიდის, რაც აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალთან ერთად, უარესი საფრთხე იქნება. როკის გვირაბის ახალი ფუნქციებისა და აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მარშრუტის იდეა, კრემლში თუ დაიბადებოდა და ერევანში! ამ იდეის ავტორებს მივმართავ: ხელები შორს როკის გვირაბისგან! 
ისევ სარკინიგზო მაგისტრალს დავუბრუნდეთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აფხაზეთის გავლით, რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა, თუ სომხეთი თბილისი-ერევანი-თეირანის სარკინიგზო მარშრუტს აღადგენს, მაგრამ სომხებისგან ამგვარი რამ ჯერ არ მსმენია. თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს იდეები ერევანში არ დაბადებულა, ამას დღევანდელი კრემლი აფრქვევს. 
- გასაგებია, მაგრამ სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარაპეტიანი, რუსულ ,,გაზპრომში'' საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი იყო. 
- რასაკვირველია, ,,გაზპრომში'' გატარებული წლები საკმარისია, რუსეთს ასეთი პიროვნების დაწინაურებისთვის მხარი დაეჭირა. მეც მყავს მეგობარი სომხეთში, მასთან ერთად, დაახლოებით, ხუთჯერ ვიყავი მიპატიჟებული ვილნიუსში გამართულ ,,ინტელექტუალთა ფორუმზე'', რომელიც ლიტვის პრეზიდენტის ინიციატივით იმართებოდა. ორი თვის წინ, ჩემი მეგობარი, მოსკოვში კონფერენციაზე ჩაფრინდა, მაგრამ აეროპორტში დააპატიმრეს, პასპორტი ჩამოართვეს, 10 საათზე მეტხანს აეროპორტის პოლიციაში გააჩერეს და ერევანში დააბრუნეს. ეს იმიტომ, რომ ჩემი მეგობარი პროგრესულად მოაზროვნე, პროევროპული ორიენტაციის პიროვნება და საქართველოს დიდი მეგობარია. ღმერთმა არ ქნას, ეშმაკის ძალამ იმძლავროს და ისევ ჩვენი გეოპოლიტიკური სიმდიდრის განიავებასა და რუსული ინტერესების წამოწევაზე ავლაპარაკდეთ, როდესაც აფხაზეთის არც ერთ მოქალაქეს ასეთი სურვილი არ აქვს. რა ვქნათ, ამ სარკინიგზო მაგისტრალით, ისევ სოხუმში ,,შევვარდეთ'' და ციმბირიდან სომხეთში ვატაროთ ისეთი ტვირთი, რომლის დათვალიერების უფლებაც არ გვექნება? 
თუ მეზობლობა გვინდა და რუსული ტვირთი სომხეთში აუცილებლად რკინიგზით უნდა გავიდეს, მაქსიმუმ, რაზეც შეიძლება დავთანხმდეთ, ესაა მოსკოვი-ფოთის სარკინიგზო მარშრუტის აღდგენა. ფოთში მოეწყობა საბაჟო, სადაც ქართველი, რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი მებაჟეები, ერთობლივად დაათვალიერებენ ტვირთებს, ფოთშიც დასაქმდება ხალხი და არც ერთ მეზობელს არ ექნება საფუძველი, რამე დაგვაბრალოს. რაც მთავარია, ცალ-ცალკე კი არ უნდა შეხვდნენ პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს, გიორგი კვირიკაშვილმა უნდა მოახერხოს და ორივე ქვეყნის - სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები საქართველოში დაპატიჟოს, რათა ეს თემა სწორედ მოსკოვი-ფოთის მარშრუტით განიხილოს! 
ვფიქრობ, მას აქვს უნარი, რომ ერთი ტრიოს კი არა, ორი დუეტის ფორმატშიც მოაგვაროს ეს საკითხები ჩვენთვის სასარგებლოდ. მეტიც, დაბალანსების პოლიტიკის ნაცვლად, საქართველომ ისევ აქტიური ნეიტრალიტეტი უნდა აღადგინოს! ქვეყანაში სამეზობლო პოლიტიკის დოკუმენტიც კი არ არსებობს, რაც მხოლოდ პოლიტიკოსების საქმე არ არის, ეს ერმა უნდა შექმნას. 
- სამეზობლო პოლიტიკაში რას გულისხმობთ? 
- ცალ-ცალკე და ერთიან კავკასიურ პოლიტიკას, ჩრდილო კავკასიის ჩათვლით. მე-20 საუკუნეში, ჩრდილო კავკასიის ინტელიგენციის დიდი ნაწილი უმაღლეს განათლებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იღებდა და აქ ეროვნული, მით უმეტეს, რელიგიური შუღლი არასდროს ყოფილა! თბილისის გარდა, დედამიწაზე არ არსებობს წერტილი, სადაც ექვსი განსხვავებული რელიგიის ეკლესია გვერდიგვერდ დგას! სამეზობლო პოლიტიკის დოკუმენტში პოლიტიკური და ეროვნული ურთიერთობები უნდა გაიწეროს. სხვათა შორის, სამეზობლო პოლიტიკის დოკუმენტი პირველად, ევროპაში შეიქმნა. 2006 წელს, გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასთან თანამშრომლობას გულისხმობდა. ამ დოკუმენტს სამი ავტორი ჰყავდა და ერთ-ერთი მათგანი, ახლა პოლონეთის ელჩია საქართველოში.