ლარის ელვისებური გამყარების მიზეზები და პერსპექტივა

ლარის ელვისებური გამყარების მიზეზები და პერსპექტივა

ლარის თავბრუდამხვევმა გამყარებამ ხალხსაც და სპეციალისტებსაც იმედი გაუღვივა. უკვე ყველა აღნიშნავს, რომ დადებითი პროცესი სახეზეა და ეროვნული ვალუტა უახლოეს დღეებში კიდევ გააგრძელებს პოზიციების გაუმჯობესებას. მომავალში კი ყველაფერი დამოკიდებული იქნება მთავრობისა და ეროვნული ბანკის სწორად დაგეგმილ ნაბიჯებზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ შესაძლოა ეროვნული კურსის გამყარება ტურისთა ნაკადის ზრდასაც უკავშირდებოდეს. ამ ეტაპზე რთულია პასუხი იმაზე შენარჩუნდება თუ არა ლარის კურსის გამყარების ტენდენცია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკონომიკის განვითარებაა.

„თებერვალში ცოტათი გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, კარგი სეზონია და შესაძლოა ამასაც უკავშირდებოდეს ლარის კურსის გამყარება. ზოგადად მცურავი გაცვლითი კურსი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რამდენიმე დღიანი ტენდენციით, მსჯელობა იმაზე, გაგრძელდება თუ არა ლარის გამყარება ძალიან რთული სათქმელია. მე მაინც სეზონურ ფაქტორს დავაბრალებდი. სტატისტიკური მონაცემები ოდნავ მოგვიანებით გვეცოდინება და შემდეგ უფრო იქნება შესაძლებელი გაანალიზება იმის რა ხდებოდა ამ პერიოდში.

არც მთავრობა და არც არავინ მხოლოდ ტურიზმის იმედად არ უნდა იყოს. სხვა მიმართულებითაც ძალიან სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი. იგივე ექსპორტის ზრდა, ეკონომიკის ზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კეპულაძემ.

მისივე თქმით, თუ ლარის კურსი გასული წლის მსგავსად გამყარდება, მაშინ საჭირო იქნება მისი შენარჩუნება. კეპულაძის შეფასებით, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის განვითარებაა და მთავრობა სეზონებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლარის კურსი იყოს სტაბილური. ლარის გამყარება, შემდეგ კი ისევ გაუფასურება ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის როგორც მოსახლეობას, ისე ბიზნესს. პროგნოზირება რთულია და სტაბილურობის განცდა არ არსებობს. თუ იქნება გამყარების ტენდენცია ეროვნული ბანკი შეავსებს რეზერვებს და ამას დახარჯავს, მაშინ როდესაც იქნება უცხოური ვალუტის ნაკლები შემოდინება. სებ-ი ალბათ ასე მოიქცევა“, - აღნიშნა კეპულაძემ.

ბიუჯეტის არადეფიციტური ხარჯვა ლარის სიმყარის ერთ-ერთი მაჩვენებელია. ამის თაობაზე განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა. შენარჩუნდება თუ არა ეროვნული ვალუტის გამყარების ტენედენცია, ამაზე პასუხი რთულია, ვინაიდან ორკვირიანი მონაკვეთით ანალიზის გაკეთება არასწორი იქნება.

„ლარის კურსის გამყარების ტენდენცია რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ეს არის პერიოდი, როდესაც ექსპორტი მომატებულია. ეს არ არის 2013, 2014 წლის ან 2015 წელზე უკეთესი მაჩვენებელი, იმ პერიოდს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, მაგრამ წინა წლის ამ პეროდთან შედარებით ექსპორტი აშკარად მომატებულია.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ამ ორი თვის განმავლობაში იმატა პროფიციტებმა, ანუ შემოსავლები აღემატება ხარჯვას. ეს ეხება ბიუჯეტის მაჩვენებელს, რომელმაც ხელი შეუწყო ლარის გამყარებას. კარგია ისიც, რომ რეფინასირების სესხები არ მატულობს. არც კლებულობს, მაგრამ მომატებაც არ ხდება. მთლიანობაში ამ ფაქტორების ერთობლიობამ შეუწყო ხელი ლარის კურსის დასტაბილურებას, თუმცა მთლიანობაში რა სახეს მიიღებს, ამაზე საუბარი ძნელია, ამიტომ კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია“ - განუცხადა რომან გოცირიძემ „აიპრესს“.

აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ლარის კურსს სასიკეთოდ დაეტყო, პოზიტიური მოლოდინია, რაც ეროვნული ვალუტის მიმართ შეიმჩნევა. იგი ფიქრობს, რომ მარტის განმავლობაში კურსი უფრო გამყარდება.

„ეკონომიკაში ახლა არის აქტიურობის პერიოდი. იანვარი და თებერვლის დასაწყისი ამ მხრივ არ გამოირჩეოდა. დადგა ის პერიოდი, როდესაც ეკონომიკა აქტიურდება. შიდა ინვესტიციები ხორციელდება და სამუშაო პროცესიც მიმდინარეობს. შედარებითი გამოცოცხლების პერიოდია ყველგან, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებში.

ეროვნულ ვალუტაზე, გარკვეულწილად, გავლენა მოახდინა სესხების გალარების პროგრამამ. გარდა ამისა, ახლა მოლოდინი პოზიტიურია და ლარზე ესეც სასიკეთოდ მოქმედებს. ჩემი ინფორმაციით, ბიუჯეტში შემოსავლები იყო მობილიზებული დაგემილის ფარგლებში და ამ მხრივაც ნორმალური სიტუაციაა. შემთხვევითი არ არის, რომ ბიუჯეტიც, საშუალოდ, 2.50-ზეა დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, აღებული კურსი შენარჩუნდება, რასაც ყველა მონაცემი მოწმობს“, - აცხადებს ავთო სილაგაძე.