მცირე და საშუალო ბიზნესში სრული უძრაობაა

მცირე და საშუალო ბიზნესში სრული უძრაობაა

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითრებაზე მუდმივი მსჯელობით საქმე წინ ვერ მიდის. რეალურად ქვეყანაში მცირე მეწარმეობა ჩანასახოვან მდგომარეობას ვერ გასცდა. ამ ტიპის ბიზნესის პრობლემა სტატისტიკითაც დასტურდება. „საქსტატის“ მონაცემებიდან ჩანს, ბოლო სამი წლის განმავლობაში სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

2013 წელს მცირე ბიზნესში 138 ათასი კაცი იყო დასაქმებული. 2014 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა და 168 ათასს მიაღწია. 2015 წელს მდგომარეობა თითქმის უცვლელი იყო, რადგან მხოლოდ 1000 კაცი დაემატა დასაქმებულთა სიას. 2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემემის მიხედვით კი მცირე ბიზნესში 148 ათასი კაცია დასაქმებული.

ანალოგიური მდგომარეობაა საშუალო ბიზნესშიც, რომელიც დასაქმებულთა მხრივ ასევე კლებას განიცდის. ამ სექტორში 2015 წელს 100 ათასი კაცი საქმიანობდა, ხოლო 2016 წლის მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით - 96 ათასი, რაც 2013 წლის მაჩვენებლის მსგავსია. საერთო ჯამში, წელს მცირე და საშუალო ბიზნესმა 25 ათასი დასაქმებული მოისაკლისა.

პარალელურად მსხვილ ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა მატულობს. ამ სექტორში 2015 წელს 340 ათასი, ხოლო 2016 წელის მეორე კვარტალში 365 ათასი კაცი მუშაობდა. მსხვილი ბიზნესის განვითარება, მცირე და საშუალაო ბიზნესის ხარჯზე მდგომარეობას არასტაბილურს ხდის, რასაც სპეციალისტებიც ადასტურებენ.

მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების გაანალიზება. ამ საკითხზე აქტიურად საუბრობენ როგორც ხელისუფლებაში, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ საკითხი უბრალო მსჯელობას ვერ სცდება. ამჯერადაც საქართველოში ვიზიტად მყოფმა სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა და ქვეყნის პრეზიდენტმა უმუშევრობის დონის შემცირებაზე გაამახვილეს ყურადღება, რომლის მოგვარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზად მცირე და საშუალო ბიზნესი ხელშეწყობა მიიჩნიეს.

„ეს საკითხი იყო განხილვის თემა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოთქვამს მზადყოფნას, იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის ქვეყნის ეკონომიკის ზრდის გეგმა, სავალუტო ფონდის მიხედვით, დაახლოებით 3-3,5%-ია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს რეალურია, თუმცა მნიშვნელოვანია ამ ყველაფერთან თანხვედრაში იყოს როგორც ფისკალური, ისე მონეტარული პოლიტიკა“, - განაცხადა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძე.

მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარის, მიხეილ ჭელიძის განცხადებით, ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი ძნელად ვითარდება, განსაკუთრებით რეგიონებში.

„მოსახლეობის აქტიური ნაწილი ცხოვრობს დედაქალაქში და ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი იმისა, რომ თბილისში უფრო მეტად არის განვითარებული მცირე და საშუალო ბიზნესი, ვიდრე რეგიონებში. იქ ინფორმაციის ნაკლებობაა და სამეწარმეო განათლებაც შედარებით დაბალია. იმისათვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი რაიონებშიც ისევე განვითარდეს, როგორც დედაქალაქში, საჭიროა სახელმწიფო პროგრამების მაქსიმალურად გაშლა. აუცილებელია რეგიონებში ჩაიდოს ფინანსები და სისტემა აეწყოს. ამისთვის მოსახლეობა აქტიურად უნდა ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში და პროექტში „აწარმოე საქართელოში“, - აცხადებს მიხეილ ჭელიძე.