ეკა ლალიაშვილი: „უნდა იყოს უფრო სამართლიანი სანქცია, ვიდრე დღეს არის, რადგან ეს არ კმარა

ეკა ლალიაშვილი: „უნდა იყოს უფრო სამართლიანი სანქცია, ვიდრე დღეს არის, რადგან ეს არ კმარა"

„საქართველოში არიან მძღოლები, რომლებიც წელიწადში ჯარიმის სახით 7-დან 10 ათას ლარამდე იხდიან“, - შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განმარტებით, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი განმაპირობებელი იმისა, რომ შექმნილიყო ახალი კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“.

აღნიშნული კანონპროექტი მართვის მოწმობაზე ქულების სისტემის შემოღებას ითვალისწინებს. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ამოქმედდება ე.წ. 100-ქულიანი სისტემა, რომელიც სისტემატურად კანონის დამრღვევ მძღოლებს ქულების განულებასა და მართვის უფლების შეწყვეტას უქადის. ასეთ მძღოლებს ახლიდან მოუწევთ მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება. თუ რა ხარვეზი და ეფექტი აქვს ახალ კანონპროექტს, ამის შესახებ For.ge-ს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ესაუბრა.

2016 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებით დაშავებულთა რიცხვმა 700 ადამიანით მოიმატა და 10 000-სს მიუახლოვდა. თუკი გავითვალისწინებთ, რომ მართვის მოწმობაზე ქულათა სისტემა ევროპის 22 ქვეყანასა და აშშ-ში მოქმედებს და იქ გაცილებით ნაკლებია მსხვერპლი, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქულათა სისტემა, სხვა მოდელებისგან განსხვავებით, გაცილებით უკეთესია?

- ქულათა სისტემის შემოღება, რომლის ინიციატორიც შს სამინისტროა, ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ევროპის ქვეყნებმაც იგივე გააკეთეს და უახლოეს ექვს თვეში კარგი შედეგი მიიღეს, ანუ საგზაო შემთხვევები დაახლოებით 25-30%-ით შემცირდა. რაც შეეხება საქართველოს, სათანადო ადმინისტრირებისთვის პატრულის მექანიზმი საკმარისი არ არის. ამისთვის საჭიროა ახალი მექანიზმის დანერგვა და წინ წასვლა. ქულათა სისტემა ზუსტად იმ დარღვევების აღკვეთას გვთავაზობს, რაც დღეს ხდება. ვთქვათ, გადავიხდით ჯარიმას, მაგრამ კვლავ ვრჩებით უფლებამოსილი მძღოლები. ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას, მძღოლებს აღარ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მუდმივად დაარღვიონ საგზაო წესები და ჯარიმა  გადაიხადონ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ დარღვევების გამო პარალელურად  ქულები ჩამოაკლდებათ.

მაგრამ ქულები ჩამოაკლდებათ მხოლოდ მაშინ, როცა პატრული გააჩერებთ და არა -ვიდეოჯარიმებისას.

- თუ აღსრულება კვლავ პატრულის ხელში რჩება, შესაძლოა, პატრულმა გააჩეროს ან იგნორირება გაუკეთოს ავტომფლობელის მხრიდან დარღვევის ფაქტს. თუ ფაქტზე არ შეუსწრო პატრულმა, როდესაც ადამიანი არღვევს საგზაო წესებს, შესაძლოა, ქულის ჩამოკლების გარეშეც დარჩეს დამრღვევი მძღოლი, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მუდმივად დამრღვევი მძღოლები ყურადღების მიღმა არ დარჩებიან. მათ აფიქსირებს კამერა და, თუ ერთი თვის განმავლობაში 15-20 ჯარიმა ექნებათ,  სისტემა სპეციალურად მოეწყობა ისე, რომ დამრღვევი მძღოლების სანომრე ნიშნები გადავა უკვე დამრღვევთა სპეციალურ სიაში, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იქნებიან.

შესაძლოა, ეს შემდგომში მართვის მოწმობის ქულებზეც აისახოს, როგორც ამის შესახებ შალვა ხუციშვილმა განაცხადა?

- დიახ, არ არის გამორიცხული, ეს აისახოს კიდეც ქულებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ის აგრესიული მძღოლები, რომელთა ქცევასაც ვებრძვით ამ კანონმდებლობით, თვალთახედვის არეალში მოხვდებიან, დაჯარიმდებიან და ჩამოერთმევათ მართვის უფლება. ამ კანონპროექტის მთავარი იდეაც ეს არის.

უკონტაქტო პატრულირება აღქმული იყო, როგორც ფარული თვალთვალი, რომლის ბოროტად გამოყენების რისკიც არსებობს. თქვენც ასე მიიჩნევთ?

- ჩვენ ვიდეომასალა ვნახეთ, რომელიც შს მინისტრის მოადგილემ წარმოგვიდგინა, სადაც აბსოლუტურად არავითარი იდენტიფიცირების ნიშანი არ გააჩნია ავტომობილს. უბრალოდ,  ავტომობილი მოძრაობს და კამერა, უფრო ზუსტად, ვიდეორეგისტრატორი აფიქსირებს დარღვევებს. რადგან ჩვენთან ასეთი ვნებათაღელვა მოჰყვა უკონტაქტო პატრულირებას, შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სპეციალური მარშრუტი ექნებათ, რომელზეც პოლიციის მანქანა იმოძრავებს.

შესაძლოა, ეს მანქანა გარედან არც იყოს იდენტიფიცირებული, ისიც შეიძლება, იყოს კიდეც ინდენტიფიცირებული. მთავარია, რომ ამ მანქანას  ისეთი ნიშანი ექნება, რომელიც მაინცდამაინც თვალში საცემი არ იქნება მძღოლისთვის. თუ ეს შენიღბული მანქანა არ იქნება, მძღოლებს დაეკარგებათ განცდა, არის თუ არა ირგვლივ პოლიცია. ამიტომ უკონტაქტო პატრულირების მეშვეობით ეს განცდა უნდა შევუქმნათ მძღოლებს. მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი დარღვევები რომელიღაც მანქანიდან შესაძლოა ფიქსირდებოდეს და მათზე მოხდება რეაგირება. თუ ჩვენ ვიცით, რომ ეს პოლიციის მანქანაა,  შევანელებთ, არ დავარღვევთ მოძრაობის წესებს, მაგრამ გავცდებით თუ არა იმ ადგილს, სხვაგან დავარღვევთ წესებს. ამიტომ იმ პერიმეტრზე, სადაც უკონტაქტო პატრულირება უნდა განხორციელდეს, ეს პატრულირება სპეციალური საცნობი ნიშნით იქნება უზრუნველყოფილი და დარეგულირებული.

ანუ, თუ რომელიღაც ქალაქის გარკვეულ მონაკვეთში შესვლისას მძღოლი დაინახავს უკონტაქტო პატრულირების სპეციალურ საცნობ ნიშანს, ე.ი. ამ მონაკვეთზე ხორციელდება კონტროლი. 

მართალია, მართვის მოწმობის ასქულიანი სისტემა ევროპულ სტანდარტს შეესაბამება, მაგრამ ევროპულ ქვეყნებში ახალბედა მძღოლებს თავიდანვე ნახევარი ქულა ენიჭებათ. ამით ახალბედებს ეუბნებიან, რომ მაღალი რისკის სეგმენტს მიაკუთვნებენ. საქართველოშიც ასე მოხდება?

- სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ მოხდება. ყველას მიანიჭებენ ასქულიან სისტემას. ჩვენთან ეს მაინც ახალი სისტემაა და სამინისტრო ყველაფერს ერთად ვერ გაითვალისწინებს. ნაწილობრივ ეს ჩვენც გვესმის და არ გვინდა, იმის გამო, რომ ჩვენი რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული, შეფერხდეს ეს პროცესი. ახალი სისტემები აუცილებად უნდა დაინერგოს, უბრალოდ, შემდეგი ეტაპი უნდა იყოს ამის დახვეწა.

ანუ ახალბედებს ასის ნაცვლად 50 ქულა უნდა მიენიჭოთ?

- ალბათ, ეს შემდეგი ეტაპი იქნება. ჩვენი რეკომენდაცია საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობითაა, მაგრამ რეალობაში ეს როგორ განხორციელდება, არ ვიცი.

არასამთავრობოები ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო ქულების ჩამოკლებას მოითხოვთ, თუმცა ახალ კანონპროექტში ნასვამობის შესახებ არაფერია ნათქვამი. ეს შეიძლება მინუსად ჩაითვალოს?

- ჩვენი რეკომენდაცია და ინიციატივაა, რომ ნასვამობასთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდეს. კონკრეტულ სანქციებთან დაკავშირებით გვაქვს შეთავაზება, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ეს დისკრეციის უფლებამოსილებაა. ეს კი ნიშნავს, რომ, თუ ნასვამ მძღოლს ჩამოერთმევა მართვის მოწმობა და ის გაასაჩივრებს (ან საპატრულოს მიმართავს შეწყალებისა და მართვის მოწმობის დაბრუნების მიზნით), საპატრულო პოლიციას უფლებამოსილება აქვს, გაითვალისწინოს მძღოლის კონკრეტული გარემოებები, კონკრეტული საქმეები.

თუ საპატრულო პოლიცია საჭიროდ ჩათვლის, რომ ეს არ იყო დამრღვევი მძღოლი, რომ დარღვევა შემთხვევით მოუვიდა, არ იყო ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელი, მას შეუძლია, მართვის მოწმობა მძღოლს დაუბრუნოს. როგორც მითხრეს, ასეთი შემთხვევები 10%-ია. ანუ, თუკი შარშან 30 ათასი ნასვამი მძღოლი გვყავდა, 3 ათასს დაუბრუნდა მართვის მოწმობა ექვს თვემდე ადრე. ჩვენ კი ვამბობთ, მოდით, კანონი გამკაცრდეს, აღარ არსებობდეს გამონაკლისი და მძღოლმა იცოდეს, თუ ის  საჭესთან დაჯდომას აპირებს, ალკოჰოლი არ უნდა მიიღოს.

სიჩქარის გადაჭარბებაზე ვიცით, რომ მძღოლს 25 ქულა აკლდება, მანევრის დარღვევაზე -20 ქულა და ნასვამობაზეც უნდა იყოს გარკვეული ქულები?

- დიახ, ნასვამობაზე უნდა იყოს გარკვეული ქულები და, ასევე, უნდა იყოს უფრო სამართლიანი სანქცია, ვიდრე დღეს არის, რადგან ეს არ კმარა.

ცხადია, ქულების განულება ტრაგედია იქნება ნებისმიერი მძღოლისთვის. თუმცა სტატისტიკა საგანგაშოა. მარტო 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების გამო 600 ადამიანი, მათ შორის, 28 ბავშვი დაიღუპა. ქულების სისტემა აგვაცილებს კოლოსალურ მსხვერპლს და დავუახლოვდებით ევროპულ სტანდარტებს?

- ეს იქნება პირველი ნაბიჯი ევროპისკენ. ვფიქრობთ, მოკლევადიან პერსპექტივაში ავტოავარიები ჩვენს ქვეყანაში 25-დან 30%-მდე შემცირდება. შესაბამისად, უნდა შემცირდეს სიკვდილიანობაც. თუმცა ეს მთლიანად ვერ აღმოფხვრის საგზაო შემთხვევებს. პარალელურად უნდა გადავიდეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ავტოპარკის განახლებაზე, საგანმანათლებლო კამპანიებზე. ამას წლები სჭირდება. თუ ამას გაგრძელება არ მოჰყვა, ესეც დაიკარგება, როგორც ღვედების შემთხვევაში მოხდა. უსაფრთხოების ღვედების შესახებ კანონის მიღებიდან მეორე წელს 20 %-ით შემცირდა სიკვდილიანობა, დაახლოებით 150 ადამიანით ნაკლები დაიღუპა, მაგრამ ღვედების გადაჭერაზე ადმინისტრირება როგორც კი შესუსტდა, გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა გაიკეთა ღვედი და მეტი მსხვერპლი გამოიწვია.

ავტომობილის მართვის დროს მობილურზე საუბრისთვის თუ აქამდე ათლარიანი ჯარიმის გადახდა უწევდათ მძღოლებს, ამჯერად 30 ლარის გადახდა მოუწევთ. ერთ-ერთი ვერსიით, ბიუჯეტის შევსებისთვის სჭირდებათ ჯარიმების მომატება.

- ვერავის გამო თავს ვერ დავდებ, მაგრამ ეს ბიუჯეტის შესავსებად რომ სჭირდებოდეთ, მაშინ ქულების სისტემას არ მოიფიქრებდნენ. უბრალოდ, გაზრდიდნენ ჯარიმებს, კამერებს დააყენებდნენ და გაათმაგდებოდა შესული ჯარიმების რაოდენობა. ახალი იდეა კი ის არის, რომ შემცირდეს ავარიები, შემცირდეს მსხვერპლი. სწორედ ამიტომ მოიგონეს ქულათა სისტემა, რომ არა მარტო ჯარიმა გადაიხადოს ადამიანმა, არამედ დაფიქრდეს კიდეც.