2 აგვისტოს თბილისის ახალი მერი დავით ნარმანია დედაქალაქს გადაიბარებს. ახალი მერი აფრთხილებს მერიის სამსახურების მომავალ ხელმძღვანელებს და გამგებლებს, რომ ვინც უარს იტყვის საზოგადოებასთან სისტემატურ ურთიერთობაზე და ღია კარის პრინციპს დაკეტილ კაბინეტში მუშაობას არჩევს, სამსახურს დაემშვიდობება. ახალი მერი ასევე აცხადებს, რომ გადაიხედება ბოლო დროს თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებში მშენებლობებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გაცემული ნებართვები და კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ნებართვები გაუქმდება.
- წინა ხელისუფლების დროს ძველი უბნების მხოლოდ მცირე ნაწილში გამაგრდა სახლების კედლები. ამ საკითხის მოგვარებას წლები დასჭირდება, დიდი თანხაა საჭირო, მაგრამ ჩვენ დავიწყებთ რეაბილიტაციას და იმედი გვაქვს, პროცესი ჩვენ შემდეგაც უწყვეტად გაგრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, დედაქალაქის მოსახლეობის 30%-ზე მეტი დაუსაქმებელია. რეალურად მათი რაოდენობა მეტია, რადგან ძალიან დიდია თვითდასაქმებულთა რაოდენობა. ამას ემატება 90 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა არმია. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობასთან შეხვედრებისას ისეთ ფაქტებს ვაწყდებოდი, ვერც კი წარმომედგინა. მაგალითად, ჩუღურეთის რაიონში მოვიდა დაუძლურებული ქალბატონი ხანდაზმულის იერით, არადა, თურმე საპენსიო ასაკისაც არ იყო. პენსია არ ჰქონდა დანიშნული, არც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სიაში ირიცხებოდა, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე ამოურიცხავთ იმ სიიდან იმის გამო, რომ "ქართულ ოცნებას" უჭერდა მხარს. სამწუხაროდ, ასეთი ბევრია თბილისში.
იცით, რამდენი ადამიანი ცხოვრობს თბილისში ღია ცის ქვეშ?
- ზამთარში ყოველ ღამით 240 ადამიანი იკრიბებოდა კარავში. ახლა თავშესაფრის პრობლემა არ არის, მაგრამ ადამიანებს უმძიმესი მდგომარეობის გამო ისე აქვთ დაზიანებული ფსიქიკა, რომ კარგ შეთავაზებაზეც კი უარს ამბობენ. არჩევნების წინ ვარკეთილში ავტოფარეხის თავზე ვნახე ხუხულაში მცხოვრები ადამიანი. ბევრი ველაპარაკე, რომ წამოგვყოლოდა თავშესაფარში, მაგრამ ვერაფერს გავხდით. ასეთ გარემოს უმძიმესი სოციალური ფონი ქმნის.
ალბათ, ხალხი ხშირად გეკითხებოდათ, გვეშველება თუ არა რამეო?
- სანამ მეტი სამუშაო ადგილი არ გაჩნდება, სოციალური ფონი მძიმე იქნება. ამიტომაც ვმუშაობთ როგორც დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელ პროექტებზე, ისე სოციალური დაცვის ღონისძიებებზე. სოცუზრუნველყოფის პროგრამებზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში 840 მლნ ლარი დაიხარჯება.
რას მოხმარდება ეს თანხა?
- სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები, რომელთაც უჭირთ კომუნალური გადასახადების გადახდა, წლის განმავლობაში 250 ლარის ნაცვლად 500-ლარიან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებენ. იმავე კატეგორიის ადამიანები გათავისუფლდებიან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გადასახადისგან. ასევე დავაფინანსებთ ოპერაციებს, მედიკამენტებს, მკურნალობას, რომელსაც საყოველთაო დაზღვევის პროგრამა არ აფინანსებს. დაფინანსდება პრევენციული ღონისძიებები, მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გვექნება შემწეობები - მესამე შვილის გაჩენის შემთხვევაში 800 ლარი მიეცემათ, მეოთხისთვის ათას ლარს მიიღებენ, მეხუთის დაბადებისას კი - 1.500 ლარს.
სამუშაო ადგილებს საიდან შექმნით?
- დავაფინანსებთ პროექტებს და პროგრამებს, რომელთა მიხედვით მეტი ადამიანის დასაქმება იქნება შესაძლებელი. ამასთან, თბილისი იქნება კავკასიის რეგიონის ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული ცენტრი, რისთვისაც ასი მლნ ლარი დაიხარჯება 4 წლის განმავლობაში. მოვიზიდავთ უცხოურ ინვესტიციებს, რითაც ასევე მეტი სამუშაო ადგილები გაჩნდება. გვექნება სამუშაო გადამზადების პროგრამა ისეთ სპეციალობებში, რომლებზეც მოთხოვნაა ქართულ შრომით ბაზარზე.
რა ბედი ელის თბილისის გახმაურებულ არქიტექტურულ სიმახინჯეებს, მაგალითად, "გულივერის ბოტებს" რიყეზე და საერთოდ, ექნება თუ არა თბილისს განაშენიანების მოწესრიგებული გენერალური გეგმა?
- დაახლოებით წელიწად-ნახევარი დაგვჭირდება ამ გეგმის მისაღებად, რის შემდეგაც ყველა მშენებლობა და დედაქალაქის განვითარება წესრიგს დაემორჩილება. სამწუხაროდ, რაც უკვე დამახინჯებულია, ყველაფერს ვერ ეშველება.
ვერც "გულივერის ბოტებს"?
- შესასწავლია, შესაძლებელია თუ არა მისი გადატანა სხვა ადგილზე. თუ შესაძლებელია, მაშინ მის გადატანას საინვესტიციო შეთანხმებაში გავითვალისწინებთ იმ ინვესტორთან, რომელიც რიყის განვითარებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის განხორციელებით დაინტერესდება.
განახლდება არქიტექტორთა საბჭოც. ბოლო დროს მერიაში დაჩქარებულად გასცეს ბევრი მშენებლობის ნებართვა, ეს საქმეები საგამოძიებო სამსახურებს გადაეცემა. ჩვენ მშენებლობებს კი არ ავკრძალავთ, შევაჩერებთ უკანონობას, ჩვენი თვითმიზანია წესრიგის დამყარება, ამიტომ თუ სადმე რაიმე უწესრიგოდ არის გაკეთებული, წინ აღვუდგებით.
თბილისში მოძრაობა თითქმის შეუძლებელია.
- საამისოდ მზად გვაქვს ინფრასტრუქტურული პროექტები.
ზოოპარკის გადატანა როდის იგეგმება?
- უკვე არსებობს საპროექტო მონახაზი. პროცესი ეტაპობრივად რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება. მის დასრულებამდე უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან აშენდება ახალგაზრდული ცენტრი ბიბლიოთეკით და საგამოფენო დარბაზით, საკონფერენციო და სპორტული დარბაზებით. ვგეგმავთ მზიურის და ზოოპარკის ტერიტორიის გაერთიანებას საფეხმავლო ხიდით, გზებზე კი გავაკეთებთ ხმაურისგან დამცავ მოწყობილობებს. ზოოპარკის გადატანის შემდეგ იმ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავები დაირგვება.
მილიონი ხის დარგვა ნათქვამად ხომ არ დარჩება?
- აეროპორტის დასახლების ტერიტორიაზე სამი ქარსაცავი ზოლი გაკეთდება. დიდი დიღმის და ნუცუბიძის პლატოც გამწვანდება.
იყო დრო, თბილისში ციყვები დარბოდნენ... ძველი დრო ბრუნდება?
- დედაქალაქის ცენტრში - არა, მაგრამ შემოგარენში, ალბათ, დაბრუნდებიან ციყვები. მთავარია, მელიები არ შემოგვეჩვიონ.