ხუდონჰესის მშენებლობას ადგილობრივი არჩევნები ამუხრუჭებს

ხუდონჰესის მშენებლობას ადგილობრივი არჩევნები ამუხრუჭებს

ხუდონჰესთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ერთი მხრივ, პროექტის განმხორციელებელი კომპანიაში აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობა ძალიან ჭიანურდება, მეორე მხრივ კი ენერგეტიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ მასშტაბური პროექტის განხორციელებას წინ ვერაფერი დაუდგება. ერთი რამ ცნობილია, წელს ხუდონის მშენებლობა ვერ დაიწყება. ადგილობრივი არჩევნების წინა სვანებთან დაპირისპირება არავის აწყობს.

სვანეთში ხუდონჰესი აშენდება - ასე გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „ტრანს ელექტრიკას“ ტექნიკური დირექტორის დავით მირცხულავას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ პროექტი ამ ეტაპზე გაჩერებულია.

„ლონდონში ხელმოწერილი ბოლო ხელშეკრულების შემდეგ, რეალურად არაფერი გაკეთებულა. პროექტი გაჩერებულია. ჩვენ წელიწადნახევარი ვაგრძელებდით გარკვეულ კვლევებს, რომელიც მუდმივად უნდა აწარმოო ასეთი პროექტის შემთხვევაში, მაგრამ შემდეგ ინვესტორმა პროექტი გააჩერა, თუმცა გარკვეული სამუშაოები მონიტორინგის თვალსაზრისით დღესაც მიმდინარეობს“, - განაცხადა მირცხულავამ.

მისი ინფორმაციით, „ტრანს ელექტრიკამ“ პროექტის განხორციელებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე უკვე 30 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.

ენერგეტიკის მინისტრი კი სულ სხვაგვარად უყურებს ამ პროექტს.

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები და როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ყველაფერი გახდება ცნობილი.  აშენებით აშენდება, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც ენერგეტიკულ, ისე ეკონომიკურ ჭრილში, რადგან ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ხელს უწყობს როგორც ქვეყნის განვითარებას, ისე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.  შესაბამისად, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებას ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

სვანები კი უკან დახევას სულაც არ აპირებენ. მათ არაერთხელ დაიფიცეს ხატზე და ფიცის გატეხვას არავინ აპირებს. ხაიშელები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ პოზიციას არ შეიცვლიან.  სოფლის მკვიდრი ზური ნიჟარაძე დარწმუნებულია, რომ სხვა რეგიონების ყურადღებასაც მიიპყრობს, ხალხი ტერიტორიის დაცვაში ისევე დაუდგება გვერდით, როგორც 2013-14 წლებში, რითაც მშენებლობის სამზადისი შეაჩერებინეს.

„ჩვენი ყოველ გაზაფხულს შიშით ველოდებით. იმის ნაცვლად, რომ ვიშრომოთ და რაღაც შევმატოთ ოჯახს, ქვეყანას, მოსვენება დაკარგული გვაქვს. ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება, ხატზე დავიფიცეთ და ამ ფიცს ბოლომდე ვუერთგულებთ.

არ დავუშვებთ ისეთი პროექტის განხორციელებას, რომელიც ხაიშს და მთელ სვანეთს გაანადგურებს. ვერ დაგვითანხმებენ, საზოგადოების ყურადღებას მივიპყრობთ, ხაიში მარტო არ დარჩება ამ ბრძოლაში. ველოდებით ხალხის აქტიურ მხარდაჭერას, როგორც ეს 2013-14 წლებში მოხდა. მაშინ მთელი ქვეყანა ჩვენ გვერდით დადგა და პროექტი გავაჩერებინეთ“, - აცხადებს ზური ნიჟარაძე.

ასეთი დაძაბულობის ფონზე ცხადია, რომ წელს, ადგილობრივი არჩევნების პარალელურად, ხუდონჰესის პროექტის ვერ დაიწყება. რა იქნება 2018 წელს, ეს ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია.