"ქართველი კაცი თეიმურაზ ხევისთავს დაემსგავსა. თვალწინ უუპატიურებენ ქვეყანას და ხმის ამომღები არ არის", - გვითხრა მსახიობმა გია ბურჯანაძემ, რომლის აზრით, საქართველოში ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობაა დასაწყები:
- გასული საუკუნის 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის დროს მთავარი სალაპარაკო მამული, ენა, სარწმუნოება იყო. მას მერე, ჩვენდა სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა. დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ მამული, ენა და სარწმუნოება ისევ დასაცავი და გადასარჩენი გვაქვს. სათითაოდ განვიხილოთ:
მამული - იმ პერიოდთან (80-იანი წლები) შედარებით საქართველოს თავისი ტერიტორიის მესამედი აქვს დაკარგული და წინ უარესი პერსპექტივა გვაქვს. თუ ასე გაგრძელდა, კიდევ მეტი დაიკარგება.
ენა - ამ ხელისუფლებამ მოსვლისთანავე ენის პალატა გააუქმა. ქართულ ენას ოფიციალური დამცველი სახელმწიფო სტრუქტურა საქართველოში აღარ ჰყავს. მსოფლიოში თოთხმეტი ანბანია. მათგან ცოცხალი ხუთი თუ ექვსია და მათ შორის, ერთ-ერთი ქართულია. როდესაც ხელისუფლება, საზოგადოება არ იცავს ქართულ ენას, მსოფლიოს ნუ დავადანაშაულებთ, ჩვენს ენას რატომ არ იცავთო.
გარდა იმისა, რომ ენა დაბინძურდა (როგორი დამახინჯებული ქართულით ლაპარაკობენ ტელევიზიები), ხელისუფლება ქართულ ენას პრიორიტეტს უკარგავს, როცა გვიცხადებს, თუ ახალგაზრდა ინგლისურის გამოცდას არ ჩააბარებს, დიპლომს არ მივცემთო. ასეთ რამეს პრეზიდენტი რომ გამოაცხადებს, განათლების მინისტრი გაიმეორებს და პარლამენტი დაეთანხმება და კანონის ძალას მისცემს, მეტი შეტევა რა გინდათ ენაზე?
სარწმუნოება - თუ ერს ძლიერი რწმენა ექნება, ვერავინ მოერევა. ორ საუკუნეზე მეტი საქართველოში ქართულად წირვა არ ჩატარებულა და ქართველი ერი ეკლესიას მოსწყდა. ამას დაემატა 70-წლიანი კომუნისტური მმართველობა. ახლა, როდესაც ქართველი ერი რწმენისაკენ შემობრუნდა, ხელისუფლებამ შეუტია ეკლესიასა და მართლმადიდებლურ სარწმუნოებას.
მართლმადიდებლობა ქართველი კაცისთვის მხოლოდ ტრადიციული ეროვნული კონფესია არ არის. ეკლესია და მართლმადიდებლობა ყოველთვის იყო საქართველოს გამაერთიანებელი, რადგან ეკლესიის მადლითა და წყალობით შევინარჩუნეთ ერთიანობა, რადგან მართლმადიდებლობა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სარწმუნოება, ამიტომაც შეუტია მას ხელისუფლებამ.
ხელისუფლება მართლმადიდებლობას ებრძვის. რომ არ ებრძოდეს, ის პირები, ვინც მართლმადიდებლობას, ეკლესიასა და პატრიარქს ებრძვიან, დასჯილები იქნებოდნენ. რადგან ასეთებს ხელისუფლება არ ერჩის, გამოდის, მისგან ყოფილა წახალისებული მართლმადიდებლობასა და ეკლესიაზე შეტევა.
თუ ქართველი ერი შეეგუება მამულის, ენის და სარწმუნოების დაკარგვას, მალე არც ერი ვიქნებით და არც ქვეყანა. ქართულ მიწაზე უცხოტომელებსაც (ხომ გვითხრა პრეზიდენტმა, ბურები უნდა ჩამოვასახლო აფრიკიდანო. - ავტ.) ჩამოგვისახლებენ და მამულსაც გაგვიყიდიან, რადგან თავად არ განიცდიან ამ მიწა-წყალს სამშობლოდ და მამულად. მამულს, ენასა და სარწმუნოებას რომ სათანადოდ არ ვიცავთ, იმიტომ გვახვევენ თავს ამდენ უზნეობას, გეიაღლუმებსა და ამაზრზენ სატელევიზიო გადაცემებს.
საქართველოს პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში მოუწოდა, ნუ ეწევით უზნეობის, მამათმავლობისა და გარყვნილების პროპაგანდასო. ნაცვლად იმისა, პატრიარქის სიტყვები ყურად ეღოთ, გაშმაგებით დაიწყეს უზნეობის პროპაგანდა. ტელევიზიები, რომელთაც ხელისუფლება აკონტროლებს, პოპულარიზაციას უწევენ ამ უკეთურობას. ზოგჯერ გაიგონებთ, ელტონ ჯონიც ხომ ასეთია, ჩაიკოვსკიც ხომ გეი იყოო. ასეთებმა ჯერ ჩაიკოვსკისთანა მუსიკა დაწერონ და მერე ილაპარაკონ მის ორიენტაციაზე. მართლმადიდებლობა მსოფლიოში ბევრს აქვს ყელში გაჩხერილი და მათ შორის - ჩვენს ხელისუფლებას.
ერი მიძინებული, დაშინებული და მუცელს გადაყოლილია. ამიტომ ნუღარ გაგვიკვირდება, თუ ხელისუფალი საზღვარს მოგვირღვევს და მტერს გაუხსნის კარს.
ხალხში პროტესტი, ალბათ, არის, მაგრამ რა ქნას, ვის გაჰყვეს?
- როდესაც ოჯახში მტერი შემოგივარდება, ცოლსა და ქალიშვილს შეგიგინებს, ოჯახს წაგიბილწავს და მოგიოხრებს, მეზობელს უნდა უცადო, როდის გამომესარჩლებაო?! რას ჰქვია, ხალხი ვიღაცას ელოდება? იმის გამო, რომ მარტო არ გინდა ბრძოლის დაწყება, ცოლ-შვილი უნდა გააბახებინო მომხდურს? სირცხვილი იმ კაცს, ვინც ასე ფიქრობს.
ხელისუფლებისა და პოლიციის თავგასულობის მსხვერპლი სამასზე მეტი ახალგაზრდაა. პირველივე შემთხვევაზე, როდესაც პოლიციის ხელით მოკვდა ახალგაზრდა, მთელი ერი ფეხზე რომ დამდგარიყო, ამდენ ახალგაზრდას არ დაგვიხოცავდნენ. გული მეწურება, როდესაც საინფორმაციო გადაცემები იწყება ცნობით, ვიღაცამ თავი ჩამოიხრჩო, ვიღაცამ ვენები გადაიჭრაო. ვინ იღებს ხმას ამაზე? რატომ გახშირდა სუიციდის შემთხვევები, იკითხა ვინმემ? რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, ქართველი ქალები მალაიზიაში დააკავესო. რა უნდოდათ ქართველ ქალებს მალაიზიაში?!
სირცხვილი იმ კაცებს, რომლებიც შინ სხედან, ცოლები სამუშაოდ ჰყავთ გაშვებული და მათ გამოგზავნილ ფულს ტოტალიზატორში ხარჯავენ. სირცხვილი ასეთ კაცებს, რომ ცხვირის სახლიდან გამოყოფა და პროტესტის გამოთქმაც არ უნდათ იმის გამო, რომ ამ ხელისუფლებამ ოჯახის მარჩენლის ფუნქცია დაუკარგა. ქართველი ერის 50% დეგრადირებულია. განგაშია ასატეხი! ქართველებო, ასეთი ცხოვრება სირცხვილია, ჩვენს წინაპრებს ასე რომ ეცხოვრათ, დღემდე ვერ მოვატანდით, არც მამული გვექნებოდა და არც ქართულად ვილაპარაკებდით!
სახელოვნებო სფეროს იმ წარმომადგენლებზე რას იტყვით, ვინც ხელისუფლებას არათუ ემხრობა, ხოტბასაც ასხამს?
- ყველა სფეროში არიან ადამიანები, რომლებიც ყველა მთავრობას ბოთლის საცობივით ერგებიან, დღევანდელი სალაფავით ფიქრობენ თავის გადარჩენას. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის სიმართლის მხარეს დგანან.
ამ ხელისუფლებას მაღალი ხელოვნება ან არ ესმის, ან ესმის და არ უნდა მას სათანადო ადგილი მიუჩინოს. ქვეყანა შოუზეა აწყობილი. შოუს მსახიობები დგანან ამ ხელისუფლების გვერდით, ვერ დამისახელებთ მაღალი რანგის მწერალს, პოეტს ან მსახიობს, რომელიც ამ ხელისუფლებას ასხამდეს ხოტბას.
ამას წინათ "ეროვნული ფორუმის" წევრი დააკავეს, რასაც სოზარ სუბარის ძმის დაპატიმრებაც მოჰყვა. არც ამ ფაქტებს მოჰყოლია ოპოზიციის დიდი პროტესტი.
- უკანონობასა და უსამართლობას თუ ყველა წინ არ აღვუდექით, დათითოკაცებულებს მოგვერევიან. მხოლოდ ერთად მდგომებს ვერ მოგვერევა უსამართლობა.
მაინც რატომ ვერ ხერხდება პარტიების გაერთიანება?
- ეტყობა, ჩვენი ბუნების ბრალია. ძლიერი მტერი გყვავს და კარგადაც გვიცნობს - ქართველს რომ მოერიო, უნდა დაათითოკაცო.
ახლად ჩატარებული რეიტინგების მიხედვით ხალხი ხელისუფლებას უჭერს მხარს.
- თუ ხელისუფლებას დავუჯერებთ, უკვე ყველანი "მერსედესებში" ვსხედვართ.
ვინ ჩაატარა ეს კვლევა ან კი ჩატარდა საერთოდ? ან იქნებ მარსზე ჩაატარეს? საქართველოში ასეთ შედეგს ვერ მიიღებდნენ. Eალბათ, იმ ქვეყნებში ჩაატარეს, სადაც ძალიან მოსწონთ და უყვართ სააკაშვილი.
მსოფლიოში სულ ორი მილიონი ქართველი ვართ, ვისაც სააკაშვილი არ მოგვწონს, და 5-მილიარდიანი მსოფლიო 2 მილიონის ნება-სურვილზე ივლის? ეს არის მთავარი პრობლემა. ქართველები ხმას არ ვიღებთ და უცხოელები ხომ არ გვეტყვიან, სააკაშვილი აბუჩად გიგდებთ და ქვეყანა დაგიქციათო? სააკაშვილი ამ სამოთხეს ახურდავებს. უცხოელი ხურდა ფულში ყიდულობს სამოთხეს და რატომ იტყვის, არ მინდაო.
მამულს რომ გვიყიდიან, ჩვენ უნდა ამოვიღოთ ხმა, თორემ სხვა ამით ხეირობს. აზერბაიჯანი ქრისტიანული კულტურის უძველეს ძეგლზე, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსზე მივლებს საზღვარს, მესაზღვრეს მიყენებს და ქართველი ხელისუფალი ხმას არ იღებს, რადგან სხვა რამეში სჭირდება, რაღაცები უნდა გამოართვას და ესესხოს.
ილია ჭავჭავაძის ასი წლის წინ დაწერილი "ბედნიერი ერი" მახსენდება. ყველა ის უკეთურობა, რაზეც ილიამ მიგვითითა, ისევ გვაქვს და ახალი უბედურება დაგვემატა ნარკომანიის სახით.
ცოტა ხანში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დაგვჭირდება, რადგან ჩვენმა ბავშვებმა კომპიუტერით ინფორმაცია კი მიიღეს, მაგრამ ცოდნა დაკარგეს. ჩვენი მიწები ისევ დასაბრუნებელი და ილიას შექმნილი საადგილმამულო ბანკი ისევ გასაკეთებელი გვექნება. მიშა ისე ექცევა, თითქოს საქართველო მზია ბებიას დანატოვარი მამული იყოს. ჩვენ გარშემო ყველა წინ მიდის, ჩვენ კი მარტო ტელევიზორით და გაურკვეველი რეიტინგებით მივდივართ წინ.
25 ნოემბერს "სახალხო კრება" რას გეგმავს?
- გადაწყვეტილი იყო სახალხო კრების სპორტის სასახლეში ჩატარება, მაგრამ ახალგარემონტებული სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ გამოგვიცხადა, რემონტი გვაქვსო... სახალხო კრება მიტინგი არ არის, რომ ქუჩაში ჩავატაროთ. სპორტის სასახლეში არ გამოვიდა, მაგრამ რაღაცას მოვიფიქრებთ. საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები თუ გვერდით დაგვიდგებიან, სახალხო კრებას შეუძლია იქცეს ზეპარტიულ ორგანოდ, რომელიც სათავეში ჩაუდგება საქართველოს გათავისუფლების იდეას.
მხოლოდ პარტიების გაერთიანებამ დაგვანახა, რომ ეს გზა გამარჯვების მომტანი არ არის. ამ პროცესში მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ჩაბმა არ კმარა, ერი უნდა იყოს ანთებული სურვილით, უკეთესობისკენ შეცვალოს თავისი მომავალი. ერი კი, სამწუხაროდ, შეშინებული და მუცელს გადაყოლილია, მას გამოფხიზლება სჭირდება და ამას ვაკეთებთ სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრები.
თუ ქვეყანას არ ვუპატრონეთ, ჩვენი შვილიშვილები მოგვკითხავენ, თურმე კარგი ქვეყანა გვქონია და თქვენ რა უქენით ამ სამოთხესო?! სასოწარკვეთა და იმედის დაკარგვა იმას ნიშნავს, რომ უფალი დავივიწყეთ. თუ ჩვენ დავივიწყებთ, უფალიც დაგვივიწყებს. მე იმედს არ ვკარგავ, რადგან მჯერა, ამ ქვეყანაში ხუთი მართალიც რომ იყოს, უფალი არ გაგვწირავს.
საბედნიეროდ, საქართველოში ხუთი კი არა, ათასი და მეტი მართალი ქართველი მეგულება. ერმა უნდა გააცნობიეროს, რომ თავად არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და არა ხუთი კაცი, რომელიც ამ ქვეყანას დროებით მოჰქცევია სათავეში. ილიას გზა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და მაშინ გავიმარჯვებთ.