ნაგვით გაკეთებული მილიონები

ნაგვით გაკეთებული მილიონები

ვინ აგებს პასუხს 5 მილიონი ევროს გაფლანგვაზე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ირაკლი ცეცხლაძეს ეძებს, რომელიც შპს "ჰიგიენა 2009"-ის დირექტორია. ეს შპს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს და შესაბამისად, მისი 100%- იანი წილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. ირაკლი ცეცხლაძეს ბრალი სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში ედება.

ოფიციალური და არაოფიციალური ვერსიები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურში, ვინაიდან გამოძიბა მიმდინარეობს, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ და მხოლოდ მოკლე, ოფიციალური ინფორმაციით შემოიფარგლებიან, რომლის თანახმადაც, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გურიისა და აჭარის სამმართველომ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულზე გამოძიება მიმდინარე წლის 21 თებერვალს დაიწყო: "გამოძიების ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დგინდება, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს "ჰიგიენა 2009"-ის ხელმძღვანელმა პირებმა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს კომპანიის ანგარიშზე არსებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა. ეს თანხა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა. საგამოძიებო სამსახური ახორციელებს ყველა გადაუდებელ ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს, რათა სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება და მოხდეს დანაშაულის ჩამდენი პირების მხილება".
არაოფიციალური ინფორმაციით, შპს "ჰიგენა 2009"-ის დირექტორმა, ირაკლი ცეცხლაძემ 5 მილიონი ლარი გაფლანგა. მართალია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე 21 თებერვალს აღძრა, მაგრამ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ცეცხლაძე დიდი ხანია, აჭარაში აღარ იმყოფება და მისი საცხოვრებელი სახლიც დაკეტილია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციაში კი აცხადებენ, აჭარის მთავრობა შპს "ჰიგიენაში" არსებულ დარღვევებს მალავდა. ამიტომ აჭარელი ნაციონალები ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხსაც სვამენ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, "ჰიგიენაში" არსებულ დარღვევებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია სწორედ მისმა უწყებამ მიაწოდა. რაც შეეხება ნაგავსაყრელს, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში უნდა აშენებულიყო, ბოლქვაძის თქმით, პროექტს საფრთხე არ ემუქრება. მართალია, ირაკლი ცეცხლაძე გაიქცა, მაგრამ შპს "ჰიგიენა 2009"-ს უკვე ახალი დირექტორი ჰყავს - 22 თებერვალს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ცეცხლაძის ადგილას გიორგი ლომთათიძე დანიშნა.

კორუფციული სქემის დეტალები
როგორც ირკვევა, ქობულეთის ნაგავსაყრელის სკანდალი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციამ გაახმაურა. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონმა "ვერსიას" ნაგავსაყრელის სკანდალის კორუფციული სქემა გაუშიფრა:
- ეს მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება კი არა, სახელმწიფო თანხების მითვისება, თაღლითობა და კორუფციაა! სამწუხაროა, რომ ამაში აჭარის ხელისუფლებაც ჩართულია, რადგან შპს "ჰიგიენა 2009"-ს 100%-იანი წილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. რაც მთავარია, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საწარმოში, რომელიც გაკოტრების პირას იყო მისული, ხელმძღვანელად სწორედ ირაკლი ცეცხლაძეს ნიშნავდნენ. სხვათა შორის, ეს თემა უშუალოდ საწარმოთა მართვის დეპარტამენტს ეხება, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მამა ხელმძღვანელობს.
- ბატონო ელგუჯა, ქობულეთის ნაგავსაყრელთან დაკავშირებით მაინც, რა კორუფციულ სქემას გულისხმობთ?
- 5 მილიონი ლარი, რომელიც ირაკლი ცეცხლაძემ მიითვისა, სოფელ ცეცხლაურის მაცხოვრებლებზე, სადაც ეს ნაგავსაყრელი შენდებოდა, კომპენსაციის სახით უნდა გაცემულიყო. როგორ წარმოგიდგენიათ, მხოლოდ ირაკლი ცეცხლაძე გაბედავდა და ამ თანხას ანგარიშიდან მოხსნიდა? რაც მთავარია, ეს ერთი და ორი დღის საქმე არაა. შევიტყვეთ, რომ ირაკლი ცეცხლაძემ აჭარა დატოვა და ნაგავსაყრელის მშენებლობის საქმეც ამის შემდეგ მოვიკითხეთ - აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს პირადად დავუკავშირდი და ცეცხლაურის ნაგავსაყრელის დოკუმენტები გამოვითხოვე. ბოლქვაძემ ეს ამბავი სწორედ ჩვენგან შეიტყო და მხოლოდ ამის შემდეგ დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. ჩვენ რომ ნაგავსაყრელის ამბავი არ მოგვეკითხა, ალბათ, ამ საკითხზე ხმას არც კი ამოიღებდნენ. არადა, როგორც უკვე გითხარით, ირაკლი ცეცხლაძე რამდენიმე დღეა, საქართველოში აღარ იმყოფება. როგორ ფიქრობთ, ერთი ადამიანი, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა დახმარების გარეშე, ამდენს გაბედავდა? რაც შეეხება შპს "ჰიგიენა 2009"-ს ახალ დირექტორ გიორგი ლომთათიძეს, ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის პრესსამსახურის უფროსის, სოფიო გუჯაბიძის მეუღლეა. შესაბამისად, ამ საქმეში მხოლოდ ირაკლი ცეცხლაძე და სამინისტრო კი არა, აჭარის მთელი მთავრობაა გარეული!
- შპს "ჰიგიენა 2009"-ის ანგარიშზე 5 მილიონი როგორ გაჩნდა?
- ეს ერთჯერადად ჩარიცხული თანხა არაა. 5 მილიონი ლარი ეტაპობრივად მიითვისეს და სწორედ ეს ამყარებს ჩვენს ეჭვს, რომ ყველაფერ ამაში აჭარის ხელისუფლებაც ჩარეულია, თუმცა როგორც სჩვევიათ, ყველაფერს ირაკლი ცეცხლაძეს გადააბრალებენ და თემას ისე დაასრულებენ, თითქოს მთელი თანხა მხოლოდ მან მიითვისა, ცეცხლაძეზე ძებნა გამოცხადდება და ეს თანხა აჭარის ხელისუფლებას დარჩება.
- თქვენი ინფორმაციით, ქობულეთის ნაგავსაყრელს რა ბედი ეწევა, ახალი ტენდერი გამოცხადდება?
- ქობულეთის ნაგავსაყრელისთვის 7 მილიონი ევრო იყო გამოყოფილი, საიდანაც დაახლოებით, 4 მილიონი - შვედეთის სახელმწიფოს გრანტი, 3 მილიონი ევრო კი "იბიარდის" სესხია ანუ ამ გრანტს ბანკები და დონორი ორგანიზაციები აკონტროლებენ. იმის გამო, რომ 7 მილიონი ევროდან შპს "ჰიგიენამ" 5 მილიონი ლარი მიითვისა, სახელმწიფომ ეს თანხა ახლა ბიუჯეტიდან უნდა მოიძიოს და სესხი გაისტუმროს, თუმცა როცა ამ ფაქტზე დონორი ორგანიზაციები შეიტყობენ, საკითხავია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და ამ პროექტს საერთოდ გააგრძელებენ თუ არა. მოკლედ, აჭარის ხელისუფლების უუნარობის, კორუფციისა და თანხების მითვისების გამო, ნაგავსაყრელის პროექტი ვერ გაგრძელდა და ალბათ, დასრულებაც არ უწერია!

ნაგავსაყრელის ტენდერი
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი ანუ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის ნაგავსაყრელის მშენებლობა "იბიარდისა" და SIDA-ს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის საერთო ინვესტიცია 7 მილიონი ევროა, რომელიც ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას ითვალისწინებს, რაზეც საგრანტო 4 მილიონი ევრო უნდა დაიხარჯოს. ამავე პროექტის ფარგლებში, 2017-2018 წლებში, ორი - ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელის ეტაპობრივი დახურვა უნდა მოხდეს, რასაც 3 მილიონი ევრო უნდა მოხმარდეს.
შპს "ჰიგიენა 2009"-მ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში, ნაგავსაყრელის მშენებლობის მიზნით, ელექტრონულ ტენდერი რამდენჯერმე - 2016 წლის ივნისსა და 2017 წლის 14 თებერვალს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, კომპანიას შემდეგი პირობები უნდა დააკმაყოფილოს: ბოლო 5 წლის განმავლობაში, წლიური საშუალო ბრუნვა 5.5 მილიონ ევროზე ნაკლები არ უნდა იყოს; ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ გააჩნია საკმარისი ლიკვიდური აქტივები, დაუტვირთავი (ვალებისაგან თავისუფალი) უძრავი ქონება, საკრედიტო ხაზები და სხვა ფინანსური საშუალებები მშენებლობის 4 თვისთვის საჭირო ფულადი სახსრების უზრუნველსაყოფად; ტენდერში მონაწილე კომპანიამ აგრეთვე, უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ გააჩნია გენერალურ კონტრაქტორად წარმატებით მუშაობის გამოცდილება და ბოლო 7 წლის განმავლობაში მსგავსი ტიპის არანაკლებ სამი პროექტი აქვს განხორციელებული, რომელთა ღირებულება 2 700 000 ევროა.