„ეს პროვოკაციული კითხვაა!“ - რა იცის „ციანიდის საქმეზე“ მოსკოვში მყოფმა ვალერი ხაბურძანიამ
...არასოდეს დამიმალავს, რომ საქართველოს მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში ვხედავ. ჩემი თანამოსაუბრე კი ასე არ ფიქრობს. ყოველ შემთხვევაში, უშიშროების ყოფილი მინისტრი, რომელსაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ერთხანობა, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის პოსტიც ეკავა, ჩრდილოეთის მიმართ სენსიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევა... სხვათა შორის, წლებია, რუსეთის დედაქალაქში ცხოვრობს და მოღვაწეობს... მოკლედ, 2017 წლის 25 თებერვალს ანუ საქართველოს წითელი ოკუპაციიდან ზუსტად 96 წლის შემდეგ, მოსკოვში მყოფ ვალერი ხაბურძანიას სოციალური ქსელით დავუკავშირდი და ვინაიდან შკყპე-თი ინტერვიუს პირველად ვიწერდი, ვკითხე, ჩემი ესმოდა თუ არა. მე ყველაფერი მესმისო, მომიგო...
- და რაკი ყველაფერი გესმით, მაშინ, პირველ კითხვას დაგისვამთ...
- კი ბატონო, მაგრამ ვანო, დღეს დაბადების დღე ხომ არ გაქვთ? - Facebook-მა რაღაც „მემორი“ „ამომიგდო“...
- უშიშროებაში ნამუშევარ კაცს ეს როგორ გამოგრჩათ? - ჩემს დაბადების დღემდე სამი თვე დარჩა...
- ანუ, დაბადების დღე პირველ ივნისს გაქვთ?
- არა, ორში. ისე, დაბადების დღეზე გამახსენდა: მოსკოვში, კრემლში, ალბათ, 25 თებერვალს - საქართველოს გასაბჭოების 96-ე წლისთავს აღნიშნავთ!
- ასეთი რაღაცები ნუ იცით ხოლმე... მოსკოვში საქართველოს გასაბჭოება ვის აინტერესებს? ესენი თავიანთ გასაბჭოებას ტირიან!
- თუ რუსებს საქართველოს გასაბჭოება არ აინტერესებთ, აბა, 1921 წელს რატომ დაგვიპყრეს?
- უიმე, დედა... დაგვიპყრესო - ეს, ვანიჩკა, ძალიან ბავშვური შეკითხვაა.
- ბავშვობა რა შუაშია? იმას, რაც 1921-ში მოხდა, დაპყრობა ჰქვია!
- დაპყრობა კი არ ჰქვია, არამედ ქართველები, რომლებიც ბოლშევიკურ ელიტაში იყვნენ, თვლიდნენ, რომ საქართველო იმ დიდი მოძრაობის გარეშე არ უნდა დარჩენილიყო, რასაც მაშინ ბოლშევიზმი, სოციალ-დემოკრატია, რევოლუცია და კომუნიზმი ერქვა. ამისთვის მაშინდელ ხელისუფლებას, ლენინის სახით, ძალები გამოაყოფინეს, საქართველოში წამოვიდნენ და მენშევიკები გაყარეს.
- დავიჯერო, მარო მაყაშვილისა თუ იუნკრების თავგანწირულ ბრძოლაზე არაფერ გსმენიათ, ბატონო ვალერი?
- ეს პროვოკაციული კითხვაა!
- რატომ?
- ისინი წმინდა ადამიანები იყვნენ, რომლებმაც თავი რწმენას შესწირეს!
- მათ სწამდათ, რომ საქართველო დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო!
- ყველას, ვინც ამის გულისთვის კვდება, ჰგონია, რომ თავს საქართველოს დამოუკიდებლობას სწირავს, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველო ძალიან სიმბოლურია ცნებაა, განსაკუთრებით - ბოლო დროს. დამოუკიდებლობა ყოველთვის რაღაცასთან მიბმული და ასოცირებულია. საერთოდ, სამოქალაქო ომში ხალხი ორივე მხარეს კვდება და ორივე გმირია. ისიც არ შეიძლება, რომ წარსულს ცალმხრივად შევხედოთ.
- უკაცრავად, გმირებად რუსული მე-11 არმიის ის მებრძოლები მიგაჩნიათ, ვინც საქართველოში „ცეცხლითა და მახვილით“ შემოვიდნენ?
- გარედან „ცეცხლითა და მახვილით“ შემოსული ყველა კაცი მტრად მიმაჩნია!
- ესე იგი, რუსებიც მტრად მიგაჩნიათ, არა?
- მე-11 არმიაში რუსებიც იყვნენ, სომხებიც, ქართველებიც და უკრაინელებიც. ეს, ასე ვთქვათ, წმინდა პოლიტიკური ჯგუფი იყო. სხვათა შორის, არ დაგავიწყდეთ, რომ ქართველებს ბოლშევიკებში ელიტური ადგილი ეჭირათ...
- ვალერი ბატონო, ამდენი წელია, გიცნობთ და, ვერ გავარკვიე, მენშევიკი ხართ თუ ბოლშევიკი?
- დღეს რომ მენშევიკი ან ბოლშევიკი იყო, აბსოლუტური სისულელე, ჩამორჩენილობა და ხელოვნურად მიწებებული „პრადვინუტობა“ იქნება.
- ლიბერალი და დემოკრატი რომ არ ხართ, ვიცი, მაგრამ ვინ ხართ?
- აბსოლუტური ლიბერალი ვარ!
- გეხვეწებით, რა?!
- ჩემი მინისტრობის პერიოდს გადახედეთ - ჩემზე მეტი ლიბერალი უშიშროების რომელი მინისტრი გინახავთ?
- ამ თემაზე სხვა დროსაც გვილაპარაკია და, როგორც მახსოვს, მაშინ, როცა უშიშროების მინისტრი გახდით, რუსეთთან „ბმა“ ჯერ არ გქონდათ და აშშ-შიც დადიოდით ხოლმე...
- აშშ-ში სააკაშვილიც დადიოდა, მაგრამ ლიბერალია?
- სააკაშვილი რა შუაშია?
- უშიშროების სამინისტროშიც დემოკრატი ვიყავი - როცა თანამშრომლები მოვიდნენ და მკითხეს, არჩევნებში ხმა ვის მივცეთო, მივუგე, ვისაც გინდათ-მეთქი.
- ეს ძველი ამბავია და აღარ მომიყვეთ.
- რატომ არ უნდა მოგიყვეთ? ის, რაც არ გაწყობთ, არ უნდა მოგიყვეთ, არა?
- ვაიმე, ეს ამბავი მილიარდჯერ მოგიყოლიათ და ახლა, ზეპირად ხომ არ უნდა ვისწავლოთ?
- თქვე კაი ადამიანო, თუ მოყოლილი მაქვს, მაშინ ასეთ უადგილო და, სულ მცირე, სულელურ კითხვას რატომღა მისვამთ? ისე, ვანო, ლიბერალიზმის რა გაგება გაქვთ, ან დამისახლეთ, სააკაშვილის ხელისუფლებაში ლიბერალი ვინ იყო?
- ვერ გავიგე, სააკაშვილი რა შუაშია?.. ლიბერალი კი ისაა, ვისთვისაც განსხვავებული აზრი მისაღებია.
- მერე, როდის იყო, რომ განსხვავებული აზრი დავთრგუნე, ავკრძალე ან სოციალურ ქსელში დავბლოკე? იმას, რაც არ მომწონს, ვაკრიტიკებ და ლიბერალიზმიც სწორედ ესაა. თუ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისადმი ჩემი დამოკიდებულება გაინტერესებთ, არ მომწონს, მაგრამ მათ მიმართ ძალადობას არასოდეს გამოვხატავ.
- ჰო, მართლა, ერთხელ მითხარით, განვიცდი, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ხალხს რომ არ მოვწონვარო...
- ეს ხუმრობა იყო... განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ერთ ადამიანს ჩემს გარშემო ვიღაც-ვიღაცები მოსწონდა, ჩემს მიმართ კი ყურადღებას არ იჩენდა და ვიხუმრე, ასეთ მახინჯი ვარ-მეთქი და მერე, რა მოხდა?
- არაფერი, რა უნდა მოხდეს?.. ბატონო ვალერი, თქვენამდე უშიშროების მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე იყო, ხომ არ მეშლება?
- (დუმილი) არ გეშლებათ...
- როგორც ვიცი, ქუთათელაძემ ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი გააუქმა. თქვენ კი აღადგინეთ. რატომ?
- ტყუილია! ვახტანგ ქუთათელაძის დროს „ოდეერის ინსტიტუტი“ არსებობდა და მე გავაუქმე. „ოდეერი“ ანუ უშიშროების საკითხების ოფიცერი რამდენიმე სპეციფიკური მიმართულებით მუშაობდა და მისი ფუნქცია სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა იყო. სხვათა შორის, „ოდეერი“ კონტროლის პალატაში, საბაჟოზე, ფინანსთა სამინისტროსა და კიდევ ძალიან ბევრ დაწესებულებაში არ იყო.
- „ოდეერი“ ეკლესიაში გყავდათ?
- ეკლესიაში „ოდეერის“ ყოლა როგორ შეიძლება?!
- ანუ, უშიშროება ეკლესიაში ოპერატიულ საქმიანობას არ აწარმოებდა?
- ძველი ინერციით, ვიღაც-ვიღაცებს ეკლესიიდან რაღაც ინფორმაციები მოჰქონდათ, მაგრამ ამაზე ჩემი რეაგირება ნული იყო, რადგან ვთლიდი, რომ ეკლესიაში არ უნდა ჩავრეულიყავით.
- კომუნისტების დროს, უშიშროებაში, როგორც ვიცი, სპეცგანყოფილება არსებობდა, რომელსაც ეკლესიის თვალთვალი ევალებოდა, არა?
- კი, არსებობდა. ეს „მეხუთე განყოფილების“ ელიტა იყო, რომელიც უშიშროების სამინისტროს ჩემამდე კარგა ხანს მართავდა.
- ბატონო ვალერი, გასაგებია, რომ ეს თემა, როგორც უშიშროების მინისტრს, არ გაინტერესებდათ, მაგრამ რასაც გკითხავთ, ან დამიდასტურეთ ან უარყავით: უშიშროება აგენტებად სასულიერო პირებსაც იყენებდა?
- რა თქმა უნდა და ისინი ძირითადად, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის სასულიერო პირები იყვნენ!
- ეს, ასე ვთქვათ, სქემა დღესაც მუშაობს?
- არ ვიცი...
- არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის სასულიერო პირების დოსიეები ნანახი გაქვთ?
- როცა უშიშროების მინისტრად მივედი, აგენტურის სიაში საერთოდ არ ჩამიხედავს, რადგან ვთვლიდი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, თუმცა წელიწადნახევრის შემდეგ, რაღაც დამჭირდა და ამ სიას ცალი თვალით გადავხედე...
- და ამ სიაში ვინ აღმოაჩინეთ?
- ვერ გეტყვით, რომ ეს სია რაღაც ღირებული იყო... სია გაცხრილული გახლდათ და სერიოზული არავინ ეწერა...
- აგენტურის სია ვინ გაცხრილა?
- გაცხრილვა ჩემამდე მათ მიერ ნელ-ნელა მოხდა, ვისაც ამ ხალხთან ურთიერთობა ჰქონდა. საერთოდ, როცა აგენტი არასაჭირო ხდება, რიცხავენ ხოლმე, ან როცა აგენტი მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება, მისი დოკუმენტაცია ნადგურდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ აგენტურის საქმეები თავის დროზე რუსეთში, კერძოდ, სმოლენსკში იქნა გატანილი. ამდენად, რეალური მტკიცებულებები, რომ ესა თუ ის პიროვნება აგენტი იყო და ამ კუთხით აქტიურად საქმიანობდა, აღარ არსებობს. სხვათა შორის, ამ არქივის დაბრუნების მცდელობა მქონდა და რაღაც პროცესიც დავიწყე, მაგრამ ვინ მაცადა?..
- არქივის საქართველოში დაბრუნება რისთვის გინდოდათ?
- რისთვის და - ეს ისტორიაა. სხვათა შორის, სააკაშვილის ხალხი უშიშროებაში რომ მოვიდა, აგენტების სიას ატრიალებდა, ამაზე ხორხოცებდა და ბავშვობდა. ასეთ რაღაცას კი მე არასოდეს ვიკადრებდი, რადგან მათგან განსხვავებით, უშიშროებაში ქუჩიდან არ მივსულვარ, საფეხურ-საფეხურ გავიზარდე... ოპერატიული მუშაკისთვის აგენტურის სია წმინდათა წმინდაა - თუ აგენტს გაამჟღავნებ, შენთან ნდობაში აღარავინ შემოვა. ნაციონალებმა სწორედ ეს სისტემა მოშალეს და აგენტებად ისინი აქციეს, ვინც ძირითადად, კომპრომატებით ჰყავდათ „დაბმული“.
- ამბობენ, ნაციონალები სხვადასხვა დანაშაულს სწორედ სასულიერო პირების დახმარებით ხსნიდნენ ანუ სასულიერო პირებს აიძულებდნენ, იგივე აღსარების საიდუმლო გაეთქვათო. ამის შესახებ თქვენც გსმენიათ, ვალერი ბატონო?
- ეგენი ისეთი ბინძურები არიან, რომ გამორიცხული არაფერია! ის ხალხი, რომელიც ეკლესიის, თუნდაც არაკანონიკურის დასარბევად მივა, რა თქმა უნდა, ყველანაირ ხერხსა და მეთოდს გამოიყენებდა!
- რა ამის პასუხია და, ვიდრე პატრიარქის დაცვას ითავებდა, სოსო ოხანაშვილი როგორც ვიცი, უშიშროების თანამშრომელი იყო...
- არ ვიცი...
- ესე იგი, ოხანაშვილზე ინფორმაცია არ გაქვთ?
- არა... პატრიარქის დაცვა საპატრიარქოს შიდა საქმე იყო, რომელსაც თვითონ არეგულირებდა... სხვათა შორის, უშიშროების სამინისტროს დროშა და გერბი გავაკეთე. ჰოდა, პატრიარქთან ამ დროშისა და გერბის საკურთხებლად მივედი - ე.წ. „პრადვინუტი ლიბერალები“ ამის გამოც დამცინებენ, მაგრამ ეს მაშინ ტრადიცია იყო. საერთოდ, სიმბოლიზმში რაღაც ისეთი დევს, თუმცა არ ვამბობ, რაკი უშიშროების დროშა და გერბი დავლოცეთ, ცოდვას აღარ ჩავიდენდით-მეთქი. მოკლედ, პატრიარქთან მივედი... სწორედ ამ პერიოდში მოსასმენი აპარატურის გამოსავლენი სპეციალური მოწყობილობა შევიძინეთ. პატრიარქს ვუთხარი, უწმინდესო და უნეტარესო, საჩუქარს ვერ შემოგკადრებთ, მაგრამ თქვენი დაცვისთვის ამ პატარა მოწყობილობას გადმოგცემთ, რომ არ მოგისმინონ-მეთქი. გაეცინა, მაგას რა ჯობია, თუ მომისმენენ, მაგრამ უბედურება სწორედ ეგაა, რომ არ მისმენენო.
- არ ვიცოდი, პატრიარქმა ამის შესახებ თქვენ თუ გითხრათ...
- დიახ, მე მითხრა, მაგრამ მერე ყველაფერი სხვანაირად წარმოაჩინეს... საერთოდ, პატრიარქს იუმორის ძალიან კარგი გრძნობა აქვს...
- ბატონო ვალერი, ვიდრე უწმინდესს ზემოხსენებულ მოწყობილობას აჩუქებდით, თუნდაც ინტერესის გამო, საპატრიარქოს შენობა არ შეამოწმეთ, მოსასმენი აპარატურა ხომ არსად იყო დამონტაჟებული?
- საპატრიარქოს შემოწმება, თუ არ გვთხოვდნენ, ჩვენი პრეროგატივა არ იყო...
- პატრიარქის დაცვა სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს არ ექვემდებარება?
- მაშინ არ ექვემდებარებოდა და ცალკე იყო...
- მაშასადამე, იგივე პატრიარქის დაცვის უფროსის მოხსნა-გათავისუფლება უშუალოდ საპატრიარქოს პრეროგატივაა?
- დიახ... ყოველ შემთხვევაში, არ მახსოვს, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს ამ მხრივ რაიმე ადმინისტრაციული ზეგავლენა ჰქონდა თუ არა...
- როგორც უშიშროების ექსმინისტრი, გამართლებულად თვლით, რომ პატრიარქის დაცვა სახელმწიფოს არ ექვემდებარება?
- აქ გაუმართლებელი არაფერია, რადგან ეკლესია სახელმწიფოსგან გამოყოფილი ინსტიტუტია და კონკორდატიც არსებობს, რაც, სხვათა შორის, ნონსენსად მიმაჩნია, რადგან შეუძლებელია, სუვერენულმა სახელმწიფომ არასუვერენულ სუბიექტთან ხელშეკრულება გააფორმოს ანუ მართალია, ეკლესია სახელმწიფოსგან გამოყოფილია, მაგრამ სამართლებრივი გაგებით, სუვერენული სუბიექტი მაინც არაა, თუმცა თავის დროზე გიგი წერეთლისა და ვიღაცების გამოგონება იყო და ეკლესიასთან ვითომ კონკორდატი გააფორმეს. არადა, ყველა, ვისაც იურისპრუდენციასთან შეხება ოდნავ მაინც
ჰქონია, იცის, რომ ეს სისულელეა და ამაზე ჩემს საკანდიდატო დისერტაციაშიც მიწერია. კონკორდატით მართლმადიდებლური ეკლესიის თითქოს კათოლიკურ ეკლესიასთან გაიგივება მოხდა, მაგრამ კათოლიკური ეკლესია საერთაშორისო სამართლის მიერ ისეა ცნობილი, როგორც სახელმწიფო ტიპის წარმონაქმნი. თუ გვინდოდა, ეკლესიის დამსახურებისთვის ხაზი გაგვესვა, ჩვენს კონსტიტუციაში ისეთივე ჩანაწერი უნდა გაგვეკეთებინა, როგორიც საბერძნეთის კონსტიტუციაშია. დღეს კი სამართლებრივად, სულელური კონკორდატი გვაქვს და ამ დროს, სხვა რელიგიური წარმონაქმნები გაიძახიან, ჩვენც იგივე უფლებები მოგვანიჭეთ, როგორიც მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვსო. ისე, რესპუბლიკური პარტია, რომელიც მუდამ მაოცებს, ეკლესიის დაფინანსების შეწყვეტას ითხოვს.
- რესპუბლიკური პარტია რატომ გაოცებთ?
- რატომ და - არჩევნების მოგება არ უნდა და მხოლოდ იმას „ატრიალებს“, რაც სამ, უფრო სწორად, ორ კაცს უნდა, მაგრამ ეს ამ პარტიის უბედურებაა!
- სიტყვა გაგვექცევა, მაგრამ მთლად ბედნიერი არც თქვენ უნდა იყოთ - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თანამოაზრეებიც ვერ გიპოვიათ!
- ეს საყვედურია თუ დაცინვა?
- როგორც გინდათ, ისე გაიგეთ... ბურჯანაძემაც არ მიგიღოთ...
- რას ჰქვია, არ მიმიღო?
- იმას ჰქვია, რომ გვერდით არ დაგიყენათ...
- ბურჯანაძეს ერთიანობას ვთავაზობდი, ესა, ისა, მაგრამ გარკვეული მოსაზრებების გამო, ეს გადადო და რაც მიიღო, ხედავთ.
- ალბათ, იმიტომ გადადო, რომ იფიქრა, ხაბურძანია რაში მჭირდებაო. არადა, ორივეს რუსეთი „გევასებათ“...
- ვერ გეტყვით, ბურჯანაძეს რა „ევასება“. საერთოდ, „დავასება“ რუსული სიტყვაა და ვერ ვხვდები, რატომ იყენებთ.
- თქვენთან საუბრისას სპეციალურად გამოვიყენე!
- შეიძლება, ქალი, ან კარგი მანქანა „მევასებოდეს“, მაგრამ როგორ შეიძლება, ქვეყანა „მევასებოდეს“?
- თუ არ „გევასებათ“, აბა, მოსკოვში რატომ ცხოვრობთ? - ამ წუთასაც, ალბათ, სადმე კრემლის სიახლოვეს ხართ...
- იცით, რამდენი ადამიანია, ვისაც რუსეთი არ „ევასება“ და აქ ცხოვრობს? „დავასება“, რომ იცოდეთ, მოწონებას ნიშნავს და მოწონება აბსოლუტურად სხვა ცნებაა, ჩემო ვანიჩკა... ჩემი ინტერესები და შინაგანი მე, ასევე, რაღაც პოლიტიკური გაგება მკარნახობს, რომ რუსეთში ვიყო - ცხოვრებისა და არსებობის საშუალებები აქ მოვიპოვე.
- კორპორაცია „სისტემის“ დაცვის უფროსი ისევ ხართ?
- არა... სხვათა შორის, თქვენი საყვარელი ლიბერალებიც რუსეთში მუშაობდნენ, მაგალითად, ბენდუქიძე... სააკაშვილის ბევრი მინისტრი დღესაც რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი გეგეჭკორიც რუსეთის მოქალაქე გახდა...
- „სისტემაში“ ლევან ვასაძეც აღარ მუშაობს?
- ლევან ვასაძე კარგა ხანია, აღარაა. მე კი „სისტემასთან“ სამწლიანი კონტრაქტი მქონდა, ეს კონტრაქტი დამთავრდა და წამოვედი...
- აბა, ახლა რას საქმიანობთ?
- შვეიცარულ-რუსულ ფარმაკოლოგიურ კომპანიაში ვმუშაობ.
- ფარმაკოლოგიურ კომპანიაში ციანიდის წინ და უკან ტარება ხომ არ გევალებათ?
- ციანიდი თქვენ დაგაქვთ!
- როგორ გეკადრებათ! ისე, ციანიდით ადამიანის მოწამვლა, როგორც ამბობენ, რუსული ხელწერაა...
- ფარმაკოლოგიურ კომპანიაში გენერალური დირექტორის მოადგილე ვარ უსაფრთხოების საკითხებში...
- მოდით, ციანიდის თემა განვავრცოთ - ბატონო ვალერი, იმ ვერსიის, რასაც მთავარი პროკურატურა დაკავებულ დეკანოზთან დაკავშირებით გვთავაზობს, გჯერათ?
- მჯერა თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ პროკურატურის აბსოლუტურ არაპროფესიონალიზმს ვხედავ ანუ თუ პროკურატურას უნდოდა, რომ ყველაფერი ეს დამაჯერებელი ყოფილიყო, ოპერაცია გერმანელ სამართალდამცავებთან ერთად უნდა ჩაეტარებინა - დეკანოზისთვის საზღვრის გადაკვეთის საშუალება კონტროლირებადად მიეცა და გერმანიაში დაეკავებინა. აი, ყველაფერი დამაჯერებელი მაშინ იქნებოდა... საერთოდ, დღევანდელ პროკურატურაზე ჩემი წარმოდგენა მაქვს და ვთვლი, რომ ისევ ის პროკურატურაა, რომელიც სააკაშვილის დროს იყო. მაგალითად, ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებულო, 2012-ში ყველას ვეტყოდი, აბა, ახალგაზრდებო და ძველგაზრდებო, შინ წადით-მეთქი და სისტემას ხელახლა შევკრებდი, როგორც ეს სააკაშვილმა თავის დროზე სასამართლოსთან მიმართებაში გააკეთა...
- მაშასადამე, საუბარი იქითკენ მიგყვათ, რომ იგივე „ციანიდის საქმიდან“ გამომდინარე, პროკურატურა პოლიტიკურ თამაშებშია ჩართული?
- პროკურატურა დამნაშავე ხალხითაა სავსე, რომელიც თავის დროზე სისტემურ დანაშაულს სჩადიოდა! ეს ხალხი პროფესიონალად ვერ ჩაითვლება და შეცდომებს ამიტომ ან სპეციალურად უშვებს! თუ მთავარ პროკურორს მრჩევლები ჰყავდა, ოპერატიული მოსაზრებით, მისთვის უნდა ეთქვათ, რომ დეკანოზი, რომელსაც ღმერთმა უწყის, ციანიდი ჰქონდა თუ არა, საზღვარგარეთ დაეკავებინათ!
- ბატონო ვალერი, ეჭვი არ მეპარება, ჩემზე ბევრი რამ გეცოდინებათ, ჰოდა, ის, რაც ეკლესიის გარშემო ხდება, შიდა საეკლესიო დაპირისპირებაა თუ საქმე უფრო სერიოზულ რამესთან გვაქვს?
- ყველაფერი ერთადაა.
- ანუ?
- ეკლესიაში შიდადაპირისპირება პირველი ქრისტიანების მერე არსებობს... ყველაფერს პოლიტიკური მომენტებიც ერთვება - არიან ძალები, რომლებსაც თავიანთი სასურველი ადამიანები ჰყავთ და ილია მეორის შემდგომი პერიოდისთვის ემზადებიან.
- გარე „პოლიტიკურ ძალაში“ ნაცმოძრაობას გულისხმობთ, „ოცნებას“ თუ ვინმე სხვას?
- პოლიტიკურ ძალაში იმას ვგულისხმობ, ვისაც დღეს რეალური გავლენა აქვს, თორემ, პოლიტიკური გაერთიანება, მაგალითად, გზა ღვთისა გავლენას ვერაფერზე მოახდენს.
- ბატონო ვალერი, ძალიან თავშეკავებულად ლაპარაკობთ. მოგიწოდებთ, გავლენიანი პოლიტიკური ძალები ღიად და პირდაპირ დაასახელოთ!
- ერთგვარი ზეგავლენის მოხდენას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაც ცდილობს და ნაცმოძრაობაც; ასევე პარლამენტში არსებული სხვა ძალებიც... პატრიოტთა ალიანსიც, ალბათ, რაღაცით დაინტერესებულია.
- ანუ პატრიარქობის კანდიდატი პატრიოტებსაც ჰყავთ?
- არა, მაგრამ ზოგი ადამიანი შეიძლება, მოსწონთ, ზოგი - არა... ეს ჩვეულებრივი ამბავია და თუკი ამ პროცესისადმი მხარდაჭერას ან ხელისშეშლას შეძლებენ, რა თქმა უნდა, იმოქმედებენ...
- თქვენ, როგორც უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, შორენა თეთრუაშვილზე რა იცით?
- ქალბატონ შორენას ვიცნობ... იმ ინსტიტუტში, რასაც ეკლესია ჰქვია, მას მნიშვნელოვანი ავტორიტეტი აქვს...
- მოკლედ, ადასტურებთ, რომ თეთრუაშვილი ეკლესიის „რუხი კარდინალია“?
- „რუხი კარდინალი“ ვიღაცის შეფასებაა... არიან ადამიანები, რომლებსაც მნიშვნელოვანი დატვირთა აქვთ...
- თეთრუაშვილი სასულიერო პირი არაა და ეკლესიაში მნიშვნელოვანი გავლენა რატომ უნდა ჰქონდეს?
- გავლენა, ასე ვთქვათ, ორმხრივია, თუმცა ამაში უბედურებას ვერ ვხედავ... მხოლოდ ეკლესიაში კი არა, ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურასა თუ პარტიაში არიან ადამიანები, რომელთაც უფლებრივი და მოვალეობრივი თვალსაზრისით შეიძლება, რამე ისეთი თანამდებობა არ უჭირავთ, მაგრამ დიდი გავლენა აქვთ... ასეთი რამ ყველა ეპოქასა და ინსტიტუტში ყოფილა და მომავალშიც იქნება, მაგრამ ეს მხოლოდ ამ ადამიანის კი არა, არამედ, მთელი ინსტიტუტის დამსახურება, ბედნიერება ან უბედურებაა, იმის მიხედვით, ეს ავტორიტეტი რა როლს თამაშობს და ბოლოს, რა შედეგს აყენებს...
- ზოგიერთი სასულიერო პირი, მაგალითად, მეუფე პეტრე თეთრუაშვილს 1991-92 წლების მოვლენების კონტექსტში ახსენებს, მის რუსულ „ბმაზე“ მიანიშნებს და პირველი პრეზიდენტის დამხობაშიც ამხელს... მეუფე პეტრეს თქმითვე, შორენა თეთრუაშვილს საპატრიარქოში „ოქროს თევზები“ ჰყავს... „ოქროს თევზები“ უშიშროების ტერმინია?
- რუსეთი რა შუაშია? ვანო, ეგ უბედურება თქვენც გჭირთ...
- უბედურება ისეთი უნდა, თქვენ რომ გჭირთ, ბატონო ვალერი!
- რა უბედურება მჭირს?
- კითხვას გიბრუნებთ: მე რა უბედურება მჭირს?
- მაგალითად, ფეხი რომ დაგიცდეთ, რუსეთს დააბრალებთ.
- როგორ გეკადრებათ!
- ისე, 1991-92 წლების მოვლენების დროს ვის მხარეს იყავით? - აბა, თქვით...
- მართალია, მაშინ სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ კიტოვანს ნამდვილად არ ვგულშემატკივრობდი.
- ვის მხარეს იყავით?
- გამსახურდიასი.
- ანუ, ზვიადის მომხრე იყავით.
- დიახ და, რა, ეს „გრეხია“?
- ზვიადის მომხრე რომ იყავით, ამიტომ თვლით, რომ...
- ბატონო ვალერი, კარგად მომისმინეთ: მე კი არ ვთვლი, არამედ, მეუფე პეტრე ამბობს, რომ თეთრუაშვილს გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში გარკვეული წვლილი მიუძღვის.
- ზოგი აქეთ იყო, ზოგი - იქით. სამოქალაქო ომში ზოგს რუსი ეხმარებოდა, ზოგს - ჩეჩენი, ზოგს - აფხაზი... უბედურება და საშინელება იყო, მერე?! შორენა თეთრუაშვილი რა შუაშია?.. არ გინდათ რაღაც რუსული კვალის ძებნა. ამ ლოგიკით, ზვიად გამსახურდია საერთოდ, რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა - გროზნოში.
- ისტორიულად, ჩეჩნეთი რუსეთის ტერიტორია არაა!
- აბა, ვისი ტერიტორიაა?
- ვალერი ბატონო, ჩეჩნეთი სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც, საქართველოსი არ იყოს, რუსეთს აქვს ანექსირებული!
- სხვათა შორის, ამ მოვლენების მერე, ძალიან ბევრი „ზვიადისტი“ მოსკოვში წავიდა. ბევრი ისევ აქაა და ბიზნესიც აქვს... ისე, მეუფე პეტრემ როლანდ ახალაია პატრიარქს წარუდგინა და უმაღლესი სასულიერო ორდენით დააჯილდოებინა! მეუფე პეტრე პოლიტიკაში ძალიან გადავიდა, თუმცა პოლიტიკაში აქამდეც იყო - სასულიერო პირის სასულიერო პირობა მაშინაა დამთავრებული, როცა კელიაში პრეზიდენტისა და მის ცოლის სურათებს დაიკიდებს!
მარაზმია, ლიბერალები ეკლესიას რომ გულშემატკივრობენ და ამაზე ერთი ამბავი მახსენდება: ერთხელ, უშიშროების საბჭოს სხდომას, კახა თარგამაძის ნაცვლად, მისი მოადგილე, ჯიმი მიქელაძე ესწრებოდა. შევარდნაძე დაყოვნდა და ვიდრე სხდომა დაიწყებოდა, ბატონი ჯიმი შევარდნაძის სავარძელში ჩაჯდა. ხომ წარმოგიდგენიათ, სხვები რა სახეებს მიიღებდნენ? ჰოდა, ბატონმა ჯიმიმ მათ უთხრა, ერთი, აქედან დაგანახათ, რას ჰგავხართო. ლიბერალები ეკლესიას რომ იცავენ, ერთი, რუსეთიდან დაანახათ, რას ჰგვანან - „ციანდის საქმე“ მთლიანად რუსეთს დაუკავშირეს და ლამის იქამდეც მივიდნენ, მენდელეევმა ტაბულა რომ შექმნა. ხალხო, ყველაფრის რუსეთთან დაკავშირება ავადმყოფობაა! ეკლესიაში მიმდინარე პროცესებთან რუსეთს კავშირი ნამდვილად არ აქვს, თუმცა მომხდარი რუსეთმა ან რუსეთის ეკლესიამ შეიძლება, სათავისოდ გამოიყენოს, მაგრამ ეს სხვა პროცესი იქნება.
- ვალერი, 1991-92 წლების მოვლენებში ანუ სამოქალაქო ომში რუსული სპეცსამსახურები არ მონაწილეობდნენ?
- რა თქმა უნდა, მონაწილეობდნენ, თუმცა მაშინდელ რუსულ სპეცსამსახურებში ერთიანობა არ არსებობდა.
- დღეს რუსულ სპეცსამსახურებში ერთიანობაა?
- შედარებით - კი...
- რუსული სპეცსამსახურის თანამშრომელი ხართ?
- არ ვარ!
- ჰოდა, რა იცით, რუსულ სპეცსამსახურებს ქართულ ეკლესიასთან ეგებ, ფარული კავშირები აქვს?
- დასკვნას გარკვეულ პროფესიულ გამოცდილებასა და ურთიერთობაზე დაყრდნობით ვაკეთებ.
- მარტივად მითხარით, თქვენი დასკვნით, ქართულ ეკლესიაში რა ხდება?
- ესაა ბრძოლა პატრიარქობისთვის!
- ესე იგი, „ციანიდის სკანდალიც“ ამიტომ აგორდა?
- ვაიმე... ისეთ კითხვებს მისვამთ, რომ...
- როგორს?
- დადგენა უნდა, ამ ფაქტს ადგილი მართლა ჰქონდა თუ არა.
თანამოსაუბრეს სიტყვა ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა. ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი და ჩავეკითხე, ალბათ, კრემლიდან დაგირეკეს-მეთქი. ჩაილაპარაკა, კრემლიდან ასე რომ მირეკავდნენო...
- ჰო, მართლა, ბატონო ვალერი: თბილისის თავზე ჯერ რუსეთის დროშა არ ფრიალებს!
- ვანო, თქვენ რომ ცინიზმი და იქედნურობა იცით, ასი იმდენი მე ვიცი და ვერ მაჯობებთ!
- გაიხსენეთ, მიჯობნია!
- რაღაცის საშუალება მოგეცით და ნუ გაიხარებთ!
- მეც რაღაცების საშუალებას გაძლევთ...
- ახლა, ეს რა თქმა იყო, თბილისის თავზე რუსეთის დროშა არ ფრიალებსო?
- უბრალოდ, 25 თებერვალზე გამახსენდა...
- 25 თებერვალთან რა შუაში ვარ? 25 თებერვლის შემოქმედები და მათი შთამომავლები თქვენს გარშემო ტრიალებენ, 25 თებერვალს აგინებენ და ხალხს ტვინს ულაყებენ, ესაა ამორალობა, თორემ ჩემი წინაპრები რევოლუციაში არ მონაწილეობდნენ... ძალიან გთხოვთ, ნუ მასწავლით, ვისმა მშობლებმა დაღვარეს იუნკრების სისხლი.
- უკაცრავად, რატომ ბრაზობთ?
- ვანო, დედათქვენი და მამათქვენი რომელ მხარეს იყვნენ?
- კომპარტიის წევრები არ ყოფილან!
- სავლეები პავლეებად ახლა გარდაიქმნენ. იუნკრების საფლავზე ყოფილი „კაგებეშნიკების“ შთამომავლები მიდიან და ცრემლებს აღვარღვარებენ და იმ ხალხისგან, ვისმა წინაპარმაც 25 თებერვალი შექმნა, 25 თებერვალზე ზნეობისა და მორალის წაკითხვას ვერ მივიღებ!