სავაჭრო ქსელები პრობლემებს ვერ უმკლავდებიან

სავაჭრო ქსელები პრობლემებს ვერ უმკლავდებიან

სავაჭრო ქსელებს ფინანსური პრობლემები აქვთ. ამ საკითხს უმეტესობა ვერ უმკლავდება და მომწოდებლებთან ანგარიშსოწრების თაობაზე პრობლემები აქვს. ამით დროის გაყვანას და კრიზისის გადაგორებას ცდილობს. ზოგიერთი სავაჭრო ობიექტი კი ამასაც ვერ ახერხებს. ამიტომ დედაქალაქის მასშტაბით სავაჭრო ქსელების დახურვის ტენდენცია შეიმჩნევა.

დისტრიბუტორი კომპანიების უმეტესობა კარგა ხანია აცხადებს, რომ მათ კონკრეტული სავაჭრო ქსელებიდან თანხების ამოღება უჭირთ. სწორედ ამიტომ ისინი შესაბამისი კანონმდებლობის შექმნის აუცილებლობაზე მიუთითებენ.

კიდევ ერთი ბიზნესი, რომელიც რითეილერებისგან ფულის ამოღების პრობლემაზე საუბრობს - კომპანია "მეგაპლასტი" ამ საკითხის კანონმდებლობით დარეგულირებას ითხოვს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ზაზა მჭედლიშვილი აცხადებს, დღეს ძალიან ჭირს მწარმოებლებისთვის თანხების ამოღება კონკრეტული სარეალიზაციო ობიექტებიდან, ამიტომ პრობლემა კანონმა უნდა მოაწესრიგოს.

"მაგალითად, ამერიკაში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც, თუ მე მაღაზიაში შევიტან ღვინოს, არ აქვს მნიშვნელობა ეს მაღაზია პროდუქციას გაყიდის 1 თვეში, 3 თვეში თუ 3 წელიწადში, ის თუ მიიღებს პროდუქციას, ვალდებულია კონკრეტული ვადის გასვლის შემთხვევაში გადამიხადოს საფასური. თუ არ იხდის, იქ უკვე ერთვება შესაბამისი უწყებები.

სამწუხარო ისაა, რომ თანხების ამოღება მარტო ჩემი პრობლემა არ არის. ძალიან ბევრ ბიზნესს აქვს ეს პრობლემა. ინდივიდუალურად ვაგვარებთ ამ ყველაფერს, მაგრამ ეს არის ადამიანურ ურთიერთობებზე დამყარებული და ეს რომ კანონით რეგულირდებოდეს, უფრო პროგნოზირებადი იქნებოდა ჩვენი ბიზნესი, შემოსავლები-გასავლები და ა.შ.", - განუცხადა "ბიზნესკონტრაქტს" ზაზა მჭედლიშვილმა.

პარალელურად პრომლემა არის ის, რომ სავაჭრო ქსელები თანდათან იხურება. "ფურშეტის" შემდეგ, უქმდება გლდანის "სმარტი". პრობლემა აქვს მოზრდილ სუპერმარკეტებს. ყველა მათგანს დისტრიბუტორებთან თანხის გადასხის პრობლემა აქვს. მცირე და საშუალო ზომის მაღაზიების ლიკვიდაციის შემდეგ, სწორედ მათი დახურვა დადგა დღის წესრიგში.

საქართველოში დაახლოებით 15 უმსხვილესი სავაჭრო ქსელი მოქმედებს. გარდა ამისა, უამრავია მცირე და საშუალო მაღაზიები და ბაზრობები, სადაც თითქმის ყველაფრის შეძენა შეიძლება.  3,7-მილიონიანი ქვეყანისთვის ამ რაოდენობით სავაჭრო ობიექტები აშკარად ზედმეტია, ამიტომაც ხშირია ლიკვიდაციის შემთხვევები.

ეკონომისტი პაატა აროშიძე ამბობმს, რომ სავაჭრო სეგმენტში თანდათან გამსხვილების ტენდენცია იკვევება. ბაზარზე უფრო ძლიერი მოთამაშე შემოდის, რომელსაც სურს საცალო ვაჭრობის მთლიანად გაკონტროლება.

"გასაგებია, რომ ხალხს ფული არ აქვს და ვერ ახერხებენ მარკეტებში პროდუქტის შეძენას, თუმცა ეს არ არის მსხვილი სავაჭრო ობიექტების დახურვის მიზეზი. მე ამას, პირველ რიგში, მონოპოლიების გაძლიერებას დავუკავშირებდი. მძლავრი სავაჭრო ცენტრები შთანთქავენ უფრო ნაკლებად მძლავრ სუპერმარკეტებს.  შესაძლოა, ბაზარზე უფრო ძლიერი მოთამაშე შემოდის ან უკვე შემოსულია, რომელსაც სურს საცალო ვაჭრობის მთლიანად გაკონტროლება", - აცხადებს აროშიძე.