"გავიხედე და იავარქმნილი სოფლის ქუჩაში ჩემი პატრიარქი მოდიოდა"

2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როდესაც გორის რაიონის სოფლებში ჯერ კიდევ ოკუპანტები იდგნენ, ნიქოზის ეპარქიის სულიერმა წინამძღვარმა, მეუფე ესაიამ 75 წლის ლეილა და  80 წლის კოლია კანდელაკებს ჯვარი დასწერა. მოხუცებმა ჯვრისწერა მანამ ვერ მოახერხეს, სანამ განსაცდელი არ მოადგათ კარს. ლეილა ბებო არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართლოსის" წევრებმა გამაცნეს. მოხუცმა - რომ არა ომი, მე და ჩემი ქმარი კიდევ უფრო მხნედ ვიქნებოდით, შიშმა გაგვტეხაო, - მითხრა.

11 აგვისტოს სოფელს მტერი მიადგა. ხმაური რომ შემოესმათ, აკანკალდნენ მოხუცები. ლეილა ქმარს შეევედრა, დავიმალოთო, მაგრამ ვერ იმარჯვა ბერიკაცმა. ქალი კი სარდაფში ჩავიდა. პურის ფქვილით სავსე ამბარში დაიმალა. ამ დროს კოლიას  30-მდე შეიარაღებული ბოევიკი წამოადგა თავს და ტყვედ წაიყვანეს...

"არ მახსოვს, რამდენი ხანი ვიჯექი იმ ამბარში. ველოდებოდი, რომ  სახლს ცეცხლს წაუკიდებდნენ და  ცოცხლად ამოვიწვებოდი. დრო გადიოდა და ჩამიჩუმი რომ არ ისმოდა, სამალავიდან ამოსვლა გავბედე. კოლია აღარ დამხვდა. საძებრად გავედი, თუმცა, არც ვიცოდი, სად უნდა მეძებნა. ქუჩაში მონაზვნები შემხვდნენ. მომეფერნენ შიშისგან ძალაგამოცლილს. ვთხოვე, რაღაც მაჭამეთ, თორემ გული მიმდის-მეთქი. შინ დამაბრუნეს, დამაპურეს კიდეც და მთხოვეს, ქუჩაში არ გამოვსულიყავი. კოლიას   ლოდინში ორი დღე გავიდა. 13 აგვისტოს ქუჩიდან ხმაური შემომესმა, გარეთ გავიხედე და გავშეშდი - წვერმოშვებულ, გაბურძგნილ, კბილებამდე შეიარაღებულ, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ უცხო მეომრებს (მათ შორის ოსი მაროდიორებიც იყვნენ) სოფლის მოსახლეობა შეეკრიბათ და  დახურულძარიან ავტომობილში ყრიდნენ. 

უცებ საიდანღაც "ვილისი" მოვარდა, ვიღაც ოფიცერი გადმოხტა და მაროდიორებს უბრძანა, გაეთავისუფლებინათ დატყვევებულები. ოფიცერი მალიმალ იწმენდდა სახეზე ღვარად მომსკდარ ოფლს და ყვიროდა, სად მიგყავთ, ციხე სავსეა, დაახლოებით 150 კაცია დატყვევებულიო. ციხეს გადარჩენილები სოფლის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეყარეს და ბოევიკები მიუჩინეს. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემი ქმარიც მათ შორის ყოფილა.

15 აგვისტოს  ოთახის კედელზე წავაწერე თარიღი და ტექსტი: "ცოცხლები ვართ", თუ შვილები დაბრუნდებოდნენ, უცილობლად ნახავდნენ და ძებნას დაგვიწყებდნენ. შინ ყოფნას რაღა აზრი ჰქონდა და გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი, იქნებ ვინმე სულიერი მენახა და რაიმე შემეტყო. ჭიშკარს გავცდი თუ არა, დავმუნჯდი, პატრიარქი ჩემ წინ იდგა. თურმე მიცვალებულები უნდა წაეყვანათ. მივედი, ჩავეხუტე და ტირილი დავიწყე. მასთან ერთად იყო ჩვენი მეუფე ესაიაც და ვიღაც რუსი გენერალი. დავიწყე ტირილი, რომ ქმარი მყავდა დაკარგული და მისი ამბავი არ ვიცოდი. თანასოფლელმა ბიჭმა დამამშვიდა, ნუ გეშინია, კოლია ცოცხალია და  სოფელში ერთ სახლში ჰყავთ სხვებთან ერთად გამომწყვდეული, მაგრამ დაცვა ახლოს არ მიგიშვებსო. მაინც  წავედი. ჯარისკაცმა მკაცრად მკითხა, აქ რა გინდაო? რუსული ვიცი და ვთხოვე, ჩემი ქმარი გყავთ დატყვევებული და შემახვედრეთ-მეთქი. ნუ სცემთ, მოხუცია, ნუ მომიკლავთ-მეთქი. ნუ გეშინია, მოკვლის "პრიკაზი" არ გვაქვსო... მერე ჯარისკაცებს ბიჭი გამოეყო და ხელით მანიშნა, ბაბუშკა, გასცილდი აქაურობასო და მიმანიშნა ქუჩისკენ, იქით წადიო. ვთხოვე,  სოფლის ბოლოში შვილიშვილის სახლს დავხედავ-მეთქი. კარგი, მაგრამ მეც გამოგყვებიო.

მივაღწიეთ სახლამდე... უვნებლად გადარჩენილიყო... იმ ბიჭმა ეზო მოათვალიერა... ბოსელში შეიხედა, რამდენიმე დღის მშიერი ძროხები საწყლად ეყარნენ. ჯარისკაცი სათივეში შევიდა, დაავლო ხელი თივის„"ტუკს" და ძროხებს დაუყარა. შემდეგ სათლებით წყალი მიუტანა. პატარა ბიჭი იყო, კეთილი. ისე იქცეოდა, რომ მისი ავტომატისაც აღარ მეშინოდა. ნიკოლოზი მქვია, ინგუში ვარ, როცა დაგჭირდე, დამიძახე და დაგეხმარებიო.  მასთან ერთად თამამად დავდიოდი შვილიშვილის სახლის დასახედად. ყოველდღე ერთი და იგივე მეორდებოდა - მე ეზოში ჩამოვჯდებოდი, ის კი ბოსელში შევიდოდა და ძროხებს უვლიდა. ერთ დღესაც უკან გზად მომავალთ ჩვენი სოფლელი ბიჭები შეგვხვდნენ. გააჩერა, საბუთები მოსთხოვა და რომ არ ჰქონდათ, დაჭერა დაუპირა. ვთხოვე, ჩვენი სოფლელები არიან და როგორც დედას, მე მაჩუქე მაგათი თავისუფლება-მეთქი. ასეც მოიქცა.ბაბუშკას ხათრით გაგიშვებთ, მაგრამ ტრასაზე არ წახვიდეთ, ბაღებზე გაიარეთ, რომ სხვამაც არ გაგაჩეროთო. 

ერთ დღესაც ოსი მაროდიორები მოგვადგნენ და მთელი სოფლის ნახირის წაყვანა დააპირეს. მეუფე ესაია დაედევნა და წინ გადაუდგა. არ დაანება ავკაცობა ყაჩაღებს. ერთმა მეუფეს ავტომატი მიუშვირა. მორჩილი გიორგი აეფარა წინამძღვარს. მე და ჩემი ინგუში ნიკოლოზი შევესწარით ამ ამბავს. გამოეკიდა ბეტეერით, წაართვა საქონელი და ხალხს დაუბრუნა... ისე წავიდა, გამომშვიდობებაც ვერ მოვასწარი."

22 აგვისტოს, სტიქაროსნის რჩევით,  მოხუცებმა ჯვარი დაიწერეს. ჯერ დაუმორცხვებია ლეილას, ჩვენს ასაკში რაღა დროს ჯვრისწერაა, კოლიას ვერ დავიყოლიებო, მაგრამ იმ ამბავმა, რომ ჯვარს მეუფე დასწერდათ, სიხარულით აავსო მოხუცები და მორჩილად წარდგნენ საკურთხეველთან. იმის გამო, რომ ჯერ კიდევ კომენდანტის საათი იყო, ჯვრისწერა სანთლის შუქზე ჩატარდა. მერე სუფრაც გაშლილა. ვისაც რა შემორჩენოდა ოჯახში, ახალჯვარდაწერილებთან მოჰქონდა. ჭიქა ღვინით აუვსიათ იქაურებს, ღვთის სადიდებელი აღუვლენიათ, ქვეყნის გადარჩენას შეჰვედრებიან უფალს...