„ზვიად გამსახურდიამ საპატრიარქოში ერთ-ერთი დიდი საეკლესიო შეთქმულება ჩაშალა!“

„ზვიად გამსახურდიამ საპატრიარქოში ერთ-ერთი დიდი საეკლესიო შეთქმულება ჩაშალა!“

თემურ ქორიძე საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და კათალიკოს-პატრიარქის ურთიერთობის სკანდალურ ფაქტებს იხსენებს

,,ციანიდის სკანდალის'' შემდეგ, აქტუალური გახდა ეკლესიისა და ხელისუფლების, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხი. ავბედითი კომუნისტური რეჟიმის 70-წლიანი მმართველობისას ეკლესიაზე არსებული კონტროლი აშკარა იყო. ბუნებრივია, 1990 წლის 28 ოქტომბერს, ხელისუფლებაში მოსულ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს იმის ილუზია არც ჰქონიათ, რომ საპატრიარქოში ჩანერგილ საბჭოთა თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტურას უფლის სასწაულითა და ლოცვებით განდევნიდნენ დედაეკლესიიდან. თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ, რომ კვლავ ,,გრუს'', ,,კაგებესა'' და ,,ციანიდით მკვლელობებზე'' ვისაუბრებდით, ამასაც ვერავინ წარმოიდგენდა. 
სკანდალის მთავარი ,,მსხვერპლის'' - შორენა თეთრუაშვილის ოპონენტი მეუფე პეტრე აცხადებს, რომ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, რა მკვლელობის ბრალდებით აღმოჩნდა მდივან-რეფერენტი 1981 წელს საპატრიარქოში, როგორ მოიპოვა ასეთი ძალაუფლება მაშინ, როდესაც დღემდე გამოუძიებელია ზვიად გამსახურდიას გაუგებარ მდგომარეობაში მკვლელობა და რომლის დამხობაშიც ლომის წილი მიუძღვით იმ ძალებს, რომელთა წარმომადგენელიც არისრუხი კარდინალი“. 
,,ვერსია'' საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატს, კულტურის, მეცნიერებისა და განათლებისა კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარეს, ბატონ თემურ ქორიძეს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ზვიად გამსახურდიას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან და, ზოგადად, საქართველოს საპატრიარქოსთან.
- ვფიქრობ, იმის გახსენება, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ზვიად გამსახურდიას პატრიარქსა და საპატრიარქოსთან, დღეს აუცილებელია. დადგა დრო, გავფანტოთ ამ ურთიერთობებთან დაკავშირებული ბევრი ჭორი და მითქმა-მოთქმა. ზვიადთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. ის გულწრფელი აღმსარებელი და მლოცველი გახლდათ და ხშირად მინახავს, როგორ მორჩილად და ბავშვური სათნოებით მდგარა პატრიარქის წინაშე. სხვათა შორის, სწორედ მან დაიწყო ეკლესიისთვის გარკვეული ქონების გადაცემის პროცესი, რითაც თავადაც აღტაცებული იყო. 
- ეს ცნობილი ფაქტია, თუმცა ზოგადად, ეკლესიისთვის ქონების გადაცემა, დაფინანსება, დღეს საპატრიარქოზე გავლენის მოპოვების ერთ-ერთ საშუალებად მიიჩნევა. ამ გადაწყვეტილების მიღებისას, პრეზიდენტს რა განზრახვა ჰქონდა? 
- რთულ პერიოდში მოგვიხდა ხელისუფლებაში ყოფნა. არაერთი ფრონტი იყო გახსნილი ჩვენს წინააღმდეგ. მემკვიდრეობაც რთული გვერგო. ბევრ ადგილას, ეკლესია-მონასტრები გადაკეთებული იყო აბანოებად, თავლებად და საწყობებად... მახსოვს, პირველად ნაძალადევში მივედით, სადაც ეკლესიის ადგილას იმხანად აბანო იყო. ზვიადმა წაგვიყვანა, პატრიარქიც მობრძანდა. მას არ უთხოვია პრეზიდენტისთვის ქონების დაბრუნება, თუმცა ზვიადს გულწრფელად სწამდა, რომ რაც ეკლესიას ეკუთვნოდა, უნდა დაბრუნებოდა მას. ეს არ იყო გავლენის მოსაპოვებლად გადადგმული ნაბიჯი და არც პატრიარქს შეჰკადრებდა მსგავს რამეს. იმდროინდელი ვერც ერთი მღვდელთმთავარი ვერ იტყვის, რომ ხელისუფლებისგან სანაცვლოდ რაიმე შეთავაზება ჰქონდა. 
როცა უზენაეს საბჭოში მივედით, ყველას მოგვიჩინეს მოძღვრები, მოგვამზადეს, რომ აღსარება გვეთქვა და ზიარება მიგვეღო. ეს იყო ხელისუფლებისა და ეკლესიის ჯანსაღი ურთიერთობა. ამის დასტური კი გახლავთ უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ახალციხის პრეფექტად მამა თევდორე დაინიშნა. 
ურთიერთობა მოგვიანებით შეიცვალა. გავლენის მოპოვებაც შემდეგი პერიოდის პროცესია. თავს უფლებას ვერ მივცემ, ამასთან დაკავშირებით ზედმეტი ვთქვა, მაგრამ ერთ დამახასიათებელ ფაქტს გეტყვით და მკითხველმა განაზოგადოს - პირველ უზენაეს საბჭოში იყო 2 სასულიერო პირი. ერთი ,,მრგვალი მაგიდიდან'' არჩეული დეპუტატი, მეორე კი - კომუნისტური პარტიიდან. წარმოიდგინეთ, რა პარადოქსების ქვეყანაა - მღვდელი იყო თანახმა, გამხდარიყო ათეისტური კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი უზენაეს საბჭოში. 
- ეს პარადოქსი იყო საკმარისი საფუძველი, გამსახურდიას ,,წითელი სამღვდელოების'' პერიოდგამოვლილ მღვდლებშიც ეძებნა ,,სუკის აგენტები''? 
- არ მინდა, ეს საკითხი განვავრცო... დასკვნა მკითხველმა გამოიტანოს. მხოლოდ იმას ვიტყვი, ჭორია, თითქოს გამსახურდია მღვდლების ნაწილს ,,სუკის აგენტებად'' მოიხსენიებდა. ის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ამ საკითხს და მეტიც, სწორედ ზვიად გამსახურდიამ ჩაშალა საპატრიარქოში ერთ-ერთი შეთქმულება. 
- კონკრეტულად, რომელ შეთქმულებას გულისხმობთ? 
- სამწუხაროდ, ამ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე არავინ ლაპარაკობს, არადა დაბეჯითებით გეტყვით: 
რომ არა ზვიად გამსახურდია, ჩვენი ძვირფასი ილია მეორე პატრიარქი ვერ გახდებოდა. ზვიად გამსახურდიამ პირდაპირ გაუკაფა გზა მას პატრიარქობისკენ. ამ საკითხებზე გამსახურდია ჯერ კიდევ დისიდენტობისას, გამოცემაში ,,ბედი ქართლისა'' წერდა. ერთი ნომერი კი მთლიანად ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს მიუძღვნა. ნამდვილი ქარიშხალი დაატრიალა მაშინ ამ გამოცემამ არა მარტო საქართველოში, არამედ ემიგრაციაშიც. ზვიადმა მაშინ ამხილა დიდი შეთქმულება, რომელიც მზადდებოდა და ჩაშალა. ილია მეორე მაშინ სასულიერო სემინარიის რექტორი იყო. ზვიადმა დაბეჭდა ინფორმაცია, რომ პატრიარქობის ყველაზე გამოკვეთილი კანდიდატი ერთ-ერთი მიტროპოლიტი იყო, რომელიც ილია II-ს დევნიდა. პატრიარქობისთვის ბრძოლა იყო გამართული - პატრიარქ დავით მეხუთის მოწამვლა სცადეს. საბედნიეროდ, მაშინ უწმინდესი გადარჩა, მხილებული მიტროპოლიტი კი 15 წელი იჯდა ციხეში. ასე გაუკვალა გზა ზვიადმა ილია მეორეს. 
- ალბათ, პირადად თქვენთან უსაუბრია გამსახურდიას, არჩევანი ილია II-ის სასარგებლოდ რატომ გააკეთა. 
- დიახ, ზვიადი ჯანსაღად აფასებდა პროცესებს. აღფრთოვანებული იყო ილია მეორის საგანმანათლებლო საქმიანობით. გულწრფელად გეუბნებით - არასოდეს, არც მანამდე და არც ხელისუფლებაში ყოფნისას, ზვიადისგან არ გამიგონია ერთი აუგი პატრიარქის მიმართ. საკმაოდ ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ. 
- ზვიად გამსახურდიას იმაზე თუ უსაუბრია თქვენთან, რომ გავრცელებული ინფორმაციით, კონსტანტინე გამსახურდია მას პატრიარქობისთვის ამზადებდა? 
- თავის დროზე, მელორ სტურუამ დაწერა წერილი ,,ზვიად გამსახურდიას ტრიუმფი და ტრაგედია'', რომელსაც სწორედ იმის მოყოლით იწყებს, მამასთან სტუმრად მოვიდა კონსტანტინე გამსახურდია პატარა ზვიადთან ერთად და კონსტანტინემ თქვა, ზვიადი მომავალში კათალიკოს-პატრიარქი უნდა გახდეს, თქვენც უნდა შეუწყოთ ხელიო. სტურუა ნახევრადხუმრობით წერდა, როგორც ჩანს, დაავიწყდა კონსტანტინეს, ასეთ საქმეებში ხელისუფლება რომ არ ერეოდაო. აზრში, რომ გამსახურდიას სურდა, შვილი საეკლესიო მოღვაწე გამხდარიყო, მკრეხელური არაფერია, პირიქით, ეს მის სულიერ სიდიადეზე მეტყველებს. თუმცა, ამის შესახებ არანაირი წერილობითი დოკუმენტი არ გვაქვს და არც თავად ზვიადს უსაუბრია ჩვენთან ამის შესახებ. არ ვიცი, ეს განზრახვა და სურვილი არსებობდა თუ არა, მაგრამ ვიცი, 
ზვიადი ყოველდღიური მლოცველი იყო სიონში. გულწრფელად მორწმუნე პრეზიდენტი ამის აფიშირებას არასოდეს ახდენდა. ეკლესიასთან საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა და ტაძარში ჟურნალისტებისა და კამერების თანდასწრებითაც არასოდეს შედიოდა. არ არსებობს არც ერთი ფოტო, ზვიადი ეკლესიაში წინა პლანზე მდგარიყო; პირიქით, ყოველთვის მოფარებულ ადგილას ლოცულობდა. ძალიან კარგად მახსოვს, უზენაეს საბჭოში ვიყავით უკვე, ოპონენტებთან პირველი დიდი შეიარაღებული შეტაკება რომ ავიცილეთ თავიდან, ზვიადმა მითხრა, მამადავითზე ფეხით ავიდეთო. ავედით. უცებ, დავკარგე მხედველობიდან პრეზიდენტი. მიმოვიხედე და ერთ ჩაბნელებულ კუთხეში, მუხლმოყრილი ზვიადი დავინახე, ცრემლმორეული ლოცულობდა... ეს იყო გულწრფელი, უცხო თვალისგან განრიდებული, საკუთარ თავსა და ღმერთთან განმარტოებული ზვიად გამსახურდია. 
- გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რა ხდებოდა მაშინ საპატრიარქოში, თუ იყო ისეთივე დაპირისპირება, როგორიც დღესაა და რა ინფორმაცია გაქვთ შორენა თეთრუაშვილზე, რომელიც იმავე ძალებთან დააკავშირა მეუფე პეტრემ, ვინც ებრძოდა პირველ პრეზიდენტს? 
- შორენა თეთრუაშვილი უნივერსიტეტიდან მახსოვს. ის ამბავიც მსმენია, ექსკურსიაზე რომ იყვნენ და მანქანამ გაიტანა ნაზი ზვიადაური. თუმცა დღეს ასეთი ბრალდებების წამოყენება როგორ შეიძლება, მით უმეტეს, მღვდელმთავრისგან?! შორენა თეთრუაშვილი სულ იყო ეკლესიაში, მაგრამ მასთან შეხება არ მქონია... 
ეს დღეები სულ მახსენდება ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე მიხაკო წერეთლის მიერ წარმოთქმული შთამბეჭდავი სიტყვა: ,,თურმე სულ ტყუილი ყოფილა ჩვენი იმედი, რომ ცოტათი მაინც წინ წავედით მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, სწორედ ისეთი კაცების წყალობით, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძე. სულ ტყუილი ყოფილა ჩვენი ზნეობრივი პროგრესი. თურმე კიდევ უფრო დაცემულ ვართ''. 
დასკვნა გავაკეთოთ: წავედით კი წინ, თუ კიდევ უფრო დაცემულ ვართ? რაზე მეტყველებს დღევანდელი პროცესები? ყურს მძიმედ ხვდება, მაგრამ ზოგი ჩვენი სასულიერო მოღვაწე ჭეშმარიტებას ღაღადებს და ერთ-ერთმა თქვა, სადაც დაპირისპირებაა, სადაც შუღლია, სადაც განხეთქილებაა, იქ ღმერთი არ არისო. დღეს სად არის დაპირისპირება და არის კი იქ ღმერთი? ეს ტრაგედიაა და მასზე დაფიქრება და კათარზისი გვმართებს. 
- თქვენი შეფასებით, ეს შიდა დაპირისპირებაა თუ გარედან, რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ მართული? 
- რასაკვირველია, ავანტიურისტი პოლიტიკოსები ხელს ითბობენ. სიბრალულის გრძნობა მიჩნდება მთავარი პროკურორის მიმართ. მან ან ვერ გაიგო რაღაც, ან დღემდე ატყუებს საზოგადოებას. კეთილსინდისიერი, პროფესიონალი იურისტი, მის ადგილას გადადგებოდა. გაუგებარია მაღალი თანამდებობის პირების ზედმეტი ეგზალტირებით საუბარი... თუმცა ახლომხედველ პოლიტიკოსთა თვალსაზრისით, მათ ოქროს თევზი ჩაუვარდათ ხელში, საიდანაც პოლიტიკური სარგებელი შეიძლება ნახონ, ქულები დაიწერონ, უფრო მზრუნველად წარმოაჩინონ თავი, პატრიარქზე მეტად ერთგულ მართლმადიდებლად დასახონ თავიანთი მოღვაწეობა. დიახ, რაც დღეს ხდება, ჩვენი საზოგადოების კრიზისია, რომელიც ათეული წლებია მწიფდება. 
ჩვენ თავი მოგვწონდა, რომ ავაშენეთ ამდენი ეკლესია-მონასტერი, მაგრამ დაგვავიწყდა, რომ ამაზე მნიშვნელოვანია ეკლესიის კართან მდგომი ერთი მათხოვარი, რომელსაც ხელი არ გავუმართეთ... ჩვენ დაგვავიწყდა ადამიანი, მრევლი და ბიბლიური მცნებები. ძალიან იოლია, ვიკეკლუცოთ უფლის სიყვარულით. არადა, ამდენი ხანია ეს ამბები ტრიალებს და იესო ჯერ არავის უხსენებია, ქრისტეზე არავის უსაუბრია... დიახ, მართლაც არ არის დღეს ჩვენთან უფალი და არც ჩვენ ვართ მასთან მიახლოებული რწმენით. ზედმეტად თავდაჯერებულები გავხდით. ფარისევლობა ჭეშმარიტ რწმენად მივიჩნიეთ და გადავწყვიტეთ, რომ იესოს მარჯვნივ უკვე დავიკავეთ ადგილი. თუმცა დაგვავიწყდა, რომ ჭეშმარიტი რწმენა სიტყვით კი არა საქმით გამოიხატება. დიახ, ჩვენი კრიზისი გაცილებით ღრმაა, ვიდრე ჩვეულებრივი სასახლის ინტრიგა, პოლიტიკური თამაშები და ის დღეს თუ გუშინ არ დაწყებულა. ეს იმის ბრალიცაა, რომ წარსულიდანაც ბევრი რამ არ გავიაზრეთ. ყურადღება არ გვინდა მივაქციოთ მტკივნეულ საკითხებს. არ გვინდა, გვეტკინოს. გვეშინია. 
- დღეს ხომ იძულებულნი ვართ, მტკივნეულ საკითხებს თვალი გავუსწოროთ... 
- დიახ. საწამლავიანი ადამიანი, უაზროდ შეშფოთებული მთავრობა და ბილწსიტყვაობით დაკავებული მღვდელმთავრები - ეს არის დღევანდელი კოშმარული სურათი, რომელიც იმის მანიშნებელია, რომ დადგა განწმენდისა და ჭეშმარიტ გზაზე დადგომის დრო! გულწრფელი რწმენით მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი დაიძლევა, რაკი ასე მტკივნეულად განვიცადეთ, რაკი ჩავხედეთ თვალებში საკუთარ თავს, ჩვენ სულიერ სიცარიელეს, რაკი გარშემო მიმოვიხედეთ და უკვე სხვა თვალით ვუყურებთ ყველაფერს, გამოსავალი უთუოდ იქნება. არ გვაქვს უფლება, უნუგეშობას მივეცეთ. ასე მიტოვებულებიც არ ვართ!