სემეკი და გაზგამანაწილებელი კომპანიები ბუნებრივი აირის ტარიფის გასაზრდელად ნიადაგს ამზადებენ. გაზი, სავარაუდოდ, ზაფხულში გაძვირდება. მანამდე კი სემეკი კომპანიების სატარიფო განაცხადს შეისწავლის.
ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრის გოჩა შონიას თქმით, ჯერჯერობით სემეკ-ს სატარიფო განაცხადით მხოლოდ ორმა კომპანიამ "სოკარ ჯორჯია გაზმა" და "საქორგგაზმა" მიმართეს.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა და ამ სექტორში ძალიან დიდი ინვესტიციები განხორციელდა. შესაბამისად გარკვეულწილად შეიცვალა თამაშის წესები, რეგულაციებიც და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საჭიროებს, რომ მოხდეს ტარიფების გადახედვა. ტარიფების ზრდას რაც შეეხება, ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ეს არ არის გარდაუვალი აუცილებლობა. ტარიფში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა მდგენელი, ზოგი ზრდის ტარიფის განაკვეთს, ზოგი, პირიქით, ამცირებს, ამიტომაც კომისია ყოველთვის თავს იკავებს ვარაუდებისაგან. სხვა მრავალ კომპონენტთან ერთად ორი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვალუტის კურსის ცვლილება და კომპანიის მიერ განხორცილებეული ინვესტიციები“, - აღნიშნა გოჩა შონიამ.
მისი თქმით, ტარიფებმა კომპანიებს იმის საშუალება უნდა მისცეს, რომ მათ სრულფასოვანი მუშაობა მოახეხონ.
„ვგეგმავთ რეალურად დავადგინოთ ის სწორი ტარიფები, რომელსაც ჩვენი სატარიფო მეთოდოლოგია ითვალისწინებს.. ტარიფების დადგენას აქვს თავისი პროცედურები. წინასწარ ძნელია იმის თქმა, რა დრო დაგვჭირდება, რადგანაც ეს დამოკიდებულია თუ რამდენად კარგად არის დოკუმენტაცია წარმოდგენლი. რა თქმა უნდა, როცა კომისიაში სატარიფო განაცხადი შემოდის, ახალი ტარიფი გარდაუვალია", - განაცხადა შონიამ გადაცემა "360 გრადუსში".
"სოკარ ჯორჯია გაზის" გენერალური დირექტორი, აზერ მამედოვი იმედოვნებს, რომ კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები ბუნებრივი აირის განაწილების ტარიფზე აისახება. სემეკის მიერ 2014 წელს დადგენილი მეთოდოლოგია, ტარიფების ყოველწლიურად გადათვლას ითვალისწინებს და შესაბამისად, "სოკარ გაზმაც" მარეგულირებელს განაცხადით მიმართა.
"სამომხმარებლო ტარიფი ორი კომპონენტისგან შედგება - თავად ბუნებრივი აირის ღირებულება და განაწილების ტარიფი. განაცხადი შესულია განაწილების სეგმენტზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი არ გაჭიანურდება. მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ კომისიასთან და საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ. მჯერა, რომ საბოლოოდ კარგ შედეგს მივიღებთ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიამ კონსოლიდაციისკენ დიდი გზა გაიარა. ვიმედოვნებ, მალე ჩვენ საქართველოში უნიფიცირებული ტარიფი გვექნება", - განაცხადა მამედოვმა.
რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ბუნებრივი გაზის ტარიფებზე ლარის გაუფასურების ფაქტორს, ამის შესახებ კითხვას საპასუხოდ მამედოვმა განმარტა, რომ "ბუნებრივი გაზის შეძენა დოლარში ხდება, გადასახადები კი ლარშია დაფიქსირებული".
ენერგეტიკოსი გია არაბიძე აღნიშნავს, რომ სემეკ-ს ძალიან სერიოზული მუშაობა მოუწევს, რომ დადგინდეს ის ობიექტური ტარიფი, რომელიც ენერგოკომპანიებს მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემს, ხოლო მოსახლეობას იმის საშუალებას, რომ მიიღოს და შეისყიდოს ის პროდუქტი, რომელსაც ენერგოკომპანიები სთავაზობენ.
"მკვეთრად შეიცვალა ლარისა და დოლარის ურთიერთობა. ეს დამოკიდებულება თითქმის გაორმაგდა, ამასთან ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ "სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ განხორციელებულ ინვესტიცებს, ამიტომ ამ ორი მთავარი კომპონენტიდან გამომდინარე, ვგრძნობდით, რომ ადრე თუ გვიან ეს ორგანიზაცია აუცილებლად დასვამდა სემეკის წინაშე ტარიფების გადახედვის საკითხს“, - აღნიშნა გია არაბიძემ.