ბრუნდება თუ არა რუსთაველის თეატრში, როგორ აფასებს პოლიტიკურ პროცესებს და რას ეკითხება ქუჩაში ხალხი „ოცნების“ მაჟორიტარს
კერძო პირთან საქმე არ აქვს, საზოგადო ჭირზე საუბრობს, თუმცა ვერც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უვლის გვერდს და ვერც რუსთაველის თეატრიდან მისი წამოსვლის საკითხს უკეთებს იგნორირებას, თუმცა დასძენს - ამ ქონდრისკაცურ, ბოღმიან გადაწყვეტილებაზე საუბარი არც კი ღირსო. გლობალურ თემებსაც ეხება და ადამიანთა სულმდაბლობის გამოვლინებებსაც; მართალია, ზაზა პაპუაშვილი დღეს ,,ქართული თეატრის ტერიტორიაზე აღარაა'', მაგრამ პოლიტიკური სცენიდან ნამდვილ სცენაზე დაბრუნებას არ გამორიცხავს, ,,ვერსიასთან'' ინტერვიუს კი ჰამლეტის ფრაზით იწყებს:
- ეს ხალხი სულ მთლად გადაირია! სამყაროში მნიშვნელოვანი ძვრები ხდება. ყველაფერი იცვლება, ცვლილებებს კი ყოველთვის მოყვება ხოლმე რეაქციები... ხალხი წერას ჰყავს აყვანილი და მალე, ალბათ პიკს მიაღწევს ეს ქედმაღლობა, განუკითხაობა.. მგონი, კაცობრიობას ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს...
- ფსიქიკურ ჯანმრთელობას გულისხმობთ, ბატონო ზაზა?
- ... ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც გარკვეული ფასეულობებით ცხოვრობენ, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ ფასეულობებს არაფერში ცვლიან - ეს ჩვენში არსებული, ჩასახული რაღაც ენერგია, სისხლი, უჯრედია, რომელიც სხვანაირად ვერ გაცხოვრებს. სხვაა უმადურობის, უღმერთობის თემა.
- და ამ ყველაფერმა თავი საქართველოში რატომ მოიყარა?
- იმიტომ, რომ ჩვენც ამ სამყაროს ნაწილი ვართ... აღარ არსებობს რკინის ფარდები და ტყუილად გვგონია, მზე არ დაგვწვავს ან სხვა უბედურება არ შეგვეხება. ჩვენი კუდაბზიკობა, უვიცობა, უსულგულობა, გულგრილობა... არ ვიცი, ამის ანალოგი დღეს სადმე თუ არსებობს. თითქოს ის ,,ხამობა'' მოიხსნა, ახალი ტექნოლოგიები შემოდის, აღარც მანქანა გვაოცებს, აღარც ტელეფონი მაგრამ მაინც უკიდურეს პროვინციულ მახეში ვართ. ეს ყველაფერი გამოწვეულია უღმერთობით - მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ბრძოლა ღმერთის წინააღმდეგ. ულტრალიბერალიზმი, გნოსტიკური მატერიალიზმი მსოფლიოში ინგრევა, ჩვენ კი აქ გვინდა რაღაცების აღორძინება... მოსახლეობამ არაფერი იცის თავისი ქვეყნის შესახებ. ეტყობა, ხშირმა დამარცხებამ და წარუმატებლობამ განაპირობა, ის, რომ გამარჯვების ილუზიის შექმნა გვინდა და ყველაფერ კრეტინობას ვარქმევთ ,,გრანდიოზულს'', ,,მასშტაბურს'', ,,პირველად საქართველოში''... ეს ხომ არასრულფასოვნების კომპლექსია!
- ფიქრობთ, უღმერთობის გამოვლინებაა ისიც, რაც საპატრიარქოს ირგვლივ ხდება?
- ჯერ უნდა გავიგოთ, რა ხდება და მერე შევაფასოთ.
აღმსარებელი კაცი ვარ და ჩემი სარწმუნოება არ მასწავლის ვიღაცის ჩაქოლვას, განადგურებას, შურისძიებას, პირიქით, ამისგან მათავისუფლებს, უფრო ბედნიერს მხდის და როცა ადამიანები, თუნდაც მოძღვრები სხვას მოუწოდებენ მორჩილებისკენ, თავმდაბლობისკენ, ზნეობისკენ, თვითონ უნდა იყვნენ ამის მაგალითი... ზოგიერთ მოძღვარს კი თვალებში სჯობია, არ ჩახედო, ისეთი მრისხანება და დაუნდობლობა მოსჩანს. არ მინდა, შავ-ბნელ ძალასთან ვიყო გაიგივებული, ჩემი სარწმუნოება ნათელზე ნათელია და ვიღაცებმა ეს ბოროტად არ უნდა გამოიყენონ. რა პროცესები მიდის საპატრიარქოში, ნამდვილად არ ვიცი, უბრალოდ, ჩვენ, მრევლს, კარგად გვესმის, თვალიც გვიჭრის, აზროვნებაც შეგვიძლია და ნუ გვაკადრებს ვიღაც ისეთ რაღაცას, რისი მოთმენაც რთული იქნება. არ უნდა დავუშვათ ეკლესიის გახლეჩა, რაც ჩვენი ქვეყნის რღვევას შეუწყობს ხელს. სურვილი არ მაქვს, შემთხვევით ანაფორასამოფარებული ,,მოღვაწეების'' გამო, ჩრდილი მიადგეს მართლაცდა პატიოსან, კეთილმსახურ მოძღვრებს!
კერძო პირთან საქმე არ მაქვს... არ მინდა, ვიყო ბნელი რეაქციონერი, სექტანტი და მარაზმში გადასული, მინდა, ყველაფერს ჯანმრთელად და რეალურად ვუყურო... ქვეყანამ თავისი გენეტიკური რიტმით უნდა იცხოვროს, ჩვენ კი ყოველთვის ვცდილობთ, ავადმყოფური მისწრაფებები და აზროვნება მოვახვიოთ. ამას რომ ვლაპარაკობ, ყურში ჩამესმის, ვინ დამცინის და რა კატეგორიის ადამიანები არიან ისინი.
- ვინ დაგცინით?
- სამშობლოზე ვერ დაგვილაპარაკია, სარწმუნოებაზე ხმამაღლა ვერაფერი გვითქვამს, რომ არ გახდეს საქილიკო... არასამთავრობოები თუ ჟურნალისტები გადაგებულნი არიან - ვაიმე, ერთსექსიანთა თუ სხვა კონფესიების წარმომადგენელთა უფლებები ილახებაო და საკუთარი, გვერდით რომ უკვდებოდეთ, კრინტს არ დაძრავენ. მარტო ეს პროვინციული კუდაბზიკობა აინტერესებთ. ნაციონალური მოძრაობა იმიტომაა საძულველი, რომ თუ რამე ჩირქი აქვს ჩვენს ნაციას სხვადასხვა დროებში, მთელი ნაჟური ამათშია თავმოყრილი. ესენი კლავდნენ საქართველოს, ესენი ყიდდნენ, ესენი ძარცვავდნენ. ყველა თემა, სჭირდებათ, პოლიტიკურად აჟონგლიორონ, მათი გული კი იქ არ არის. იმდენად თავხედები არიან, პარლამენტში პირველი არხის ლოგო გადმოფინეს - შტურმი არ იყოს მედიაზეო და ავიწყდებათ, გუშინწინ რა აქვთ გაკეთებული.
- ფიქრობთ, ეს არგუმენტი, იმას, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხდება, ამართლებს?
- ახალგაზრდების შესვლა საზოგადოებრივ მაუწყებელში დანაშაული იყო. ამ სტუდენტების ნაწილს პარლამენტში პატიოსნად ველაპარაკე. ენა მოვუჩლიქოთ იმიტომ, რომ ახალგაზრდები არიან - არავითარ შემთხვევაში!.. ვაიმე-ვუიმე - იმას არ ეწყინოს და ეს არ გაგვებუტოს - უნდა დამთავრდეს და ყველაფერს თავის სახელი დაერქვას. რამდენი ხანია ეს სტუდენტები გაფიცულები არიან, რა ხდება - როდისღა სწავლობენ?! ახალგაზრდობა პანაცეა არ არის! ახალგაზრდა სულელიც მინახავს და ჭკვიანიც. სად შევარდნენ, რატომ შევარდნენ, ვის, რას იცავდნენ?! ვისგან?! არ არის საჭირო რეფორმა? ამ ტელევიზიასთან ბევრი რამ მაკავშირებდა და მას შემდეგ არც არაფერი შეცვლილა. არ აინტერესებს ხალხს, სად წავიდა ფული ან რატომაა ჩაჩუხანებული ეს ტელევიზია?!
- ამიტომ უნდა დავხუროთ?
- არიან იქ ნიჭიერი ადამიანები და ყველას ერთ ტაფაში მოთავსება არ შეიძლება, მაგრამ რეფორმა გასატარებელია. საუკეთესოს უნდა დაუძახო, ნიჭიერს მოუარო... თუ ასე ვიყოთ?! სად მიდის დემოკრატია, ან როგორ ესმით მისი მნიშვნელობა. საერთოდ, სიტყვების დევალვაცია ხდება და მათ შირმად ვიყენებთ ჩვენი ვირთაგვული მიზნების მისაღწევად. დავუკარგეთ არსი თუნდაც ლიბერალიზმს და ის ამ ლიბერასტებმა აგრესიულ იდეოლოგიად აქციეს - თავიანთი ქვეტექსტით, თითქმის გიკრძალავენ საკუთარი აზრის დაფიქსირებას. პირველი მოძალადეები ულტრალიბერალები გახდნენ, რაც უპოზიციობას ნიშნავს. ესაა სნობიზმი, ინფანტილიზმი, მანჭვაგრეხული სულიერი მდგომარეობა.. ჩვენ გვეშინია, რეალურად მივიღოთ რაღაც დარტყმები.
მომხრე ვარ, ადამიანის ქცევას მივუყენოთ კანონი, კოდექსი და ისე მივიღოთ გადაწყვეტილებები. არ უნდა ჩავიგუბოთ პირში წყალი. რა მჭირს ვინმესთან დასამალი ან ენის მოსაჩლექი, მაგრამ ნაციონალები იმდენად გათავხედდნენ, უკვე საპარლამენტო ტრიბუნიდან გეუბნებიან - თუ ბიჭი ხარ, დამიჭირე. დაუკვირდით რიტორიკას, აგონიაში არიან და რეებს ამბობენ, ვეღარ აკონტროლებენ.
- ესაა დემოკრატია, ბატონო ზაზა.
- ეს დემოკრატია კი არა, დემაგოგიაა. ჩვენთან ასეა - მე უნდა გაგინო, შენ მომითმინე, ვალდებული ხარ... იცით, მე ასეთ თმენის ვალდებულებაზე ხელი არ მომიწერია.
- არც მოსახლეობას მოუწერია ხელი.
- მაგაშია სწორედ საქმე. ვამახინჯებთ ყველაფერს - მე შემიძლია, სულიერად გაგძარცვო და ამას ჩემი უფლებები დავარქვა, შენ კი ამ დროს თმენის ვალდებულება გაქვს. საზოგადოება ვერ გაერთიანდა უპოზიციობის, ღვარძლის გამო. არ იციან, რა უნდათ.
- როგორ არ იციან - სტაბილურობა, სამართლიანობის აღდგენა, სამსახური უნდათ...
- ერზე ვსაუბრობ, გლობალურად. ერმა უნდა იცოდეს, როგორი ქვეყანა ააშენოს.
- სოციალური ფონი მძიმეა და მშიერ ხალხს მაღალ მატერიებზე ფიქრს სთხოვთ?
- კატეგორიულად მძულს სიდუხჭირე! გული მისკდება, დაჩაგრულ ადამიანს რომ ვხედავ... ყველას არასოდეს ევალებოდა აზროვნება, მაგრამ ერში ყოველთვის იყვნენ მოაზროვნეები. ის თაობა მიყვარს, ვინც უნივერსიტეტი დააარსა. დღევანდელი გაგებით, სწორედაც ისინი იყვნენ მენეჯერები - იცოდნენ, როგორ აეწყოთ ყველაფერი, ისწავლეს, ჩამოვიდნენ თავიანთ პატარა ქვეყანაში და შექმნეს ეპოქა... ყველა ქვეყნის მსახური იყო, არც ერთს არაფერი წაუღია სახლში.
- ასეთი ადამიანები დღეს გეგულებათ თუნდაც ხელისუფლებაში?
- არ მიკეთია ვარდისფერი სათვალე. კარგად ვიცი, რა სხვაობაა სურვილსა და შესაძლებლობებს შორის, მაგრამ აქვს ჩვენს ერს ძალა, ასეთი რაღაცები ჩაიდინოს.
ჩვენ წარსულზე ვლაპარაკობთ როგორც მკვდარ დროზე და დავდივართ უძველეს ტაძრებში, როგორც მუზეუმებში, არადა ეს ყველაფერი ცოცხალია. ერის მანკიერება იყო საკუთარ ხაზინას რომ ძარცვავდნენ - საკუთარი თავის შეჭმა დაიწყეს... გაგანია ომის დროს, დუბაის რეისები არ გახსოვთ? არასწორად გაგებულმა დემოკრატიულმა პროცესებმა, არასწორად გაგებულმა თავისუფლებამ, სამშობლოს ცნებამ, მოიტანა ეს ყველაფერი.
- გულწრფელად მითხარით. არ გეშინიათ თუნდაც დაანოსნებული ,,ცხელი გაზაფხულის'' ან მოსახლეობის რისხვის?
- არ მინდა, ვინემ გამოსცადოს ადამიანების მოთმინება. სოციალური ფონი არ არის კარგი, მაგრამ არც ისეთია, როგორც სურთ, წარმოაჩინონ. მე სხვა პრეტენზიები მაქვს - თანამდებობებზე სუფთა წარსულის, ნიჭიერი ხალხი უნდა მოვიდეს. ხალხი უკვე ქუჩაში გვაჩერებს და გვეკითხება...
- სადაა დაპირებული სამართლიანობაო?
- სამართლიანობა აღდგა - ნაციონალები ხელისუფლებაში აღარ არიან. გადაიდგა უზარმაზარი ნაბიჯები და ამის გადაშლას ნუ შევეცდებით. რა არ გვაკმაყოფილებს, რა არის კიდევ გასაკეთებელი... სხვა თემაა.
- ,,სხვა თემაა'' რუსთაველის თეატრიც, სადაც, სამწუხაროდ აღარ ხართ... თეატრმა თქვენით გადაწყვიტა ეკონომიის გაკეთება?
- პირველი კურსიდანვე რაღაც ინციდენტი შემემთხვა და მას მერე კარგად მივხვდი, ეს რა ხელობაცაა - დაუნდობელი, უმადური, არაფერი შეგრჩება, არაფერი დაგრჩება, ვერაფერს წამოიღებ. ვიღაცის გულში, ტვინში, დროებით დარჩები თუმცა შეიძლება მალევე დაგივიწყონ. დიდი იმედით არ უნდა იყო.
ამ საქმის კეთება ტიტანურ შრომას მოითხოვს, ნერვებსა და მყარ ფსიქიკას, უნდა ეცადო, არ გაგანადგუროს, არ ჩაგითრიოს. დითირამბებს არ უნდა ელოდო, ეს შენი გზაა, ცოცხალი გზა და უნდა გაიარო შრომით, პატიოსნად. მაქსიმალისტი ვარ, ერთგული, მშრომელი, მაგრამ არც მარაზმატიკი ვარ, არც მონა და არც ჩაციკლული. რუსთაველის თეატრიდან ჩემს გაშვებაში გარკვეული ირონია იკითხება... ხუთი თანამშრომლის რანგში რომ გავედი, მომეწონა... სხვა გზა არ ჰქონდათ, თეატრი ფინანსურ კოლაფსში ხომ არ ჩავარდებოდა და გადავწყვიტე, ზურაბივით ჩავშენებოდი კედელში, რათა გადარჩენილიყო.
- საინტერესოა, როდის გაიყო თქვენი და სტურუას გზები... მაშინ ხომ არა, როცა დირექტორს ღიად დაუპირისპირდით და განაცხადეთ - ეს ადამიანი თავზე წამოგვასვესო? პირადი შურისძიება იყო?
- ... ბოლოს და ბოლოს, რა ვთხოვეთ - ერთი გოთვერანი კაცი არ შემოუშვა თეატრში, ეს კინო ნანახი გვაქვს-თქო... ამაზე იყო საუბარი და მას მერე გართულდა... თეატრში ყოფნას მაშინ აქვს ფასი, როცა არის პატივისცემა, სიყვარული, ნიჭიერება, შრომა, ერთმანეთის გატანა... თუ ასეთი პოეზიის სუნი ქრება, ის უკვე ჩემთვის თეატრი ნაკლებადაა
- გამოდის, მაყურებელი თეატრის სცენაზე აღარ გიხილავთ?
- ჯერჯერობით, ამაზე პასუხი არ მაქვს... ბევრი რამაა შესაცვლელი ქვეყანაში და ასეთი ხერხებით ვეღარც თეატრი გაიმართება. მთავარია, არ შეგვეშალოს დროსთან - დრო გავიდა, სასწრაფოდ ცვლილებებია.
შეიძლება ასეც უნდა მომხდარიყო, ხვალინდელ დღეზე კი, ასე, ხელაღებით, ნურაფერს ვიტყვით. დრო სწრაფად გადის, მთავარია, არ ჩამოვრჩეთ და მზად ვიყოთ ნებისმიერი გამოწვევისთვის.