დიდი მოლოდინი - რა პოზიციას დაიჭერს პატრიარქი

დიდი მოლოდინი - რა პოზიციას დაიჭერს პატრიარქი

"საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი შემთხვევა... ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს სახელმწიფოსი და ეკლესიისა. ხალხს უნდა მივცეთ პასუხი, ხალხი ღელავს," - ეს განცხადება გააკეთა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია ||-ემ იმ საქმეზე, რომელიც ერთ კვირაზე მეტია განხილვისა და არაერთი სკანდალის მთავარი თემაა. "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით პატრიარქის ინიციატივით გუშინ საპატრიარქოში ხანგრძლივი თათბირი გაიმართა, რომელსაც არა მარტო სასულიერო პირები ესწრებოდნენ. შეხვედრები ლამის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და საპატრიარქოში მთელი დღე არ წყდებოდა ჯიპებით მიმოსვლა. დღის პირველ ნახევარში სინოდის წევრ მაღალ იერარქებასა და სამღვდელო პირებთან ერთად შეხვედრას პრეზიდენტიც ესწრებოდა. საღამოს 8 საათის შემდეგ კი საპატრიარქოში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერები კახა კალაძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე შეხვდნენ ეკლესიის მეთაურსა და სასულიერო პირებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით დიდი მოლოდინი - რა პოზიციას დაიჭერს პატრიარქი.

"პრეზიდენტმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. პრემიერმა კვირიკაშვილმა და მთავარმა პროკურორმა შოთაძემ საპატრიარქო უკომენტაროდ დატოვეს. ალექსანდრე ჯეჯელავამ და კახა კალაძემ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ისინი პატრიარქის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ. "ციანიდის საქმეზე" რა საუბარი შედგა, ამაზე კი კომენტარი მათაც არ გააკეთეს. შეხვედრის ბოლოს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა განცხადება. თქვა, რომ პატრიარქმა და სასულიერო პირებმა დამატებითი ინფორმაცია მიიღეს "ციანიდის საქმეზე" და რომ ეკლესია სრულ ნდობას უცხადებს საგამოძიებო სტრუქტურებს.პატრიარქის მდივნის განცხადებით, ასევე აუცილებელია ბრალდებულის მხარესაც ჰქონდეს საშუალება, საკუთარი არგუმენტები წარადგინოს. "ჩვენ რა თქმა უნდა ამ წუთისთვის ვერ შევაფასებთ, ვერ ვიტყვით მამა გიორგის ბრალეულობის საკითხს. უნდა დაველოდოთ გამოძიებას და იმ დასკვნას, რომელსაც დადებს საგამოძიებო სტრუქტურა," - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა. ცნობისათვის, შეხვდერის დაწყებამდე სასულიერო პირებმა ჟურნალისტებთან გარკვეულ პოზიციები დააფიქსირეს. ითქვა ის, რომ რაც ხდება ეს არის შეთქმულება ეკლესიის წინააღმდეგ, ასევე ის, რომ ფინანსურ საკითხებზე აუდიტი აუცილებლად უნდა ჩატარდეს, თუმცა შეხვედრიდან გამოსულებმა კომენტარის გარეშე დატოვეს საპატრიარქოს ეზო და არავის უთქვამს, რა უთხრა მათ პატრიარქმა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამ შეკრებაზე მთელი დღე იმყოფებოდნენ დაპირისპირებული მღვდელმთავრებიც, მათ შორის ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე და პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი. მათ საღამოს დატოვეს საპატრიარქო, თუმცა პრემიერისა და მთავრი პროკურორის პატრიარქთან მისვლისას მეუფე პეტრე სასწრაფოდ ისევ უკან მობრუნდა. საპატრიარქოში გუშინ ასევე მივიდა პროკურატურის ერთ-ერთი მოწმე, ადვოკატი და საპროკურორო საბჭოს წევრი ირმა ჭკადუაც, რომელიც გაუთქმელობის ხელწერის მიუხედავად "ციანიდის საქმის" გარკვეულ მასალებზე საუბრობდა მედიასთან, თუმცა ადვოკატმაც დუმილით დატოვა საპატრიარქო. მეუფე პეტრეს მსგავსად პრემიერისა და პროკურორის მისვლისას საპატრიარქოში ასევე მივიდნენ ირმა ჭკადუაც და "ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძეც, რომელმაც თქვა ის, რომ არავინ უჭერს მხარს დაკავებული გიორგი მამალაძე თავდებით გაათავისუფლონ და განსხვავებული პოზიცია აქვს მხოლოდ მეუფე პეტრეს.პატრიარქს გუშინ "ციანიდის საქმის" მთავარი ფიგურანტის, ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალმა ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც შეხვდა და ამ შეხვედრის შემდეგ თავად დეკანოზმა მამალაძემაც დუმილის უფლების დარღვევასა და პროკურატურისთვის სრულყოფილი ჩვენების მიცემის გადაწყვეტილებაც მიიღო", - წერს სტატიის ავტორი.

"პატრიარქმა გუშინ ისაუბრა ბოლოს დროს განვითარებულ მოვლენებზე, თქვა, რომ "საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი შემთხვევა. ეს არის არამარტო ეკლესიის პრობლემა, არამედ ერის პრობლემა და სახელმწიფოს პრობლემა." "უკვე მოდის გამოძახილი უცხოეთიდან, კითხულობენ, რა ხდება საქართველოში, ხოლო ჩვენ არა გვაქვს გარკვეული პოზიცია, გარკვეული გამოძიება. ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ, ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს სახელმწიფოსა და ეკლესიისა. ხალხს უნდა მივცეთ პასუხი, ხალხი ღელავს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამშვიდდება და კარგად იქნება, მაგრამ ყოველ მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას, რათა ხალხი დაკმაყოფილდეს და დამშვიდდეს," - განაცხადა პატრიარქმა. ილია ||-სთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა და თქვა, რომ პატრიარქი ჩართულია ყველა რთული საკითხის განხილვაში. თათბირზე ამ სირთულეების შესახებ ღია საუბარი, განსხვავებული აზრების დაფიქსირება და დისკუსია მიმდინარეობდა და რომ "პატრიარქი იღებს ყველა ინფორმაციას ყველა მხრიდან." გიორგი მარგველაშვილმა თქვა ისიც, რომ გამოძიების მიმართ გარკვეული შენიშვნები აქვს და თვლის, რომ ყველა მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავისი სიმართლე ან სიმართლის ვერსია ამტკიცოს", - განაგრძობს გამოცემა.

"უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს აკეთონ თავისი საქმე პოლიტიკური ჩარევების გარეშე, მამა გიორგის და მის ადვოკატებს უნდა მიეცეთ საშუალება თავისი სიმართლე გააცნონ საზოგადოებას. ეს არის შეჯიბრებითობის და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. არ შევდივარ გამოძიების დეტალებში, არ ვარ არც პროკურორი, არც გამომძიებელი არც მოსამართლე, მაგრამ ეს არის არაჯანმრთელი სიტუაცია," - განაცხადა მარგველაშვილმა. პროკურატურის და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე პრეტენზიები აქვს ასევე სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილსაც. ნანუაშვილმა, რომელიც ორშაბათს პატრიარქს შეხვდა, თქვა ისიც, რომ ილია || დაინტერესებულია, "გაიგოს მეტი ინფორმაცია, თუ რა მოხდა" და პატრიარქს დაკავებულ დეკანოზთან შეხვედრის სურვილი აქვს. პრეზიდენტისა და ომბუდსმენის ამ განცხადებებმა "ქართული ოცნებაში" კრიტიკაც დაიმსახურა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ხელისუფლება სხვადასხვა მხარეს არ იქნებიან და ისურვებდა, რომ ამ საქმეში მხარე არავინ აღმოჩნდეს - არც პრეზიდენტი, არც ომბუდსმენი. თვლის, რომ ცალკეულ შემთხვევაში, შეიძლება ასეთი შთაბეჭდილება ჩანს და ეს პროცესს აზიანებს. მიეცემათ თუ არა დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს სიმართლის საკუთარი ვერსია საჯაროდ თქვან და პროკურატურა გაუთქმელობის შეთანხმებას გააუქმებს თუ არა, ამაზე პროკურატურიდან არაფერი ისმის. გარდა ამისა პროკურატურა არ საუბრობს იმაზე, როდის გაასაჯაროვებს მტკიცებულებების ნაწილს, რადგანაც შაბათს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დაანონსა, რომ პატრიარქი ჩამოსვლისთანავე ისინი საჯაროდ გახდიდნენ ბევრ მტკიცებულებას. "რეზონანსი" მთელი დღე ცდილობდა პროკურატურას დაკავშირებოდა, თუმცა არც სატელეფონო ზარს და არც ტექსტურ გზავნილებს პრესსამსახურმა არ უპასუხა", - წერს გამოცემა.

დაკავებული დეკანოზის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ მამა გიორგი მამალაძე მზადაა გამოძიებას ჩვენება მისცეს. დეკანოზის ახალი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს იმასაც, რომ ის დილით პატრიარქს შეხვდა და ეკლესიის მეთაურს მოუყვა ყველაფერი, რაც მას უნდა სცოდნოდა. საუბრის კონკრეტულ დეტალებზე ადვოკატი მედიასთან არ საუბრობს. "პატრიარქს ჩვენი პოზიცია გავაცანით. ჩვენ ვთვლით, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო. მამა გიორგის აქვს გარკვეული ბაზა ინფორმაციის, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდების კანონიერებას," - განაცხადა რამიშვილმა. რამიშვილის თქმით, მას სჯერა პატრიარქის გულისხმიერების და დარწმუნებულია, რომ მან "ისმინა მისი საუბარი". "ყველაფერი კარგად გამიგო და მის გულისხმიერებაშიც დარწმუნებული ვარ. მივაწოდე ინფორმაცია ჩვენი მხრიდან რაც საჭირო იყო და რაც მთლიანად შეიძლებოდა პატრიარქს სცოდნოდა. პატრიარქმა მომისმინა, რამდენიმე კითხვა დამისვა მამა გიორგის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დაგვლოცა და წამოვედით", - თქვა რამიშვილმა. ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ ჯერ არ იცის, როდის დაკითხავს დაკავებულს პროკურატურა, თუმცა დაკითხვის შემდეგ ის საზოგადოებას ამცნობს დეკანოზის პოზიციას და ამის უფლებაც აქვს, რადგან გაუთქმელობაზე ხელწერილი დადებული არ აქვს და პროკურატურის მხრიდან ამის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად არ აპირებს გაჩუმებაზე ხელწერილის დადებას. დიდი ალბათობით დღეს, ან ხვალ გაირკვევა როდის დაკითხავს პროკურატურა დაკავებულ დეკანოზს, რის შემდეგაც დაცვის მხარე ალაპარაკდება და ასევე შეიძლება გაირკვეს ისიც, შეხვდება თუ არა პატრიარქი", - დასძენს გამოცემა.