„რუსთავის აზოტის“ კრიზისის შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს იყო ცნობილი

„რუსთავის აზოტის“ კრიზისის შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს იყო ცნობილი

„რუსთავის აზოტის“ ირგვლივ ატეხილი სკანდალი ახალი დეტალებით ივსება.  იმის შესახებ, რომ ქიმკომბინატს სერიოზული პრობლემები ელოდა, რაც პერსპექტივაში მის მნიშვნელოვან კრედიტორს - „საქართველოს ბანკს“ დაარტყამდა, აღმოჩნდა რომ, ჯერ კიდევ გასულ წელს იყო ცნობილი. როგორც ჩანს, ბანკის ტოპ-მენეჯერებმა ეს ინფორმაცია სათავისოდაც გამოიყენეს.

„რუსთავის აზოტის“ 400-მდე თანამშრომელი, მას შემდეგ, რაც იანვრის ბოლოს კომბინატის დაცვამ ქარხანაში არ შეუშვა, სამუშაოს გარეშე დარჩა. ამ ხალხმა ერთ წამში დაკარგა ყველაფერი - სტაბილური შემოსავალი, ცხოვრების განსაზღვრული დონე, დაგროვილი სამომხმარებლო კრედიტების გადახდისუნარიანობა. ერთადერთი რაც მათ დარჩათ, იყო ქუჩაში გამოსვლა სამართლიანობის აღსადგენად, ძირითადი სამოქალაქო უფლებების დარღვევის წინააღმდეგ პროტესის საქვეყნოდ განცხადება და სამართლიანობის აღდგენა.

თუმცა ამ მბავში სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ. ფლობდნენ რა ინფორმაციას, რომ  „რუსთავის აზოტი“ გაკოტრების პირასაა და მალე დაკარგავს გადახდისუნარიანობას, ამ ადამიანებმა ცინიკურად გამოიყენეს ეს ინფორმაცია პირადი ინტერესებისათვის. უფრო ზუსტად, მათ შეინარჩუნეს საკუთარი, ისედაც საკმაოდ დიდი ქონება, დარტყმის ქვეშ მყოფი საბანკო ჯგუფის აქციების გაყიდვით.

ამგვარად, მოხდა ის , რომ ცოტა ხნის წინ BGEO Group-ში შემავალმა „საქართველოს ბანკმა“ „რუსთავის აზოტზე“ გასცა კრედიტი. რაღაც დროის შემდეგ, კომბინატის საქმიანობაზე დაკვირვების შედეგად ბანკირები მიხვდნენ, რომ ქიმკომბინატში წარმოქმნილი პრობლემების გამო კრედიტის გადახდას საფრთხე ექმნებოდა. სხვაგვარად, საწარმოს არაფერი რჩებოდა სესხის გადასახდელად. იმის გამო, რომ კრედიტი საკმაოდ მსხვილი იყო, მისი გასტუმრებისთვის პრობლემების შექმნა თვითონ „საქართველოს ბანკსაც“ უცილობლად შეუქმნიდა პრობლემებს. ბანკი, რა თქმა უნდა, ამ „ქეისის“ გამო არ შეწყვეტდა საქმიანობას, მაგრამ მისი დედა კომპანიის BGEO Group-ის ლონდონის ბირჟაზე კოტირებული აქციების ფასი აშკარად და შესამჩნევად დაეცემოდა.

სწორედ ამით შეიძლება აიხსნას BGEO Group-ის აქციების მასობრივი გაყიდვა, რაც 2016 წლის ნოემბერში დაფიქსირდა. ტოპ-მენეჯერები (რომლებიც დიდი ალბათობით,  ფლობდნენ დახურულ ინფორმაციას წარმოქმნილი რისკების შესახებ) ნაჩქარევად ყიდდნენ თავიანთი კომპანიის აქციებს. მაგალითად, „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბწოს თავმჯდომარემ ირაკლი გილაურმა თითქმის ერთდროულად დათმო 4 მლნ. ფუნტის ღირებულების აქციათა პაკეტი. მისმა კოლეგამ BGEO Group-დან , რისკების მართვის დირექტორმა გიორგი ჭილაძემ თითქმის მილიონი ფუნტის აქციები გაყიდა. BGEO Group-ის დირექტორის მოადგილემ ავთანდილ ნამიჩეიშვილმა - მილიონ ნახევრის. ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობის ღია სტატისტიკაში სულ ათზე მეტი ადამიანია ასახული, რომლებსაც აქვთ კავშირი საქართველოს ბანკთან ან BGEO Group-თან, და რომლებმაც ამ პერიოდში ნაჩქარევად გაყიდეს საკუთარი აქციები.

იმის შესახებ, რომ „რუსთავის აზოტს“ და „საქართველოს ბანკს“ უსიამოვნებები ელოდა,  არავის გააგებინეს. არც ინვესტორებს, არც აქციონერებს, არც თავიანთ მეანაბრეებს, არც ქიმკომბინატის თანამშრომლებს, რომლებსაც  უკვე მაშინ საშიშროება ემუქრებოდათ. მათ უბრალოდ უჩუმრად მოიცილეს თავიდან საშიშროების შემცველი აქციები.

საქმიან წრეებში ასეთ საქციელს ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენება ქვია და პრაქტიკულად ყველა ცივილიზირებულ ქვეყანაში მკაცრად ისჯება. მაგალითად, აშშ-ში მოქმედი სარბენს-ოქსლის აქტის თანახმად, ინსაიდერი შეიძლება დაიჭირონ 25 წლის ვადით ან დააჯარიმონ 2,5 მილიონი დოლარით. გერმანიაში სასჯელი უფრო მსუბუქია -სულ რაღაც ხუთი წელი ციხეში და ჯარიმა მილიონნახევარი ევროს ოდენობით. დიდ ბრიტანეთში იგივე დანაშაულისთვის 7 წლით იჭერენ, ხოლო საფრანგეთში აჯარიმებენ 2 მლნ. ევროთი. ამის გარდა, კომპანიას, რომლის პერსონალიც გამოააშკარავეს ინსაიდერული ინფორმაციის მასობრივ გამოყენებაში, ემუქრება დელისტინგი - იმ ბირჟიდან სამარცხვინო გაგდება, სადაც მისი აქციები იყო კოტირებული.