მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადის გამო ჩივის. ზამთრის ცივ თვეებში უამრავმა ოჯახმა ქვითრის მეშვეობით გაზრდილი დარიცხვა მიიღო. პრობლემა განსაკუთრებით რეგიონებშია. მსგავსი ინფორმაცია კვირაში რამდენჯერმე არაერთი მედიასაშუალებით ვერცელდება.
ზუგდიდის მოსახლეობა გაზრდილ კომუნალურ გადასახადებზე საუბრობს. მათი თქმით, ელექტროენერგიის გადასახადი, წინა თვეებთან შედარებით, თითქმის, გაორმაგებულია. ქალაქში მდებარე კუიბიშევის ქუჩის მცხოვრებლები აღნიშნულის მიზეზს ვერ ხსნიან. ისინი შესაბამისი სამსახურებისაგან რეაგირებას და პრობლემის არსში გარკვევას ითხოვენ.
„წინა თვეს მომივიდა 60 ლარი გადასახადი. ამ თვეს 15 დღე სახლში არ ვიყავი და 115 ლარი მაქვს გადასახდელი. გაურკვეველი სიტუაცია დამხვდა. ვინმესთვის მიმართვას აზრი არა აქვს, მოვლენ, შეამოწმებენ, იტყვიან, რომ წესრიგშია მრიცხველი და წავლენ“, - განაცხადა თათია ქეცბაიამ.
ამავე ქუჩაზე მცხოვრები კვარაცხელიების ოჯახის წევრების მტკიცებით, ისინი უმეტესად ბუნებრივ აირს მოიხმარენ, თუმცა წინა თვეს ელექტროენერგიაზე გადასახადი 100%-ით გაეზრდა.
„შუქზე არ გვაქვს არც აბანო, არანაირი გამათბობელი, არც ელექტრო ჩაიდანი, მხოლოდ ნათურებისთვის, კომპიუტერისა და ტელევიზორისთვის ვიყენებთ“, - აღნიშნა მაია კვარაცხელიამ.
იგივე პრობლემა აქვთ ცაბაძის ქუჩის მცხოვრებლებსაც. ბენო ჯაბუა ამბობს, რომ გადასახადი მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი არ არის. გაურკვევლობაა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ახალციხეში მცხოვრებლები ჩივიან, რომ იანვარში, ელექტროენერგიაზე გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ და ფიქრობენ, რომ ტარიფმა მოიმატა.
ორმაგ გადასახადზე საუბრობს მაგული სადათიერაშვილიც. მისი თქმით, წლების განმავლობაში პირველად, ყველაზე მაღალი გადასახადი მიუვიდა:
„წინა თვეში თუ 17 ლარს ვიხდიდი, ახლა 53 ლარი მომივიდა. ვიანგარიშე და თითქმის 22 თეთრზე ავიდა ერთი კილოვატის ფასი. ამ პერიოდიში ამდენი დენი არ დამიხარჯავს, ალბათ, მოიმატა ფასმა“, - აცხადებს სადათიერაშვილი.
ამ პრობლემების გამო, ბოლო დღეებში, „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზზე და ადგილობრივ სერვის–ცენტრში, არაერთი განცხადება შევიდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ეხმაურება მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გაზრდილ გადასახადებთან დაკავშირებით.
კომისია მიმართავს მოქალაქეებს და მოუწოდებს, რომ გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით მიმართონ შესაბამის გამანაწილებელ კომპანიას ან განცხადებით მომართონ კომისიას და კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
ასევე, მოქალაქეებს კომისიაში კონსულტაციების გავლა შეუძლიათ ქოლ ცენტრის საშუალებითაც ნომერზე - 16 216. კომისია ინდივიდუალურად შეისწავლის მოქალაქეთა განცხადებებს და იმ შემთხვევაში თუ მოკვლევის შედეგად დადასტურდება ზედმეტი დარიცხვა, მოქალაქეებს ზედმეტად დარიცხული თანხები ჩამოეწერებათ. კომისია აქვე განმარტავს, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები არ გაზრდილა. ისევე როგორც სემეკში,
„ენერგო-პრო ჯორჯიაშიც“ აცხადებენ, რომ პრეტენზიების ან ეჭვის შემთხვევაში აბონენტებმა კომპანიას აუცილებლად უნდა მიმართონ. მცხოვრებლებს შეუძლიათ პრობლემის შესახებ კომპანიის ცენტრალურ ოფისს ან რაიონული ცენტრს შეატყობინონ, ასევე დარეკონ ცხელ ხაზზე ან პრეტენზია კომპანიის სოციალურ გვერდზე დაწერონ.