რა ჩაიფიქრა

რა ჩაიფიქრა "გაზპრომმა"?!

შესაძლოა, მკითხველმა დამძრახოს, პოლიტიკურ მიმოხილვაში რა ამისი ადგილი იყოო, მაგრამ რომ არ ვთქვა, არც უამისობა იქნება. გასული კვირის პრესის გაცნობისას ერთ საგანგაშო ინფორმაციას წავაწყდი: აფიშა გვატყობინებს, რომ ქალაქ გორში თურმე დეფილე-ფართი გაიმართება, - ივენთი ღია ცის ქვეშ. ორგანიზატორთა ვინაობას ჩემი მეხსიერება ვეღარ გასწვდა, ქართულ-ინგლისური იყო, "რაცხა-ფიფელრაცხა". თავისთავად, მოდის ჩვენებაში საგანგაშო არაფერია (დეფილე ქართულად ამას ნიშნავს), არც ღია ცის ქვეშ ღონისძიების (ანუ ივენთის) გამართვა არის ცუდი.

ცუდი ის არის, რომ მავანთ "სპიჩკისა" და "მაროჟნის" ხსენება გოიმობა ჰგონიათ, "დეფილესი" და "ივენთისა" კი -  სვეტსკობა. მე კი სამივე გოიმობა მგონია - მაროჟნიც, ივენთიც და სვეტსკობაც... დიდაქტიკა კი იმისთვის მოვიშველიე, რომ თუ ქართულად არ ვილაპარაკებთ, ქართულად ვერ ვიაზროვნებთ, და თუ ქართულად არ ვიაზროვნეთ, მოძალებულ გლობალიზაციაში უგზო-უკვლოდ დავიკარგებით - იმისგან დამოუკიდებლად, რუსეთუმეები ვიქნებით თუ ევროპეიზმის მომხრენი...

ამ და არა მხოლოდ ამ საკითხებზე პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრეთ:

დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციითრუსულ "გაზპრომს" "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისყიდვა სურსხომ არ უკავშირდება ეს ცნობა საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის შექმნის იდეასრომელიც საქართველოს პრეზიდენტმა არცთუ დიდი ხნის წინ გამოთქვა?

- სიმართლე გითხრათ, საქართველოს პრეზიდენტის ამ იდეას ბევრი ქართველი ექსპერტის მსგავსად, ცოტა არ იყოს, მეც არასერიოზულად ვუყურებდი, მაგრამ სხვადასხვა გარემოებამ ბოლო დროს ჩემი დამოკიდებულება რამდენადმე შეცვალა. მცირე ხნის წინ ამ თემაზე გამოქვეყნდა ინტერვიუ აზერბაიჯანელ და სომეხ ექსპერტებთან, სადაც რამდენიმე საინტერესო ასპექტი წარმოჩნდა. კერძოდ, აზერბაიჯანელი ექსპერტი, ქართველი კოლეგების მსგავსად, იდეას დიდი სერიოზულობით არ მოჰკიდებია. ძალზე საინტერესო მიდგომა ჰქონდა სომეხ ექსპერტს, რომელმაც გაიხსენა კავკასიელ ექსპერტთა შეკრება, სადაც მისულან დასკვნამდე, რომ კავკასიური კონფლიქტების მოგვარების საუკეთესო გზა სწორედ კონფედერაციის შექმნა იქნებოდა. ოღონდ სომხები ამაში გულისხმობდნენ არა მხოლოდ ბაქოსა და თბილისს შორის ხელშეკრულების გაფორმებას, არამედ კონფედერაციულ ერთობას, რომლის წევრებიც, ბაქოსთან, თბილისსა და ერევანთან ერთად, კონფლიქტური რეგიონები, მათ შორის - აფხაზეთი, სამაჩაბლო და მთიანი ყარაბაღიც იქნებოდნენ.

ეს მოდელი - გაერთიანება ერთნაირი სტატუსით სეპარატისტებისა და წამყვანი სახელმწიფოებისა - პირველად არ გახმიანებულა. ადრე ანალოგიური რამ რუსეთმაც წამოაყენა. ახლა კი სომხეთისგან ამის წამოწევა, სავარაუდოს ხდის, რომ ეს იდეა არცთუ უტოპიური და უშედეგო იქნება მათთვის, ვინც დაინტერესებული არიან კავკასიური პოლიტიკური სურათის შეცვლით.

ამ იდეას უკვე სხვა ჟღერადობა აქვს. მართალია, სააკაშვილმა მხოლოდ ბაქო და თბილისი ახსენა, მაგრამ მისი იდეა შესაძლოა აიტაცონ, გააფართოონ და განავრცონ ისე, რომ აქ მართლაც კავკასიის ყველა სუბიექტი განიხილებოდეს წევრებად. თუკი ასეთ, თუ შეიძლება ითქვას, იდეაში რუსულ გაშიფვრას წავიკითხავთ, მაშინ ამ სქემაში ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მოსკოვის მიერ გაკონტროლებაც თავისთავად ჯდება. რუსეთი თავს მოვალედ ჩათვლის კავკასიის ბატონ-პატრონის როლი შეასრულოს და გააკონტროლოს ის, რაც ჯერჯერობით არ ექვემდებარება, მაგრამ აქვს გაკონტროლების სურვილი. ამ ყველაფრის შედეგი კი კავკასიური პოლიტიკური სურათის იმ სახით ჩამოყალიბება იქნება, რაც მოსკოვს დიდი ხანია სურს.

გასულ კვირას გაეროს დევნილთა სააგენტომ შეშფოთება გამოთქვა იმის გამორომ დევნილები "აუცილებელი გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაუვრცელებლად გამოასახლეს". ეს ამბავი ლამის საერთაშორისო პოლიტიკური სკანდალის მიზეზადაც იქცარადგან ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა განმარტარომ მას "რესპუბლიკური პარტიისგანწერილი არ მიუღია და პრესით გავრცელებული თინა ხიდაშელის ინფორმაცია ქულების დაგროვებას ემსახურებამედიაში გავრცელებული ცნობითხიდაშელის ინფორმაციის საფუძველზე ეკლუნდს გილაური დევნილთა გამოსახლების გამო გაუკიცხავს... ხომ არ ნიშნავს ეს "ინციდენტიიმასრომ დასავლეთი ქართულ ოპოზიციას აღარ სწყალობს?

- თქვენს შეკითხვაში ერთ სიტყვას ჩავამატებდი: "ისევ" აღარ სწყალობს. დასავლეთისა და ოპოზიციის ურთიერთობაში უკვე დიდი ხანია, დესინქრონიზაცია შეინიშნება. როგორც წესი, დასავლეთი ქართულ ოპოზიციასთან სითბოს არ ამჟღავნებს ხოლმე. რაც შეეხება ამ განცხადებას, დასავლეთის ფორმულირება, ალბათ, უფრო მკვეთრი იმიტომ იყო, რომ ქალბატონმა თინამ განცხადებაში კონკრეტული პირები დაასახელა და ისინი, ასე ვთქვათ, დაანამუსა. ასეთი პერსონიფიცირება უფრო მკაფიო პასუხს ითხოვდა და მივიღეთ კიდეც. ვერ გეტყვით, როგორც თავად ბრძანეთ, ამ "ინციდენტში" რომელი მხარეა მართალი და რომელი - ტყუის. ეჭვი არ მეპარება, რომ ქალბატონი თინა ჰაერიდან არ მოიტანდა ასეთ ინფორმაციას, მაგრამ ერთი რამ კი ცხადია: ასეთი ფრაგმენტებით დასავლეთის ციტირება ისე, რომ დასავლეთის კონკრეტულ წარმომადგენლებთან არ გქონდეს გარკვეული პოლიტიკური კურსების თანხვედრა, ალბათ, მომავალშიც უშედეგო იქნება.

ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ერთობ საინტერესო მეტაფორა მოიშველია როგორც ფსიქოლოგიურიისე პოლიტიკური თვალსაზრისითროდესაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ლაპარაკობდასაქართველო ფრიადოსან მოსწავლესრუსეთი კი ცუდ ბიჭს შეადარარომელიც სკოლისკენ მიმავალ ფრიადოსანს ხვდება გზაშიდასცინისსცემს და აწვალებსმონათხრობი იმდენად მაღალმხატვრული და დამაჯერებელი იყორომ მავანთ ეჭვიც კი შეეპარათრეალურ ისტორიასთან ხომ არ ჰქონდათ საქმემეტაფორის შედეგი ჰეფი ენდით დასრულდათავ და ხელშეხვეული ფრიადოსანი მაინც ჯიუტად განაგრძობდა სკოლაში სიარულსსაბოლოოდ კი საქმეში მეზობლებიპოლიციაანუ საერთაშორისო ძალებიჩაერთვნენ და ცუდ ბიჭსანუ რუსეთსჭკუა ასწავლეს...

- ამ მეტაფორაში თუ არაკში, ჩემი აზრით, იკვეთება ერთი პრობლემა, რომელიც მხოლოდ პრეზიდენტს არ უკავშირდება. ეს საზოგადოდ ქართული მენტალიტეტის დამსახურება გახლავთ. არის თუ არა რუსეთი ძველი თუ ცუდი ბიჭი, ვფიქრობ, დიდ განსჯას არ იმსახურებს. რუსეთი თავისი საგარეო პოლიტიკური მორალითა და ქმედებებით რასაც წარმოადგენს, ცივილიზებულმა მსოფლიომ უკვე დიდი ხანია, ნახა და ახალს ვერაფერს ვიტყვით.

საინტერესოა საქართველოს წარმოდგენა ფრიადოსანი მოსწავლის როლში. როლთა ამ განლაგებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებელია, რომელიც სინამდვილეში დასავლეთია და ან უწერს მოსწავლეს ფრიადებს, ან არა.

პრობლემატური ჩემთვის ქართული პოლიტიკის ეს ლაიტმოტივია - ჩვენ კარგად უნდა ვისწავლოთ, კარგად მოვიქცეთ, რომ დასავლეთმა ხუთიანები დაგვიწეროს. ჩვენ მუდამ ვიღაცის შემხედვარენი ვართ და არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, ეს "ვიღაც" კარგია თუ ცუდი. ძალიან კარგი არიან ჩვენი მშობლები, მაგრამ თუ ასაკგადაცილებულმა შვილებმა მაინც მათ ჭკუაზე განაგრძეს სიარული, დამეთანხმებით, გამართლებული არ იქნება. თუ ხარ ზრდასრული, გინდ ადამიანი და გინდ ქვეყანა, მხოლოდ იურიდიულად დამოუკიდებლობა არას გარგებს. უპირველესად ფსიქოლოგიურად უნდა იყო დამოუკიდებელი. ისე გამოვიდა, რომ ილიას ნანატრი "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო", მხოლოდ პოლიტიკურად ვთარგმნეთ.

იურიდიული დამოუკიდებლობა კარგა ხანია მოვიპოვეთ, მაგრამ ფსიქოლოგიურად კვლავაც ვიღაცას ვეძებთ ან ველით, ვინც ხუთიანს დაგვიწერს, ვინც გვიშველის და გვიპატრონებს. კონსტანტინე გამსახურდია "დიდოსტატის მარჯვენაში" შესანიშნავად აღწერს ამ ფენომენს და ვისურვებდი, გინდ საქართველოს პრეზიდენტი და გინდაც სხვა, ვინც თუნდაც მცირე მარცვალს დებს ქართულ ცნობიერებაში, თავისი გამოსვლისას საკუთარ და ხალხის ფსიქოლოგიურ დამოუკიდებლობაზე ფიქრობდეს, რომ ილიას დანაბარები - ლელთ ღუნიას ნათქვამი ახდეს. სხვა დანარჩენს კი იოლად მოევლება. ცუდი ბიჭები საქართველოს არასოდეს მოჰკლებია, - ხან რუსი იყო, ხან არაბი, ხან სპარსი და ხანაც ოსმალო. მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველომ შეძლო საკუთარი თავისა და ფუნქციის გაცნობიერება, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაგასაყარზე მდებარე უმნიშვნელოვანესმა ქრისტიანულმა ქვეყანამ, შეძლო რეალური დამოუკიდებლობისა და ისეთი მნიშვნელობის მოპოვებაც, როგორსაც ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა. 

ამავე შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილი ბევრად უფრო მძაფრი და აგრესიული იყო ოპოზიციის მიმართაცაღარ ისმოდა სიტყვები კონსოლიდაციაზედიალოგზეკონსტრუქციულობაზეპრეზიდენტის შეფასებითოპოზიციის შარშანდელი აქციები ფუნდამენტურად ანტისახელმწიფოებრივიანტიეროვნული და ანტიქართული იყოთუმცა შედეგს მაინც ვერ მიაღწიესროგორც ჩანსსააკაშვილი საბოლოოდ დარწმუნდა პოლიტიკურ ოპონენტთა უსუსურობაში?

- გასაკვირიც არ იქნება, სააკაშვილს რომ ასეთი განცდა ჰქონდეს. მან ყველა რაუნდი, ყველა დაპირისპირება ოპოზიციასთან მოიგო, იქნებოდა არჩევნები თუ ქუჩის აქციები. რაც შეეხება თვითონ აქციების შეფასებას, ამის ირიბი მცდელობა ადრეც იყო. ალბათ, გახსოვთ, პრემიერი რომ ამბობდა, ინვესტიციებმა იკლო და ეკონომიკის ვარდნაც აქციების შედეგიაო. რა თქმა უნდა, ქვეყანაში პერმანენტული აქციები სტაბილურობის ნიშანი ნამდვილად არ არის და ამდენად, ქვეყანასაც არ არგია. მაგრამ მაშინ უნდა მოიხსნას მიზეზი დესტაბილიზაციისა, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ ოპოზიციას არ აკისრია. მარტო ოპოზიცია კი არ უნდა დაფიქრდეს იმაზე, ინვესტიცია შემოვა თუ არაო, ხელისუფლებამაც არ უნდა გააჩინოს აქციების საბაბი.

პატრიოტულ მოტივებზე ლაპარაკიც აქ, ალბათ, მთლად მიზანშეწონილი არ არის, რადგან დასავლეთში მანიფესტაციების სიხშირისა და სიმწვავის მიუხედავად, მანიფესტანტებს არც მოღალატეებს უწოდებს ვინმე და არც ანტიეროვნული დაკვეთების შესრულებას აბრალებს. რამდენიმე წლის წინ დემონსტრანტებმა ნახევარი პარიზი ლამის გადაწვეს, მაგრამ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ სარკოზის პატრიოტიზმი არც უხსენებია. გაცილებით უარესი ვითარება იყო საბერძნეთში, მაგრამ დემონსტრანტები არც იქ დაუდანაშაულებიათ ანტიეროვნულობაში. პირიქით, ცდილობენ, საერთო ენა გამონახონ და იმ პრობლემის გადაჭრის გზები მოძებნონ, რამაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. ასე რომ, პატრიოტიზმი არაფერ შუაშია, საჭიროა გამოსწორდეს, შემსუბუქდეს ან სულაც მოიხსნას ის პრობლემები, რაც ხალხს აწუხებს და ქუჩაში გამოსასვლელიც არავინ იქნება.

ახალი კონსტიტუციის მიღება კვლავაც კამათის საგნად რჩებაროგორც ჩანსსააკაშვილმა გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ გაეცა პასუხი მოარული ხმებისთვისვადის გასვლის შემდეგ მის ხელისუფლებაში დარჩენაზემე არ ვაპირებ პრეზიდენტად კენჭისყრასთუმცა ბევრ ქვეყანაში ასეთი რეფერენდუმები ჩატარდა და საქართველოშიც ეს ადვილი გასაკეთებელიაო...

- ძნელი სათქმელია, რა იმალება ამ ნათქვამის უკან - უპირველესად, ალბათ, გულწრფელობა, რომ საქართველოში ეს ადვილი გასაკეთებელია.  ამის იქით კი ორგვარი ინტერპრეტაცია შეიძლება. უნდა დავასკვნათ, ადვილი იყო და კაცი ამაზე არ წავიდაო თუ იმის სიამოვნება იმალება, რომ ხალხს პრაქტიკულად არა აქვს სხვა გზა, გარდა იმის მიღებისა, რასაც ხელისუფალი სთავაზობს.

ბოლო დროს გახშირდა საუბრები "არაორდინარულსაკადრო ცვლილებებზესოფო ნიჟარაძეს კულტურის მინისტრობას უწინასწარმეტყველებენვერა ქობალიას კი პრემიერობას... რამდენად რეალურიათქვენი აზრითეს პროგნოზი?

- ჩემთვის ძალიან ძნელი და შეუძლებელიც არის საქართველოში საკადრო ცვლილებების პროგნოზირება, რადგან ჩემთვის უცნობია კრიტერიუმები და მოტივები ასეთი დანიშვნებისა.

როგორც წესი, სხვა ქვეყნებში მინისტრებსა და პრემიერსაც მაშინ ხსნიან და ნიშნავენ, როცა პოლიტიკური ან ეკონომიკური კრიზისია, ან სკანდალია პოლიტიკაში აგორებული. ჩვენთან რომელი მუზა იმოქმედებს პრეზიდენტზე, ძნელი სათქმელია და შესაბამისად, ვერც იმას გეტყვით, ვინ რომელ თანამდებობაზე შეიძლება აღმოჩნდეს.

მომავალ კვირას საქართველოს ყოფილი მსოფლიო ლიდერები ესტუმრებიანროგორ ფიქრობთამ ვიზიტმა შეიძლება თუ არა რაიმე შეცვალოს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაშიან თუნდაც დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ?

- რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა და პოზიციები სხვა, უფრო პრაქტიკული მექანიზმებით კორეგირდება. პრაქტიკულში იმას ვგულისხმობ, რომ ეს არ არის რომანტიკული დამოკიდებულება პერესტროიკის მიმართ. აქ რეალური, პრაგმატული ინტერესების ერთმანეთთან შეხამება ხდება. ასე რომ, არა მგონია, ამ ტიპის კონფერენციებმა გადამწყვეტი როლი ითამაშოს. მიუხედავად ამისა, მაინც სასიამოვნოა, რომ საქართველო ამ საერთაშორისო სიმპოზიუმის მარშრუტში მოხვდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში მნიშვნელოვანი ქვეყანაა.