"ფოიერვერკი - ფერად-ფერადი შუშხუნების გაშვება", - წერია ლექსიკონში, მაგრამ ეს სიტყვა მაინც მეტ ემოციას იწვევს, მეტ ზეიმს, მეტ სინათლეს ითხოვს. და თუმცა შინაარსობრივად სულაც არ ენათესავება ნიჭიერების აღმნიშვნელ რომელიმე სიტყვას, მაინც შესანიშნავად ჯდება სიტყვათშეთანხმებაში - ნიჭიერების ფოიერვერკი... აქ კი შეუძლებელია მართლაც დიდი ნიჭის კაშკაშა ზეიმი არ გაგახსენდეს - რამაზ ჩხიკვაძე, არტისტი, რომლის გარდაცვალებიდან უკვე ორმოცი დღე გადის.
ვილა "ბერიკას" კარზე ორი ნიღაბი: ერთი - მოტირალი და მეორე - მოცინარი, - თეატრის სიმბოლო. მერე კიბე, მეორე-მესამე სართულებზე მიმავალი. იქ უკვე მოხუცი არტისტი, ისიც ქართული თეატრის სიმბოლო... ვინ იცის მერამდენედ ნათქვამი ფრაზა: დავბერდი, კაცო, დ ა ვ ბ ე რ დ ი! აღარ უნდა დამანებოთ თავი?!
- თქვენი სიბერე ვინ თქვა, ბატონო რამაზ! - ღიმილიანი პროტესტი.
- სახსრებმა, ბატონო ჩემო, გულმა და კუჭმა, - ისმის პასუხი და ეს უკვე სპექტაკლია, თეატრია, რადგან რამაზ ჩხიკვაძეს, მოხუცსაც კი არ შეუძლია უფერული იყოს, სწორედ ისე, როგორც ფოიერვერკი არ არსებობს ჩამქრალი და ფერგადასული.
რამაზ ჩხიკვაძის ცხოვრებას სულ ჰქონდა არტისტიზმის ელფერი და მუდმივად თან ახლდა სიყვარულის ფერიც. მას თავდავიწყებით უყვარდა ნატაშა. ახლა შეიძლება ბევრი ილაპარაკონ ამ სიყვარულზე, ზოგმა უფრო პრაგმატულად შეხედოს, ზოგმა - მეტად რომანტიკულად. თავად არტისტს დიდად აღარ აინტერესებდა, ვინ რას იტყოდა. მას უბრალოდ ნატაშა უყვარდა. ის გემიც უყვარდა, რომელზეც გაიცნო: წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა, იმ დღეს იმ გემზე რომ არ ავსულიყავიო, - იტყოდა ხოლმე ჩვეული ინტონაციით, - კიდევ კარგი, მე და გურამი მივდიოდით ოდესაში... იალტაში შემოვიდა ნატაშა. რომ დავინახე, უზომოდ მომეწონა და ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიფიქრე დაქორწინებაზე, ასეთ ქალს შევირთავდი-მეთქი. ცხოვრებაში სხვაზე არავისზე მიფიქრიაო.
დღეები დღეებს აღარ ჰგავდა. გაღვიძებისთანავე ერთმანეთს ხედავდნენ, ყველაზე სასურველს, ვინც კი შეიძლებოდა დაენახა ან ერთს, ან მეორეს. ოღონდ სულ სხვადასხვა სახლში ეღვიძებოდათ, რადგან საკუთარი არ ჰქონდათ... მშობლებს კი გამოერიდნენ, სიყვარულის გადასარჩენადო, - ასე ამბობდნენ მოგვიანებით. ხან სარდაფში იყვნენ, ხან სხვენზე, ხან მეგობარ არტისტთან, ხან მის მეზობლებთან.
სიყვარულს მაინც მოუფრთხილდნენ, ხელში აიტატეს, სწორედ ისე, როგორც ეს ფუმფულა თეთრი ლეკვები, გულზე მიიხუტეს.
სიყვარულს ცუდი არაფერი უნდა დაენახა, როგორც ამ ლეკვების ახალახელილ თვალებს.
სიყვარულს არ უნდა შესცივნოდა, სითბო კი გულთან ახლოს ყოფნას სდევს თან. ამიტომ გულებთან ახლოს მიუჩინეს მყუდრო ადგილი.
სიყვარული თვალთან ახლოს უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ ბოროტი ენები ამბობდნენ, თვალი შორს და გულიც შორსო. სულ ერთად იყვნენ. ერთად დადიოდნენ გასტროლებზე და დასასვენებლად, ერთად მიდიოდნენ სამკურნალოდ და სტუმრად. რამაზს არ უნდოდა უნატაშოდ და ნატაშას - ურამაზოდ. ბედნიერები იყვნენ.
მერე გაჩნდა შიში, რომ რამაზი წავიდოდა, ძლიერი სენი წაიყვანდა. ნატაშა იბრძოდა. ისე თავგანწირვით იბრძოდა, რომ ვერ შეძლო იმ მძიმე დღემდე ქმრის მიცილება - უკანასკნელ დღემდე... გულმა უმტყუნა.
რამაზი ვაჟკაცი იყო, მას უნდა გაეძლო ამ გაცილებისთვისაც. თავადაც იცოდა, რომ სულ ცოტა ხნით დაშორდებოდნენ ერთმანეთს...
ვუყურებ მათ ფოტოს, ბედნიერების ჟამს გადაღებულს და ვფიქრობ: ამ ქვეყნიდან წასვლისასაც კი ამ თეთრი ლეკვებივით ჩახუტებული წაიყვანეს თავისი სიყვარული.