დასაქმებულთა შრომის უფლებების დარღვევის შესახებ ლამის ყოველ დღე ვრცელდება ინფორმაცია. ამა თუ იმ ორგანიზაციის შევიწროებული თანამშრომლები უკვე გაჩუმებას აღარ აპირებენ. მათ მხარდაჭერას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი უცხადებს.
ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ „აუდიტორია 115“-ის წევრები შეიჭრნენ. ისინი ორგანიზაციიდან თანამშრომლების გათავისუფლებას აპროტესტებენ. „აუდიტორია 115“-ის წევრებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა იკამათეს, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა, თუმცა რაიმე ინციდენტი ან დაპირისპირება არ მომხდარა.
„ბიბლუსის გალერეას“ ყოფილმა და ამჟამინდელმა თანამშრომლებმა 9 თებერვალს ვიდეომიმართვა და განცხადება გაავრცელეს, სადაც მაღაზიაში არსებულ შრომის პირობებზე საუბრობენ. „ბიბლუსის“ თანამშრომელთა ნაწილის განცხადებით, მძიმე და არანორმირებულ შრომით პირობებში უწევთ მუშაობა. კომპანიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ ზოგჯერ 24-საათიან რეჟიმშიც უწევდათ მუშაობა, თუმცა „ბიბლუსის“ მხრიდან ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება არ ხდება – ბონუსების სისტემა კი მათთვის გაუმჭვირვალეა.
თანამშრომლების მიერ დასახელებულ პრობლემებს შორის კონსულტანტები დიდ დატვირთვასაც ასახელებენ. მათი თქმით, წიგნის მაღაზიის კონსულტანტებს ხელშეკრულებით ნაკისრის გარდა სხვა მოვალეობების შესრულებაც უწევთ, როგორიცაა პროდუქციაზე თვალის დევნება, რადგან დანაკლისის შემთხვევაში კონსულტანტებს უწევთ მისი ანაზღაურება.
ბოლო დროს თითქმის ყოველ დღე ვრცელდება ინფორმაცია ამა თუ იმ ორგანიზაციის თანამშრომელთა მიერ, რომლებიც მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. რეგიონებიდან ტალღამ დედაქალაქშიც გადმოინაცვლა და თითქმის ყველა დარგს შეეხო. სულ ახლახან სოციალურ ქსელში გავცელდა მიმართვა, რომლითაც რესტორან „დაუნთაუნის“ თანამშრომელი აქსანა თოფურია კაფე-რესტორანს ამხელს:
რესტორან „დაუნთაუნში“, მიმტანის ანაზღაურება საათში 1 ლარია, 1 ლარი, ანუ თვეში 15 სამუშაო დღე. 1 ლარზე, საშუალოდ, თვეში 150-170 ლარი. ეს ისეთ რესტორანში ხდება, სადაც საშუალო დონის ვახშამი 200 ლარი ჯდება. ხელფასი უნდა ირიცხებოდეს თვეში 2 ჯერ - თვის 1-დან 5-მდე და 15-დან 17 რიცხვამდე (ხელშეკრულებაში ასე წერია). ამ თვის ხელფასი მაქსიმუმ უკვე რამდენიმე დღის დარიცხული უნდა იყოს, თუმცა არ დაურიცხავთ ჯერ და რა თქმა უნდა, ბოლო 5 თვის მსგავსად, ტყუილში კიდევ მინიმუმ მომდევნო კვირა გავა. მოტყუებული დასაქმებულები კი ელოდებიან სესხის ფულს, პურის ფულს, გზის ფულს.
კვება დაშვებულია დღის 1 საათიდან, ძირითადად, კარტოფილი და კვერცხი, კარგ შემთხვევაში ბოსტნეულის სუპი და გაყინული ქათმის ბარკალი. დირექტორმა ბრძანა, თუ არ მოგწონთ კვება, სახლიდან წამოიღეთ საჭმელიო. თუ მაინც კიდევ მოგინდათ იქ შესვლა, გთხოვთ, არაფერი გაგიტყდეთ ან ხელს არაფერი გამოაყოლოთ. საფერფლე 6 ევროდ არის შეფასებული, ჭურჭელი 30-40 ლარად და ყველაფერს პერსონალი იხდის, ყველა დანაკლისს მაშინ, როცა მიმტანის ხელფასი 150 ლარია. შესაძლოა, მას ერთი „პოდნოზით“ მთელი თვის ხელფასის ჭურჭელი მოჰქონდეს თქვენ მაგიდასთან“.
ვისი და რისი ბრალია, რაც საქართველოში შრომის პირობების მხრივ ხდება? გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ამბობს, რომ ქვეყანაში შრომის ინსპექცია უმოქმედოა და კანონი მას ძალიან ზღუდავს.
„შრომითი ინსპექცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტია, რომელშიც მუშაობს 25 მოქმედი და ამდენივე რეზერვში მყოფი ინსპექტორი, მაგრამ არსებულ ვითარებაში მათ ხელ-ფეხი აქვთ შეკრული. სამწუხაროდ, ამ ორგანოს არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია. შეზღუდვებმა იგი სრულიად უფუნქციო წარმონაქმნად აქცია.
ასე მაგალითად, ინსპექტორი ვერ შევა ვერც ერთ საწარმოში მანამ, სანამ არ შეუთანხმდება მის დირექციას. უშუალოდ ვიზიტამდე ხუთი დღით ადრე მან კვლავ უნდა გააფრთხილოს დამსაქმებელი, რომ ის მის ობიექტს უნდა ეწვიოს.
შრომის ინსპექტორს, არსებულ ფორმატში იმისი უფლებაც კი არ აქვს, რომ რაიმე სახის მითითება მისცეს დამსაქმებელს, მას მხოლოდ რეკომენდაციის მიცემა შეუძლია და შესრულდება თუ არა ისინი, ეს მხოლოდ ამ უკანასკნელის სინდისზეა დამოკიდებული.
შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს ობიექტზე გაუფრთხილებლად შესვლის უფლება, მხოლოდ იქ ტრეფიკინგის მსხვერპლთა არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში აქვთ, თუმცა მსგავს შემთხვევებზე ძალოვან სტრუქტურებს უფრო ოპერატიული ცნობები აქვთ და შესაბამისად, შრომის ინსპექცია ამ შემთხვევაშიც უფუნქციოა“, - აცხადებს ალექსანდრია.