რაც ქართველმა პოლიტიკოსებმა, ხელოვანებმა და ჟურნალისტებმა მოსკოვში სიარულს მოუხშირეს, სახელისუფლებო გუნდი აღშფოთებას ვერ მალავს. პარლამენტის წევრ ხათუნა ოჩიაურს "კვირის პალიტრამ" ქართველების ცხინვალში სტუმრობასა და ქართულ-რუსული კონტაქტების ბოლოდროინდელ გააქტიურებაზე ჰკითხა:
ქალბატონო ხათუნა, რამდენად სწორია, რომ პაატა ზაქარეიშვილის, ვახტან კომახიძისა და ზურაბ ნოღაიდელის ცხინვალში ჩასვლა თითქმის დანაშაულად მოინათლა?
- დღეს რუსეთ-საქართველოს შორის ტერიტორიული კონფლიქტის გამო ოკუპირებულია საქართველოს დიდი ნაწილი. გულუბრყვილობაა ფიქრი, რომ საზოგადოების რომელიმე წევრს ან დამოუკიდებელ ექსპერტს (სინამდვილეში კი პარტიის წარმომადგენელს) შეუძლია შედეგის მომტანი ნაბიჯის გადადგმა ამ საკითხში. ამ პირების საქციელი, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსეთის პოლიტიკური კურსის დადასტურებაა, რომელიც ცდილობს, მსოფლიოს აჩვენოს, რომ პრობლემა მხოლოდ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაშია. თითქოს რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს დღე არ უღამდებათ და დილა არ უთენდებათ საქართველოსა და ქართველ ხალხზე დარდით. ყველა საერთაშორისო ფორუმზე რუსეთს ახსენებენ 6-პუნქტიან ხელშეკრულებას, რომელსაც არ ასრულებს. ამიტომაც პოლიტიკური აქცენტების სხვა საკითხზე გადატანას ცდილობენ და უნდათ მსოფლიოს დაანახონ, - ჩვენთვის დაბრკოლება მიხეილ სააკაშვილია, თორემ ქართველ ხალხთან, ექსპერტებთან, შემოქმედებით წრეებსა და საზოგადოებასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვსო. უნდათ წარმოაჩინონ, რომ ის ქართველები, რომლებიც მოსკოვში ჩადიან ან სეპარატისტებს ელაპარაკებიან, საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრს წარმოადგენენ.
ცხინვალში ზურაბ ნოღაიდელის ჩასვლამ შედეგი გამოიღო - სამი მოზარდი გაათავისუფლეს.
- ეს ბავშვები ნოღაიდელმა გაათავისუფლა?! არა, ის ამას იბრალებს. ამ მიზნით ევროკავშირის ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირს ჰქონდა კოკოითის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკება და მასაც ცხინვალში ხან უშვებენ, ხან - არა. ამ პრობლემის გადაწყვეტა გაუჭირდა თომას ჰამარბერგს, რომელიც უფლებამოსილია და ნოღაიდელის, ექსპერტის ან ჟურნალისტის თხოვნით გაათავისუფლებდნენ მოზარდებს? მოზარდების გათავისუფლებას პიარისთვის გამოიყენებენ, თუ რამდენად დაფასებულია და ქმედითია ოპოზიცია, ვიდრე ხელისუფლება.
ცხინვალში შესვლა ხომ შარაგზაზე გავლა არ არის? კარგად ვიცი, რამდენჯერ მდგარან ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები გაწბილებული დე ფაქტო საზღვარზე. ცხინვალში შესვლამდე არაერთი გამშვები პუნქტი უნდა გაიარო, გაფრთხილებული უნდა იყვნენ რუსი სამხედროები. ქართველი მოზარდები საზღვრის გადაკვეთისთვის იყვნენ დაპატიმრებული და საინტერესოა, ზაქარეიშვილი, ნოღაიდელი და კომახიძე რატომ არ დააკავეს? ვიზა ჰქონდათ თუ როგორ არის საქმე?
ჟურნალისტებმა, რომლებიც მედიაფორუმზე იმყოფებოდნენ მოსკოვში (და აქვთ არგუმენტი, რომ კოლეგებთან აზრის გაცვლა და ინფორმაციის მიღება სურდათ), არც იცოდნენ, რომ ფორუმს რუსეთის პრეზიდენტი დაესწრებოდა.
- არავინ არის იმდენად გულუბრყვილო, რომ დაიჯეროს, მოსკოვში ქართველი ჟურნალისტები მხოლოდ აზრის გასაცვლელად მიიწვიესო. მედვედევთან ჟურნალისტების შეხვედრა რომ წინასწარ დაიგეგმებოდა, თქვენც მოგეხსენებათ.
მედვედევი რომ სახელით მიმართავდა გულაშვილს, ესეც არაფერს ნიშნავს? ორი თვის წინ მეცნიერების, განათლებისა და კულტურის საკითხებზე ორიენტირებული "ევრაზიის დიალოგის" შეკრებაზე ვიყავი თურქეთში. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მალხაზ გულაშვილი დავინახე, რადგან ის ჩვენი დელეგაციის წევრი არ იყო. დავინტერესდი და გავიგე, რომ მალხაზ გულაშვილი რუსეთის დელეგაციას წარმოადგენდა.
თავად გითხრათ?
- ჩემს თურქ მეგობარს ვთხოვე ამოებეჭდა დელეგაციების წევრთა სიები. მაქვს ის ფურცელი, სადაც მალხაზ გულაშვილი რუსეთის დელეგაციის წევრად ფიგურირებს. "ევრაზიის დიალოგის" შეკრებაზე გულაშვილი პოლიტიკური და ჩვენს ხელისუფლებაზე კრიტიკული განცხადებებით გამოვიდა. მეორე დღეს მისი საქციელი დაიგმო, ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და საიდან მოხვდა ეს ადამიანი ამ შეკრებაზეო. მერე თვითონ რუსებმა აღარ შემოუშვეს გულაშვილი დარბაზში.
ხელისუფლებამ ასევე გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილის წიგნი "საქართველოს ტრაგედია 2003-2008". ითქვა, რომ წიგნში ავტორმა საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნა...
- ეს ფაქტი თავისთავად უკვე დანაშაულის ნიშნებს ატარებს, მაგრამ დანაშაულიც რომ არ იყოს, მორალური კრიტერიუმები მოისპო საქართველოში? ხომ ვიცით, რომ პუტინს ეს წიგნი აქვს ხელში და მას იშველიებს სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე.
როდესაც წერ წიგნს ევროპულ ენაზე და იცი, რამდენად ვართ დამოკიდებული ევროპის ქვეყნების კეთილგანწყობაზე, როგორ ამტყუნებ შენს ქვეყანას და აცხადებ, ომი ჩვენ დავიწყეთო. რა ჰქვია ამას?!
შეიძლება პოლიტიკურმა ამბიციამ ისე დაგაბრმავოს, რომ ქვეყანას ავნო?
ქალბატონი სალომე ამბობს, რომ მთავარია, სიმართლე უთხრას საზოგადოებას.
- ამ წიგნში ასახულ სალომე ზურაბიშვილის მიერ დანახულ რეალობას სიმართლესთან კავშირი არა აქვს. ჩვენ ვართ აგრესორები და რუსეთს დავესხით თავს? რად უნდა ბევრი ფიქრი, ვინ დაიწყო აგრესია? ფინეთ-საბჭოთა კავშირის ომის დროს მამაჩემი პატარა ბიჭი იყო და ამას წინათ იხსენებდა, თურმე რადიო აცხადებდა, ფინეთი საბჭოთა კავშირს მზაკვრულად დაესხა თავსო. ვინ ტყუვდებოდა ამით? წარმოიდგინეთ, მანანჰაიმთან რომ მისულიყო ვინმე და ეკითხა, უნდა გამოვიძიოთ, თქვენ ესროლეთ პირველმა თუ რუსეთმაო. ცინიზმია საკითხის ასე დასმა. როდესაც ჩვენს ქვეყანაში ურიცხვი ცოცხალი ძალა და ჯავშანტექნიკა შემოვიდა, პასუხი არ უნდა გაგვეცა? გავა დრო და ყველაფერს ისტორია შეაფასებს.
1991 წლის 21 დეკემბერს, როდესაც რუსთაველზე პირველი ტყვია გავარდა, მოსკოვში დსთ-ის შექმნასა და იმაზე იყო მსჯელობა, ვინ გაწევრდებოდა მასში. ნემო ბურჭულაძემ ზვიად გამსახურდიას მითითებით ამ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო დსთ-ში არ შევიდოდა და თბილისში მაშინვე გავარდა ტყვია. მაშინდელი საზოგადოება ეიფორიაში იყო, დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, მაგრამ თან გვჯეროდა და თან არა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. უცბად მოვითხოვეთ დემოკრატიის უმაღლესი მწვერვალები და გვინდოდა თუ არა, ამით სახელმწიფოს წინააღმდეგ წავედით. არა მგონია, ვინმემ თქვას, რომ საქართველოსთვის სასარგებლო იყო, რაც 1991 წლის ზამთარში მოხდა. ჩვენ ყველა ერთად ვნანობთ მომხდარს. ეს აღარ უნდა განმეორდეს. ასეთ დროს მოგებული მხარე არ არსებობს. მაშინ რუსთაველის პროსპექტზე ქართული სახელმწიფო დამარცხდა, რასაც ქაოსი, ძარცვა-გლეჯა და ათასი უბედურება მოჰყვა. ყოველთვის უნდა გავარჩიოთ მთავარი უმნიშვნელო დეტალისაგან. ილია მოკლეს და საქართველო ამას ტაშით შეხვდა, რადგან საზოგადოებრივი აზრი იყო საამისოდ მომზადებული. პრესაში ისიც კი იწერებოდა, ილიამ პალტო იყიდაო. ზვიად გამსახურდიაზეც იწერებოდა ბევრი რამ და შედეგად ის მივიღეთ, რომ რუსთაველზე ბრძოლა მიმდინარეობდა, რამდენიმე ქუჩის იქით კი ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდებოდა. ახლა მიხეილ სააკაშვილზე ამბობენ, თვითმფრინავით მგზავრობს და რეზიდენცია ააშენაო, თითქოს მისი საკუთრება იყოს. პრეზიდენტი ურმით ხომ არ ივლის?! ასეთი პროპაგანდის დროს გვავიწყდება მთავარი, რომ საქართველო ოკუპირებულია. დღეს ბევრ ჩვენს მოქალაქეს უჭირს, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენს სამშობლოს. საქართველოს ამ წუთსაც სისხლი სდის, რადგან სხეულის ნაწილები აქვს მოგლეჯილი.
დასასრულ, მინდა გკითხოთ, მერაბ ბერძენიშვილის "დიდების მემორიალის" დემონტაჟის შესახებ. (ინერვიუს ჩაწერის დროს "დიდების მემორიალზე" ტრაგედია ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი) მამათქვენის, ბატონ გოგი ოჩიაურის ქანდაკება რომ დაენგრიათ, რას იტყოდით?
- ვაკის პარკის მემორიალის 8 მეომრის ქანდაკება მართლაც გადაიტანეს გორში, სადაც 8 აგვისტოს გაიხსნა დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი. არ მიმაჩნია თავზარდამცემად, თუკი ზოგიერთ ძეგლს ავტორთან შეთანხმებით სადმე გადაიტანენ.
ლაპარაკია "დიდების მემორიალის" განადგურებაზე, რადგან მის ადგილას პარლამენტის შენობა უნდა აშენდეს.
- პარლამენტის აშენება სახელმწიფო მნიშვნელობის მოვლენაა და ამის გამო შეიძლება ქანდაკების სხვა ადგილზე გადატანა. ქუთაისის ადგილობრივ მმართველობას უნდა გაეფრთხილებინა ბატონი მერაბ ბერძენიშვილი და აეხსნათ, რა მიზეზით გადააქვთ ძეგლი. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო ადგილს შეარჩევენ. კარგი იქნებოდა, საზოგადოებას მაშინ გამოეხატა აღშფოთება, როდესაც ქანდაკებები ქრებოდა და ბრინჯაოდ ადნობდნენ.
ქუთაისში "დიდების მემორიალის" აფეთქებისას მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ხათუნა ოჩიაურს კვლავ დავუკავშირდით. სატელეფონო შეტყობინებაც გავუგზავნეთ, მაგრამ დეპუტატმა ქალბატონმა ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა. როგორც ჩანს, აფეთქების შემდეგ სათქმელი აღარაფერი ჰქონდა.