ხაშლამა, ლობიო და ...სააკაშვილი

ხაშლამა, ლობიო და ...სააკაშვილი

წინა კვირას ორშაბათის დილა ცოლის ტრადიციული წუწუნით დაიწყო: დღეს სადილად რა გავაკეთო, თავი მეტკინა ფიქრით, რამე იდეა მომაწოდეო. ის იყო, თავის მტვრევა მეც დავიწყე, რომ "იმედის" ეკრანზე შემწვარი ქათამი და თბილისის მერი გიგი უგულავა გამოჩნდნენ.

მართალია, არ გვაჩვენეს, მოაგლიჯა თუ არა მერმა ქათამს ბარკალი, მაგრამ ქათმებზე და თანაც ტეხასურზე, ისე მადისაღმძვრელად ლაპარაკობდა, შეუძლებელი იყო, არ მოგნდომებოდა. თბილისში ახალი, სწრაფი კვების ობიექტი გახსნილა, სახელად "ტეხასური ქათამი". აბა, მისი გახსნა ისე როგორ ჩაივლიდა, იქ ან პრეზიდენტი, ან ქალაქის მერი მაინც არ მისულიყო. "ტეხასური ქათამი", როგორც ჩანს, მინიმალურად დააფასეს. თუმცა, ეს რა ჩემი საქმეა. პირადად მე მთავრობის მადლიერი ვარ, - უკვე ვიცოდი, იმ დღეს სადილზე რას შევჭამდი.

თქვენ ფიქრობთ, სულ ეს იყო მთავრობის დახმარება? როგორ გეკადრებათ! ხელისუფლება ამ საქმეში ბოლომდე დამიდგა მხარში. ოთხშაბათი რომ გათენდა, დამხმარედ უკვე პრეზიდენტი მომევლინა. ნატახტარში ჩავიდა, ხორცის გადამმუშავებელი საწარმო გახსნა და საინტერესოდ ილაპარაკა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, იმაზე, რომ ქართველებმა საჭმლის კეთება არ ვიცით, აწი უნდა ვისწავლოთ და განვვითარდეთ, რომ მეტად მნიშვნელოვანია ხორცპროდუქტების კარგი დამუშავება. ასე რომ, უკვე ვიცოდი, იმ დღეს სადილად ხაშლამა მექნებოდა.

აჰა, დადგა ხუთშაბათიც და ცოლიც ისევ აწუწუნდა, ამდენი ხორცი ყელში ამოვიდა, ახლა რამე უხორცო მოვიფიქროთო. - მოიცა, - ვუთხარი მე, - რისთვის გვყავს მთავრობა, მოგვაწვდის იდეას-მეთქი. სიტყვა დასრულებული არ მქონდა, რომ პრეზიდენტი მცხეთის სალობიეს ეზოში იდგა... "ე, ქალო, ლობიო!" - შევძახე გახარებულმა.

მოკლედ,  საღამოს ლობიონაჭამები დესერტზე ვფიქრობდით, რომ ბატონმა პრეზიდენტმა ხეჭეჭური ახსენა. ჩვენი საქმე ხეჭეჭურივითაა, ნაყოფს გვიან გამოისხამსო. უფ, რა გემრიელი იქნება ახლა ლობიოზე ხეჭეჭურის დაყოლება?!