თავისუფალი დემოკრატები 19 თებერვალს თავმჯდომარედ შალვა შავგულიძეს აირჩევენ

თავისუფალი დემოკრატები 19 თებერვალს თავმჯდომარედ შალვა შავგულიძეს აირჩევენ

ნინო გოგუაძე: „ყრილობას 300 დელეგატი დაესწრება!“

19 თებერვალს თავისუფალი დემოკრატები ყრილობას გამართავენ და ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ვინ შეცვლის ირაკლი ალასანიას? - ამის გასარკვევადვერსიაპარტიის პოლიტიკურ მდივან ნინო გოგუაძეს დაუკავშირდა, რომელიც ზოგიერთისგან განსხვავებით, პრინციპების ერთგული დარჩა.
- ყრილობას, რომელიც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება, 300 დელეგატი დაესწრება. ისე, ბევრს ეგონა, ჩვენი პარტია განადგურდა, რაც არ გამართლდა. გადახალისება გვჭირდება და ამიტომ ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს ავირჩევთ. 
- ვის? 
- ჩვენი წინადადებაა, პარტიის ახალი თავმჯდომარე ერთ-ერთი ღირსეული, სიმართლისთვის მებრძოლი და ირაკლი ალასანიას გუნდის დამფუძნებელი შალვა შავგულიძე იყოს, რომელიც 2012 წელს კოალიციურ სიაში „ოცნების“ სახელით შევიდა, მაგრამ, როცა კოალიციიდან წამოვედით, „ოცნება“ უყოყმანოდ დატოვა. ვიმედოვნებ, ყრილობა შალვას თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარედ აირჩევს. 
- ინფორმაცია, რომ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ალასანია სიმბოლურად დარჩება, მცდარია? 
- ირაკლი ალასანიას თანამშრომლობისთვის დიდ მადლობას ვუხდით, მჯერა, სიტყვას არ გატეხს და პარტიას აუცილებლად დაუბრუნდება, მაგრამ ეს მაშინ მოხდება, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე მნიშვნელოვანი მომენტი დადგება და ჩვენი მიზნების მიღწევაშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. 
- ეს ,,მნიშვნელოვანი მომენტი'' არჩევნებია? 
- ირაკლი მოვლენათა განვითარების მიხედვით იმოქმედებს. მას თავისუფალი დემოკრატები არ დაუტოვებია, უბრალოდ, თავმჯდომარეობიდან გადადგება, ყრილობასაც აუცილებლად დაესწრება, მაგრამ სანამ საქართველოში არ იქნება, პარტიას ქმედითი მმართველი და სჭირდება... 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მთელი პარტიის შეცდომებზე პასუხისმგებლობა ირაკლი ალასანიამ აიღო. სხვადასხვა მოტივით, პარტია იმ ადამიანებმა დატოვეს, რომლებთან ერთადაც პოლიტიკური 8 წელი გავიარეთ, რამაც პარტიაში კრიზისი შექმნა. 
- წასულებმა - ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ და გია ცაგარეიშვილმა ხელისუფლებაში გადაინაცვლეს. მათ თავისუფალი დემოკრატებს უღალატეს? 
- ამაზე მკაფიო შეფასებები უკვე გავაკეთე და ახლა თავს შევიკავებ. 
- თქვენი თუ სხვა პარტიების რყევებმა პროდასავლური ფლანგი დაასუსტა და, როგორც ამბობენ, ქვეყანაში პრორუსული ძალები გააძლიერა. ქალბატონო ნინო, სწორი ნაბიჯების არგადადგმის შემთხვევაში, ვიზალიბერალიზაციას ხომ არ დავკარგავთ? 
- ვიზალიბერალიზაცია სასიხარულოა, რომელმაც რუსული პროპაგანდა - ევროპა ცუდიაო, უნდა გააქროს და ხალხმა ნახოს, თავისუფალ სივრცეში ცხოვრება რას ნიშნავს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოში ევროპული სახელმწიფო შევქმნათ და ევროკავშირში სრული ინტეგრაცია მოვახერხოთ. ევროპული სახელმწიფო კანონის უზენაესობას ნიშნავს, რაც თავისუფალი სასამართლოთი უნდა დავიცვათ. ნაციონალების წინააღმდეგ სწორედ იმიტომ ვიბრძოდით, რომ ადამიანის უფლებები ილახებოდა და თავისუფალი სასამართლო არ არსებობდა. „ოცნებაც“ იგივე გზას ადგას - ვნახეთ, როგორ დაიმორჩილა საკონსტიტუციო სასამართლო, პროკურატურაც პოლიტიზებულია. „ოცნება“ ერთადერთი დამბალანსებლის - პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებასაც ცდილობს. ასე რომ, ეს ევროპული კი არა, პოსტსაბჭოთა, რუსული ტიპის სახელმწიფოა. 
- იზიარებთ ვერსიას, რომ ხელისუფლებაში რამდენიმე გავლენიანი ჯგუფი შეიქმნა, დამოუკიდებლად მოქმედებს და ქაოსს ეს იწვევს? 
- „ოცნების“ გუნდი პოლიტიკოსებისგან არ შედგება. თუ წინა მოწვევის პარლამენტში ის ადამიანები მაინც იყვნენ, ვინც თუნდაც ნაციონალებს ებრძოდა, ახლანდელ „ოცნებაში“ გაუგებრობაა, რადგან არც პოლიტიკური ხედვები აქვს და არც - იდეოლოგია. ერთადერთი ადამიანი, ვისაც სიტყვა ეთქმის, ივანიშვილია, თუმცა ხელისუფლებას თანამდებობის ოფიციალური პირები ჰყავს და ყველაფერზე პასუხს ისინი აგებენ, ამიტომ მხოლოდ ივანიშვილის ხსენებით თანამდებობის პირებს თითქოს პასუხისმგებლობას ვუხსნით, რაც არასწორია. 
- თავისუფალი სასამართლო ახსენეთ დაკაბელების საქმეზეგკითხავთ. პრეზიდენტმა ამ საქმეზე დაპატიმრებულები შეიწყალა, თუმცა მათი გამამართლებელი განაჩენი შეიძლება ისედაც დამდგარიყო და ბევრმა ეს მარგველაშვილის პიარ-გათვლად მიიჩნია... თქვენ კი სტრასბურგში ჩივილს მაინც აპირებთ, ხომ? 
- პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და შეწყალება საჭიროდ მაშინ ჩათვალა, როცა პროკურატურამ ამ ადამიანების ბრალეულობა ვერ დაამტკიცა. მისდამი მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. „კაბელების საქმე“ ჩემთვის მტკივნეულია და ყველას ქცევა კარგად მახსოვს. ივანიშვილს დაუფარავად სურდა, ამ ე.წ. საქმეზე, თავის დროზე, ირაკლი ალასანია დაედანაშაულებინა, მაგრამ კოალიციის ზოგმა წევრმა ღიად თქვა, რომ ეს გაუგებრობა იყო და ირაკლი ალასანიაც, როგორც ეს ადამიანები, უდანაშაულოაო. ამისთვის რესპუბლიკურ პარტიასა და ეროვნულ ფორუმს მადლობას ვუხდი. ჩვენი იდეოლოგიების რადიკალური სხვაობის მიუხედავად, ზურაბ ტყემალაძისა და გოგი თოფაძის სოლიდარული განცხადებებიც არასდროს დამავიწყდება, მაგრამ ისეთებიც იყვნენ, რომლებმაც პოლიტიკური ქულებისა და ივანიშვილის კეთილგანწყობის მოპოვება ალასანიას დადანაშაულებით სცადეს. 
„კაბელების საქმეზე“ დაპატიმრებულები განაჩენს ჯერ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ და თუ სამართლიანი გადაწყვეტილება არ მიიღეს, აუცილებლად სტრასბურგში წავალთ. 
- სტრასბურგში თქვენი მოთხოვნა რა იქნება? 
- ჯერ უნდა დადასტურდეს, რომ სახელმწიფო მათთან დამნაშავეა და სტრასბურგმა ხელისუფლებას ამ ადამიანებისთვის კომპენსაცია დააკისროს, თუმცა, არ ვიცი, იმის კომპენსაცია რა იქნება, რომ მაგალითად, ლობჟანიძეს შვილი შეეძინა და ფეხი ისე აიდგა, მამას არ უნახავს. 
- რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ორ მოსამართლეზე ზეწოლა ხდება. ქვეყანაში, სადაც ზეწოლას მოსამართლეებზეც ახდენენ, რისი იმედი უნდა გვქონდეს, ქალბატონო ნინო? 
- სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ყველა დაუცველია, მათ შორის, მოსამართლეც, მაგრამ სურეალიზმში ვცხოვრობთ და ჩვენი ცხოვრების თანმდევი ფარული ჩანაწერებია. ეს მარაზმი და ჭაობია, რომლიდანაც არ ვიცი, როგორ ამოვიდეთ. სირცხვილია, რომ დღეს ადამიანებს ცნობიერებას ისევ ფარული, უკანონო მოსმენებით ანაგვიანებენ. ეს ჩვეულებრივი კრიმინალია, რომლის წინააღმდეგაც სახელმწიფო სტრუქტურებმა შესაბამისად უნდა იმოქმედონ. ხელისუფლების კონტროლი, რათა ძალა-უფლების უზურპაცია არ მოახდინოს, საზოგადოების ვალია. 
- სწორდ ამ ვალის მოხდის მიზნით, სტუდენტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაცია გააპროტესტეს და შენობაში შეიჭრნენ, რაც ია ანთაძემ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობას დაუკავშირა... 
- ახალგაზრდები მხოლოდ ფოიეში შევიდნენ. საერთოდ, ახალგაზრდები მაქსიმალისტები, უფრო ექსტრემალურები არიან და სწორედ ამით გამოირჩევიან თუნდაც საჯარო მოხელეებისა თუ პოლიტიკური პარტიებისგან, რომ შედარებით რადიკალური მოქმედებები სჩვევიათ. სჯობს, ყურადღება იმაზე გაამახვილონ, ახალგაზრდები რას აპროტესტებენ. გადატრიალებას საზოგადოებრივ მაუწყებელს თვითონ უწყობენ. ისე, თავიდანვე ვამბობდით, რომ პროცესი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიდიოდა - თოქ-შოუების დახურვა, „რუსთავის 2“-ის პროცესი... ბორდ-მა ვასილ მაღლაფერიძე მაუწყებლის მმართველად უთავმოყვარეოდ დაამტკიცა, მაგრამ თუ ასეთი მისია ექნებოდა, გადაცემები გაეუქმებინა, რას ვიფიქრებდით?! საზოგადოებამ ფული 2 წელი დახურულ ტელევიზიაში უნდა იხადოს, თანამშრომლები კი უსინდისოდ დაითხოვონ ტელევიზიიდან, თან შეურაცხყოფა მიაყენონ, რომ ღირებულს არაფერს ქმნიდნენ? ვის აქვს უფლება, ასობით პროფესიონალის საქმიანობა ასე შეაფასოს?! საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვა კერძო ტელევზიებისგან იმით განსხვავდება, რომ კანონითაა მოვალე, ხალხს მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია დროულად მიაწოდოს. ვასილ მაღლაფერიძე ჯერ მე-9 არხში, შემდეგ GDშ-ში ია ანთაძესთან ერთად, წლების განმავლიობაში მუშაობდა, სადაც მაღალი დონის ტექნიკა ჰქონდათ, მაგრამ რომელი ღირებული გადაცემა შექმნეს, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ მათი გემოვნების პროდუქტი საზოგადოებისთვის მისაღები იქნება? საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც ჩვენი მონაპოვარია, ბევრი პრობლემაა, მაგრამ მისი ,,გამორთვა'' გაუმართლებელია. საერთოდ, სიტყვის თავისუფლებას ყველანაირი ფორმით დავიცავთ და აქციებშიც მივიღებთ მონაწილეობას. 
- ქალბატონო ნინო, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთ? 
- დიახ, ვგეგმავთ...