რუსულმა „იანდექსმა“ ქართული სატაქსო კომპანიები გადაყლაპა

რუსულმა „იანდექსმა“ ქართული სატაქსო კომპანიები გადაყლაპა

თბილისში სატაქსო კომპანიები თითქმის მთლიანად გადაყლაპა რუსულმა „იანდექსმა“. ამ კომპანიამ სულ რაღაც ნახევარ წელიწადში დაახლოებით 47 კომპანია გააკოტრა და შემდეგ მიიერთა. ბაზარზე ქართული სატაქსო კომპანიები თითქმის აღარც კი დარჩა.

„ყველა კომპანია მიერთებული ჰყავთ, 47 კომპანიაზეა საუბარი და მე ვინ უნდა ამყვეს? ჩვეულებრივად, გააკოტრა და მიიერთა“, - აცხადებს „ტაქსი 200-200“-ის დამფუძნებელი ნიკა ხოფერია და აღნიშნავს, რომ თავად ამ დრომდე მუშაობას შემოსავლების შემცირების ხარჯზე აგრძელებს.

რუსულმა კომპანიამ მგზავრებისა და მძღოლების უდიდესი ნაწილი გადაიბირა და „200-200“-ს მომხმარებლების მხოლოდ 25-30% დაუტოვა. კომპანია ეცადა მძღოლების დაინტერესება გაეზარდა, ამიტომ შეამცირა ის თანხა, რომელიც თითოეული გამოძახებიდან მძღოლებმა კომპანიას უნდა მიაწოდონ.

„გავანახევრეთ შემოსავლები, მაგალითად თუ მძღოლი გვიხდიდა ჩვენს მომსახუეობაში 10%-ს, ჩამოვწიეთ 5%-მდე, რომ როგორმე შეგვენარჩუნებინა მძღოლები. კომპანიის მარჟა ისედაც დაბალი იყო. მოგება დაახლოებით 10-15% გვრჩებოდა და ესეც შევამცირეთ. რეკლამების ფუფუნება აღარ გვაქვს“, - აცხადებს ნიკა ხოფერია.

ბიზნესმენი ფიქრობს, რომ დემპინგური ფასებით შემოსული უცხოური კომპანიისგან სახელმწიფომ ადგილობრივი კომპანიები უნდა დაიცვას, რასაც არ აკეთებს.

სხვათა შორის, სატაქსო ბიზნესით დაკავებულმა კომპანიებმა „იანდექსს“ კონკურენციის სააგენტოშიც უჩივლა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. საქმე ისა, რომ „იანდექს ტაქსის“ მომჩივანმა მხარემ საკუთარი საჩივარი აღარ დააზუსტა.

„იანდექს ტაქსისთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენთან შემოვიდა განაცხადი, ის არ იყო იმ ფორმის რომელიც საჭიროა, ანუ არ იყო სრული. ჩვენ კომპანიას ვთხოვეთ რომ დაეზუსტებინა საჩივარი, მომჩივანმა მხარემ აღარ დააზუსტა საჩივარი, არ ვიცი ეს რატომ მოხდა“, - განუცხა „ბიზნესკონტრაქტს“ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ანალოგიური შინაარსის საჩივრით სააგენტოს ქალაქ გორის ტაქსით მომსახურების კომპანიებმა მიმართეს.

„გუშინ შემოვიდა ჩვენთან საჩივარი გორიდან, გორში მოქმედი 12 კომპანია, რომელიც ემსახურება მოსახლეობას ტაქსებით, ამბობს რომ შესაძლოა, ანალოგიურ საქმესთან გვქონდეს საქმე“, - ამბობს ხადური.

„200-200“-ის დამფუძნებელი კი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც კომპანიამ კონკურენციის სააგენტოში რუსული კომპანიის წინააღმდეგ საჩივარი აღარ დააზუსტა. ნიკა ხოფერიას განცხადებით, „იანდექს ტაქსი“ საქართველოში რეგისტრირებული არ არის, ამიტომ საჩივარში მისი ზუსტი მისამართისა და საიდენტიფიკაციო კოდის მითითება არ ხერხდება.

„იანდექს ტაქსი“ სულ რამდენიმე თვეა საქართველოში შემოვიდა და ბაზარზე რევოლუცია მოახდინა. ამ კომპანიაში მგზავრობის ღირებულება 50 თეთრიდან იწყება. ამ ფასში შედის მგზავრობა 2 კმ-ზე და 5-წუთიანი ლოდინი.

სისტემას აქვს ისეთი სერვისები, როგორიცაა საფასო კატეგორიის შერჩევა „ეკონომ“, „სტანდარტ“ და „ბიზნეს“ კატეგორიები. ასევე ცალკეული მახასიათებლები - არამწეველი მძღოლი, საბავშვო სავარძელი, კონდიციონერი და ა.შ.

რუსულ პრესაში „იანდექს ტაქსის“ საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია 2016 წლის ივლისში გამოჩნდა. საქართველო ბელორუსის, ყაზახეთის, რუსეთისა და სომხეთის შემდეგ მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული კომპანიის აპლიკაცია ჩაეშვა.