ვინ რა მიზნით უსმენს ივანიშვილს, „ოცნების“ რამდენი ჯგუფი იბრძვის გავლენის სფეროების მოსაპოვებლად, ვინ ცდილობს ნაცვლიშვილის „გაცოცხლებას“ და ვინ დაგეგმა „მოსამართლეების სკანდალი“
,,მოსამართლეების სკანდალთან'' დაკავშირებით უკვე არაერთი ვერსია გაჩნდა. 2 მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის დამგეგმავ-ორგანიზატორებად, ბევრი პირდაპირ თუ ირიბად ნაციონალებს მოიაზრებს. თავის მხრივ, ენმ-ს წევრმა დავით საყვარელიძემ და ,,რუსთავი 2''-ის ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი დაადანაშაულეს, 10 მილიონ დოლარად ცდილობდა გაეყიდა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ბიძინა ივანიშვილი პატრიარქთან დაკავშირებით საუბრობსო. ვის აწყობს ბრალდებების ომი და რა ლოგიკური გაგრძელება მოჰყვება პროცესს? პოლიტიკურ ანალიზს ,,ვერსიასთან'' ექსპერტი არჩილ გამზარდია აკეთებს.
- ლაშა ნაცვლიშვილის შრომითი ბიოგრაფიის გათვალისწინებით, ვერ გამოვრიცხავ, ჩართული ყოფილიყო არასახარბიელო პროცესებში. ენმ-ს წევრები ან მედიის სახელით მოსარგებლ
პირები, თავის დროზე რა მიმართულებით საქმიანობდნენ, ვიცით და კითხვები ამიტომაც ჩნდება. ეს ძველიდან აწმყოში გადმოსული მანკიერებებია. რჩება შთაბეჭდილება, მათ ერთმანეთის შესახებ ბევრი უმსგავსობა იციან. აბა, რატომ იკვეთება ქეისი, რომ ნაცვლიშვილი სთავაზობს ჩანაწერებს ნაცმოძრაობას? შეეძლო, ანონიმურად გაევრცელებინა ან სხვა გზა მოეძებნა. განცდაა, ერთმანეთი გამოჭერილი ჰყავთ.
- რეალურია, პროკურორის მოქმედ მოადგილეს ივანიშვილისთვის მოესმინა, ფარული ჩანაწერი გაეკეთებინა და შემდეგ მისი გავრცელება ეცადა?
- ივანიშვილს მაშინაც უსმენდნენ და ახლაც უსმენენ. სპეცსამსახურებში არის შიდა, გარე და სხვადასხვა ქვეყნის აგენტურები. ეს კატეგორია პრეზიდენტ სააკაშვილსაც უსმენდა და ამბობენ, აპარატურის ნაწილი დღემდე ნაციონალების ხელშია. შეიძლება ივანიშვილს ნაციონალები უსმენენ, ან ,,ქართული ოცნება'', ან გარეწყაროები. სახელმწიფო მართვის პროცესში ჩართულ ყველა პიროვნებას უსმენენ და ეს არაა გასაკვირი. ,,ოცნებას'' სურდა, ეს ისე დაეკანონებინა, სახელმწიფო უკანონო მოსმენელის როლში არ ყოფილიყო, თუმცა ბევრი კითხვა დღემდე რჩება.
- გასაკვირი ის უფროა, დღევანდელს ყოფილი ხელისუფლება რომ უსმენს.
- ასეთი რამ ნაციონალების დროსაც შეიძლება მომხდარიყო, ძლიერი წინამორბედი რომ ჰყოლოდა.
- ნაცვლიშვილს ჩანაწერი რომ ჰქონოდა, გამორიცხული არაა, სამაგიეროდ მისი ნაციონალებისთვის შეთავაზებაა ალოგიკური?
- თუ ნაცვლიშვილი-გვარამია მტრები არიან, რატომ გახდა მათი საუბრის თემა თუნდაც ეს საკითხი? შეიძლება, დიდი ხნის კავშირი ჰქონდეთ. გვარამია ხომ გენპროკურორის მოადგილე იყო. ერთმანეთზე გამწარებული ადამიანების შთაბეჭდილება დატოვეს და ამან გააღვივა ეჭვი, რომ რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ. შეუძლებელია, ამ საკითხში ვინმე მართალი იყოს - ეს უკანონო პროცესია. ისე, ხელისუფლებაში გავლენიანი რამდენიმე ჯგუფიდან ერთ-ერთი, დიდი ხანია ნაცვლიშვილის ,,გაცოცხლებას'' ცდილობს.
- რომელ ჯგუფებს გულისხმობთ?
- სამწუხაროდ, ვერ დავაკონკრეტებ, გავლენიანი მინიმუმ სამი ჯგუფია.
- ივანიშვილის მიერ პატრიარქის შესახებ ჩანაწერზე იყო საუბარი. ვის აწყობდა ამ ყველაფრის ასე ,,შეფუთვა''?
- ივანიშვილმა იცის, რომ უსმენენ და გვისაუბრია ამის შესახებ. ზღაპარია, თითქოს ის მართავს ქვეყანას. შეიძლება, რაღაც საკითხებში ერთვება, მაგრამ ყოვლისშემძლე არაა. არაფორმალური მმართველის პირობებში, მწყობრი სისტემური პროცესი მიდის და ქაოსი არაა. ახლა კი, გავლენიანი რამდენიმე ჯგუფი თავისკენ ექაჩება სისტემას. ზოგჯერ ივანიშვილი ისევეა რაღაცის მსხვერპლი, როგორც რიგითი მოქალაქე. ვიცი, ის პატრიარქს პატივს სცემს. ისე, მეც კი არ ვსაუბრობ ტელეფონით საფრთხილო თემებზე და ივანიშვილი ისაუბრებდა? ეს ყველაფერი ხელისუფლების წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს, რადგან ისაა პასუხისმგებელი სახელმწიფოს მდგომარეობაზე.
- იმის თქმა გინდათ, რომ ეს ყველაფერი ნაციონალების ინტერესებში შედის?
- არ მინდა, ხელისუფლების ოპონენტის ან სახელმწიფოს მტრის სივრცე ყოფილი მმართველი ძალის დონემდე შევავიწროვო. მათაც ხშირად გარეგავლენები ან ლობები მართავენ. შესაძლოა, ბოკერია-უგულავას გუნდიც ერთ-ერთი აქტორი იყოს, მაგრამ - არა პროცესის მწარმოებელი. წესით, პროცესის ასეთი ,,აჭრით'' ვინმემ უნდა ისარგებლოს. ან ხელისუფლება გამოიყენებს ამას, ან ყოფილი მმართველი ძალა.
- ხელისუფლება შეძლებს პროცესების გამოყენებას?
- შესაძლოა, ხელისუფლების სხვადასხვა ზეგავლენითი ჯგუფებიდან ერთი ნაციონალების ინტერესებს ატარებდეს, მეორე - ბოკერია-უგულავასი, ან ისინი თანხმდებოდნენ. ,,ოცნების'' იდეა, რომელიც 2012 წელს შეიქმნა, 2016 წლიდან აღარ ჩანს. ამ ძალის დისკრედიტაცია შიგნიდანვე ხდება, რათა გზა გაუხსნას მის მოწინააღმდეგეს, ამიტომ ფრაზა - ,,ხელისუფლებას აწყობს'', ძნელად სათქმელია. ,,ოცნება'' ჯერ არ დაშლილა, რადგან ამის წინაპირობა და მიზეზი არ არსებობს, არც რაიმე დიდი გამარჯვება ან მარცხი, მაგრამ ენმ-ში ამან თავი მარცხის დროს იჩინა.
- წინაპირობა, შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს?
- ალბათ, უფრო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. ნაციონალების ერთი ფლანგი ეცდება, წინასარევოლუციო განწყობა შექმნას, ხოლო მეორე - რაღაც გარკვეული შედეგი დადოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
- მოკლედ, განვითარებული მოვლენების ამოსავალი წერტილი ივანიშვილის მიერ ,,რუსთავი 2''-ის ხელში ჩაგდების მცდელობა არ გგონიათ?
- ივანიშვილს საერთოდ არ აინტერესებს ეს ტელევიზია. სამაგიეროდ, აინტერესებთ, ,,ოცნებაში'' მისი სახელით მოქმედ სუბიექტებს. სურთ, საზოგადოების ნეგატივი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ. პრემიერი კვირიკაშვილი ამისთვის უინტერესო სუბიექტი აღმოჩნდა. ვინ შეიძლება იყოს სახე, რომელიც ,,ოცნებასა'' და ნაციონალების ხელისუფლების შეცვლასთან ასოცირდება? - ივანიშვილი, ამიტომ აქცენტი მასზე გადააქვთ.
- საიდან იცით ეს ყველაფერი, ხშირი კომუნიკაცია გაქვთ?
- ხშირი არა, მაგრამ მაქვს, ვიცი მისი ინტერესები. ივანიშვილს პოლიტიკურ სცენაზე მხოლოდ ოპონენტები ტოვებენ - ნაციონალები ექაჩებიან პოლიტიკაში. საჯაროდაც უთქვამს, რომ ,,რუსთავი 2'' არაა საფრთხისმომტანი, რადგან ეს არხი თავის ელექტორატზე მუშაობს. არსებობს პროპაგანდისტული ტექნიკა - ,,ბუმერანგის ეფექტი'', როცა ცდილობენ, დაჩაგრულის იმიჯი მოირგონ, რათა თანაგრძნობა დაიმსახურონ.
- ეს ყველაფერი ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს?
- ხელისუფლება სუსტი არაა... მე რომ გავლენების ჯგუფები ვახსენე, იქ ერთგან ნაციონალების ჯგუფია გადასული აგენტურის სახით, მეორე მხრივ არიან სუბიექტები, კონკრეტული ბიზნეს და ლობისტური მიზნებით და მშვიდად მიყვებიან პროცესს. ხელისუფლება მმართველ დონეზე შეიძლება სუსტი ჩანს, მაგრამ შიგნით მყოფი სუბიექტები კარგად სარგებლობენ ამ პროცესებით და ბევრი მათგანი უკეთ ისრულებს სურვილს, ვიდრე თუნდაც ივანიშვილი.
- ხელისუფლებაში ჯგუფებს შორის დაპირისპირება ასე ღიად არ ჩანს...
- თუ ენმ-ს მმართველობის დროს კეზერაშვილი, ახალაიები და მსგავსი გავლენიანი სუბიექტები შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ, ,,ოცნებაში'' ასეთი პირები ერთმანეთთან შეუთანხმებლად და დამოუკიდებლად მუშაობენ.
- ეს ხომ ანარქიულ მმართველობას გამოიწვევს?
- ჯერჯერობით, საშუალო ქაოსია, თუმცა პროცესი ანარქიისკენ მიდის. როცა ეს ჯგუფები ვერ შეთანხმდებიან, პროცესი უმართავი გახდება.