შეჭრა საზოგადოებრივ მაუწყებელში და პირველი ფიზიკური დაპირისპირება

შეჭრა საზოგადოებრივ მაუწყებელში და პირველი ფიზიკური დაპირისპირება

"საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ შექმნილმა საზოგადოებრივმა ვნებათაღელვამ პიკს მიაღწია. გუშინ რამდენიმე ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქციის მიწურულს ვითარება უკიდურესად დაიძაბა, როცა აქტივისტების ნაწილი ტელევიზიის შენობაში შეიჭრა. აქციის მონაწილეები 5 წუთიან ეთერს ითხოვდნენ, რათა ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინათ. ამასთან, აქტივისტები ახალი მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილ გეგმას ეწინააღმდეგებოდნენ და ითხოვდნენ, სამეურვეო საბჭოს ახალი დირექტორის მიერ წარმოდგენილი გეგმა ჩაეგდო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით შეჭრა საზოგადოებრივ მაუწყებელში და პირველი ფიზიკური დაპირისპირება.

"აქციაზე სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებთან ერთად, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის რიგითი თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც "რეზონანსს" მხოლოდ კონფიდენციალობის დაცვის გარანტიით თანხმდებოდა კომენტარზე. ტელევიზიის შენობასთან მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში ვითარების განმუხტვასა და აქტივისტების დაშოშმინებას ცდილობდა. მიუხედავად მათი მცდელობისა, აქციის მონაწილეებმა შენობაში შეჭრა მაინც მოახერხეს და ტელევიზიაში ჩართვის უფლებაც მიიღეს.
"აქციაზე მდგომი არცერთი ადამიანის მოთხოვნა განსხვავებული არაა. თითოეული ჩვენგანი საერთო პრინციპებზე ვდგავართ და საერთო აზრის ირგვლივ ვართ გაერთიანებული. ტელევიზიაში შემოვედით იმიტომ, რომ სხვა გზა არ დაგვიტოვეს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის სივრცე, სადაც საზოგადოებრივი აზრის გაჟღერება ყოველგვარი პარტიული ინტერესების გარეშეა შესაძლებელი. მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებსა და პროფკავშირებს, გაერთიანდნენ თავიანთი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად," - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა ტელევიზიაში შეჭრისას და განცხადების მიწურულს კიდევ ერთი აქცია დააანონსეს, რომელიც მათი თქმით, დღეს თავისუფლების მოედანზე მშრომელთა უფლებების მხარდასაჭერად გაიმართება. გუშინდელი აქცია რამდენიმე ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული, მათ შორის, ესენი იყვნენ: სტუდენტური მოძრაობა "აუდიტორია 115", მოძრაობა "მწვანე მუშტი"; ფემინისტური მოძრაობა "ქალთა მზერა", პროფკავშირებისა და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრები."საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერ აქციებს უკვე რამდენიმე დღეა ვმართავთ. ვითხოვთ, რომ სივრცე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახლა არსებობს, შენარჩუნდეს. ერთი მხრივ ჩვენ მხარს ვუჭერთ თანამშრომლებსა და მათ შრომით უფლებებს, რათა ისინი უმიზეზოდ სამსახურიდან არ გაუშვან, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ ვუპირისპირდები იმ ე.წ. გეგმას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა საზოგადოებას შესთავაზა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩვენ გვსურს და მოვუწოდებთ სამეურვეო საბჭოს - არ დაუჭიროს მხარი ამ ე.წ. გეგმას, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ის უნიკალური სივრცე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებობს და რომლის ერთგვარი ვალდებულებაცაა საზოგადოების პრობლემების გაშუქება, დაიკარგება. სწორედ ესაა ჩვენი აქციების მიზანი," - განუცხადა "რეზონანსს" "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენელმა თორნიკე შევარდნაძემ. რაც შეეხება უშუალოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, რომლებიც აქციაზე ასევე იმყოფენოდნენ, მათი უმრავლესობა მედიასთან საკუთარი პოზიციის გამოხატვას ერიდებოდა. ყველა მათგანისთვის მიუღებელია ის პროცესები, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ ჟურნალისტების უმრავლესობა უსამსახუროდ დარჩება და ამბობენ, რომ მიუხედავად ამ კითხვაზე გაუცემელი პასუხისა, მათი ეჭვი ლეგიტიმურია. როგორც ჟურნალისტების უმრავლესობა ჩვენთან საუბრისას აცხადებდა, მათთვის ადამიანების ასე ხელაღებით სამსახურიდან გაშვება მიუღებელია და ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ეს ტელევიზია იქნება, თუ სხვა დაწესებულება. "პირველი არხის" ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ დასაწყისში სამსახურიდან გაშვება იმ ჟურნალისტებს ემუქრებათ, რომელთაც ტელევიზიასთან მოკლევადიანი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული. მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო სამსახურის რამდენიმე ჟურნალისტს (როგორც ამას თავად ვარაუდობენ) ტელევიზიის დატოვება არ მოუწევს, ისინი თავის კოლეგებს მაინც მხარს უჭერენ და ამბობებ, რომ თუკი მაუწყებელზე თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა დაიწყო, ისინი აქციებს გამართავენ და თავიანთ პროტესტს მასშტაბური გამოსვლებით გამოხატავენ", - წერს სტატიის ავტორი.

"ზუსტად ვიცი, რომ მათ, ვისაც ამგვარი მეთოდებით სამსახურიდან გაუშვებენ, ყველა მხარში დაუდგება. მიუხედვად იმისა, რომ შესაძლოა წმენდა "მოამბეს" არ შეეხოს, არიან მოკლევადიანი კონტრაქტების მქონე თანამშრომლები, რომელთაც უსამსახუროდ დარჩენა ემუქრებათ. ყოველ შემთხვევაში, მათი ბედი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია," - ამბობენ ჟურნალისტები და სამეურვეო საბჭოს ახალი მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი გეგმის "ჩაგდებისკენ" მოუწოდებენ. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში გასატარებელი რეფორმების აუცილებლობაზე თავად ჟურნალისტებიც საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს ადამიანების სამსახურიდან გაშვების საფუძველზე არ უნდა მოხდეს. მათი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ მდგომარეობამდე მიყვანა ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობაა, რომელიც ამ დრომდე მენეჯმენტში მუშაობდა. "ამ შემთხვევაში სულ ერთია ვინ იყო მენეჯმენტში. მთავარია, რომ მათი მისამართით კითხვები არსებობს, რომელსაც პასუხი გაცემული არ აქვს. ზუსტად იმ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი და არა ჩვეულებრივმა, რიგითმა ადამიანებმა. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიას უამრავი პრობლემა აქვს და ეს დიდი ხანია რაც გრძელდება, ჟურნალისტები მაინც ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ და ამას ყველა ხედავს," - აცხადებენ პირველი არხის ჟურნალისტები. ამასთან, ისინი მომხრე არიან ახალმა მენეჯმენტმა ტელევიზიაში ტესტირება ჩაატაროს, თუმცა, მათი თქმით, ეს უნდა იყოს მაღალ დონეზე ჩატარებული ტესტირება და მას პროფესიონალი უნდა ხელმძღვანელობდეს. "კი, ბატონო, ჩაატარონ ტესტირება, ოღონდ მაღალ დონეზე და არა ისე, რომ ვიღაც არაპროფესიონალმა შეაფასოს ადამიანი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ამ ტელევიზიაში ქმნიდა ამბავს და უკეთესი მომავლისთვის იღწვოდა," - ამბობენ ისინი", - დასძენს გამოცემა. 

interpressnews.ge