თუ 2003 საქართველოს მრავლისმნახველ ისტორიაში შევიდა, როგორც „იმედის რევოლუციის“ წელიწადი (ჩვენი აზრით, ეს უფრო შეესაბამება დედააზრს, ვიდრე „ვარდების რევოლუცია“), წლეულს ახალი ხელისუფლების ამოცანა სწორედ ის იქნება, რომ ამ იმედის გამართლება დაიწყოს და მომავალში „ხავერდოვან რევოლუციას“ – „დამსხვრეული იმედების გადატრიალება“ არ უწოდონ..
იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც ამჟამად შეიქმნა ქვეყანაში, ისევე, როგორც სახელმწიფო და პოლიტიკურ ლანდშაფტზე, მოვლენათა თუ პროცესთა მომავალი განვითარების ალგორითმი თითქოს ადვილი განჭვრეტადია.
თუმცა, საქართველო ირაციონალური და გარკვეული აზრით, მეტაფიზიკური ფენომენია და ამ ქვეყანაში მართლაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს - ყოველგვარი ლოგიკის, კანონზომიერებისა და ისტორიული თანმიმდევრულობის გარეშე
კვლავ, ისევე, როგორც მრავალგზის, რევოლუციათა შემდეგ (მათ შორის საქართველოს უახლეს ისტორიაშიც) ძალიან ბევრი რამ სწორედ ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული, ანუ იმაზე, რამდენად უპასუხებს იგი მის წინაშე წამოჭრილ მრისხანე გამოწვევებს მას შემდეგ, რაც სრულიად მოულოდნელად (ალბათ მისთვისაც მოულოდნელად) და მაინც ძალზე დამაფიქრებელი სიიოლით ხელში ჩაუვარდა თითქმის აბსოლუტური ძალაუფლება - ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის იმ ტერიტორიაზე, სადაც უკვე ისტორიულად ჩამოყალიბებული რეალიების შესაბამისად, ვრცელდება საქართველოს ფაქტობრივი იურისდიქცია
აქედან გამომდინარე, ახალი ხელისუფლების რაობას, მის კონსოლიდირებულობას და ერთსულოვნებას მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არა მხოლოდ კონკრეტული ხელისუფლებისათვის, არამედ, თვით ქვეყნისთვისაც.
თუ „იმედების რევოლუცია“ (ისევე, როგორც „1988-1993 წლების ეროვნული რევოლუცია“) კვლავ მორიგი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კრახით დასრულდა, ეს ქართულ საზოგადოებას და (გადაჭარბების გარეშე) თვით ქართველ ერსაც, როგორც ერთიან კულტურულ-მსოფლმხედველობრივ-სულიერ ფენომენს, საბოლოოდ გაანადგურებს. პირველი ნაბიჯი და სიმპტომი ამ გამანადგურებელი, გამოუსწორებელი კრახისაკენ იქნება სწორედ ის, თუ ახალი ხელისუფლება ვერ შეინარჩუნებს კონსოლიდირებულობის ამჟამინდელ დონეს და მოხდება განხეთქილება 28 მარტის არჩევნებთან დაკავშირებით. ამის ალბათობა კი საკმაოდ დიდია.
არ არის აღმოფხვრილი და ვერც აღმოიფხვრებოდა ინტერესთა ის დისბალანსი, რაც ღრმად დაფარულად, თუმცა, მაინც არსებობდა ორივე რევოლუციურ დაჯგუფებას (სააკაშვილისა და ბურჯანაძის) შორის ნოემბრის მოვლენების დროს. ამიტომ ამჟამად უმთავრესი საკითხი იქნება მანდატების უმტკივნეულო გადანაწილება ახალ პარლამენტში (იგულისხმება ერთიან საარჩევნო სიაში), რაც ნამდვილად არ არის იოლი საკითხი, რაკი მომავალი პარლამენტის შემადგენლობა უეჭველად უკავშირდება ახალ სახელისუფლებო კონფიგურაციას და ძალაუფლების რეალურ გადანაწილებას უკვე სახელისუფლებო სამკუთხედში პრეზიდენტი - პრემიერი - პარლამენტის თავმჯდომარე
არსებობს საშიშროება, რომ რევოლუციური პარტიები ვერ შეთანხმდებიან ერთიან საარჩევნო სიაში კვოტების განაწილებაზე და (რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია) ამჯერად ეს უთანხმოება სააშკარაოზე გამოვა.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თუ ასე მოხდა, ეს იქნება უმძიმესი, დანაშაულებრივი შეცდომა და ჯერ კიდევ არშემდგარი ხელისუფლების (მასთან ერთად, ჩვენი საცოდავი ხალხის უკანასკნელი იმედის) კრახის დასაწყისი.
მეორე გამოწვევაა საკონსტიტუციო ცვლილებები, რამაც (სწორედ ზემოხსენებული მიზეზით) არა ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა. ძველი სახელისუფლებო სისტემის ფარგლებში არა მხოლოდ ძირითად ძალთა კონსენსუსი არ შედგება, არამედ იმ დრომოჭმულ პარადიგმაში უკვე ქვეყნის განვითარებაც შეუძლებელია.
შეძლებს თუ ვერა ახალგაზრდა ხელისუფლება ამ ურთულესი რეფორმის განხორციელებას იმ ვითარებაში, როდესაც ტრადიციული ქართული პოლიტელიტა (ასევე ტრადიციულად) ყველაფერს გააკეთებს ამ „პირველი პროექტის“ გასაჯანჯლებლად და „ჩასაგდებად“ - ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
მესამე - ურთიერთობა რუსეთთან.
აქ იმდენი „ჩაწოლილი“ პრობლემაა (აფხაზეთიდან და პანკისიდან - ენერგეტიკამდე), რომ მათ გადაწყვეტას, ალბათ, წლები არ ეყოფა, მაგრამ მთავარია ვექტორი, რაც უახლოეს მომავალში გამოიკვეთება.
სინამდვილეში, ედუარდ შევარდნაძის „ბალანსირების პოლიტიკას“ აქ ალტერნატივა არ გააჩნია, ანუ ახალი ხელისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ამ პრობლემის თაობაზე მსჯელობის ნორმალურ კალაპოტში შენარჩუნებას და მორიგი „ეროვნული რევოლუციის“ თავიდან აცილებას, თუ ილუზიებს აყვება.
რუსეთი არ აპირებს საქართველოს მიმართ თავისი პოლიტიკის შეცვლას (თუ, რასაკვირველია, საქართველო ბაზებს არ დაუკანონებს და რუსეთ-ბელარუსიის კავშირში არ შევა), ხოლო ყველაზე მეტად საშიში ახალი ხელისუფლებისთვის, ალბათ, სწორედ „რთული პრობლემების“ იოლად გადაწყვეტის ილუზია იქნება, რაც კატასტროფით შეიძლება დასრულდეს.
რასაკვირველია, მხოლოდ ამ დისკურსში შეიძლება განვიხილოთ აფხაზეთის პრობლემაც, სადაც რამე პრინციპული სიახლის მოლოდინი არავის უნდა ჰქონდეს - ლტოლვილთა ჩათვლით, რაც კიდევ ერთ თანამდევ საფრთხეს შეიცავს, - რაკი სოციუმის ამ ნაწილმა რევოლუციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.
მასვე უკავშირდება, აგრეთვე, ბათუმთან ურთიერთობის მოწესრიგება (რაც, თვისებრივად, სინამდვილეში, სხვა მსგავს პრობლემებზე იოლი როდია) და ქვეყნის ტერიტორიულ ადმინისტრაციული მოწყობის საკითხის გადაწყვეტა
თუ ახალი ხელისუფლება კონსტიტუციის ნაკლული თავის თუნდაც ფორმალურ შეცვლას ვერ შეძლებს, ეს ძალიან სერიოზული ნეგატიური „მესიჯი“ იქნება მთელი საზოგადოებისათვის.
მეოთხე: ეკონომიკა და სოციალური პრობლემები. თანაც, არა იმდენად ეკონომიკური ვითარების მყისიერი გაუმჯობესება, არამედ „წინასარევოლუციო დაპირებების“ შესრულებისაკენ ნაბიჯების გადადგმა. ეს კიდევ უფრო რთული პრობლემაა, ვიდრე თუნდაც „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, რაკი უეჭველად დაუკავშირდება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობის საკითხს. ფონდმა კი ასეთ საკითხებში შეწყალება არ იცის.
მთლიანობაში, მიმდინარე წელი ამ თვალსაზრისით მართლაც გარდამტეხი და „ჭეშმარიტების მომენტი“ გახდება, რაკი წლეულს ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წარმატება - წარუმატებლობა (თუნდაც მცირედად „გაუმჯობესება-პოზიტიური“ ან „გაუმჯობესება-ნეგატიური“ ტენდენციების წარმოჩენა) მთლიანად განსაზღვრავს მათ მომავალს და ქვეყნის ბედს.
მომდევნო წლებში კი, ჩამოყალიბებული ტენდენციების (მათ შორის მასობრივ ცნობიერებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების) შეცვლა უკვე ვეღარ მოხერხდება.