რამდენად ამართლებს მთავრობის წამოწყებული ლარიზაციის გეგმა? ჯერჯერობით მოსახლეობა ეფექტს ვერ გრძნობს, სპეციალისტები იმთავითვე კრიტიკულად იყვნენ განწობილნი. ბოლო დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც გაუჩნდა შენიშვნები.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლარიზაციის გეგმისა და ეკონომიკური გუნდის ეფექტურობაზე ისაუბრა და ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება.
„პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც სწორედ ამგვარი მიზნებისთვის უნდა იყოს წესით გამოყენებული, რომ დაიძლიოს ასეთი პრობლემები. იმედი მაქვს, ვითარება უკეთესობისკენ წავა. ლარი, მეტ-ნაკლებად, ბოლო პერიოდში დასტაბილურებულია და ისე აღარ მერყეობს, როგორიც ადრე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესი ჯერაც ვერ გახდა მთავარი დოვლათის შემქმნელი ქვეყანაში.
„ლარიზაციის გეგმაზე ვერ ვიტყვით, რომ ჩავარდა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ტემპებითა და დინამიკით არ ვითარდება, რომელიც სასურველია. ამავე დროს, იანვრის პერიოდში თუ შევხედავთ, ქვეყანაში ლარი უფრო აქტიურად არის მიმოქცევაში. არის თუ არა ეს საკმარისი? რაღაც პოზიტიური შეინიშნება, მაგრამ საკმარისი არ არის და ბევრად უფრო დიდი ძალისხმევაა საჭირო.
შეუძლებელია, იყო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით კმაყოფილი, მით უმეტეს, როცა წინა წელს 2.2%-იანი ზრდით დაასრულებ. ყველაფერს რომ თავი დაანებო, ამ ეკონომიკურ პარამეტრებზე როდესაც შენს ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, უცნობებს თუ ნაცნობებს ესაუბრები, ყველა ერთსა და იმავეს გეუბნება: სამსახური არ მაქვს, ხელფასი არ მყოფნის და შესუსტებულია მსყიდველუნარიანობა. ეს თემა ნომერ პირველია საზოგადოებისთვის. მცირე და საშუალო ბიზნესი ფაქტობრივად, ვერა და ვერ დაიძრა, ვერ გახდა მთავარი დოვლათის შემქმნელი ქვეყანაში. ამ ყველა პრობლემას სჭირდება ძალიან ენერგიული და სერიოზული ნაბიჯები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეეთერში.
იმისათვის, რომ მთავრობის ლარიზაციის პროგრამას რეალური შედეგი ჰქონდეს, აუცილებელია ლარის მიმართ ნდობის გაზრდა. ამ საკითხზე ფინანსისტები ერთსულოვანნი არიან, მაგრამ ეროვნული ვალუტის დღევანდელი მდგომარეობა ამგვარი პერსპექტივის საფუძველს არ ტოვებს. ჯერჯერობით ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას შედეგი არ მოაქვს.
„შექმნილ სიტუაციაში გადამწყვეტი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა გახლავთ. როდესაც ახლად დამტკიცებულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს გავეცანი, გარკვეული კითხვები წარმოიშვა. ეროვნული ბანკი კვლავ ზრდის მიმოქცევაში ფულის მასას, თუმცა, ამის ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ასევე სებ-ი არათუ ამცირებს ე.წ. „რეფინანსირების“ სესხების მოცულობას, არამედ კიდევ უფრო ზრდის მას.
საბანკო სექტორში ასეთი ფუნდამენტური პრობლემების არსებობის პირობებში, მთავრობის ლარიზაციის გეგმას რომ რეალური შედეგი ჰქონდეს, კარგი იქნება ეროვნული ბანკი თუ გადახედავს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გააძლიერებს ზედამხედველობას პოტენციური პრობლემური ბანკების მიმართ“, - აცხადებს ეკონომისტი თემურ ბასილია.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი კარგა ხანი მოუწოდებდა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს დოლარიზაციის დონის შემცირებისკენ.
„ეროვნული ვალუტა არის ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი, რომელსაც სახელმწიფო უნდა იცავდეს. ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ უნდა უზრუნველყონ, რომ ლარმა შეასრულოს ფულის ყველა ფუნქცია“, - აღნიშნა ბასილიამ.