ლუდის რეალიზაცია მკვეთრად შემცირდა. შარშანდელთან შედარებით, პროდუქციის გაყიდვებმა, დაახლოებით, 15%-ით იკლო. პირველ რიგში, ეს აქციზის გადასახადის გაზრდამ გამოიწვია, რასაც ლარის გაუფასურებაც დაემატა. მთავრობა მზად არის მწარმოებლებთან შესახვედრად და ლუდზე აქციზის განაკვეთის დაანგარიშების ახალი სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად.
აქციზის ახალ სტრუქტურაზე გადასვლის ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აქვს აღებული, რაც მიმდინარე წლიდან უნდა განხორციელდეს. თუმცა ბიზნესმენებს უფრო მეტად გადასახადის განაკვეთის შემცირება აინტერესებთ, რასაც ისინი უკვე წელიწადზე მეტია ითხოვენ.
ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილი განმარტავს, რომ ლუდზე აქციზის დაანგარიშების სტრუქტურა წელსვე შეიცვალება, მაგრამ იმგვარად, რომ განაკვეთი არ შეიცვალოს.
„აქ არის ორი საკითხი - ერთი თვითონ სტრუქტურის დადგენა და მეორე განაკვეთის ოდენობის შეცვლა. სტრუქტურას რაც შეეხება, ეს აუცილებლად შეიცვლება და განაკვეთი დადგინდება სიმკვრივის, ანუ ლუდში ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით.
რაც შეეხება განაკვეთის ოდენობას. ლუდის ინდუსტრია ითხოვს მის შემცირებას და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მოთხოვნას. დავაყენეთ ეს საკითხი ეკონომიკური გუნდის წინაშე, თუმცა ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილება მიღებული. შეიძლება სტრუქტურა შეიცვალოს, მაგრამ იმდაგვარად, რომ განაკვეთი არ შეიცვალოს“, - აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი.
პარალელურად შემოსავლების სამსახური ლუდის მწარმოებელ ინდუსტრიასთან შესახვედრად მზად არის.
„ბიზნესს არასდროს უჭირდა კომუნიკაცია არც მთავრობასთან, არც ნებისმიერ სამინისტროსთან. ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ, შევხვდეთ და ვიმსჯელოთ“, - აღნიშნა „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.
ლუდზე აქციზის განაკვეთი 2015 წლის მარტში 40 თეთრიდან 60 თეთრამდე გაიზარდა. აქციზის განაკვეთის გადახედვის საკითხი კერძო სექტორსა და მთავრობას შორის დღემდე დგას. ბიზნესი ამბობს, რომ აქციზის განაკვეთის ზრდის მიზეზით შემცირებული გაყიდვების გამო ინდუსტრიამ ვერ მიიღო ის შემოსავალი, რაც დაგეგმილი ჰქონდა.
კომპანია „ყაზბეგის“ დამფუძნებელი გოგი თოფაძე ამბობს, რომ ლუდის რეალიზაციის კლება მოსალოდნელი იყო.
„ბოლოდროინდელმა ეკონომიკურმა პროცესებმა, ლუდის ბიზნესზე ძალიან ცუდად იმოქმედა. მას წინ უძღოდა აქციზის განაკვეთის ზრდა, რის გამოც პროდუქტის ფასმა მოიმატა. როდესაც გადასახადი მატულობს, პროდუქტი ძვირდება და რეალიზაცია იკლებს - ეს აქსიომაა. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა იმდენად დაბალია, რომ ბუნებრივია, რეალიზაცია უნდა შემცირებულიყო.
ლარის კურსსაც თუ გავითვალისწინებთ, მთლიანობაში, ბიზნესი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. წარმოებისათვის ნედლეულს ვყიდულობთ უცხოეთში დოლარსა და ევროში. აქედან გამომდინარე, ხარჯი გაიზარდა.
სანამ ლარი არ გამყარდება, არაფერი გვეშველება. დაახლოებით 15%-ით შეგვიმცირდა როგორც რეალიზაცია, ასევე წარმოებაც. გაზაფხულიდან დაიწყება სეზონი, იმედია, მდგომარეობა გამოსწორდება, ჯერჯერობით, პრობლემასთან გამკლავება გვიძნელდება“, - აცხადებს თოფაძე.