ორგანიზაცია „ოქსფამი“ საქართველოში ეროვნული კვების 2016 წლის მონაცემებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, გამოკითხული ოჯახების უმრავლესობა (58%) განიცდის რომელიმე ჯგუფის სურსათის ნაკლებობას. განსაკუთრებით ხშირია ხორცის დეფიციტი. სურსათზე მიუწვდომლობის მთავარი მიზეზი რთული სოციალური და ეკონომიკური პირობებია.
ოჯახებში ყველაზე ხშირად სამ კერძს მოიხმარენ: შემწვარი კარტოფილი, ლობიო, აჯაფსანდალი. ხილი და ხორცი ხელმისაწვდომია მხოლოდ გამოკითხული მაღალშემოსავლიანი ოჯახების უმრავლესობისთვის. მარტოხელა პენსიონერების ოჯახში რკინით მდიდარი პროდუქტების მოხმარება ძალიან დაბალია და 24%-ს შეადგენს.
კვლევის თანახმად, საქართველოში ოჯახების საშუალო თვიური შემოსავალი შეადგენს 575 ლარს და თითქმის ნახევარი იხარჯება საკვებზე ყოველ თვე (საშუალოდ საკვებზე იხარჯება 270 ლარი თვეში).
დაბალშემოსავლიანი ოჯახები საკვებ პროდუქტებზე ხარჯავენ თავისი შემოსავლის 65%-ს (შემოსავალი - 219 ლარი, საკვებ პროდუქტებზე ხარჯი - 142 ლარი), ხოლო მაღალშემოსავლიანი ოჯახები შემოსავლის მხოლოდ 35%-ს ხარჯავენ საკვებ პროდუქტებზე (შემოსავალი - 1421 ლარი, საკვებ პროდუქტებზე ხარჯი - 492 ლარი).
დაბალშემოსავლიანი ოჯახები სურსათის შესაძენად ხარჯავენ შემოსავლის დაახლოებით 65%-ს, ხოლო მაღალშემოსავლიანები - 35%-ს.
გამოკითხვის შედეგად დადასტურდა, რომ ძალიან ბევრი ოჯახი საქართველოში დრო და დრო კრედიტით ყიდულობს საკვებს. აქვე საყურადღებოა, რომ გამოკითხული ოჯახების ნახევარზე მეტის ყოველთვიური ხარჯი, შარშანდელთან შედარებით, გაიზარდა, მაგრამ უმეტესობის შემოსავალი დარჩა იგივე. ყოველ მესამე ოჯახს საქართველოში არ აქვს საკმარისი ფული სურსათის შესაძენად.
რესპოდენტების 20% აღნიშნავს, რომ მათ ოჯახებში ყოფილა საკვებით მოწამვლის ფაქტი და გამოკითხულთა მხოლოდ 29% მიიჩნევს, რომ ისინი ჯანსაღად იკვებებიან.
ამასთან, „ოქსფამის“ კვების ეროვნული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის ნახევარს კვების მრავალფეროვნების საშუალო დონე აქვს, ხოლო კვების დაბალი და საშუალო დონის რესპოდენტები, ძირითადად, ზეთით და ბოსტნეულით იკვებებიან.
სასურსათო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი შოთა ჩხეიძე ამბობს, რომ სწორედ არასრულაფასოვანი კვების შედეგია ის, რომ საქართველოში ყოველწლიურად 700 ბავშვი იღუპება, აქედან 400 ბავშვი დაბადებიდან 1 კვირაში, ხოლო 300 კი - დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში, რაც ძირითადად უკავშირდება კვების დეფიციტთან დაკავშირებულ ფაქტორებს: მცირეწონიანობა, იოდდეფიციტი, ანემია, ფოლიუმის მჟავის დეფიციტი და სხვა (საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ბავშვთა სიკვდილიანობით ევროპაში).
საქართველოს რეგიონებს შორის აჭარა და გურია გამოირჩევა ბავშვების ე.წ. „ფარული შიმშილით“ - არასრულფასოვანი კვებით, რის შედეგად 20%-ს აღენიშნება შეფერხება ზრდაში, ხოლო რაჭასა და სვანეთში - 15%-ს. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა კახეთსა და თბილისში. ქვეყანაში ბავშვთა 32%-ს იოდდეფიციტური დაავადება, ხოლო ბავშვებისა და ორსული ქალების 25%-ს ანემია აღენიშნებათ.
„ჩვენი მოსახლეობა ჯერ კიდევ ძალიან შორსაა იმისაგან, რომ მოახერხოს სრულფასოვანი კვება. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება გააგრძელებს და კიდევ უფრო მეტად განავითარებს მოსახლეობის სოციალური დახმარების ღონისძიებებს, შექმნის მეტ ახალ სამუშაო ადგილებს, დაასაქმებს ხალხს, გააუმჯობესებს მათ მსყიდველობით უნარს და ხელმისაწვდომობას სურსათზე. ყველა რესურსს გამოიყენებს მოსახლეობის სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, რათა დაცული იქნას ადამიანის ჯანმრთელობა და კონსტიტუციით მინიჭებული უმთავრესი პირობა - სიცოცხლის უფლება“, - აცხადებს შოთა ჩხეიძე.