რატომ არ მუშაობს ქონების დაზღვევა?

რატომ არ მუშაობს ქონების დაზღვევა?

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ განადგურებამ ქონების სავალდებულო დაზღვევის საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა. საქართველოში ეს მიმართულება ნებაყოფლობითია და როგორც წესი, თავს არავინ იწუხებს „ზედმეტი ხარჯის“ გაღებით. სტიქიური უბედურების თუ სხვა სახის მოვლენების დროს კი, ნებისმიერი დაზარალებული კატეგორიულად ითხოვს ზარალის ანაზღაურებას.

ამ დროს ქონების დაზღვევა საქართველოში ძვირი ნამდვილად არ ღირს. მაგალითად, თუ მეწარმეს აქვს 100 000 ლარის ქონება, მას წლიურად მოუწევს 250 ლარის გადახდა. სადაზღვევო კომპანიებში ქონების დაზღვევის პოლისის წლიური ღირებულება დაზღვეული ქონების მაქსიმუმ 0,25%-ია.

ახლა მთავრობის წევრებიც, დაზღვევის სფეროს სპეციალისტებიც, სავალდებულო დაზღვევის საჭიროებაზე საუბრობენ.

„მნიშვნელოვანია, რომ მეწარმეების შემთხვევაში, არსებობდეს დაზღვევის სისტემა. სახელმწიფოს და ადგილობრივ ხელისუფლებას მასშტაბური ფინანსური რესურსი არ გააჩნია, ამიტომ აუცილებელია კერძო დაზღვევის სისტემა. ქვეყანაში დაზღვევის კულტურის დეფიციტია. „ბავშვთა სამყაროს“ შენობაც იყო დაზღვეული ერთ–ერთ კერძო კომპანიაში. თუმცა მეწარმებს ქონების დაზღვევა არ ჰქონდათ.

ნებისმიერი მსგავსი შემთხვევისას, მათ შორის სტიქიური უბედურებების დროს, თბილისის მერია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს. ამ ეტაპზე ზუსტი ზარალის მოცულობა არ არის დადგენილი და კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. თუ შენობა იყო გაუმართავი, ან სახანძრო სისტემა არ იყო წესრიგში, ბუნებრივია, მისი მესაკუთრე ვალდებულია, კერძო მეწარმეებს ზარალი აუნაზღაუროს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ.

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე კი ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების სავალდებულო დაზღვევის ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მოთხოვნების გამკაცრება აუცილებელია.

„ხელშეკრულების დადებისას, დაზღვევა ერთ-ერთი კატეგორიული მოთხოვნა უნდა იყოს“, - განაცხადა კალაძემ.

ასეთივე განწყობაა პარლამენტშიც. უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ არ გამორიცხა, რომ პარლამენტმა დღის წესრიგში სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების სავალდებულო დაზღვევის საკითხი დააყენოს. დეპუტატის განმარტებით, „ბავშვთა სამყაროში“ მომხდარმა ფაქტმა აჩვენა, რომ დაზღვევის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც საუბარია მსგავსი ტიპის ადგილებზე, სადაც უამრავი ადამიანი საქმიანობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კარგად გაითავისოს ფართის გამქირავებელმაც და დამქირავებელმაც, რომ ასეთი ტიპის დაზღვევა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არავინაა დაზღვეული მსგავსი ტიპის შემთხვევებისგან. როცა ბიზნეს მოლაპარაკება ხდება ფართის გაქირავების დროს, ორივე მხარემ ძალიან მწვავედ უნდა დააყენოს ეს საკითხები“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

დაზღვევის სფეროს სპეციალისტი ლაშა ნიკოლაძე კი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ბიზნეს ოპერატორებმა საკუთარი პასუხისმგებლობა დააზღვიონ, რაც სხვისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს.

„სავალდებულო უნდა იყოს დაზღვევა სავაჭრო ობიექტების მფლობელებისთვის, ტაქსის კომპანიებისთვის და ა.შ. ამისათვის კი ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს კანონი და ამოქმედდეს პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა“, - განუცხადა „კომერსანტს“ ნიკოლაძემ.

რაც შეეხება წესს, ნიკოლაძის განცხადებით, აქ შეიძლება 2 ვარიანტის განხილვა მოხდეს. პირველი - სავაჭრო ობიექტის მფლობელმა დაზღვევის პრემიის სეგმენტი ქირაში შეიყვანოს და მეორე - აიძულოს მოქირავნე, რომ თავად იყიდოს სადაზღვევო პოლისი. ეს უკვე მსჯელობის საკითხი და ურთიერთშითანხმების საგანია.