სესხების გალარების პროგრამა ძალიან მძიმედ დაიწყო და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, უშედეგოდ დასრულდეს. ბანკებმა 2 კვირაში მხოლოდ 400 კრედიტი გადაიყვანეს ეროვნულ ვალუტაში. კრედიტებით დამძიმებული ხალხი უჩვეულოდ პასიურობს, რაც პროგრამის არაეფექტურობაზე მიუთითებს. ეროვნულმა ბანკმა, კომერციულ სტრუქტურებთან ერთად, სპეციალური შეხვედრაც გამართა ხარვეზების აღმოსაფხთრელად.
სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა კომერციულ ბანკებთან გაიმართა იმისთვის, რომ განხილულიყო ის შედეგები და საკითხები, რაც დაგროვდა ორი კვირის განმავლობაში, ანუ გალარების ერთჯერადი პროგრამის დაწყებიდან დღემდე.
„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ რა შედეგი იქნება, ზუსტად ამ ადრეულ ეტაპზე სჯობს იმ საკითხების განხილვა, რაც დაგროვდა. მაგალითად, ფილიალებში სესხის ისტორიის მიუხედავად, მსესხებელს შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთი შესთავაზეს, ამავე დროს იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც კლიენტი კვალიფიცირდებოდა მსესხებლად, რომ შეძლებოდა გალარების პროგრამაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ბანკში მას უარი უთხრეს. ეს ტექნიკური საკითხები ნამდვილად მოსალოდნელი იყო ამ ეტაპზე და სწორედ ამიტომ გაიმართა შეხვედრა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
კომერციული ბანკების ხელმძღვანელები არ მალავენ, რომ გალარების პროგრამა ჯერჯერობით ცუდად მუშაობს. „ვითიბი ბანკის“ პრეზიდენტის არჩილ კონცელიძის თქმით, ბანკებში არის პრობლემა, რადგანაც მსურველთა ნაკადი არ არის ისეთი, როგორსაც ელოდნენ.
„ზუსტად ამაზე იყო შეხვედრა, როგორ უნდა დავაჩქაროთ ეს პროცესი. მათ შორის ვისაუბრეთ თანამშრომლებისთვის მოტივაციის გაზრდაზე, უფრო აქტიურ მარკეტინგულ კამპანიაზე და ა.შ.“, - განაცხადა არჩილ კონცელიძემ.
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ბანკში დღესდღეობით 5 მილიონ ლარამდე არის გალარებული.
„მოგეხსენებათ, იანვარი არ იყო აქტიური თვე და მოლოდინი გვაქვს, რომ თებერვალში გაცილებით მეტი რაოდენობის სესხებს გავალარეთ“, - აღნიშნა ბუცხრიკიძემ.
„ლიბერთი ბანკის“ დირექტორი არმენ მატევოსიანი კი, სეზონურ ფაქტორს გამორიცხავს. მისი აზრით, პროგრამის შესახებ მეტი საინფორმაციო აქტივობაა საჭირო, რასაც აპირებენ კიდევ.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი გიორგი ჭილაძეც აცხადებს, რომ გალარების პროგრამა შედარებით უფრო დაბალი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო.
„მიგვაჩნია, რომ მომხმარებლისთვის, რომელსაც შემოსავალი აქვს ლარში და სესხი უცხოურ ვალუტაში, რისკის დასაზღვევად ნამდვილად საუკეთესო შეთავაზებაა სესხის გალარება, მით უმეტეს, შეღავათიანი კურსით. ამიტომ გვგონია, რომ მოთხოვნა არის, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ რადგან ორთვიანი ფანჯარაა, შეიძლება მომხმარებელმა ბოლო მომენტამდე დაიცადოს და მერე მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა გიორგი ჭილაძემ.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას და იმას, რომ მოსახლეობას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია. პარასკევის მონაცემებით, „საქართველოს ბანკში“ 210 სესხამდეა გალარებული, ჯამური ღირებულებით 7 მილიონ ლარამდე.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას ინფორმაციით, ამჟამად 400 სესხია გალარებული. „დარწმუნებული ვარ, თვის ბოლომდე ეს სტატისტიკა ბევრად უფრო მაღალი იქნება, ვინაიდან ჯერ არის მოლოდინის, ფიქრის, გადაწყვეტილების მიღების პროცესი. დღეს იყო შეხვედრა, სადაც დაისვა საკითხები ეროვნულ ბანკთან, თუ რა პრობლემები დგას საბანკო სექტორთან და რამდენად შეუძლია ეროვნულ ბანკს ამაში ოპერატიული დახმარება გაუწიოს. იყო ასევე საუბარი იმაზე, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია ბევრად უფრო ხშირი უნდა იყოს, რათა ყველა ტექნიკური დეტალის ახსნა მოხდეს, რომ მოსახლეობას ხელი შევუწყოთ, ოპერატიულად და სწორად მიიღონ გადაწყვეტილება ამ პროგრამაში მონაწილეობის შესახებ“, - განაცხადა გვასალიამ.
ფინანსისტები პირდაპირ მიუთითებენ პროგრამის ხარვეზებზე. კომპანია „პირადი ბანკირის“ ხელმძღვანელის ირაკლი ბერძენაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გალარების პროგრამა დაიწყო და მოსახლეობამ მიმართა ბანკებს, მსესხებლები მიხვდნენ, რომ ამით მათ გაუძვირდებათ სასესხო ვალდებულება.
„კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ არ არის ჩამოყალიბებული საპროცენტო განაკვეთი. გარდა ამისა, ყველამ იცის, რომ თუ ლარის კურსი დასტაბილურდა, მაშინ გალარებული მსესხებელი წაგებული დარჩება. ასეთ შემთხვევაში, ვინ აუნაზღაურებს კლიენტს გალარებისგან მიღებულ ზარალს? - არავინ. ამიტომ ხალხი დაბნეულია. სესხები კი იმათმა გაალარეს, ვისაც სხვა გზა არ ჰქონდა ან კრედიტის დასაფარად ცოტა დრო აქვს დარჩენილი“, - აღნიშნა ბერძენაძემ.