სომხეთი რუსეთში ტვირთების გატანის ალტერნატიულ მარშრუტს ეძებს. ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზა საქართველოზე გადის, მაგრამ სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე არსებულმა კლიმატურმა პრობლემამ მეზობელი ქვეყნის მთავრობა საფიქრალში ჩააგდო.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა დაავალა ტრანსპორტის მინისტრს, რომ ეს საკითხი ქართულ და რუსულ მხარესთან ერთად განიხილოს და სატრანსპორტო გადაზიდვის ალტერნატიული მარშრუტებით განხორციელების შესახებ წინადადება პირველ მარტამდე წარადგინოს. ალტერნატიული გზის ძიების პროცესში არჩევანი ტვირთების ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით გადაზიდვაზე კეთდება, ნაწილობრივ კი საჰაერო და სარკინიგზო ხაზიც მოიაზრება.
სომხეთის ტრანსპორტის მინისტრ ვაან მარტიროსიანის განცხადებით, ეს საკითხი მუდმივად ხელისუფლების ყურადღების ცენტრში იქნება.
„სამხრეთ ოსეთის“ მარშრუტთან დაკავშირებით ჩვენ ვატარებთ ინტენსიურ მოლაპარაკებას რუსეთთან და საქართველოსთან. ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მხარეები შეთანხმდნენ ამ საკითხზე. იხილება სხვადასხვა ვარიანტი. მაგალითად, ზემო ლარსის გამტარუნარიანობის ზრდა, ასევე ალტერნატივად მიიჩნევა „სამხრეთ ოსეთის“ ვარიანტი და საქართველოს მიერ ახალი გზებისა და ხიდების მშენებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა განიხილება რუსეთს, საქართველოს და სომხეთს შორის, რადგანაც ტვირთბრუნვა ქვეყნებს შორის მუდმივად იზრდება“, - აღნიშნა კარენ კარაპეტიანმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ ოფიციალურ ერევანს საქართველოსთვის ჯერ არ მიუმართავს. როგორც სააგენტო „პირველს“ განუცხადეს, მომართვის შემთხევაში ქართული მხარე ქვეყნის კანონმდებლობისა და ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს. შესაბამისად, სომხური ტვირთებისთვის ალტერნატიული გზა მხოლოდ შავ ზღვაზე გადის.
„სომხური მხრიდან აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში შარშან ივლისში, მეწყერის ჩამოწოლის გამო ლარსის გამშვები პუნქტის დაკეტვის დროსაც დადგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა ტვირთების დროებით გატარება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შესაბამისად, რომელიც ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ნეიტრალური სტატუსით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტვირთის გატარებას ითვალისწინებს. თუმცა, რუსეთის პოზიციის გამო, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიის სტატუსს შეეხებოდა, ტვირთების გადასატანად არჩევანი საზღვაო მარშრუტზე შეჩერდა.
რაც შეეხება მასმედიით გავრცელებულ ბოლო ინფორმაციას, გაცნობებთ, რომ სომხურ მხარეს საქართველოსთვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ მოუმართავს. მიმართვის შემთხვევაში, მთავრობა შეისწავლის, კონკრეტულად რომელ ალტერნატიულ მარშრუტებზეა საუბარი და იმოქმედებს ქვეყნის კანონმდებლობისა და ინტერესების შესაბამისად“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
სომხეთს შესაძლოა ე.წ. სამხერთ ოსეთისკენ თვალი იმიტომაც უჭირავს, რომ სეპარატისტული რეგიონი რუსეთთან საერთო საბაჟოს ქმნის. სომხეთი კი, თავის მხრივ, ევრაზიული კავშირის სახელმწიფოთა საბაჟო კავშირის წევრია.
საკონტროლო-გამშვები პუნქტ „ქვემო ზარამაგს“, ერთდაერთს, რომლის გავლითაც რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გადაადგილება ხდება, ამიერიდან რუსული და „სამხრეთ ოსური“ საბჟო ერთობლივად გააკონტროლებს.
აქამდე ტვირთს საბაჟო შემოწმება ორჯერ უნდა გაევლო - ჯერ რუსული, შემდეგ კი - ოსური. ახლა კი, ამ მიმდინარე წლის ბოლომდე პოსტი „რუკ“-ი როკის გვირაბის სამხრეთის მხრიდან მუშაობას შეწყვეტს, ხოლო ოსი მესაზღვრეები საზღვრის რუსულ მხარეს გადავლენ და კონტროლს რუსულ საბაჟო სამსახურთან ერთობლივად განახორციელებენ. ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის რუსული და „სამხრეთ ოსური“ საბაჟო ორგანოების ინტეგრაციის შესახებ დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, რომელსაც ხელი 2016 წელს მოეწერა.
საბაჟო სფეროში დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს 2020 წლისთვის „სამხრეთ ოსური“ საბაჟოს ევრაზიული კავშირისა და რუსეთის კანონმდებლობაზე გადაყვანასაც.